№30 როდის ეშინია კაცს ცოლის ღალატის და როგორ იცავს ამისგან თავს
ზოგ წყვილს ურთიერთობის საკუთარი ფორმულა აქვს. რაც ვიღაცისთვის მიუღებელია, ზოგიერთისთვის კი – ნორმა. თუმცა, არსებობს პრინციპები, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთნაირია. ფსიქოლოგებიც თანხმდებიან იმაზე, რომ მყარია ნდობაზე აგებული ურთიერთობა. თუ პარტნიორები ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებნენ, მათი თანაცხოვრება კომფორტული ვერ იქნება.
დეაკო (34 წლის): ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ თემაზე საუბარი დამჭირდებოდა. როცა ოჯახს ვქმნიდი, დარწმუნებული ვიყავი, ჩემს მეუღლეზე ძვირფასი და სანდო არავინ მეყოლებოდა... გულუბრყვილო ვიყავი? – შეიძლება, თუმცა ამ ტკილ ილუზიებში გაცილებით მარტივი იყო ცხოვრება. ერთად უკვე ხუთ წელზე მეტია, ვცხოვრობთ. პირველი წელი, ალბათ, არ უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ ეს პერიოდი ყველაზე „ბრჭყვიალაა“ და რეალობის აღქმა რთულია.
– ანუ, მიგაჩნიათ, რომ ქორწინების პირველ წელს ქალი რეალობას ვერ აღიქვამს?
– არ მეთანხმებით? რომელი შეყვარებული და ეიფორიაში მყოფი ქალი გინახავთ რეალობასთან ახლოს. ხომ აბსურდია?! მიყვარდა და ვფიქრობდი, ამაზე უკეთესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მოხდება-მეთქი. კნუტს სანამ თვალები აეხილება, სამყარო სხვანაირი ჰგონია, მოწყალე და ბრჭყვიალა ფერებით აღსავსე. მერე კი ხვდები, რომ რეალობა სხვანაირი ყოფილა. ღალატის თემა ჩემგან ძალიან შორს იყო. საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ შეიძლებოდა, ქმარს ეღალატა. ჩემი მხრიდან ღალატზე კი, საერთოდ არ იყო ლაპარაკი.
– აბა, როგორ მოხდა ისე, რომ ქმარმა თქვენზე ეჭვიანობა დაიწყო და სერიოზული პრობლემები შეგექმნათ?
– ასე მარტივად ვერ მოვყვები, იმიტომ რომ დიდხანს თავადაც ვერ გავერკვიე. ჯერ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და როცა გამოვფხიზლდებოდი, ცხოვრება ისევ ჩადგებოდა ჩვეულ კალაპოტში, მაგრამ უფრო და უფრო გართულდა საქმე. გვიან დავიწყე დეტალების გაანალიზება და ახლა უკვე ვიცი, რა იყო ჩემი ქმრის გადარევის მაპროვოცირებელი. ქალებს მოსწონთ, როცა ქმრები მათზე ეჭვიანობენ. მეეჭვება, რომელიმე ქალს სიამოვნებდეს, როცა ყოველდღიურ სტრესში ცხოვრობს. ეს ხომ კოშმარია, ვისაც არ გამოუცდია, ის ვერც გამიგებს. ცხოვრება უცებ იცვლება უარესობისკენ და აღარ მთავრდება. როგორ გინდა, აბსურდთან იყო „საომარ ვითარებაში“. მე, ზოგადად, ვერ ვიტან თავის მართლებას – საშინლად დამამცირებელია. საკუთარი თავის მიმართაც გიჩნდება განცდა, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს. ირღვევა ის ჰარმონია, რომელიც არის სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანი. გავიწყდება და უცებ აღმოაჩენ, რომ ეს ის კაცი არ არის, ვის გვერდითაც თავი ყველაზე დაცული გეგონა. როცა ამას მივხვდი, საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, გული მეტკინა და რაღაცნაირად გავერიდე, გავემიჯნე ჩემს ქმარს. შესაბამისად, აღარც სიახლოვის სურვილი მქონდა: ბუნებრივია, ეს არ იყო ადვილი. რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც ვებრძოდი. ადგილს ვერ ვპოულობდი და არ ვიცოდი, რა მექნა.
– ალბათ, უნდა დალაპარაკებოდით თქვენს მეუღლეს.
– არ შემეძლო. შინაგან ბრძოლებში ვიყავი და ვერ დაველაპარაკებოდი. მან კი ჩათვალა, რომ მე ვიღაც მყავდა და დაიწყო, რაც დაიწყო.
– ეჭვიანობა დაიწყო?
– როგორც ჩანს. იმიტომ რომ უცებ გახდა აგრესიული, ნერვიული, წვრილმანებზე მედავებოდა და მიშარდებოდა. მეუბნებოდა, ერთ ნაბიჯზე სანდო არ ხარო და სკანდალს ტეხდა, თუკი პირველივე დარეკვაზე ტელეფონს არ ავიღებდი. სამსახურში მოულოდნელად შემომივლიდა ხოლმე, მამოწმებდა – იქ ვიყავი თუ არა. ერთი სისულელე ჩავიდინე: მოვუყევი, რომ ნაცნობმა ქმარს უღალატა იმიტომ, რომ ეს გოგო აღარ აინტერესებდა, ფეხებზე დაიკიდა. ღირსია, ყველა კაცი, რომ ცოლმა უღალატოს-მეთქი და გადაირია. ისეთი ამბავი დაიმართა, ლამის სახლიდან გავიქეცი. ჩვენი ოჯახი აუცილებლად დაინგრეოდა, რომ არა ბავშვი და მოულოდნელად ჩემს ქმარში მომხდარი ცვლილება – ტრანსფორმაცია. ეს აგრესიული, მრისხანე კაცი სულ პატარა ბავშვს დაემსგავსა – თავი არ მომჭრა, არ შემარცხვინო და ცხოვრება არ დამინგრიოო, – მეხვეწებოდა. მე, შენი ღალატისგან დაგიცავ, ყველგან ვიტყვი, რომ უმადური ქალი ხარ – შენს ნათესავებში, ახლობელ-მეგობრებში, ყველას გავაგებინებ, ასეთი ოჯახი რომ ვერ შეიფერეო. თავდაცვის მექანიზმი ჩაერთო.
– თქვენ თქვით, რომ სანამ აქამდე მიხვიდოდით, მეუღლემ იმედი გაგიცრუათ. რატომ? რა მოხდა?
– აბსოლუტური იგნორი იყო მისი მხრიდან. ყურადღებას აღარ მაქცევდა. არ ვაინტერესებდი. ჩემი სიტყვები მისი სმენის მიღმა რჩებოდა. რაიმე ტიპის დახმარებაზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი.
– ანუ, სპეციალურად აეჭვიანეთ. თქვენი მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო?
– ასე ვერ ვიტყვი. უფრო სწორად, ეს მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. თუმცა, გულის სიღრმეში მართლა მინდოდა, ენერვიულა ჩემზე, ჩვენს ურთიერთობაზე. გადარეულიყო და უკან ედევნა. მაგრამ, როცა ჩემი ღალატის რეალურად შეეშინდა, პრობლემები კი არ შემიმცირდა, მომემატა. ახლა როგორმე უნდა დარწმუნდეს, რომ არ ვღალატობ.