№30 როგორი მამაკაცის დანახვისას ეწყება ფლუიდების მოჭარბება ნანა ნებიერიძეს და რაში უშლის მას ხელს საკუთარი სიძლიერე
მომხიბვლელი, ნიჭიერი და ლამაზი ქალი – ნანა ნებიერიძე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული მოცურავე გახლდათ, საზოგადოებამ ის, ტელეშოუებიდან და სერიალებიდან გაიცნო და ერთი ნახვით შეუყვარდა. ერთი პერიოდი ის თურქეთში კონტრაქტით იყო წასული და ბავშვებს ტანვარჯიშში ამზადებდა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და საკუთარი საქმე წამოიწყო. თუმცა, დიდი ხანია, საზოგადოებაში აღარ ჩანს და გაჩნდა ეჭვი, რომ მან ისევ საქართველო დატოვა და უცხოეთში გაემგზავრა. რეალურად, ის კახეთში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, და როგორც თავად ამბობს, ეს ის ადგილია, სადაც საკუთარი სიმშვიდე იპოვა. როგორ გამოხატავენ კახელი მამაკაცები მის მიმართ ყურადღებას, რას ჩუქნიან ყველაზე ხშირად და აპირებს თუ არა იმერელი ნანა ნებიერიძე კახეთში გათხოვებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნანა ნებიერიძე: ხშირად დავდიოდი ლოპოტაზე, მიყვარს აქაური ბუნება, ინფრასტრუქტურა და გარემო. მოვდიოდი დასასვენებლად და კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ თუ აქ მომიწევდა გადმოსახლება და მუშაობა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. მაისის თვეში, ერთი დღით, ჩემს შვილიშვილთან, საშკასთან ერთად ჩამოვედი და აქ მუშაობა შემომთავაზეს. ეს წინადადება არასერიოზულად მივიღე. მაგრამ, ორი კვირის მერე, ცენტრალური ოფისიდან რომ დამირეკეს და ლოპოტას მენეჯერობა შემომთავაზეს, არც კი დავფიქრდი, ისე მივიღე გადაწყვეტილება. ძალიან თბილად მიმიღეს და მეუბნებიან, სინამდვილეში უფრო ლამაზი ხართო (იცინის). აქ იმდენს ვმუშაობ, რომ ახლა ვხვდები, დღე-ღამეში, 24 საათი არ მყოფნის.
– ესე იგი, ლოპოტას ხშირი სტუმარი ახლა მასპინძელი გახდი?
– ასე გამოვიდა. თქვენ უნდა ნახოთ, ჩამოსულები რომ მიყურებენ შორიდან, თან მცნობენ, თან ვერა, ერთმანეთში ჩხუბობენ: არა, გეშლება, ის არ იქნებაო და მერე რომ მომიახლოვდებიან, თვალები შუბლზე ასდით (იცინის). თელავში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში ვცხოვრობ, არაჩვეულებრივ მასპინძლებთან და ისე მომწონს აქაურობა, გადავწყვიტე, კახეთში შევიძინო ბინა და საცხოვრებლად გადმოვიდე. აქ ცხოვრება ნულიდან დავიწყე, სიმშვიდე, სიყვარული, საყვარელი საქმე ვიპოვე და საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ. დილით გაღვიძება მიხარია.
– თურქეთიდან რომ დაბრუნდი, თბილისში ტანვარჯიშის სტუდია გახსენი, საკუთრი საქმე წამოიწყე და ბავშვებს ავარჯიშებდი. ეს საქმე მიატოვე?
– ზაფხულში ისედაც დასვენებაა და მერე, არ ვიცი. ჩემი მოსწავლის დედამ დამირეკა, ბავშვებს ისე მოენატრე, ამ დღეებში ლოპოტაზე მოგვყავს შენს სანახავადო და სიხარულით გადავირიე.
– ეს იმერელი ქალი, როგორ გაკახელდი? რა კახური თვისებები აღმოაჩინე შენში?
– მაპატიეთ, ჩემო იმერლებო, მიყვარხართ, ვგიჟდები თქვენზე, მაგრამ კახეთზე გადავირიე და აქ უნდა დავსახლდე. რაც შეეხება კახურ თვისებებს, მათსავით პირდაპირი ვარ. ადრე მითხრეს, კახელები ძალიან პირდაპირები არიან, ხვეწნა არ უყვართ, ერთხელ გეტყვიან და მორჩაო. მართლაც ასეთები არიან – პირდაპირები და საყვარლები.
– წარმომიდგენია, შენს თაყვანისმცემელთა არმიას რამდენი აღმოსავლეთ საქართველოს, ასეთი პირდაპირი მამაკაცი შეუერთდა. სიყვარული უკვე აგიხსნეს?
– სოციალურ ქსელში ბევრი კახელი მამაკაცი მწერს, დაგინახეთ და შეგვიყვარდიო (იცინის). ქუჩაში რომ გავივლი, ისე მაშტერდებიან, თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო (იცინის). თუ შემიყვარდა, რატომაც არა, გავთხოვდები კახეთში და ვიცხოვრებ აქ. მოკლედ, აქ ხელის გულზე მატარებენ.
