№29 ვინ მოაყვანინეს ცოლად დათუნა მგელაძეს და რას არ ჰპირდება ის ქალებს ერთღამიანი ურთიერთობის შემდეგ
მომღერალმა დათუნა მგელაძემ ახლახან თბილისში მეგობართან, ბადრი პევაძესთან ერთად, ბიზნესი წამოიწყო – ვაკეში სილამაზის სალონი გახსნა. მართალია, რუსეთში მისმა ბიზნესმა არ გაამართლა, მაგრამ იმედი აქვს, სამშობლოში გაუმართლებს. ამბობენ, დათუნა შეყვარებულია, ეს მისი პირველი დიდი სიყვარულია და სულ მალე დაქორწინებასაც გეგმავსო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავად მომღერალთან გადავამოწმეთ და სხვა ამბებიც გამოვკითხეთ.
დათუნა მგელაძე: სამი წლის ასაკში დავდექი სცენაზე და მას შემდეგ დაიწყო ჩემი ოცნებების ახდენა. მიმაჩნია, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ჩემი ოცნება და მიზანი, რისთვისაც ვშრომობდი, ახდა, თორემ, თბილისის მერად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია (იცინის).
– ბედნიერი ადამიანი ვარ, რასაც მინდოდა, მივაღწიეო. თუმცა, ბევრი წინაღობაც შეგხვდა. ხომ ასეა?
– ეს წინაღობები მე თავად შევიქმენი. თუნდაც ავარია, როცა მე ვიჯექი საჭესთან და მთელი ორი წელი, ჩამოვცილდი სცენას. ეს ჩემი ჩავარდნის პერიოდი იყო. ერთხელ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და საკმარისზე მეტად დავიტანჯე. ფაქტობრივად, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან. ჩემი ნება რომ იყოს, იმ ორ წელს, ჩემი ცხოვრებიდან, საერთოდ ამოვჭრიდი.
– დიდ გეგმებს სახავდი რუსულ შოუ-ბიზნესში, თუმცა, ამაში არ გაგიმართლა. სხვა ბიზნესიც წამოიწყე, რომელიც ვერ აეწყო და უკან დაბრუნდი. რა მოხდა, რატომ არ გაგიმართლა?
– ძალიან ემოციური ვარ და რასაც ჩავიფიქრებ, აუცილებლად უნდა ავისრულო. ჯერ ევროპაში მინდოდა, მერე ამერიკას ვუმიზნებდი, თუმცა, საბოლოოდ რუსეთი ავირჩიე. ვთქვი და ზუსტად სამ დღეში წავედი. ჩემთვის რუსეთში ცხოვრება დიდი გამოწვევა იყო – ჩემი თავი გამოვიწვიე და მოვიგე. დავრწმუნდი, რომ ყოველგვარი დახმარების გარეშე, სრულიად მარტოს, უცხო ქალაქში შემიძლია საქმის კეთება და გზას არ ავცდი. იმაზე მეტს მივაღწიე, რასაც ვგეგმავდი. თუმცა, დაუგეგმავი მოვლენების გამო მოხდა, რაც მოხდა. რუსეთში ინერნეტშეკვეთებს ვიღებდი და ვაწოდებდი კლიენტებს. უახლოესი მეგობარი მეხმარებოდა. სავაჭრო ცენტრში გვქონდა მაღაზია და საქმეც კარგად მიდიოდა. თუმცა, ერთ დღესაც, დოლარის კურსი დაეცა და ის ბიზნესი ზუსტად ერთ დღეში დამენგრა. ასე რომ, რუსეთის კრიზისი ჩემს ბიზნესს შეეხო და იძულებული გავხდი, მაღაზია დამეკეტა.
– ახლახან თბილისში, სილამაზის სალონი გახსენი. როგორ ფიქრობ, ეს ბიზნესი გაამართლებს? და, ზოგადად, ბიზნესის ნიჭი, ალღო და იღბალი გაქვს?
– გეთანხმები. ბიზნესს ცოტა ალღო უნდა, ნიჭი და ბევრი იღბალი და ეს სამივე ნამდვილად მაქვს. მადლობა ღმერთს, იღბლიანი ვარ, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. გაჭირვებამ ჩამომაშორა არასაიმედო მეგობრები და ახლა ვინც დამრჩა, მათ თვალდახუჭული ვენდობი. ბევრჯერ გამოვძვერი კრიზისული სიტუაციიდან და სიკვდილსაც გადავურჩი. ბევრს ეგონა, რომ კონკრეტული სიტუაციიდან ვერ გამოვძვრებოდი, მაგრამ შევძელი. ძლიერი ვარ. ახლაც წამოვიწყე ბიზნესი – სილამაზის სალონი გავხსენი ჩემს უახლოეს მეგობარ, პროფესიონალ, თავის საქმის მაგარ მცოდნე, ბადრი პევაძესთან ერთად. მეგობრებიც დამეხმარენ და კრედიტიც ავიღე – ამის გარეშე არაფერი გამოდის. ამ საქმეში გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ბადრის ვენდე თვალდახუჭილი. რისკზე არ წავალ, ეს ბიზნესი გამართლებული რისკია. ფულის მეტი რა „გამისვრია“? მიყვარს დროსტარება, ფულის ხარჯვა, მაგრამ ამას საკუთარი ცხოვრება არ უნდა გადააყოლო და ვალებში არ უნდა გადავარდე. ასე რომ, ნიჭი, ალღო და იღბალი, ერთად ჩავდე ამ საქმეში და აუცილებლად გამიმართლებს (იცინის). ზოგადად, არ მაინტერესებს რას ამბობენ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ბევრი ჭორიც გამიგია ჩემზე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
– მაინც, რა ჭორები გაგიგია?
