№30 ვინ და როგორ აღმოაჩინა „კაგებეს“ ძებნილი სახეშეცვლილი მაიორი
მაიორის მონათხრობი
1970 წლის 3 მაისს მოსკოვში, ბელკინის ჩიხის ¹11 სახლთან ფურგონიანი „მოსკვიჩი“ აღმოაჩინეს, რომელშიც უგონოდ მყოფი ადამიანი იწვა. ნახევრად დაჯავშნილი „მოსკვიჩი“ სპეცშეკვეთით „კაგებესთვის“ იყო დამზადებული. მანქანა ძვირფასი ტვირთის გადასატანად იყო განკუთვნილი და ძირითადად ძვირფასეულობას ეზიდებოდნენ. საჭესთან უგონოდ მყოფი, 35 წლის მამაკაცი „კაგებეს“ მაიორი, სამსონ ოსტაპოვი აღმოჩნდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და ანალიზებმა უჩვენეს, რომ პაციენტი მოწამლული იყო, თუმცა, ექიმებმა მისი კომიდან გამოყვანა მოახერხეს და მოწამვლიდან 48 საათის შემდეგ დაკითხეს. საქმე კი ის იყო, რომ „კაგებეს“ „მოსკვიჩიდან“ გაქრა 80 კილოგრამი ოქრო, ანუ თექვსმეტი ცალი 5-5 კილოგრამიანი ზოდი და 25-25 მსხვილი ბრილიანტისა და ლალის თვლები. მთელი ეს ავლადიდება „კაგებეს“ მიერ იყო კონფისკირებული და „ლუბიანკის“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა) საცავიდან სახელმწიფო ბანკის საცავში მიჰქონდათ. მაიორ სამსონ ოსტაპოვთან ერთად ამ ძვირფას ტვირთს „კაგებეს“ მეორე მაიორი პეტრე ქამუშაძეც აცილებდა. ოსტაპოვის ჩვენებაში ეწერა: „ტვირთი პეტრე ქამუშაძემ გაიტაცა. ის ამ ოპერაციას დიდი ხნით ადრე გეგმავდა და ძვირფასეულობა ერთად უნდა წაგვეღო. თუმცა, მას მერე, რაც მე მას სეიფის მეორე გასაღები მივეცი და სეიფი გავხსენით, პეტრემ მოულოდნელად პულვერიზატორიდან სითხე შემასხურა, გონება დავკარგე და მეტი არაფერი მახსოვს“.
პულვერიზატორიდან შესხურებული სითხე მომაკვდინებელ ხსნარს შეიცავდა და წესით, ოსტაპოვი უნდა გარდაცვლილიყო, თუმცა, მაიორს ძლიერი სურდო ჰქონდა და ამ მომაკვდინებელმა სითხემ მის ორგანიზმში თითქმის ვერ შეაღწია. მხოლოდ კომაში ჩააგდო და ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს.
თანამიმდევრული გეგმა
„კაგებეს“ მაიორები – ოსტაპოვი და ქამუშაძე თბილისელები იყვნენ და როგორც ოსტაპოვი ამბობდა, ის სწორედ ქამუშაძემ ჩაითრია დანაშაულში, შემდეგ კი, მისი მოკვლა სცადა და მთლიანი ოქრო და ძვირფასი თვლები თვითონ გაიტაცა. ოსტაპოვი თავის ჩვენებაში წერდა: „ქამუშაძემ დანაშაულამდე სამი თვით ადრე გამანდო თავისი გეგმა და ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდით, რათა ეს დიდძალი ქონება ხელში ჩაგვეგდო. ქამუშაძის გეგმით, ქონების გატაცებისთანავე პლასტიკური ოპერაციები უნდა გაგვეკეთებინა, სახეები შეგვეცვალა, რადგან როცა „კაგებე“ ძებნას დაგვიწყებდა, ჩვენ ასე უნდა დავმალულიყავითო“. ოსტაპოვის თქმით, პლასტიკური ოპერაცია ქირურგ, ვლადიმირ ვლასოვს უნდა ჩაეტარებინა, რომელიც ლენინგრადში ცხოვრობდა. შემდეგ კი – კვალის დაფარვის მიზნით, ვლასოვი უნდა მოეკლათ და ცხედარი კი – მოესპოთ...
„კაგებე“ უკვე 48 საათის შემდეგ შეუდგა პლასტიკური ქირურგის, ვლასოვის ძებნას, მაგრამ მას ვერსად მიაგნეს. სახლსა და აგარაკზე ის არ აღმოჩნდა. სამსახურში კი თქვეს, რომ ქირურგმა შვებულება აიღო... სავარაუდოდ, ვლასოვი კარგად შენიღბულ, იატაკქვეშა საოპერაციოში უკეთებდა ქამუშაძეს ოპერაციას და ამიტომაც არ ჩანდა. „კაგებე“ ინტენსიურ ძებნას აგრძელებდა, მაგრამ ექიმის კვალს ვერსად მიაგნო. მხოლოდ სამი თვის მერე, 7 აგვისტოს, პატარა ქალაქ გატჩინოს ტყეში, რომელიც ლენინგრადთან ახლოს მდებარეობდა, სხვადასხვა რელიკვიების მძებნელმა პიონერებმა ქირურგ ვლასოვის ცხედარი აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ექიმი მოწამლული იყო და მკვლელმა ის ცოცხლად დამარხა. მართალია, „კაგებემ“ ერთ-ერთ აგარაკზე კონსპირაციული ქირურგიული კაბინეტი აღმოაჩინა, სადაც ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ ქამუშაძის კვალი იქ წყდებოდა.
ფანტასტიკური მახე
„კაგებეს“ მაძებრებმა საკმაოდ ლოგიკურად ივარაუდეს, რომ სახეშეცვლილი ქამუშაძე, დიდი ალბათობით, მაინც საქართველოში ამჯობინებდა დამალვას. ამ ვარაუდის მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ ეროვნებით ქართველი ქამუშაძე რუსულ ენაზე გამოკვეთილი ქართული აქცენტით ლაპარაკობდა და რუსეთსა და სხვა რესპუბლიკებში მისი აღმოჩენა უფრო ადვილი იყო. ამიტომ ცენტრმა ეს საქართველოს „კაგებეს“ აცნობა და დაავალა, რომ მიმალული ქამუშაძის ძებნა მთელი საქართველოს მასშტაბით ეწარმოებინათ. თბილისში ეს საქმე უშუალოდ მაიორ მერაბ კაპანაძეს დაევალა. ალექსი ინაურის ბრძანებით, კაპანაძეს ქამუშაძის ძებნის ღონისძიებათა დეტალური გეგმა უნდა შეემუშავებინა და საქართველოს „კაგებეს“ ხელმძღვანელისთვის სამი დღის შემდეგ წარედგინა. მერაბ კაპანაძე მოსკოვში ჩაფრინდა და სამი დღის განმავლობაში გულდასმით ეცნობოდა ძებნილის დოსიეს, პირად საქმესა და სხვა მონაცემებს. შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა. ალექსი ინაურს შეხვდა და თავისი მოსაზრებები გააცნო. გამოცდილმა გენერალმა გამჭოლი მზერა მიაპყრო კაპანაძეს და უთხრა:
– შენი გეგმა მართლაც ორიგინალურია. თუკი ჩვენთვის სასურველ შედეგს მოიტანს, რომ იტყვიან, „ჩიტი ბრდღვნად ღირს“. მაგრამ, პირიქით რომ მოხდეს?
– ალექსი ნიკოლაევიჩ, წარმატებაში დარწმუნებული ვარ და გთხოვთ, ამ გეგმის განსახორციელებლად თქვენი ავტორიტეტი გამოიყენოთ, – მტკიცედ უთხრა კაპანაძემ ინაურს.
ინაური კაპანაძის თანდასწრებით ელაპარაკა საკავშირო „კაგებეს“ ხელმძღვანელს იური ანდროპოვს და დახმარება სთხოვა, ხოლო ტელეფონი რომ გათიშა, კაპანაძეს უთხრა:
– იური ვლადიმიროვიჩს მოეწონა შენი გეგმა, მაიორო და დაგვეხმარება.
მერაბ კაპანაძე ითხოვდა, რომ აგვისტოს მიწურულს, ცნობილ საბჭოთა პიანისტს – სვიატოსლავ რიხტერს, ოთხად ოთხი სოლო კონცერტი ჩაეტარებინა საქართველოში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. საქმე კი ის იყო, რომ ძებნილი ქამუშაძე რიხტერის ფანატიკური თაყვანისმცემელი იყო და თუკი ის საქართველოში იმალებოდა, ერთ-ერთ კონცერტზე აუცილებლად მივიდოდა. სახეშეცვლილი ქამუშაძის მოხელთებას კი კაპანაძე ოდოროლოგიური მეთოდით აპირებდა. ოდოროლოგია, ანუ – სუნი, მთავარი იყო კაპანაძის გეგმაში. „კაგებეს“ ყველა თავისი თანამშრომლის თითების ანაბეჭდებთან ერთად, სპეციალურ ქილებში მათი სუნის ნიმუშები ჰქონდა შენახული. ჩანაფიქრის მიხედვით ძებნილი მებილეთე-კონტროლიორების უნიფორმაში გამოწყობილ პროფესიონალ ოდოროლოგ-მყნოსავებს უნდა აღმოეჩინათ, რა თქმა უნდა, თუკი ის კონცერტზე მოვიდოდა.
სვიატოსლავ რიხტერის კონცერტები დაანონსდა 20, 22, 24, 26 აგვისტოს, შესაბამისად – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. იმ პერიოდში გენიალური პიანისტი ბულგარეთში, შავი ზღვის კურორტ ოქროს ქვიშებზე აპირებდა დასვენებას და იური ანდროპოვის თხოვნით ეს გეგმა შეცვალა.
1970 წლის 20 აგვისტოს თბილისის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზის ორ კართან კონტროლიორების უნიფორმაში გამოწყობილი მყნოსავები მამაკაცებს რომ ბილეთებს უმოწმებდნენ, საგანგებო პაუზას აკეთებდნენ. ცხვირი მათ სხეულთან ახლოს მიჰქონდათ და ყნოსავდნენ... ერთ-ერთი ასეთი მანიპულაციის დროს ვინმე ვარლამ ჯაში დააკავეს. მას თითების ანაბეჭდები შეუმოწმეს და ქამუშაძის მონაცემებს დაემთხვა. ქამუშაძე „კაგებეში“ პირველივე დაკითხვაზე გამოტყდა დანაშაულში და ოქროსა და ძვირფასი თვლების ადგილსამყოფელიც გაამჟღავნა.
სასამართლომ „კაგებეს“ ყოფილ მაიორს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიიღო სამსონ ოსტაპოვმა. მერაბ კაპანაძე კი რიგგარეშე პოდპოლკოვნიკი გახდა და სოლიდური პრემიითაც დააჯილდოვეს.