№30 რას უქადის ადამიანს თავის სტანდარტული გარეგნული მონაცემებისგან სულ მცირედი გადახვევაც კი
დღეს ჩვენი რუბრიკის თემა ადამიანის თავია და შევეცდებით, თქვენთან ერთად გავარკვიოთ, თუ რაზე მეტყველებს სხეულის ამ ნაწილის სტანდარტული გარეგნული მონაცემებისგან სულ მცირედი გადახვევაც კი. რუბრიკის სტუმარია ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლია კვესიტაძე.
– რას ნიშნავს ღრმული ნიკაპზე, რომელიც ძირითადად მამაკაცებზე შეგვინიშნავს და ერთგვარ პიკანტურობასაც სძენს მათ?
– მეცნიერთა აზრით, ღრმული ნიკაპზე ორგანიზმის გენეტიკური თავისებურებაა, რომელიც შთამომავლობით, თაობიდან თაობას გადაეცემა და მკვეთრად დომინირებს. ამ ერთგვარი დეფექტის წარმოქმნის მიზეზი კუნთების არასათანადო განვითარებაა, რაც კანით დაფარვის შემდეგ, უკვე აშკარად ჩანს. დაბერებასთან ერთად კი, კუნთები ეშვება, იწელება და ჩაღრმავება ნიკაპზე, შეიძლება, გაქრეს კიდეც. თუმცა, არა ყველა შემთხვევაში და ესეც გენეტიკურია. როგორც აღნიშნეთ, ჩაჩხვლეტილი ნიკაპი ძირითადად მამაკაცებს აქვთ და თუ, მეცნიერები ამას დეფექტად მიიჩნევენ, სულ სხვაგვარად ხსნიან იგივე მოვლენას ქალები: მათში ეს აღფრთოვანებას იწვევს და მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი ნიკაპი უსვამს ხაზს ძლიერი სქესის მგრძნობიარე ბუნებასა და ფაქიზ, რბილ ხასიათს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი პირიქითაა. ხალხური სიბრძნე სულ სხვაგვარად ხსნის ამ ნიშანს. მამაკაცი მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასეთი ფაქიზი და მგრძნობიარე, რაც ქალში დედობრივ განცდებს აღძრავს და მისი შეფარების, მასზე ზრუნვის, სიყვარულის სურვილს უჩენს. სინამდვილეში კი, ანუ ხალხური მინიშნებებით, ჩაჩხვლეტილნიკაპიანი მამაკაცი გაბედული, მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და ზოგჯერ ჯიუტიც, საკმაოდ მკაცრია. თავისი მებრძოლი ბუნებით ყოველთვის აღწევს მიზანს, თუმცა ყველაფერი „რქებით“ არ გააქვს, ზოგჯერ კომპრომისზეც მიდის. არადა, პირველი შთაბეჭდილება ისეთი მომნუსხველია, პირდაპირ თავის „ბადეში“ ახვევს ქალებს. ასეთი პიკანტური თავისებურებით გამორჩეული მამაკაცი მკვეთრად გამოხატული ტემპერამენტითა და სექსუალურობით ხასიათდება, რაც განუზომელ ხიბლს მატებს მას.
– მაგრამ რას ნიშნავს, თუ ეს პატარა ღრმული ქალს ან ბავშვს აღმოაჩნდა ნიკაპზე?
– მართალია, ქალებშიც არანაკლებია ასეთი ნიშანი, მაგრამ სულ სხვანაირად აიხსნება. ნიკაპზე ღრმულიანი ქალბატონი კეთილგანწყობილი, სასიამოვნო და კომუნიკაბელურია, თუმცა, იმავდროულად, საშინლად ცნობისმოყვარეც. ის კეთილი, მხიარული, დამთმობი, ერთგული და პასუხისმგებლიანი პიროვნებაა. მამაკაცისგან განსხვავებით, ნიკაპზე ნაჩვრეტი ქალს არ ამკაცრებს, პირიქით, ლმობიერს, სათნოსა და მოსიყვარულეს ხდის. ბავშვებშიც ბევრს აქვს პატარა ღრმული ნიკაპზე, მაგრამ ეს უფრო ასაკის თავისებურებაა და უმეტესწილად, დროთა განმავლობაში ქრება. ამიტომ, ადრეულ ასაკში არ ღირს აღნიშნული მოდელით ბავშვის ტიპის შეფასება და მისი მომავლის განსაზღვრა. სახის ძვლები ხომ 18 წლამდე იზრდება. ყურადღებით დააკვირდით ზრდასათან ერთად ბავშვის სახეცვლილებებს და ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ.
– ახლა ჯერი მიდგა, გავარკვიოთ, რით გამოირჩვა სხვებისგან ის, ვისაც ორი საქოჩრე, ანუ, როგორც უფრო გავრცელებულია, გვირგვინი აქვს თავზე... თუმცა, ეს რომ ორჯერ ქორწინებას ნიშნავს, ბავშვმაც კი იცის...
– არავის არსად არავითარი გამოკვლევა არ ჩაუტარებია ამ უჩვეულო მოვლენის გამო, მაგრამ მაინც უამრავი თეორია არსებობს. რადგან უძველესი დროიდანვე, ყოველთვის უფრთხოდნენ იმას, რაც ჩვეულ ჩარჩოებს სცილდებოდა, მით უმეტეს, ადამიანის გარეგნობაში, არც ორგვირგვინიანობა გახდა გამონაკლისი. თუმცა, რადგან ორი გვირგვინი თავზე არც პარტონის სიცოცხლისთვის წარმოადგენდა საფრთხეს და არც მისი გარემოცვისთვის, ამიტომ, მინიშნებაც ცალსახად დადებითი გახლდათ. ვინც თავზე ორი საქოჩრით ანუ, გვირგვინით დაიბადებოდა, საოცარ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ: იღბალი და ბედნიერება მუდამ მისი ცხოვრების თანამგზავრი იქნებოდა. მართლაც ასე იყო თუ არა, დადასტურებული ფაქტები არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ასეთი წინასწარმეტყველება განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა და ბედნიერების მოლოდინს დადებითი მუხტი შეჰქონდა მინიშნების ობიექტის ცხოვრებაში. ახლა იმ ვერსიაზეც მოგახსენებთ, ასე გავრცელებული რომ არის და დღესაც ბევრს სჯერა მისი – ორი გვირგვინი ორჯერ ქორწინებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ძველად წარმოუდგენელი გახლდათ, რადგან განქორწინება იკრძალებოდა, სავარაუდოდ, ეს ვარიანტი მაინც იმ დროიდან იღებს სათავეს. თუმცა, მინიშნება ასეც შეიძლება, აიხსნას: ორგვირგვინიანს ცოლისგან არასდროს მოაკლდებოდა სიყვარული და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი მეუღლე გარდაეცვლებოდა.
– უფრო თანამედროვე ახსნა არა აქვს ორგვირგვინიანობას?
– ამ ფაქტთან დაკავშირებით. თანამედროვე დროშიც შეიმუშავეს ახალი ვერსია. რადგან ძველმა მინიშნებებმა აქტუალურობა დაკარგა, ახალ დროში ორგვირგვინოსანს სრულიად განსხვავებული მისია დაეკისრა. ყველაფერი კი საფეხურებად განვითარდა. ჯერ იყო და ბრძენთა მიერ მრავალწლიანმა დაკვირვებამ რომ დაადასტურა, იღბალი და ბედნიერება ერთ ზედმეტ გვირგვინს არ მოაქვსო, შესაბამისად, ამ მინიშნებისადმი ინტერესიც გაქრა. თანდათან, უარყვეს მეორე ვერსიაც, ორჯერ ქორწინებასთან დაკავშირებით. თანამედროვე ადამიანები ხომ ორი გვირგვინის გარეშეც დაუბრკოლებლად ქორწინდებიან ხელმეორედ და უფრო მეტჯერაც კი. ამრიგად, რადგან არსებულმა მინიშნებებმა დიდად ვერ გაამართლა, გაჩნდა სრულიად განსხვავებული – ორი გვირგვინი აქვთ, ეგრეთ წოდებულ, ინდიგო ბავშვებს. სწორედ ამ ნიშნით შეიძლება, მათი ამოცნობა დაბადებისთანავე, რომლებიც თავიანთი უზარმაზარი შესაძლებლობებით აბსოლუტურად განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ამ ვერსიის საფუძველი გახდა ადამიანის თავის ქალაზე განვითარებული შვერილების მეცნიერული შესწავლა, რასაც ეგრეთ წოდებული გვირგვინი, ანუ საქოჩრეც გაუთანაბრეს. მიიჩნევა, რომ ცალკეული შვერილი, ამ შემთხვევაში კი გვირგვინი, მდებარეობისდა მიხედვით, ტვინის განსაზღვრული ნაწილის განვითარების აღმნიშვნელია და შესაბამისად, ადამიანს დიდ შესაძლებლობებს უხსნის. ასე რომ, თუ ორი გვირგვინით დაიბადეთ, ყველა შემთხვევაში გაგიმართლათ: ბედ-იღბლის ნებიერა თუ არ აღმოჩნდით, სიყვარული არ მოგაკლდებათ.