– ხან ვისთან დამაწყვილეს, ხან ვინ მომაყვანინეს ცოლად და ხან, ვინ. საბედნიეროდ, ცუდი ჭორი არ გამიგია ჩემზე და თუ ვინმეს შემაყვარებენ და ცოლად მომაყვანინებენ, არ არის პრობლემა (იცინის). ჭორი აგორდა, თითქოს, მოსკოვში მდიდარი, მოხუცი ქალბატონი მოვიყვანე ცოლად. ისე კი, ყველა მეკითხება: არ მოგყავს ცოლი, მეიყვანე, ბიჭო, მეიყვანეო (იცინის). 31 წლის ვარ და დროა. ამაზე ვფიქრობ. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩემი პატარა თაყვანისმცემელი გოგონები გამინაწყენდებიან მე რომ დავოჯახდე, მაგრამ, სხვა გზა არ არის (იცინის). ბევრი გოგონა მწერს, საჩუქრებს მჩუქნიან... ერთმა გოგონამ, ჩემ მიმართ სიყვარული ასფურცლიან ალბომში „ჩადო“, მთელი ჩემი ცხოვრება ჩაატია და გადმომცა. ყველა ჩემი დღე აქვს აღწერილი, თავისი გაფორმებით. თურმე, ერთი წელი აკეთებდა. ასე ამიხსნა სიყვარული შორიდან. ერთი თაყვანისმცემელი გოგონა მყავდა, რომელსაც მთელი ჩემი უბანი იცნობდა. იდგა ჩემს სახლთან, სადარბაზოს წინ, დღე და ღამე და მელოდებოდა. ახლოს არ მოდიოდა, ჩუმად, თვალებით მიხსნიდა სიყვარულს (იცინის).
– გავიგე, შეყვარებული ხარ და სულ მალე დაქორწინებას აპირებ. ასეა?
– სერიოზული სიყვარული ერთხელ იყო ჩემს ცხოვრებაში და ისიც, ცალმხრივი. თუმცა, ახლა ვფიქრობ, იმ ასაკში ცოტა ემოციური ვიყავი და ალბათ, ეს უფრო ვნება იყო და მოწონება. ასაკით ჩემზე პატარა იყო და მთელი თბილისის ბიჭები მასზე იყვნენ შეყვარებული. ორი წელი მიყვარდა, 13 წლის გოგო და ყოველ დილით, სანამ სკოლაში მივიდოდა, სკოლასთან ვხვდებოდი. მის გამო ბევრი პრობლემა შემექმნა, ბიჭებთან ყოველდღე ჩხუბი მომდიოდა და ხელ-ფეხიც მომამტვრიეს (იცინის). ბოლოს დავთმე. ახლა კი, დაკვირვების ობიექტი არის ჩემს ცხოვრებაში და ვფიქრობ, სულ მალე ვიტყვი: „მიყვარხარ“. ჩვენი ურთიერთობა, ნელ-ნელა ვითარდება და იმედია, კარგი დასასრული ექნება. ისე, ჩემს თავს რომ ვაკვირდები, გიჟი შეყვარებული ვიქნები (იცინის).
– გავიგე, სიყვარულში ცოტა მომთხოვნი, მკაცრი და ამაყი ხარ.
– ძალიან მოსიყვარულე ადამიანი ვარ და გულწრფელი სიყვარული შემიძლია. ამიტომ, იგივე რომ მივიღო, საყვარელი ქალის მიმართ მომთხოვნი ვიქნები. არ მინდა, ათჯერ შევქმნა ოჯახი და დავანგრიო, მინდა ერთი ნამდვილი სიყვარული ვიპოვო და მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიყო. დამიჯერებთ, რომ ჯერ გოგოსთვის „მიყვარხარ“ არ მითქვამს. ეს ჩემი საიდუმლო სიტყვაა, ამას ერთხელ ვიტყვი და გულწრფელად. თან, ძალიან მინდა, შვილი მყავდეს. თორემ, ერთღამიანი ურთიერთობები ქალებთან მქონია, არცეთ მათგანს არაფერს შევპირებივარ და მათთან დღესაც ვმეგობრობ. ცოლად კი, ლამაზი ჭკვიანი და დახვეწილი გოგონა მინდა.
– ამბობ, შვილი მინდა მყავდესო. ჭორი დადიოდა, თითქოს რუსეთში ერთმა რუსმა გოგომ შენგან გააჩინა შვილი. ამაზე რას მეტყვი?
– ჭორებს თუ დავუჯერებთ, მყავს შვილი, მაგრამ ალასკაზეც რომ მყავდეს, ჩავიდოდი, ვნახავდი და არ დავმალავდი. სადაც და ვისგანაც არ უნდა მყავდეს შვილი, მამობას გავუწევ.
– ზოდიაქოთი „კირჩხიბი“ ხარ, თან მოხევურ-გურული გენეტიკის მიქსი. როდის იკბინები კირჩხიბივით და ავლენ გურულ-მოხევურ ხასიათს?
– როცა საჭიროა და მაბრაზებენ, კირჩხიბი ვარ და ბოროტად, მწარედ ვიკბინები. დედის მხრიდან მოხევე ვარ, მამის მხრიდან კი – გურული და მოხევურ-გურული ბალანსი მაქვს ხასიათში. თუმცა, უფრო გურული ვარ, წარმოშობით – ოზურგეთიდან. იქ აღმოვაჩინე ჩემი სამოთხე და, თუ წყობიდან გამომიყვანეს, გურული „გაჭედვებიც“ მჩვევია (იცინის).