– ყველას უკვირს, ასეთი მოწესრიგებული, სასიამოვნო, სექსუალური და საქმიანი ქალის გვერდით რატომ არ დგას მამაკაცი. ამაზე რას მეტყვი?
– ეს რთული თემაა. ალბათ, ძალიან ძლიერი ვარ და ასეთი ქალების მამაკაცებს ძალიან ეშინიათ. ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი მამაკაცი, ჩემზე ძლიერი და მაგარი რომ იყოს. ხუთი წუთი მყოფნის, ამოვიცნო, მამაკაცი რა ტიპია და საინტერესო იქნება თუ არა ჩემთვის. ახლა რომ დავფიქრდი, ფაქტობრივად, გადავყევი საქმეს და მამაკაცებს ვერ ვამჩნევ, თორემ, ალბათ, იქნებოდა რომელიმე ჩემზე ძლიერი. ახლაც, ისე ვიღლები, სახლში რომ მივდივარ, ტელევიზორს ვრთავ და ვერ ვუყურებ, მეძინება. ასე რომ, ჯერ მამაკაცებისთვის არ მცალია, თორემ კახელი შეყვარებული მამაკაცები ყურადღებას არ მაკლებენ და გემრიელი ჩურჩხელებითაც კი მანებივრებენ (იცინის).
– საკმაოდ კარგად გამოიყურები, სულ ფორმაში ხარ. როცა შვილიშვილთან ერთად გხედავენ, ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ბებია ხარ და დედად აღგიქვამენ. კარგია, ახალგაზრდა ბებიის სტატუსი?
– „ბებოს“ რომ ვეძახი საშკას, გაოგნებული მიყურებს ყველა და ამბობენ – არ არსებობს! (იცინის). ამით ვამაყობ და მომწონს ხალხის ასეთი რეაქცია ჩემს ბებიობაზე. საშკა, დედიკოსთან ერთად, ბორჯომში ისვენებს. ძალიან მიჭირს ჩემს საყვარელ მამაკაცთან განშორება, მაგრამ იმედია მალე ჩამოვა, ძალიან მენატრება. ყველა მეუბნება, ამ ასაკში როგორ ინარჩუნებთ ასეთი გარეგნობასო. მე კი ვპასუხობ, იარეთ ფეხით და იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით – სულ ესაა. ხინკალი კი მიყვარს, მაგრამ ყოველდღე 15 კილომეტრს დავდივარ ფეხით და როგორ მოვიმატებ წონაში? (იცინის). ასე რომ, იმდენს დავდივარ ფეხით, გინდა ათი შამფური მწვადი ვჭამო და ასი ხინკალი, ეს ჩემს წონაზე მაინც ვერ აისახება. თანამშრომელ გოგონებს შევთავაზე, სანამ სამსახური დაგვეწყება, ერთი საათით ადრე მოვიდეთ, ბუნებაში ვივარჯიშოთ და მთელი დღე პოზიტიურ განწყობაზე ვიქნებით-მეთქი. ძალიან მოეწონათ იდეა.
– ფაქტია, როცა ასაკში შედის ქალი და თავს უვლის, უფრო მეტად სასურველი და სექსუალურია. როგორ ფიქრობ, სიყვარულისთვის ასაკი არსებობს?
– არა, სიყვარულისთვის ასაკი არ არსებობს. ახალგაზრდა როცა ხარ, ბევრ შეცდომას უშვებ, ასაკში რომ შედიხარ, უფრო თამამი, თავდაჯერებული და სექსუალური ხდები. იცი, რა გინდა, ვინ გჭირდება. მეც, რაც წლები მომემატა, სხვანაირად ვუყურებ მამაკაცებს. თუმცა, ასაკს ვერ ვგრძნობ. ამას წინათ, სილამაზის სალონში მინდოდა მანიკიურ-პედიკიურის გაკეთება. ამის გამო, ვიფიქრე თბილისში როგორ ჩავიდე-მეთქი და თელავის ცენტრში გავიარე. ქუჩაში ხომ უამრავმა ადამიანმა გამაჩერა, მესიყვარულა და მიღო ფოტოები და იმ სალონში, სადაც მანიკიურ-პედიკიური გავიკეთე, ეგრევე „გაბაზრდა“ და რიგები დადგა (იცინის).
– რა მიგაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად, რაც სიყვარულში დაუშვი, ეს, ასაკის ბრალი იყო?
– ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს სიყვარულში დაშვებული, თუმცა უკან რომ დამაბრუნოთ, ალბათ, იგივე შეცდომებს დავუშვებ. ახლა უფრო ვუფიქრდები, როგორი სიყვარული მჭირდება. ადრე ამაზე არ ვფიქრობდი. სიყვარულში რისკიანი არ ვარ, თუმცა, ინტუიცია და შინაგანი გრძნობა თუ „ჩამერთო“, ვერაფერი შემაჩერებს. ზოგადად, მამაკაცი ჩემია თუ არა, ენერგეტიკულად და ფლუიდების მოჭარბებით ვგრძნობ.