№29 რა აითვისა საქმროსგან კარგად მაიკო ჭაფოძემ და რაზე იღებდა მისგან უარს დიდი ხნის განმავლობაში
ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე სექტემბერში ქორწილისთვის ემზადება. ახლა კი საქმროსთან ერთად ბინის რემონტით, მოწყობითა და საქორწილო სამზადისით არის დაკავებული. კაბას ავთანდილი შეუკერავს და დაახლოებით, უკვე იცის, როგორი იქნება.
მაიკო ჭაფოძე: ზაფხულში, სიცხესთან ერთად, მე და დათოს რემონტი დაგვემატა, რომელიც ფაქტობრივად, დავასრულეთ. დათოს არ უნდა ჩემ გარეშე გადაწყვეტილებების მიღება – დიზაინის, ფერის შერჩევა... 40 გრადუს სიცხეში გვიწევდა ერთად სიარული. საბოლოო ჯამში, ისეთი გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა. ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპზე ვართ.
– დაემთხვა თქვენი გემოვნება?
– დაემთხვა. ორივეს გვიყვარს სადა ფერები, არ გვიყვარს ზედმეტი სიკაშკაშე. დეკორი კი ფერადია, მაგრამ ძირითადად, აკადემიური სახლია, თანამედროვე შტრიხებით.
– დათოც შენსავით ფერადია?
- ძალიან ფერადი არ არის, მაგრამ მე ვაფერადებ, ამით ვავსებთ ერთმანეთს. მე ძალიან აქტიური ვარ, დათო, ჩემთან შედარებით, დინჯია და ამით ვაბალანსებთ ერთმანეთს. როცა რაღაც ხდება, მეუბნება: მაიკო, დაოკდი, მე: დათო, მიდი!
– მას შემდეგ, რაც ურთიერთობა დაიწყეთ, დათომ შეცვალა შენში რაიმე თვისება ან პირიქით, შენ მასში თუ შეცვალე რამე?
– ორივეს გვიყვარს მეგობრები, გართობა. ადრე თუ დიდად არ მიყვარდა რესტორანში სიარული, ახლა მეც მომწონს დათოს მეგობრებთან ერთად წასვლა და მიწევს რესტორანში მამაპაპურ სუფრასთან ჯდომა, სადღეგრძელოების მოსმენა. ცუდი მოსწავლეც არ ვარ, კარგად ავითვისე. ხანდახან დათოზე კარგ სადღეგრძელოებსაც ვამბობ. მისგან ვისწავლე და თუ დავასწრებ, მე ვამბობ ხოლმე, ის კი ჩუმად ზის.
– დათო ექსტრემალია და მგონი, შენც გაგხადა.
– ექსტრემალია და გიჟდება ასეთ შეგრძნებებზე. ცოტა კი ვნერვიულობ ხოლმე: ამხელა სიმაღლეზე დაფრინავს. მაგრამ ზუსტად ვიცი, არაფერია საშიში, პროფესიონალია. მე სიმაღლის ძალიან მეშინია და მხოლოდ იმიტომ ავფრინდი, რომ დათო იყო. პირველი ფრენისას არაფერი მახსოვს, მეორე ფრენისას ისეთი ბედნიერი ვიყავი და საერთოდ, შოკი მივიღე, ყოველ წუთს ვეუბნებოდი: მალე ჩავალთ? – ისე სწრაფად დავფრინდით, კიდევ ცა და სიმაღლე აღარ მინდოდა. თვითონაც თქვა: ასეთი ცუდი ფრენა არ მქონია, არ მახსოვს არაფერიო. ფაქტობრივად, შიში დამაძლევინა, დღესვე ავფრინდები დათოსთან ერთად. მაგრამ სხვასთან ერთად, არა. მანამდე არ მაფრინა, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა თავის შესაძლებლობები. სულ უარს მეუბნებოდა. მერე, რომ ვიფრინეთ, მითხრა: შენი ფრენა ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემი თავი აღარ მაინტერესებდაო. მეც ბოლომდე მივენდე. ახლა ორივე ახალი გამოწვევის წინაშე ვართ, ჩვენი მომავალი ფერადად წარმოგვიდგენია და იმედია, ასე იქნება.
– მას შემდეგ, რაც დაინიშნეთ, შეიცვალა რამე თქვენს ურთიერთობაში?
– მას შემდეგ აღარ გვიკამათია. ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავთ. ერთმანეთში რაღაც რომ არ მოგვეწონება, დინჯად, მშვიდად მივუთითებთ ხოლმე. თუ მანამდე შეგვეძლო, ხისტად გვეთქვა რამე, გვეკამათა, ორი დღის განმავლობაში გაგვერჩია, ახლა ეს აღარ ხდება.
– ინტერვიუ ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან გაქვს ჩაწერილი, რის უკანაც საინტერესო ისტორიები, შრომა და რამდენიმესაათიანი ლოდინიც დგას ხოლმე.
– ჩემი „რუსთავი 2-ში“ მუშაობის დაწყება დაემთხვა საქართველოში ენდი გარსიას ჩამოსვლას. საკმაოდ მიუწვდომელი იყო, თუმცა გავიგეთ, რომელ სასტუმროში უნდა მისულიყვნენ. მე და ჩემი ოპერატორი 6 საათის განმავლობაში სასტუმროსთან ველოდებოდით. სანამ მასთან მივედით, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. მე ბლოკნოტი და კალამი მოვიმარჯვე, თან ვუყვიროდი: ბატონო ენდი, ძალიან მიყვარხართ, თქვენი ავტოგრაფი მინდა-მეთქი. ჩემდა საბედნიეროდ, გაჩერდა, მომცა ავტოგრაფი, მითხრა: ძალიან ლამაზი გოგონა ხარო, გადამკოცნა და ჩამეხუტა. მეც ძალიან მოკრძალებულმა ვუთხარი: ჟურნალისტი ვარ, ინტერვიუ იქნებ მომცეთ-მეთქი. და აბა, ახლა აღარ გინდაო... ქრისტინა აგილერა რომ ჩამოვიდა, მთელი ღამე ბათუმში სასტუმროსთან გავათენე. მისი მოცეკვავეების გადაღება მოვახერხე. შემდეგ რეგიონალურმა ჟურნალისტმა შეძლო მისი შორი კადრების გადაღება. ძალიან სასიამოვნო იყო ინტერვიუ ჯონ მალკოვიჩთან. რესტორნის კართან დიდხანს ველოდეთ. მერე, დელეგაციასთან ერთად, თბილისის ქუჩებში სეირნობდა და ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხე, მისი ავტოგრაფიც მაქვს. „რუსთავი 2-ში“ მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც საქართველოში ესპანეთის ნაკრები ჩამოვიდა. სახეზე ვერავის ვცნობდი და გამატანეს ამობეჭდილი ფოტოები, თავისი სახელებით. რომ დავინახავდი ვინმეს, ვცნობდი ხოლმე, მაშინაც რამდენიმე ფეხბურთელი ჩავწერე. ერიკა ბადუ მახსოვს ძალიან კარგად, აეროპორტში დავხვდით, ვეღარ გაგვექცა და ჩავწერე ინტერვიუ.
– ყოველ დილით ადრე გიწევს ადგომა, სამსახურში წასვლა. ამაზე დათო რა აზრის არის?
– ეს საკითხიც დალაგებული გვაქვს. დათოს მოსწონს ჩემი სამსახური; ის, რომ ჩემი საქმე მაქვს და ამ ყველაფერს პატივს სცემს. დილით ადრე ავდგები და 10 საათზე უკვე სახლში ვიქნები.
– რა მიგაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად, რასაც შეყვარებულები ერთმანეთის მიმართ უშვებენ?
– ალბათ ის, რომ არ უთმობენ ერთმანეთს. თუ ადამიანი გიყვარს, უნდა დათმო კიდეც და თვალიც დახუჭო. არ უნდა ელაპარაკო მბრძანებლური ტონით. საუბრით, სწორად ნათქვამით შეიძლება, ყველაფერზე უარი ათქმევინო, შენს ჭკუაზე გადმოიყვანო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცევი, არ მიყვარს, როცა რაღაცას მიბრძანებენ ან ცუდად მიმანიშნებენ. მირჩევნია, დალაგებულად მითხრან. დათოსაც არ უყვარს ტონის აწევა. თუ გვიკამათია, მშვიდად აუხსნია. უბრალოდ, ორივე ბუტიები ვართ. ერთი საათით ვიბუტებით ხოლმე. ერთი საათის შემდეგ ან დათოს აინტერესებს რაღაც და მირეკავს, ან მე მაქვს შეკითხვა და ვურეკავ. დაურეკავს: როდის მიდიხარ სამსახურში, გამოგივლი... ან ვემზადებოდი საჩხუბრად და რომ მეტყოდა: რა ლამაზი ხარ, თმა რა კარგად გაქვს, იქ მთავრდებოდა ყველაფერი და ჩვენი ერთ საათიანი გაბუტვაც.