№29 როგორ გახსნა ვასო გურეშიძემ პოლონეთში ქართული რესტორანი „მადა“ და რა ტყუილის თქმა მოუწია მას სამსახურის დასაწყებად
32 წლის ქართველი მზარეული ვასო (დადუ) გურეშიძე, ვარშავაში პატარა რესტორნის მფლობელია და მრავალწლიანი ძიების შემდეგ, კულინარიაში იპოვა საკუთარი თავი. ამბობს, რომ სამზარეულოში თავად არის რეჟისორიც და მსახიობიც, თითოეული კმაყოფილი კლიენტის შექება კი, მისთვის სპექტაკლის შემდეგ მქუხარე აპლოდისმენტების ტოლფასია.
ვასო გურეშიძე: 16 წლის ვიყავი, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი რომ გავხდი, თუმცა ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. სტუდენტობის პერიოდში „კავეენში“ ვმონაწილეობდი და მეოთხე კურსზე მკაცრად გადავწყვიტე ბავშვობის ოცნების ასრულება და თეატრალურში ჩავაბარე. რომ მკითხოთ, ვინ ვარ პროფესიით, ამაზე ბევრი პასუხი მაქვს, ძალიან ბევრ სფეროში ვცადე ბედი, ვიყავი თეატრში, ვმუშაობდი რადიოში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, რესტორანში – მიმტანად, ბოლოს ოქრომჭედლობაც კი ვისწავლე, მოკლედ, თითქმის ყველგან ვცადე ბედი და ვერც ერთ სფეროში ვერ ვიპოვე ჩემი თავი. პატარაობიდანვე მქონდა გონებაში, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი ევროპაში, თუმცა არც რომელიმე საოცნებო ქვეყანა მქონდა და არც ის ვიცოდი, სად რისი გაკეთება მინდოდა. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღესაც, ჯიბეში მინიმალური თანხით, გადავწყვიტე ოცნების ახდენა და ჩამოვედი პოლონეთში. ჩამოვედი და ჩემს თავს დავუსვი კითხვა: აი, რაზეც ოცნებობდი, ახლა რას იზამ სრულიად მარტო, ამ უცხო ქვეყანაში-მეთქი?
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
– წარმოიდგინეთ, ვარ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც ერთ ადამიანსაც კი არ ვიცნობ და არათუ პოლონური ენა, რუსულადაც კი მხოლოდ „გამარჯობა“ ვიცი. დაბნეული ბავშვი აღმოვჩნდი, რამდენიმე ღამის გათენება ქუჩაში მომიწია. უქმად არ ვიყავი, ვცდილობდი, ვინმე ქართველი მენახა – იმედი მქონდა, რომ დამეხმარებოდა და დამაკვალიანებდა. გავიგე, რომ წმიდა გრიგოლ ფერაძეს დიდ პატივს სცემდნენ პოლონელები, ჰქონდათ მისი სახელობის ტაძარიც და ვინაიდან თბილისში გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ვიფიქრე, მივალ და მათ ვთხოვ დახმარებას-მეთქი, ძლივს მივაგენი და დაკეტილი დამხვდა, წერილი დავტოვე, სადაც შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. უკვე ყველანაირი იმედი მეწურებოდა და დავიწყე ქართული რესტორნების ძებნა. ინტერნეტში ვნახე, რომ ვარშავის გარეუბანში იყო ერთი პატარა, ქართული რესტორანი, დავრეკე და მითხრეს, რომ ვაკასნია არ ჰქონდათ, ვუთხარი, მოვალ, ქართულად მაინც დაველაპარაკები ვინმეს-მეთქი. რუკა მქონდა და ფეხით წავედი. ავტობუსითაც კი ვერ გადავადგილდებოდი, თურმე სპეციალური ღილაკი იყო ავტობუსში, როთიც გაჩერება და კარის გაღება უნდა მოგეთხოვა, მე კიდევ ხელით ვეჯაჯგურებოდი კარს და იქ ისეთი ცივი ხალხია, არც ღილაკზეც არავინ დამიჭირა თითი და არც არავინ მიმითითა, როგორ მოვქცეულიყავი. ვარშავის ცენტრში დავინახე რესტორანი „თბილისი“, შევედი და ბარმენს ვკითხე, ქართველი ხარ-მეთქი? რომ მითხრა, კიო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ უფროსები გამოვიდნენ და დამლაგებლად ამიყვანეს. ხანდახან ჭურჭელსაც ვრეცხავდი. შემდეგ ახალი რესტორანი იხსნებოდა და მითხრეს, რომ ადამიანი სჭირდებოდათ, ვინც მწვადსა და ქაბაბს გრილზე შეწვავდა და თუ იციო. ვუთხარი, ვიცი-მეთქი, სინამდვილეში ცხოვრებაში სამზარეულოში არაფერი გამიკეთებია – სახლში დედა და და მყავს და ამის საჭიროება არასოდეს ყოფილა. შეიძლება ითქვას, ამ ადამიანმა შემიფარა და სამზარეულოში მოხვედრისას მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის, რაც ვერც ერთ სამსახურში ვერ ვიპოვე და სწორედ ეს საქმე მხდიდა ბედნიერს. იმდენად დავინტერესდი, რომ დილის 10 საათიდან ღამის თორმეტ-პირველ საათამდე ვმუშაობდი და სახლში მისული, ღამეებს კომპიუტერთან ვათევდი, სხვადასხვა კერძების მომზადების ათვისებაში და იმდენი მოვახერხე, რომ საკმაოდ კარგად შევისწავლე აზიური სამზარეულო, შემდეგ სხვადასხვა რესტორნებში გავდიოდი პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყნების კერძების შესასწავლად. არაჩვეულებრივი ბებია მყავდა და როდესაც გაიგო, რომ რესტორანში დავიწყე მუშაობა, მკითხა: ბებია, შენს გაკეთებულს თუ ჭამს ვინმეო? (იცინის).
– მომავალ მეუღლეს სად შეხვდით?
– ქართული რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობდი და ქართველების გარდა, არავისთან მქონდა კონტაქტი, ამიტომ ენას ვერ ვსწავლობდი, ადამიანი ხარ და ვინმესთან გავლა და თუნდაც, ერთი ბოკალი ლუდის დალევა გინდა და ყველაზე მეტად ეს მაკლდა. იქ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი და ვიფიქრე, გოგოებს გავიცნობ-მეთქი, ძალიან ბევრს მივწერე, მარტო მისალმება ვიცოდი და ერთი რომ პასუხს დამიბრუნებდა, იმას ვწერდი მეორეს, რასაც ის მომწერდა – მესამეს და ასე ვაწყობდი დიალოგს. ბევრი მალევე ხვდებოდა, რომ ენა არ ვიცოდი და ეს ხელს მიშლიდა ურთიერთობის გაგრძელებაში. ასე გავიცანი მარტა, ძალიან დავინტერესდით ერთმანეთით. შეხვედრებზე საბავშვო, დასურათებული წიგნები მოჰქონდა და ასე მასწავლიდა პოლონურს. ერთ წელიწადში უკვე გამართულად ვსაუბრობდი.
– ქართულ ქორწილზე მოგვიყევი.
– ქორწილი საქართველოში გადავიხადეთ, მე ჩოხაში ვიყავი გამოწყობილი. ჩვენი პოლონელი სტუმრები გაოცებული დარჩნენ საქართველოთი და ქართველი ხალხის დამოკიდებულებით. ამბობდნენ, პოლონელებიც ასეთი თბილები და უშუალოები იყვნენ, ვიდრე ევროპელები გავხდებოდითო. დღემდე მეუბნებიან, რომ ჩვენი ქორწილი მათთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩა. დღეს გვყავს წლის და ორი თვის ძალიან ლამაზი და საყვარელი მარია.
– საკუთარი რესტორანი როგორ გახსენით?
