№30 ქალის როლი
ქალის როლი მამაკაცის ცხოვრებაში შემდეგნაირია – მან კაცს კომფორტული და მშვიდი გარემო უნდა შეუქმნას. თუ ქალბატონს აქვს უნარი, ითამაშოს „კომფორტული“ პარტნიორის როლი, მაშინ მას ვერცერთი მამაკაცი ვერ შეელევა. როგორია „კომფორტული“ ქალი? გთავაზობთ დამახასიათებელ თვისებებს:
* ასეთი ქალი ყოველთვის უსრულებს მამაკაცს სურვილებს. შეიძლება, კაცმა ეს ბოროტად გამოიყენოს, მაგრამ ქალი სიმშვიდეს მაინც არ კარგავს;
* ქალმა იცის, რომ კაცს ის უფრო სჭირდება, ვიდრე უყვარს, მაგრამ ამის გამო არ წუწუნებს და მამაკაცს „ტვინს არ უბურღავს“ – მითხარი, როგორ გიყვარვარო;
* შეიძლება, ქალი გრძნობდეს, რომ კაცს ბევრი დანაშაული მიუძღვის მის წინაშე, მაგრამ ერთ საყვედურსაც არ ეუბნება;
* ყოველთვის ყველაფერს პატიობს, ოღონდ კი კაცი მის გვერდით იყოს;
* „კომფორტულ“ ქალს აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის გააკეთა რამე საკუთარი თავისთვის;
* ყოველთვის ცდილობს, საკუთარი მიზნები და სურვილები უკანა პლანზე გადასწიოს.
P.S. ამ ტიპის ქალი კომფორტული მხოლოდ ეგოისტი და საკუთარ პერსონაზე შეყვარებული მამაკაცისთვის შეიძლება იყოს.
მნიშვნელოვანი
ფრაზები
არსებობს ფრაზები, რომლებსაც მხოლოდ ძალიან ჭკვიანი ქალები ამბობენ. სწორედ ისინი, რომელთა გონიერება აღფრთოვანებას იმსახურებს. შეგიძლიათ, მარტივად ისწავლოთ ისინი, თუმცა, გვჯერა, რომ ბევრჯერ მოგისმენიათ კიდეც, მაგრამ არ იცოდით, რომ ასეთი მაგიური ძალა აქვს. საქმე ისაა, რომ ფრაზები, რომლებზეც ვსაუბრობთ, განსაკუთრებულად მოსწონთ მამაკაცებს.
* „შენ უკეთ იცი“ – ბრძენი ქალი არაფერს ხედავს ტრაგიკულს იმაში, რომ შეიძლება, თანამოსაუბრე მართალი იყოს. მით უმეტეს, თუ ეს თანამოსაუბრე საყვარელი მამაკაცია. დავუშვათ, არც არის მართალი – დაფიქრდით და მიხვდებით, რომ მთავარი მოქმედებაა და არა ლაპარაკი. თავი დაუქნიეთ და თქვენებურად გააკეთეთ. ვერც მიხვდება, რადგან ამ უწყინარმა ფრაზამ სრულიად განაიარაღა და პატივმოყვარეობაც დაუკმაყოფილა.
* „დრო გვიჩვენებს“ – გონიერმა ქალმა იცის, რომ დრო არც ისე ცუდი მოკავშირეა. მას, როგორც მტერს, ისე არ უნდა უყუროთ. სწორედ დრო გვეხმარება ცხოვრების მძიმე პერიოდების გადატანაში და ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. შესაბამისად, ქალები, რომლებიც სწორად აფასებენ დროს, გადაწყვეტილებებს სწრაფად და სპონტანურად არ იღებენ.
* „ეს გამოცდილებაა“ – წარუმატებლობას გონიერი ქალი ყოველთვის ისე აღიქვამს, როგორც გამოცდილებას, რომლისგანაც რაღაც აუცილებლად უნდა ისწავლო. მომხდარიდან გონივრული დასკვნების გამოტანა მხოლოდ ჭკვიან ქალებს ახასიათებთ.
