№29 ვინ უღებს ანრი გუჩმანიძეს ძილში სისხლს და როგორ ხიბლავს ის გოგონებს გამოხედვით
„X ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – ის 22 წლის ბათუმელი ანრი გუჩმანიძე გახდა. პროექტში მონაწილეობა სრულიად შემთხვევით, მეგობრების თხოვნით გადაწყვიტა. ერთ მომენტში ისიც ეგონა, რომ შოუს გამოეთიშა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებულად სწორედ ის დაასახელეს.
ანრი გუჩმანიძე: ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ და ვერ აღვიქვამ იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდი. სასწაული შეგრძნებაა, მართლა არ ველოდი გამარჯვებას და ანრი გუჩმანიძეო, რომ გამოაცხადეს, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გამარჯვებასთან ერთად, ძალიან მაგარი პრიზებიც მივიღე, უმაგრესი ბინაა, უკვე ვნახე – თეთრი კარკასია, ძალიან მაგარი ეზოთი, კალათბურთის მოედნით, ფეხბურთის მოედნით, ამფითეატრით და აუზით, მოკლედ, ყველაფერი ეზოში მაქვს. სამიათასლარიანი ვაუჩერი და ფასდაკლების ბარათი ავეჯზე, ახლა მანქანასაც ვიყიდი და ეგ არის (იცინის).
– ამ პროექტში მონაწილეობის მიღება როგორ გადაწყვიტე?
– მეგობარმა მითხრა, ქასთინგზე მივდივარ და გასამხნევებლად გამომყევიო. იქ ბევრი ნაცნობი ვნახე და ყველამ მისაყვედურა, რატომ არ მონაწილეობო? მეგობრებმა ძალით გამიყვანეს (იცინის). ანკეტა იქვე შევავსე და არც შევცდი. პირველ ქასთინგზე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული შევედი, დანარჩენ კონკურსანტებს ვამშვიდებდი. სცენაზე რომ გავედი და მუსიკა ჩაირთო, გული ამომივარდა. არ მინერვიულია, ეს ადრენალინისა და სიამოვნების დამსახურება იყო. კი გავედი, მაგრამ არ მეგონა, რომ დარეკავდნენ. ამიტომ მშობლებისთვის არც მითქვამს. ჩემს ნომერთან ერთად დედაჩემის ნომერი მქონდა მითითებული და ისე მოხდა, რომ მე კი არა მას დაურეკეს. გაოცებული იყო, ვერ გაიგო, რა ხდებოდა.
– ნანიკომაც ბევრი კომპლიმენტი გითხრა და ინატრა, 30 წლით პატარა ყოფილიყო...
- კი და სხვათა შორის, ნანიკოს ამ კომენტარმა დიდი სტიმული მომცა. ისიც თქვა – ემოცია ამოიღე და დადეო – „ამოიღეს და დადეს“ სასაცილო რეაქცია მოჰყვა ხალხის მხრიდან და აქედან მივმართავ ყველას, რომ ემოციაზე იყო საუბარი (იცინის).
– აქამდე მუსიკას რა ადგილი ეჭირა შენს ცხოვრებაში?
- სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, უკვე ვმღეროდი, იმიტომ, რომ მუცლად ყოფნიდან მუსიკა მესმის ოჯახში. მამაჩემი მომღერალია, ის პირველი როკბენდის ვოკალისტი იყო და მეც ყოველთვის ვღიღინებდი. მუსიკა რომ მიყვარს, ეს მისი დამსახურებაა. პროფესიონალი მუსიკოსია, ჯგუფ „ბეთლემის“ წევრი იყო. ამჟამად რესტორანში მღერის და უკრავს არა მარტო გიტარაზე, არამედ ყველანაირ სიმებიან საკრავზე. რაც შეეხება დედას, ის ექიმია და ჩვენ მიმართ ყოველთვის მკაცრი იყო. ისწავლეთ! – ეს იყო მისი თხოვნაცა და მოთხოვნაც. ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ზარმაცი. საბედნიეროდ, დედა არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. დედა პანიკიორი ექიმია. ყოველთვის ძალიან ნერვიულობს ჩემს ჯანმრთელობაზე. რომ მძინავს, მომეპარება, სისხლს ამიღებს, წაიღებს და ცდებს უტარებს – რამე ხომ არ მჭირს. თვეში ერთხელ მიკეთებს ამას და დილით ბამბითა და სისხლით ვიღვიძებ (იცინის). მყავს უფროსი და, რომელიც ინგლისური ენის პედაგოგია და 10 წლის ძმა. სამი წლიდან უკვე სახალხოდ ვმღეროდი, მერე – სკოლის ღონისძიებებზე. თეატრში ვიყავი და მე და გიორგი ნაკაშიძე მიუზიკლებში ვთამაშობდით, პარალელურად კონსერვატორიაში ვსწავლობდით. კარგად ვხატავ, ეს ნიჭიც მამისგან გამომყვა. მეოთხე კლასში ვიყავი, პირველად რომ დავხატე, მანამდე ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი და ამის სურვილი არ გამჩენია. ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რაც შეიძლება ბავშვისთვის ცოტა უცნაური იყოს – სულ მაინტერესებდა ჩვენი გალაქტიკის მიღმა რა იყო, ყველაფრის შემადგენლობა და ასე შემდეგ.
– თუმცა, პროფესიად სხვა მიმართულება აირჩიე.
– სეუში ფინანსებს ვსწავლობ. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვითვისებდი, მაგრამ განსაკუთრებით მათემატიკა მიყვარდა და კარგადაც გამომდიოდა. უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით მოვხვდი. მოსკოვში მიმიწვიეს სასწავლებლად და ერთი წელი იქ, ფინანსურ უნივერსიტეტში ვისწავლე – უფასოზე. მაგრამ იქ ცხოვრება საკმაოდ ძვირია და რადგან ოჯახს შესაბამისი რესურსი აღარ გააჩნდა, გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი. უკვე დეპრესიაც დამეწყო, ქართველი ხალხი და ქართული ლაპარაკი მენატრებოდა. რომ ჩავედი, რუსულის აზრზე არ ვიყავი. ინგლისური ვიცი კარგად და ამ ენაზე უნდა მესწავლა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ რუსულიც ამეთვისებინა და ეს ორ თვეში მოვახერხე.
– შეყვარებული თუ ხარ?
– არასდროს არავინ მყვარებია, მოწონებით – კი და ამ დროს განსაკუთრებით მომწონს ურთიერთობა, რომელიც გამოხედვით ყალიბდება. გამოხედვაში თუ ვერ ვიგრძენი ემოცია და ვნება, ურთიერთობის გაბმა არ შემიძლია.
– რა მოსწონთ გოგონებს შენში? რით ხიბლავ?
– მეუბნებიან, ძალიან სიმპათიური და მამაკაცური ხარო, მაგრამ არ ვიცი, რატომ. მე ეშხიანი გოგოები მომწონს. უფრო მეტად ქერა. არ მომწონს მამაკაცური გოგოები, რომ ბილწსიტყვაობენ და საქმეებს არჩევენ. ჩემი აზრით, ქალი ნაზი უნდა იყოს და გონებაც უნდა უწყობდეს ხელს.
– რუსეთის ამბები გაიხსენე, მით უმეტეს, გოგონებთან ურთიერთობაში.
– რუსეთში საკმარისი იყო მეთქვა, რომ ქართველი ვიყავი, სამი-ოთხი გოგო მოდიოდა (იცინის). ამ გოგოების წყალობით ვისწავლე რუსული.