კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-29(916)



სინამდვილეში, საიდუმლო ლაბორატორიის ისტორია ტელეკომპანიას თავად გურამმა შეატყობინა. წვერიანმა მინისტრმა მთელი ისტორია თაბახის ფურცელზე დაბეჭდა და ინკოგნიტოდ გაუგზავნა ჟურნალისტს. საქართველოს უშიშროების მინისტრის ამ საქციელის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ მისი აზრით, თუკი ეს ისტორია „გაბაზრდებოდა“ და ისე წარმოჩინდებოდა, რომ ყველაფერში ამერიკელები იყვნენ დამნაშავეები (თუმცა, ეს აბსოლუტური სიმართლე იყო), მაშინ შეერთებული შტატების მთავრობა ყველაფერს იღონებდა იმისთვის, რომ საქართველოში კატასტროფა არ მომხდარიყო. ერთი სიტყვით, გურამმა თავისი სამშობლო დააზღვია...
***
ბრაიან დევიდსი რომ გაისტუმრა, პრეზიდენტმა თავის მრჩეველს უხმო ეროვნული უსაფრთხოების დარგში და პოლ კუნცი რომ მოვიდა, მას უთხრა:
– სრულ ქაქში ვართ, პოლ და სასწრაფოდ შენი რჩევა მჭირდება.
– საქმე, ალბათ, „ეშმაკის ამონასუნთქს“ ეხება, ხომ? – თქვა კუნცმა, პრეზიდენტის მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და მენთოლიანი სიგარა გააბოლა.
– სწორედ მაგას, – თქვა პრეზიდენტმა და დააყოლა, – მეორე დღეა, მოსვენება აღარ მაქვს ამის გამო და ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ვირთხასავით ჩიხში ვარ მომწყვდეული.
– სწორედაც რომ, მასეთ დღეში ხარ, – გაეცინა კუნცს და დაამატა, – ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩვენი საიდუმლოებები უხარისხო ქვეყნების მოქალაქეებს სცოდნოდათ, მაგრამ ვერასგზით მივაღწიე ამას.
– რას გულისხმობ?
– რას ვგულისხმობ, რას ვგულისხმობ... იმას, რაც ვთქვი, – თქვა კუნცმა და დააყოლა, – გასაგებია, რომ უხარისხო ქვეყნებში იმიტომ ვაშენებთ ზეშაშიშ ობიექტებს, რომ კატასტროფის შემთხვევაში ჩვენ არ დავზარალდეთ. მაგრამ რა საჭიროა ასეთი საიდუმლოების განდობა მათი მთავრობისთვის და მით უმეტეს, უმაღლესი კატეგორიის საიდუმლო დონეზე მათი მოქალაქეების დაშვება?
პრეზიდენტმა მხრები აიჩეჩა და თავის მრჩეველს უთხრა:
– რაც შეეხება ბასილელს, ვინც „ეშმაკის ამონასუნთქი“ გაიტაცა, ამ საკითხში გეთანხმები. ის ახლოსაც არ უნდა გაეკარებინათ პროექტ „პანდორასთან“. მაგრამ თავად საიდუმლო ლაბორატორია როგორ აშენდებოდა ადგილობრივ მთავრობასთან შეუთანხმებლად?
– როგორ და მშვენივრად, – გაეცინა კუნცს და დაამატა, – საქმის კურსში თუ არ ჩავაყენებდით, საიდან გაიგებდნენ ამას?
– როგორ, საიდან გაიგებდნენ, ობიექტის მშენებლობას რომ დავიწყებდით, რას ვეტყოდით, – საბავშვო ბაღს ვაშენებთო? – გაუკვირდა პრეზიდენტს.
კუნცმა თავი დააქნია და ოვალური კაბინეტის მასპინძელს მიუგო, – მართლაც რომ, საბავშვო ბაღია.
– რა საბავშვო ბაღი. ეგ რა შუაშია? – დაბნეულად თქვა პრეზიდენტმა. კუნცმა კი განუმარტა:
– შენიღბულად უნდა აგვეშენებინა ეს ლაბორატორია. თუნდაც მაშინ, ახალ საელჩოს რომ ვაშენებდით თბილისში.