* „მადლობა“ – გონიერი ქალი ყოველთვის გულწრფელია და შეუძლია, მადლიერების გამოხატვა. „მადლობა“ ჯადოსნური სიტყვაა და ის ხშირად უნდა წარმოთქვათ.
ასაკი? – რა
პრობლემაა
ამბობენ (და ეს ხშირ შემთხვევაში მართალია), ადამიანი ისე გამოიყურება, რამდენ წლისადაც თავს გრძნობსო. თუმცა, თუ თქვენი გარდერობის შერჩევისას ზომიერების გრძნობა გიღალატებთ, შეიძლება, ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ქალბატონებს ასაკის მატებასთან ერთად მეტი წინდახედულება და სიფრთხილე სჭირდებათ. მაგალითად: არ არის საჭირო ხელოვნურად გაიახალგაზრდავოთ თავი ზედმეტად თამამი სამოსით. ორი დღის წინ ნაყიდი ძვირად ღირებული კრემით ოცი წლით ნამდვილად ვერ გაახალგაზრდავდებით. გახსოვდეთ, თქვენ აღარ ხართ გოგონა, რომელსაც ყველაფერი ეპატიება.
* ნუ გექნებათ მწვავე რეაქციები ნაცნობ-ახლობლების კომენტარებზე. ერთნი კომპლიმენტებს გეტყვიან, მეორენი გულს გატკენენ... იყავით ობიექტური საკუთარი თავის მიმართ.
* ყოველთვის ყურადღებით მოუსმინეთ შინაგან ხმას – მთავარია, საკუთარ მესთან იყოთ ჰარმონიაში, სრულ თანხვედრაში. მნიშვნელოვანია, რას გრძნობთ. ანუ, გაითვალისწინეთ ჭეშმარიტება – თქვენი რეალური ასაკი არ არის დიაგნოზი. ნებისმიერ ასაკს თავისი უპირატესობები აქვს. უბრალოდ, უნდა დაინახოთ ისინი და შენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ისწავლეთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება და მაშინ ნებისმიერ ასაკში იქნებით საინტერესო. რა თქმა უნდა, თავისებურად მომხიბვლელიც. ანუ, ნუ აღიქვამთ ტრაგიკულად, როცა ქუჩაში „ქალბატონოთი“ მოგმართავენ. ეს არც ქვეყნის აღსასრულია, არც თქვენი ცხოვრების. რაც შეეხება გარდერობის შერჩევას – ჯობია, იყიდოთ ერთი, დახვეწილი და ტანზე კარგად მორგებული. ნუ გამოტენით კარადას. მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა.
იდუმალი სიყვარული
სიყვარული ყოველთვის იდუმალებით არის მოცული და არც უბრალოა. შეყვარებული ადამიანისთვის სამყარო მომხიბვლელია და ზღაპრული ფერებით აღსავსე. შეიძლება, ყოველთვის ისე არ სრულდება, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, მაგრამ უნდა დააფასოთ ის, რაც გაქვთ.
თავიდანვე შეეგუეთ აზრს, რომ სიყვარული ყოველთვის რომანტიკული ვერ იქნება. უფრო სწორად, ვერ იქნება ერთნაირი ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე. ამაში არც განსაკუთრებულია რამე, არც შემაშინებელი და არც სანერვიულო. ყველა ეტაპს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დააფასოთ. მშვენიერი გრძნობა არ უნდა „გააფუჭოთ“ ამაო ემოციებით, ყალბი ეჭვებით მომავალზე. სიყვარული იდუმალია და ხელები არასდროს უნდა ჩამოუშვათ, მით უფრო, პირველი მარცხის შემდეგ. ხვალ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. გამოჩნდება ის, ვინც თქვენს გულწრფელ გრძნობას დააფასებს, გაითავისებს და უკან გაორმაგებულს დაგიბრუნებთ. სიყვარული არ არის ტკივილი, რომელიც ცხოვრებას ანგრევს. პირიქით, ის იმისთვის არის, რომ ცხოვრება კიდევ უფრო მშვენიერი გახადოს.