კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ მოკლა ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის შაჰის ძე, ვინ დაჭრა ჩვენი ხელმწიფე და რა ანდერძი დაგვიბარა შთამომავლებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

ჯუანშერი გვიამბობს, რომ ვახტანგ გორგასლის, სპარსელებთან და ბიზანტიელებთან ერთად, ინდოეთში ლაშქრობის მერე გავიდა ხანი და გარდაიცვალა სპარსეთის შაჰი, „ხუასრო“. ტახტზე ავიდა მისი ძე, „ხუასრო“.
ძალიან გაძლიერებული იყო სპარსეთი, რადგან აღმოსავლეთით ყველა მტერი დაიმორჩილა. ჯუანშერი ამაში ჩვენი ხელმწიფის დამსახურებას ხედავს.
გადაწყვიტა სპარსეთის ახალმა შაჰმა, გაელაშქრა ბიზანტიის წინააღმდეგ. გამოუგზავნა მოციქული ჩვენს ხელმწიფეს და მოსწერა:
„მოკვდა მამაჩემი და ერმა მე ამიყვანა ტახტზე. მიბრძანეს ჩვენი ქვეყნის უხუცესმა წარჩინებულებმა, რომ მოვიდე შენ წინაშე და შენს ბრძანებებს დავემორჩილო. შენ უნდა წაგვიძღვე წინ, მეფეო, საბერძნეთში ლაშქრობას ვაპირებთ. მომათხოვე შენი ასული ცოლად, რათა გავხდე მეც შენი ერთ-ერთი შვილი“.
როცა შაჰის მოციქული მოვიდა ქართლის მეფესთან, იმ დროს ქალაქ ტფილისის მშენებლობა ახალი წამოწყებული ჰქონდა გორგასალს.
შაჰის ელჩმა გადასცა წერილი მეფეს. ვახტანგმა თქვა: „ამაზე უთქვამთ: მჭედელო, ალესე შენი მახვილი, რათა სწრაფად განეწონოს შენს სხეულს“. იმ დროს ჩვენი ხელმწიფე უკვე სამოც წელს იყო მიტანებული. უპასუხა შაჰის ელჩს: „გადაეცით შაჰს, ჯერ ჩემთან ბრძოლისათვის გაემზადოს და მერე შევიდეს საბერძნეთში. რადგან ძალები, რომელიც წინ დახვდება, ყველა ჯვრის ძალით იქნება. ჩვენი ცხოვრება ჯვარცმული მაცხოვრის იმედითაა“.
გააგზავნა ვახტანგ პირველმა მაცნეები ქვეყნის კუთხეებში და შეუთვალა ხალხს, დაეტოვებინათ სოფლები და ქალაქები, რომლებიც კარგად არ იყო გამაგრებული და შეფარებოდნენ კავკასიასა და კახეთს, რადგან, კახეთი ტყიანი იყო და მტრისთვის გაუვალი. დაჩი ვახტანგის ძე და მეფის დისწული გადავიდნენ კახეთში და დადგნენ ლოპოტის ხეობაში, კლდით შემოზღუდულ მხარეში. იმ ადგილებში ხალხი იყო ცეცხლისა და წყლის მსახური. სავსე ყოფილა ის ხევი ხალხით, ნოსრამდე.
გორგასალმა ცოლ-შვილი უჯარმის ციხეში გაგზავნა. წინა ციხეში თვითონ დადგა მეფე. მასთან ერთად იყვნენ ჯუანშერი და ადარნასე. ხოლო დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი მცხეთაში დატოვა. გააგზავნა მოციქული ბიზანტიის კეისართან და შეატყობინა საქმის ვითარება.
შემოიჭრა სპარსეთის შაჰი იბერიაში, შემუსრა ქალაქი კამბეჩოანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. შევიდნენ კახეთში, დაიბანაკეს იორის ნაპირთან. ვახტანგ მეფის ჯარი დადგა ქალაქის გარშემო, რომელსაც ერქვა დარფაკი. შეიბნენ ივრის პირას. სამი დღე იბრძოდნენ. ორივე მხრიდან უამრავი მებრძოლი იღუპებოდა.
მოიხმო ვახტანგ მეფემ პეტრე კათალიკოსი და უთხრა:
„უწყოდე, ესენი ხარკის აღებისთვის არ გვებრძვიან, არამედ უნდათ, ქრისტეს ვუღალატოთ. მე ასე განვიზრახე, სიცოცხლეზე უმჯობესია ქრისტესთვის სიკვდილი, რომ სასუფეველი დავიმკვიდროთ, რაც აღგვითქვა: „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“.
უპასუხა კათალიკოსმა: „ისეთი საქმეები გინახავს, რომ არც ერთ შენს ნათესავს არ უნახავს ქრისტეს შეწევნანი. იცის შენმა სიბრძნემ, რომ მტერი იგი, გამომცდელი ჩვენი, ედავება უფალს ჩვენ გამო, როგორც იობისათვის. ღმერთი წარსაწყმედელად მიუშვებს თავის მოძულეებს, ხოლო რჩეულებს განღმრთობად. იყავი ისე, როგორც გირჩიოს უფალმა, თუ არ მოვკვდებით, მოვკვდეთ“.
ამ სიტყვებით უწინასწარმეტყველა, რომ ბრძოლაში დაიღუპებოდა მეფე. შემდეგ კი გააგრძელა კათალიკოსმა: „არა მხოლოდ ქართლი აოხრდება, არამედ იერუსალიმიც, რომელიც არის მშობელი ნათლის შვილებისა“.
მეფემ უთხრა კათალიკოსს, წასულიყო წმიდა რაჟდენის ეკლესიაში, რომელიც უჯარმაში ააშენა. „ალბათ, იქაური ქალაქები არ დაეცემიან, რადგან კარგად გვაქვს გამაგრებული ზღუდეებით“. ასეც მოიქცა კათალიკოსი. ეპისკოპოსებიც მასთან შეიკრიბნენ.
ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის ლაშქარში იყო ორას ორმოცი ათასი, ხოლო სპარსთა ჯარში – შვიდას ორმოცი ათასი (რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია). გაყო ჩვენმა ხელმწიფემ ჯარი სამად. კლდესთან დააყენა ქვეითები. მეორე მხარეს მიავლინა პიტიახში და სპასპეტი. სადაც სპარსთა მეფე იდგა, იმის პირდაპირ თვითონ დადგა ასი ათასი ჯარისკაცით.
დილას, ნისლი რომ გაიფანტა, თავს დაესხა ვახტანგ მეფე სპარსთა ჯარს. შეტევის წინ მიმართა ჯარს: „ყოველი კაცი, რომელიც მტერს გადაურჩება და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლის ველიდან, ჩვენ თვითონ მოვკლავთ“.
ცისკრისას თავს დაესხა მტერს ჩვენი გულადი ხელმწიფე და მიიჭრა შაჰის კარვამდე. შეიჭრა კარავში, მაგრამ, სპარსთა შაჰმა მოასწრო ცხენზე შეხტომა და გაიქცა. ჩვენმა მეფემ მოკლა მისი ძე, ბარტამი და მოჰკვეთა თავი. მაგრამ, ამ მომენტში ვიღაც სპარსმა ისარი სტყორცნა გორგასალს და დაჭრა მკერდში.
შუადღემდე გაგრძელდა ბრძოლა. სძლია ვახტანგ მეფემ სპარსებს და მოკლეს ჩვენმა წინაპრებმა ას ოცდაათი ათასი სპარსი. ჩვენგან დაიღუპა ოცდარვა ათას მეომარი.
ხელთ ჩაუვარდათ ჩვენს წინაპრებს ასი ათასი ცხენი. სრულად ვერც წამოიყვანეს სიმრავლის გამო.
აიყარა სპარსთა შაჰი და რუსთავთან დადგა. გაურთულდა ჭრილობა ჩვენს სახელოვან ხელმწიფეს, რადგან ისარს ფილტვამდე მიეღწია. მეფე წაიყვანეს უჯარმას, სამკურნალოდ. სპასალარებს კი უბრძანა, გაემაგრებინათ პოზიციები.
მეფის დაჭრამ ძალიან იმოქმედა ვითარებაზე. განსაკუთრებული მეომარი და სარდალი იყო ჩვენი ხელმწიფე. გარდა ამისა, სარდლის მწყობრიდან გამოსვლა ცუდად მოქმედებდა ხოლმე ჯარზე, ყველგან და ყოველთვის.
გაიგეს სპარსებმა, რომ ჩვენ მეფეს გაურთულდა ჭრილობა. იმედი მიეცათ. გადააჯგუფეს ჯარი. მოაოხრეს ტფილისი და არმაზი. მცხეთა ვერ აიღეს, მაგრამ ზღუდის გარშემო ქალაქის გარეუბნები ააოხრეს, მუხნარსა და არაგვის ხერთვისთან (მტკვრის შესართავთან).
ამასობაში მომკვდარიყო ვახტანგ მეფის სიმამრი და მისი ძე, ზენონი ავიდა ტახტზე. მან ჯარი წამოიყვანა, მაგრამ რა გაიგო ვახტანგ მეფე უკვე შებმოდა სპარსელებს და დაჭრილი იყო, გაჩერდა კარნუ-ქალაქთან.
იცოდა ვახტანგ გორგასალმა, რომ სასიკვდილო იყო მისი ჭრილობა და ანდერძი დაუბარა ცოლს, შვილებს, წარჩინებულებს, თანამებრძოლებსა და შთამომავლობას: „მტკიცედ დაიცავით ქრისტიანული სარწმუნოება და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ!“
скачать dle 11.3