– უსაშიშესი ლაბორატორია ჩვენი საელჩოს ქვეშ? – თვალები გაუფართოვდა პრეზიდენტს.
– რა მერე. დიდი ამბავი. სამაგიეროდ, საიდუმლოება იქნებოდა დაცული და რამე რომ მომხდარიყო, მართალია, ჩვენი მოქალაქეებიც დაიღუპებოდნენ, მაგრამ მათ ამერიკის კეთილდღეობისთვის წამებულებად გამოვაცხადებდით და მათ ოჯახებს სოლიდურ კომპენსაციას გადავუხდიდით. ყველაფერს კი, რომელიმე ჩვენ მიერვე კონტროლირებად ტერორისტულ ორგანიზაციას გადავაბრალებდით. ეს ხომ ძალიან მარტივია? ახლა კი, მდგომარეობა უკიდურესადაა გამწვავებული.
– მომაკვდინებელი ლაბორატორია ჩვენი საელჩოს ქვეშ? – მხრებს იჩეჩავდა და იმეორებდა პრეზიდენტი.
– მერე რა? – გაიმეორა კუნცმა და დააყოლა, – შენ იცი, რომ „ცივი ომის“ დროს რუსებმა უამრავი მინი-ატომური ბომბი შექმნეს და ისინი სპეციალურ ჩემოდნებში მოათავსეს. შემდეგ ეს ჩემოდნები ფარულად, დიპლომატიური ბარგით უცხოეთში გაიტანეს და თავიანთი საელჩოების ქვეშ მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ინახავდნენ. რამდენიმე ასეთი ჩემოდანი აქაც იყო.
– ვაშინგტონში? – თვალები გაუფართოვდა პრეზიდენტს.
– კი, სწორედ ვაშინტონში, – თქვა კუნცმა და დაამატა, – რუსებმა ყოველთვის  როგორ უნდა გვაჯობონ ჭკუითა და მოხერხებით?
პრეზიდენტმა თავი გააქნია და კაბინეტში ნერვიულად შეუდგა ბოლთის ცემას. შემდეგ მაგიდას მიუჯდა და როდესაც კუნციც სავარძელში მოკალათდა, უთხრა:
– მოკლედ, ასეა საქმე, – ბრაიან დევიდსსაც მიაჩნია, რომ ურუსებოდ ამ საქმეს  ვერ მოვაგვარებთ და მიკიჟინებს, რომ ჩემს რუს კოლეგას დავურეკო და დახმარება ვთხოვო. შენი რჩევა მჭირდება და რას ფიქრობ, უნდა დავურეკო რუსეთის პრეზიდენტს დახმარებისთვის?
კუნცი რომ პრეზიდენტთან მიდიოდა, უკვე მშვენივრად უწყოდა ყველაფერი და წინასწარ იყო მომზადებული. ამიტომ პრეზიდენტს უთხრა:
– ბრაიან დევიდსი მართალია. რუსეთის პრეზიდენტს უნდა ვთხოვოთ დახმარება.
ოვალური კაბინეტის მასპინძელი არ მოელოდა მყისიერ პასუხს და კუნცს უთხრა:
– და ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟზე ხომ არ იმოქმედებს, პოლ?
პოლ კუნცი სავარძლიდან წამოდგა და ოვალური კაბინეტის მასპინძელს უკვე ოფიციალური ტონით უთხრა:
– სიტუაცია უკრიტიკულესია, ბატონო პრეზიდენტო და ჩვენს კონტროლს ვერ ექვემდებარება. ამიტომ, თქვენ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა უნდა შეასრულოთ და ქვეყანა საფრთხისგან დაიცვათ. ამისთვის კი, რუსეთის დახმარება გვჭირდება და აუცილებლად უნდა დაურეკოთ თქვენს რუს კოლეგას.
პრეზიდენტი კარგად იცნობდა პოლ კუნცს და ბოლომდე ენდობოდა მას. იყო შემთხვევები, როდესაც კუნცი და პრეზიდენტი მრავალსაათიანი განსჯის შემდეგ მიდიოდნენ ხოლმე საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ხოლო, როდესაც კუნცი სწრაფ და ერთმნიშვნელოვან რჩევებს იძლეოდა, პრეზიდენტმა იცოდა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა და თანხმდებოდა მას. ამჯერად კი, ოვალური კაბინეტის მასპინძელი შეყოყმანდა და კუნცს ჰკითხა:
– ნუთუ სხვა გზა არ არსებობს?
– არა, ბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად არ არსებობს და ესაა ერთადერთი ხსნა ამ სიტუაციაში, – მტკიცედ უპასუხა კუნცმა.
– და, მაინც, მე მინდა, ბოლომდე გავერკვე სიტუაციაში, –  ჯიუტად თქვა პრეზიდენტმა.
– ნება თქვენია. ბრძანეთ, რა გაინტერესებთ, – ოფიციალური ტონის შეუცვლელად თქვა კუნცმა.
– მაინტერესებს ის, თუ რატომ ვერ ავუვლით გვერდს რუსეთის დახმარებას? ეს ხომ ჩვენი დიადი ქვეყნის პრესტიჟს აკნინებს, – თქვა პრეზიდენტმა.
– მართალს ბრძანებთ, რუსეთისთვის  დახმარების თხოვნა ამ საქმეში გარკვეულწილად მართლაც უხერხულობაში გვაგდებს, – თქვა კუნცმა, პრეზიდენტმა კი ირონიულად გააწყვეტინა:
– მხოლოდ უხერხულობაში გვაგდებს, კუნც?
– პირდაპირ გეტყვით, ბატონო პრეზიდენტო, არსებობს ვარაუდი, რომ ასეთ სიტუაციაში ჩვენ ჩაგდებას რუსეთმა შეუწყო ხელი, სულაც მან თუ არ მოაწყო ყოველივე. ორივე შემთხვევაში, მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი დახმარება და სანამ უფრო უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილვართ, გირჩევთ, დახმარებისთვის თქვენს რუს კოლეგას დაურეკოთ.
– თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ თუკი რუსეთმა მოგვიწყო ეს, მაშინ პრეზიდენტი ჩემს ზარს ელოდება?
– დიდი ალბათობით, სწორედ მასეა, სერ და გირჩევთ, დროს ნუ დავკარგავთ და დაურეკეთ რუსეთის პრეზიდენტს.
პრეზიდენტმა მაჯის საათს დახედა და თქვა:
– რომელი საათია ახლა მოსკოვში?
– ღამის სამი საათი, სერ, – მიუგო კუნცმა.
– პრეზიდენტს შეიძლება, სძინავს კიდეც და უხერხული არაა მისი შეწუხება?
– პირიქით, სერ. ამით თქვენ ხაზს გაუსვამთ, თუ რაოდენ გადაუდებელი საქმეა და რამდენად შეუცვლელია თქვენი მოსკოველი კოლეგა ამ საქმეში. არ გამიკვირდება, რომ ის ახლა ტელეფონისკენ იყურება და მოუთმენლად ელოდება თქვენს ზარს, – უთხრა პრეზიდენტს კუნცმა.
„თეთრი სახლის“ მასპინძელმა თავის ერთ-ერთ თანაშემწეს დაავალა მოსკოვთან დაკავშირება და უთხრა:
– უთხარი, რომ გადაუდებელი საქმე მაქვს ჩემს კოლეგასთან. მოუბოდიშე და ჰკითხე, თუ სცალია ან როდის მოიცლის.
ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ პრეზიდენტის თანაშემწე ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა და თქვა:
– რუსეთის პრეზიდენტი ხაზზეა, სერ და შეგიძლიათ, ელაპარაკოთ.
ოვალური კაბინეტის მასპინძელმა პოლ კუნცს ანიშნა ყურსასმენები გაიკეთეო. შემდეგ ტელეფონის ყურმილს დასწვდა და რადგან კარგად იცოდა, რომ მისი რუსი კოლეგა მშვენივრად ფლობდა ინგლისურ ენას, უთხრა:
– გამარჯობა, კოლეგავ და ბოდიშს გიხდი ასეთი გვიანი და მოულოდნელი ზარისთვის.
– ეგ არაფერი, ბატონო პრეზიდენტო. განგებამ ასეთი ხვედრი გვარგუნა და რას ვიზამთ. გაგიმარჯოთ! გისმენთ. რამ შეგაწუხათ? – მიუგო „თეთრი სახლის“ მასპინძელს კრემლის მასპინძელმა.
– ერთობ დელიკატური საქმის გამო გირეკავთ, კოლეგავ, – უთხრა ამერიკელმა რუსს. შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ასე დაასრულა, – ირანი ჩვენთვის მიუწვდომელია და იმიტომ დაგირეკეთ, რომ დახმარება გთხოვოთ. გესმით, ალბათ, რომ თუკი ეს საშინელი ბაქტერია ჰაერში გამოაღწევს, მაშინ კატასტროფის წინაშე დავდგებით. გთხოვთ, დაგვეხმაროთ...
– გასაგებია, კოლეგავ. მე თქვენი მშვენივრად მესმის. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. მით უმეტეს, რომ ეს პრობლემა შეიძლება, ჩვენც შეგვეხოს. რადგან გამტაცებელი-ტერორისტის ადგილმდებარეობას ვერ ადგენთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის კვლავ თავის ქვეყანაში იმყოფებოდეს. საქართველო კი, ჩვენი მეზობელია და თუკი იქ რამე მოხდა, აუცილებლად ჩვენც შეგვეხება. მოდი, ასე ვქნათ, – მე ახლა ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს დაველაპარაკები და ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებ. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთიანი ძალისხმევა დაგვჭირდება, ამიტომ ჩვენი სპეციალური უწყებების მეთაურები ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ.
– დიახ. რა თქმა უნდა. ბრაიან დევიდსს დაუკავშირდნენ. ახლა მას გავაფრთხილებ და თქვენი მხრიდან ზარს დაელოდება, – უთხრა რუს  კოლეგას ამერიკელმა.
– მოვილაპარაკეთ. ნახვამდის. სასიამოვნო იყო თქვენი ხმის გაგონება. თუკი რამეში დაგჭირდებით, შეგიძლიათ, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დამირეკოთ. დროებით, კოლეგავ, – უთხრა რუსმა ამერიკელს და ტელეფონი გათიშა.
***
რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების საუბრიდან ორი საათის შემდეგ, ანუ თბილისის დროით დილის ექვს საათზე მელორ სპირსის სპეციალურ სატელიტურ ტელეფონზე ზარი შევიდა. „ეფბეერის“ საგამოძიებო განყოფილების უფროსს „მერიოტის“ აპარტამენტებში ტკბილად ეძინა. გაღვიძება არ ეპიტნავა, მაგრამ, რადგან აშკარა იყო, რომ უფროსობა ურეკავდა, ნამძინარევი ხმით უპასუხა:
– გისმენთ.
– გეძინათ, სპირს? – მოესმა სპირსს ბრაიან დევისის ხმა, რომლის ზარსაც არანაირად არ ელოდა.
– დიახ, სერ. აქ დილის ექვსი საათია, – მიუგო სპირსმა.
– მოსკოვში კი, მხოლოდ დილის ხუთია, – თქვა „ეფბეერის“ დირექტორმა და დაამატა, – მოემზადეთ, სპირს. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათზე, ანუ სამ საათში, მოსკოვიდან საგანგებო ჯგუფი ჩამოდის, რომელიც „ეშმაკის ამონასუნთქის“ დაბრუნებაში უნდა დაგვეხმაროს. ჰარისთან ერთად დახვდით მათ და კოორდინირებულად იმოქმედეთ. ყოველ სიახლეზე კი, პირდაპირ მე დამირეკეთ და საქმის კურსში ჩამაყენეთ. გასაგებია?
– გასაგებია, სერ. ერთი შეკითხვა მაქვს.
– გისმენთ.
– ადგილობრივი სტრუქტურებიც არიან ჩართულები ამ ოპერაციაში, თუ ჩვენ და რუსები დამოუკიდებლად ვმოქმედებთ?
– ფორმალურად, თქვენთან ერთად მოქმედებენ, მაგრამ მაინც და მაინც ღრმად ნუ ჩააყოფინებთ მათ ცხვირს ჩვენს საქმეებში. ალბათ, იგივენაირად მოიქცევიან რუსებიც და ადგილობრივებს თავიანთი ადგილი მიუჩინეთ.
– გასაგებია, სერ. კიდევ ერთი კითხვა.
– მკითხეთ.
– რომელი რეისით ჩამოფრინდებიან ჩვენი რუსი კოლეგები და მათი უფროსის ვინაობა მითხარით, სერ.
– რეისი – „ერევანი-თბილისი“. რუსების დელეგაციას კი, – „მეგობრები“ ეწოდება და მათი ხელმძღვანელიც, ალბათ, თავად გამოგეცნაურებათ. ასე მითხრა ჩემმა რუსმა კოლეგამ, როდესაც მას ვესაუბრე... სულ ესაა მთელი ინფორმაცია. აბა, წარმატებას გისურვებთ!
გამოცდილ სპირსს, ცოტა არ იყოს, ეუცნაურა „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის ასეთი არასრული ინფორმირება და რატომღაც გაიფიქრა, რომ მისი შეფი მასხრად აიგდეს. მელორ სპირსი, უკვე მეორე დღე იყო, რაც თბილისში იმყოფებოდა და თავდაპირველი შთაბეჭდილება ადგილობრივ „ველურებზე“ რადიკალურად ჰქონდა შეცვლილი. სპირსი მიხვდა, რომ საქართველო „არც თუ ისე მეორეხარისხოვანი“ ქვეყანა იყო. ხოლო მისი ძირითადი მოსახლეობა ქართველები კი – ბევრად უფრო მეტად კულტურულები, განათლებულები და ცივილიზებულები იყვნენ, ვიდრე ამერიკელთა უმრავლესობა. სპირსს თავის აღმოჩენაზე გაეცინა და თავი გააქნია. შემდეგ ჯონი ჰარისი გააღვიძა და უთხრა:
– ადექი, წასასვლელად უნდა მოვემზადოთ.
„ბიუროს“ მთავარი ანტიტერორისტი საწოლზე ჩამოჯდა და გაიზმორა. კედლის საათს შეხედა და თქვა:
– დილის ექვსი საათია. რა ხდება, ასე უთენია ვინ გასცა ჩვენი ლოგინიდან წამოყრის ბრძანება?
– ბრაიან დევიდსმა, – მიუგო სპირსმა.
– დიდმა შეფმა?
– სწორედ მან.
– რა ხდება?
– დილის ცხრა საათზე ჩვენი რუსი კოლეგები ჩამოდიან მოსკოვიდან და მათ აეროპორტში უნდა დავხვდეთ.
– რუსი კოლეგები? რაღაც ვერ გავიგე შენი ხუმრობა.
– რა ხუმრობა. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე.
– მართლა?
– ჰო, მართლა. შეფმა ასე მითხრა, – ადგილობრივებს მაინცდამაინც ნუ ჩააყოფინებთ ცხვირს თქვენს საქმეებშიო, – უთხრა სპირსმა ჰარისს, რომელმაც თავი გააქნია და თქვა:
–  ამას რა მოჰყვა, ხომ გახსოვს?1
– რას, ამას?
– რას და თურმე, ქართველები რომ გვისმენდნენ და შენი და საიმონის ლაპარაკი რომ ჩაიწერეს, – თქვა ჰარისმა.
– ჩემს შეფთან საუბარს ვერ მოისმენდნენ.
– რა შუაშია აქ საუბარი. ადგილობრივების უგულვებელყოფას ვგულისხმობ. არ გახსოვს, რა დღეში ჩაგაგდო წვერიანმა მინისტრმა, აბუჩად აგდება რომ დაუპირე?
– ახლა უფრო დიპლომატიურად მოვიქცევით. მით უმეტეს, რომ არც რუსები ჩააყოფინებენ მათ ცხვირს ამ საქმეში.
ჯონი ჰარისმა თავი გააქნია და კოლეგას უთხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3