– როცა კულინარიაში ვიპოვე ჩემი თავი, მაშინ გამიჩნდა ოცნება, რომ საკუთარი რესტორანი გამეხსნა, თუმცა ამისთვის ფინანსები იყო საჭირო. ქორწილში გარკვეული თანხა შევაგროვეთ და გადავწყვიტეთ გაგვერისკა. მარტაც ზუსტად ჩემნაირია, თვალებში შევხედავთ ერთმანეთს და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. აქ არის, ეგრეთ წოდებული, ტარგი, ანუ ბაზარი, სადაც ყველას თავისი დახლი აქვს, სადაც ამზადებს საჭმელს და იქვე ყიდის. ბევრი ხალხი მოდის, იქვე ისვენებენ და მიირთმევენ. როცა ამის არსებობის შესახებ გავიგე, თან გადასახადიც ბევრი არ იყო, გადავწყვიტეთ, ბედი გვეცადა. ხინკლისთვის ცომის საბრტყელებელი რომ არ მქონდა, მაკარონის დასამზადებელი აპარატი ვიყიდე და იმით ვაბრტყელებდი, ხალხი გაოცებული იყო. მოკლედ, მე კერძებს ვაკეთებდი, მარტა პოლონურად გაუბამდა კლიენტებს საუბარს და გვესეოდა ხალხი. რამდენჯერმე ვიყავით ამ ბაზარზე და გარკვეული თანხა შევაგროვეთ, რაც უკვე საკმარისი იყო რესტორნის გასახსნელად, სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და სრულიად შემთხვევით ჩვენი სახელების საწყისების შეერთებით გადავწყვიტეთ „მადა“ და როდესაც გავიაზრე, ამ სიტყვის დატვირთვა, ძალიან გამიხარდა. ასე ავიხდინე ოცნება და გავხსენით ვარშავაში პატარა ქართული რესტორანი „მადა“.
– როგორია „მადა“ და რითი იზიდავთ კლიენტებს?
– საქართველოში ჩემმა მეუღლემ რესტორნები რომ დაინახა, რა მაგარი სასახლეებიაო თქვა. ჩვენ პატარა რესტორანი გვაქვს, მაგიდების შეერთებით სულ 40 კაცს რომ დაიტევს, მაგრამ ქართული სული და გულია ჩვენთან. სამზარეულოში მხოლოდ მე და მამაჩემი ვართ და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. ორი ქართველი მიმტანი ბიჭი და ერთი პოლონელი გოგონა გვყავს. ჩვენი ხინკალი და ხაჭაპური ძალიან პოპულარულია. პოლონელები ამბობენ, რომ ხინკალში ბულიონია და ვერ ამოუხსნიათ, როგორ შეიძლება ჰერმეტულად დახურულ ცომში აღმოჩნდეს ბულიონი. მახსოვს, ერთმა მითხრა: მე და ჩემმა მეუღლემ დიდხანს ვიფიქრეთ და მივხვდით, როგორ ასხამთ წვენს ხინკალშიო და ასე ახსნა: ჯერ ხარშავთ ხინკალს და შემდეგ შპრიცით ასხამთ ბულიონს შიგნითო. თითქმის გამოიცანით-მეთქი (იცინის).
ხშირად ვიღებთ დიდ დაფას, სადაც ვდებთ რამდენიმე ჩვენეულ ფხალს პატარა მჭადებზე, ერთი სიტყვით, ვაკეთებ პატარა სუფრას, სადაც მთელი საქართველოა დატეული, რაც ძალიან მოსწონთ.
– კიდევ რაზე ოცნებობთ?
– ყველა მსახიობი ხომ ოცნებობს „ოსკარზე“, ანალოგიური ჯილდოა კულინარიაშიც, რასაც „მიშელინის ვარსკვლავი“ ჰქვია და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ვარსკვლავი უკვე მაქვს, თანაც სამი, ეს არის ჩემი ოჯახი (დედა, მამა და ბებია), ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი.