№30 ექიმის რჩევები
კითხვა: 13 წლის გოგონას აქვს ყელში ობობის შეგრძნება და ციკლის დაწყება დამთავრების დროს გულყრები. ვის მიმართოს და რა სინდრომია ეს?
პასუხი: გოგონას პირველ რიგში ნევროპათოლოგთან ვიზიტი სჭირდება. დამატებითი კონსულტაციებისა და გამოკვლევების საკითხი ამ ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი.
კითხვა: ვარ 18 წლის, 3 წელია, ვეწევი სიგარეტს. 3 ღამეა, მეღვიძება, ორგანიზმში საშინელი სიმხურვალის შეგრძნებით, კუჭში კი – თითქოს რაღაც მღრღნის. ცოტა უნდა შევჭამო, რომ ოდნავ მაინც ჩაწყნარდეს, სანამ ჩამეძინება. რისი ბრალია? ანალოგიურად ემართება დედასაც.
პასუხი: თქვენი ჩივილი შესაძლოა, კუჭის წყლულოვან დაავადებას, კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას უკავშირდება. სიმპტომების შემცირების მიზნით რეკომენდებულია: თამბაქოს მოხმარების აკრძალვა; ჭარბი წონის შემთხვევაში – წონაში დაკლება. მაქსიმალურად უნდა ერიდოთ შოკოლადს, მენთოლს, მჟავე და ცხარე საკვებს, ალკოჰოლს... მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე. ღამით სასთუმლის 15-20 სანტიმეტრით ამაღლება მკვეთრად ამცირებს ჩივილებს. მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება ექიმ-გასტროენტეროლოგის მიერ, აუცილებელი გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
კითხვა: ვარ 32 წლის ქალი. ოქტომბერ-ნოემბრიდან, ცოტა როგორც კი აცივდება, ღამე თუ თავზე არ მაფარია, მთელი ღამე და დილითაც თავი მტკივა. შემდეგ ნელ-ნელა თავისით გადამივლის ხოლმე. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს, იქნებ რაიმე მირჩიოთ.
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ მიდრეკილება სისხლძარღვთა სპაზმისკენ, რაც სიცივეში ძლიერდება. გაითვალისწინეთ, რომ არსებული ნორმების თანახმად ოთახში, სადაც გძინავთ, ტემპერატურა 18 გრადუსი უნდა იყოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე