კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რას ვერ შეეგუვნენ ერთმანეთთან ურთიერთობაში სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე და როდის იმორცხვებს სალომე მეუღლის გამო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიალზე სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ წლის სიმღერა გახდა. „თბილისელები“ სალომესა და ნოდიკოს კიდევ ერთხელ ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.
სალომე ბაკურაძე: ჩემთვის ეს წელი ძალიან ნაყოფიერი იყო და არა მხოლოდ წელს, ყოველთვის, ნომინირებული ვარ თუ არა, მაინც ველოდები „ოქროს ტალღას“. განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა წელს, გამიხარდა, რომ დაგვიფასდა შრომა, თან ჩვენმა დუეტმა მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და იმედი და მოლოდინი გვქონდა, რომ ეს სიმღერა რაღაც ნომინაციაში მაინც გაიმარჯვებდა. გადასარევი აღმოჩნდა ის, რომ „წლის სიმღერად“ დასახელდა. მთავარი ნომინაცია მოვიგეთ და ამიტომ ყველას, ვინც ამ სიმღერის შექმნაში, კლიპის გადაღებაში მონაწილეობა მიიღო, მინდა, მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით – ნოდიკოს.
– კლიპში შენი და ნოდიკოს პერსონაჟები შორდებიან და ბოლოს ისევ უბრუნდებიან ერთმანეთს. შენს რეალურ ცხოვრებაში, ალბათ ასე მარტივად არ გაუშვებდი ხელს შენს სიყვარულს?
– არა, რადგან სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და რომ ამ ბრძოლას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ალბათ, ამაზე არავინ დაობს. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია, ხელი მაგრად ჩაჰკიდო, არსად გაუშვა და არც მან გაგიშვას.
– როდესაც შენი და ლაშას ურთიერთობა დაიწყო, მან მალევე ჩაგკიდა ხელი?
– ლაშიკომ სიყვარულში გამოტყდომიდან ძალიან მალე მითხრა: შენ აუცილებლად ჩემ გვერდით იქნები მთელი ცხოვრებაო, ჩამკიდა ხელი და არ გამიშვა. ეს რომ მითხრა, თავიდან კი გამიკვირდა: რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება-მეთქი. რადგან იმ დროს ჩემგან საპასუხოს არაფერს გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერში სიტყვის კაცია. შეასრულა თავისი სიტყვა და მეც ჩავკიდე ხელი. იმდენად იყო თავის გრძნობებში, ქმედებებში დარწმუნებული, რომ ჩემგან ბევრი წინააღმდეგობის გაწევაც არ დასჭირვებია. მეც მალევე დამაჯერა.
– ამ გადასახედიდან, რა მოგეწონა ლაშაში ყველაზე მეტად, რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც გათხოვების გადაწყვეტილება მიგაღებინა?
– ერთი კონკრეტული რამ არ ყოფილა. მივხვდი, რომ ეს იყო ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შევძლებდი ცხოვრებას და ვის გვერდით ყოფნაც მინდოდა. ერთი კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. ყველაფერმა ერთად გადამაწყვეტინა და იმან, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო.
– გამორჩეული წყვილი ხართ, მოსიყვარულეები, თბილები, ხალისიანები, ერთნაირები.
– ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებით ის, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ადამიანები და ორივეს მთავარი პრინციპი სიმართლეა. როცა რაღაც ხდება, ის შორს არასდროს მიდის, ერთმანეთთან ძალიან გახსნილები, თავისუფლები და მართლები ვართ. ღირებულებებიც საერთო გვაქვს, თუმცა, გვაქვს სხვადასხვა აზრები, გემოვნება გარკვეულ საკითხებში, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს.
– ლაშა სოციალურ ქსელში ხშირად საჯაროდ გიხსნის ხოლმე სიყვარულს, ამაზე როგორ რეაგირებ?
– პრინციპში, ცოტა ვბრაზდები ხოლმე, არ მინდა, ვინმეს ცუდად მოხვდეს თვალში: რა იყო, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ცოლიო. მაგრამ არასდროს ამიკრძალავს, რადგან ეს მისი უფლებაა, თავისუფლება აქვს, თავისი პირადი სივრცე, ისევე, როგორც მე და არაფერში ვზღუდავ. თუმცა იცის, რომ ამაზე ვიმორცხვებ ხოლმე და ცოტა თავს იკავებს, თორემ უფრო მეტსაც იზამდა. ძალიან თბილი, გულღია ადამიანია, არასდროს მალავს ემოციებს, არ იკავებს თავს. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ზოგჯერ რაღაცებს ჩემთვის ვიტოვებ – ვისწავლე ცოტა კონტროლი. ლაშიკო უკონტროლოდ და უფილტროდ ცხოვრობს.
– რამდენად გიყვართ ერთმანეთის ყურადღებით განებივრება, ცხოვრების გალამაზება?
– გვიყვარს ორივეს და რამე თარიღებს არ ველოდებით, რომ ერთმანეთი გავახაროთ. პრინციპში, ეს მხოლოდ ჩვენს ურთიერთობას არ ეხება, ორივეს გვიყვარს, როდესაც ადამიანებს ვახარებთ.
– თქვი, ლაშიკო არაფერში შემიზღუდავსო. ალბათ, არც მას შეუზღუდიხარ.
– არასდროს არაფერში შეგვიზღუდავს ერთმანეთი. ეს არასწორად მიმაჩნია. შეიძლება, ერთმანეთს რჩევები უთხრათ, სწორ გზაზე დააყენო თუ მას ეს უნდა. ისე, რომ უხეშად ჩაერიო მის ცხოვრებაში, შენ გამო აკეთოს ის, რაც არ სურს, სისულელეა და ფუჭდება ურთიერთობა. ოჯახურ ურთიერთობაში სიყვარულთან ერთად სიმართლე და სისუფთავეა მთავარი, რომ სწორად მიჰყვებოდეთ ყველაფერს. ყველაფერი სიმართლეზე, სუფთა ემოციაზეა აგებული; როცა არაფერი გაქვს დამალული, რომელიც არ ამოხეთქვას და არ გააფუჭებს ურთიერთობას. პატარ-პატარა პრობლემებიც სიმართლითა და ერთმანეთთან საუბრით გვარდება. დამალული არაფერი მიყვარს. თუ რაღაც არ მომწონს, გამოსასწორებელია, აუცილებლად ვამბობ და სხვებისგანაც იგივეს ვითხოვ. ლაშაც ასეთია ზუსტად.
– ლაშას ხშირად უწევს ბათუმში მუშაობა, შენც გაქვს ხოლმე გასვლითი კონცერტები, ერთმანეთისგან შორს ყოფნას ეგუებით?
– ვერ ვეგუებით. მეც წავსულვარ გოგონებთან ერთად დასასვენებლად, ისიც მიდის სამუშაოდ, ერთმანეთზე არ ვართ გამოკიდებულები, მაგრამ მაშინ ვგრძნობ თავს ფანტასტიკურად, როცა ლაშა ჩემ გვერდით არის. თვითონაც ასეა. ცოტა ხნის წინ გაგვეწელა დრო, ვერ ჩავედი მასთან ბათუმში და ყოველდღე მეუბნებოდა, როდის ჩამოხვალო. მითხრეს: ისე გელოდებოდა, სულ ზუზუნებდა, როდის ჩამოვაო. ერთად კარგად ვერთობით ხოლმე. თუ ერთმანეთისგან შორს ვართ, უფრო მეტი პრობლემა გვაქვს, ვიდრე ერთად ყოფნისას. როდესაც გვიჩხუბია, ერთად არასდროს ვყოფილვართ. დისტანციურად ვჩხუბობთ ხოლმე და ლაშიკომ იცის ხოლმე თქმა: ახლა ჩემთან ერთად რომ არ ხარ, იმიტომ ვჩხუბობთო. მეც ვეუბნებოდი: ჩამოვალ ახლა და დალაგდება ყველაფერი-მეთქი.
– მოულოდნელად მოუწყვია სიურპრიზი და დაგდგომია თავზე?
– ადრე უფრო ყოფილა, მაგრამ ახლა, რაც ბავშვი გვყავს, წინასწარ ვალაგებთ გეგმებს. ადრე მთლიანად „ფლეშ მობით“ ვცხოვრობდით, ახლა მთლად ასე ვეღარ ვართ.
– შენს გარეგნობასაც მინდა, შევეხო. ყოველთვის კარგად გამოიყურებოდი, მაგრამ ახლა საგრძნობლად ხარ გამხდარი და ძალიან გიხდება. რა გააკეთე?
– განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. რასაც მივყვებოდი, იმას მივყვები დიდი ჯაფით, წვალებით და როგორც იქნა, გამოიღო შედეგი. ჯანსაღი კვებით, მასაჟით, ვარჯიშით ვცდილობ, წონაში დაკლებას. რა თქმა უნდა, ეს დიდი სტიმულია და უფრო მეტად მოტივირებული ვარ. ახლა ერთი კვირით მივდივარ ბარსელონაში, ჩემი დაბადების დღე იქ უნდა აღვნიშნო, თან ბიონსეს და ჯეიზის კონცერტს დავესწრები (ინტერვიუ ჩაწერილია 7 ივლისს – ავტორი). მეორე წელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩემს დაბადების დღეს ამთხვევენ კონცერტებს, მილოცავენ და ლაშას დიდი სურვილით, ხელშეწყობით მივდივარ გოგონებთან ერთად.
скачать dle 11.3