№29 რას სთხოვენ ხშირად ბიჭები ბაბი კირკიტაძეს და რის გამო სცემა მან ორ ძმას
ბოლო პერიოდში, მომღერალი ბაბი კირკიტაძე საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადგა, თვალებიც უბრწყინავს და როგორც თავად ამბობს, ეს მისი საყვარელი ადამიანის დამსახურებაა. მართალია, მის ვინაობას მკაცრად ასაიდუმლოებს, მაგრამ, ფაქტია, შეყვარებულია. ბაბი, მიუხედავად მისი ფარატინა აღნაგობისა, საკმაოდ ძლიერი გოგოა და ეს სიძლიერე, არაერთხელ დაამტკიცა. თუმცა, როდის „იკბინება“ ის, რა კავშირი აქვს გარდაცვლილ ბაბუასთან და რის გამო უწევს ორგანიზმის „ჩათუთქვები“, ამას ინტერვიუდან შეიტყიბთ.
ბაბი კირკიტაძე: როცა საზოგადოებაში გამოვჩნდი, ჩემი მისია იყო, ხალხისთვის პოზიტივი გადამედო და მგონი, გამომივიდა, მოვახერხე. ამას ქუჩაში გამვლელებიც მეუბნებიან – პოზიტიური ხარ და გვიხარია შენი დანახვაო. ამით ბედნიერი ვარ. არასდროს ვთამაშობ ეკრანზე თუ სცენაზე და ვცდილობ, ბუნებრივი ვიყო. ზოგადად, ცხოვრებაშიც არ მიყვარს თამაში, რომც მოვინდომო, არ გამომდის. ვერაფერს ვმალავ, ტყუილი, ეგრევე, სახეზე მემჩნევა. ემოციური ვარ და ჩემი ქცევებიც, არაყალბი და გულწრფელია. სხვათა შორის, ზოდიაქოთი „კირჩხიბი“ ვარ – ყველაზე მოსიყვარულე ადამიანი ამ ქვეყანაზე.
– მერე, „კირჩხიბებს“ კბენაც რომ ეხერხებათ? როდის იკბინები?
– იშვიათად ვიკბინები და ამას თავდაცვისთვის ვიყენებ (იცინის). როცა ვხვდები, სხვამ უნდა მიკბინოს, ვასწრებ და მე ვკბენ (იცინის). თუმცა, კიდევ ვამბობ, ხშირად არ მიწევს ამ ჩემი „კირჩხიბული“ კბენების გამოყენება. იმასაც ამბობენ, „კირჩხიბებს“ გარდასახვა შეუძლიათო. ესეც მახასიათებს, მაგალითად, შეიძლება, ვიყო ცუდ ხასიათზე და უცბად, კარგ ხასიათზე ვდგები. ისე, სულ კარგ ხასიათზე ვარ და ბევრი მეუბნება, ამას როგორ ახერხებო. რასაკვირველია, მეც ადამიანი ვარ, მაქვს პრობლემები და მოწყენის პერიოდები, მაგრამ ამას ვერავინ ხედავას, შენიღბვა შემიძლია. არ მინდა, ჩემი ცუდი განწყობით, სხვა დავძაბო და ამის დამალვას ვახერხებ.
– ერთი შეხედვით, ფარფატა, მშვიდი გოგონა ხარ, თუმცა შენში, ისეთი მამაკაცური საწყისები იმალება, რომ ბევრი ვერც წარმოიდგენს. ხომ ასეა? როდის ირთვება ეს მამაკაცური ინსტინქტები?
– ვფიქრობ, ყველა ქალში „ზის“ მამაკაცური საწყისები და როცა სჭირდება, იყენებს. მამაკაცური საწყისები უფრო ექსტრემალურ სიტუაციებში მერთვება. არ დამავიწყდება, მე და ჩემი ძმა სოფელში, მდინარეზე წავედით. ჩემმა ძმამ არ იცის ცურვა, შევიდა წყალში და იხრჩობოდა. არც მე ვიცი ცურვა, მაგრამ გადავხტი და მასთან ერთად ვიხრჩობოდი. თუმცა, ვიბრძოლე, არ დავნებდი, მოვახერხე და გადავარჩინე. კი, ერთი შეხედვით ნაზი და ფარფატა ვჩანვარ, მაგრამ თუ გავბრაზდი, ისე შემომელახება ადამიანი, აზრზეც ვერ მოვა (იცინის). ჩემს სკოლაში, ძმები სწავლობდნენ, ერთმა გამამწარა და ვცემე. ძმა რომ მიეშველა, იმასაც კარგად მოვდე და ორივე დავაგდე (იცინის). ასე რომ, ყოჩაღი და ძლიერი გოგო ვარ. ბიჭები ხშირად მთხოვენ, მოდი, ბაბი, ხელს გადაგიწევთო. ზოგადად, „ჟილკიანი“ ვარ და თუ რამე მაქვს მიზანად დასახული ან ოცნება ასახდენი, ეს თვისება მაშინ ირთვება. ცხოვრება ხომ ბრძოლაა, და რაც დავიბადე, დედისგან სულ ეს მესმის: არ გეგონოს, რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უნდა უყუროო. მართლაც, იმდენი წინაღობა და გულისტკენა შემხვდა, ძლიერი რომ არ ვყოფილიყავი, გამიჭირდებოდა ყველაფრის გადატანა. არ არის მარტივი ჩემი გულისტკენა, მაგრამ როცა ამას საყვარელი ადამიანისგან იგემებ, რთული გადასატანია. თუმცა, ვთვლი, რომ ყველაფერს ეშველება, ადამიანის გარდაცვალების გარდა. მძიმე პერიოდი მქონდა, როცა ბაბუა გარდაიცვალა და დღემდე ვერ ვეგუები ამ ამბავს და ვერც დრო კურნავს. შესაძლოა, ბევრს გაეცინოს, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ წინათგრძნობები მაქვს და წინასწარ ვხვდები მოსალოდნელ ამბებს. სანამ ბაბუა გარდაიცვლებოდა, მინიშნებები მქონდა, არ მივაქციე ყურადღება და მერე, რომ გავაანალიზე, გვიანი იყო. ახლა, სულ ვგრძნობ მის გვერდით ყოფნას, თანადგომას და ამის სხვებისთვის თქმის მეშინია, გიჟად არ ჩამთვალონ. ყვავი რომ დამჩხავლებს თავზე, ზუსტად ვიცი, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და მიხდება ხოლმე, ამას გინდა ცრურწმენა დაარქვით და გინდაც – სიგიჟე. და, მარილი რომ დამეყრება, სულ ჩხუბი მიწევს (იცინის). ჩემი სიზმრების კი, ყველას ეშინია და მეუბნებიან, არ დაიძინოო. იშვიათად ვხედავ სიზმარს, მაგრამ მიხდება. ეს გენეტიკურად გამომყვა ბაბუისგან. სხვათა შორის, სანამ გარდაიცვლებოდა, სამი დღით ადრე თქვა: უცნაური სიზმარი ვნახე და მგონი, მალე წავალ აქედანო. სულ მეუბნებოდა, ცუდ სიზმარს რომ ნახავ, არ თქვაო და მეც, ვმალავ. ერთხელ კი, ლოტოს გათამაშება იყო. დამესიზმრა ციფრები, არ ვთქვი, არც ბილეთი ვიყიდე და ფურცელზე ჩამოვწერე ის ციფრები, რაც სიზმარში ვნახე. მეორე დღეს, ლოტოს გათამაშება რომ დაიწყო, გამოვაძვრე ფურცელი და ოჯახის წევრებს ვუთხარი, აი, ეს ციფრები ამოვა-მეთქი. და, ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი (იცინის). კი, გამომლანძღეს ოჯახში, მაგრამ რაღა დროს იყო. სამყარომ მომცა შანსი და მე კიდევ, ჩემით ვთქვი მილიონერობაზე უარი.
– ესე, იგი არ მიაქციე სიზმარს ყურადღება და მილიონერობას ასცდი?
– ხო, ერთხელ მომეცა ეს იღბალი და მილიონერობის შანსი გავუშვი ხელიდან.
– საოცარ ფორმაში ხარ, თუმცა ვიცი, ეს მტანჯველი დიეტების დამსახურებაა. გულისწამსვლელი დიეტებიც ყოფილა?
– კი, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში გულისწამსვლელი დიეტები და ახლაც ვაგრძელებ. ისეთი ადამიანი ვარ, ერთხელ რომ გემრიელად მივირთვა, ეგრევე, ჩემს წონაზე აისახება და მეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვინც ჭამს და არ სუქდება (იცინის). რომ ვუყურებ გემრიელ და კალორიულ საჭმელს, იმითაც ვიმატებ და ამ მხრივ, მამაჩემისა და ჩემი ძმის მშურს – ნებისმიერ დროს ჭამენ და არ იმატებენ. არადა, ჭამა როგორი სიამოვნებაა, მე კი ამას მოკლებული ვარ. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, გახდი, გახდიო და გული რომ წამივიდა შიმშილით, მერე მაძალებდა, ჭამე, ჭამეო (იცინის). ერთხელ მითხრეს, ძმარი კარგია გახდომისთვისო. მივქანდი სახლში, გამოვიღე ბებიაჩემის ძმარი და გადავხუხე. ისე ჩამეწვა ყველაფერი, ვერ ამოვისუნთქე და ცუდად გავხდი. ასე რომ, ორგანიზმის ამოთუთქვამდე დიეტების ბრალია ჩემი ფორმაში ყოფნა (იცინის).
– ვიცი, პირად თემებზე არ გიყვარს საუბარი, მაგრამ შეყვარებული რომ ხარ და თვალებიც სხვანაირად გიბრწყინავს, ამას ხომ ვერ უარყოფ?
– გეთანხმებით. აი, ისე შემიყვარდა, მოწმენდილ ცაზე რომ მეხი გავარდება (იცინის). საინტერესოდ ვითარდება ურთიერთობა, თავს კარგად ვგრძნობ და ჯერ არ მინდა, ამის სააშკარაოზე გამოტანა. ამ ადამიანმა ცოტა შემცვალა, პოზიტიურობა გამიორმაგა, თვალებში ნაპერწკლებიც გამიჩინა. ვმალავდი, მაგრამ ამით „დავიწვი“ (იცინის).
– ესე იგი, ბაბი შეყვარებულია და მალე ქორწილის მოსაწვევებსაც დააგზავნის?
– არც ჭორების მეშინია, არც ცრურწმენების, უბრალოდ, ჯერ ფიქრის პროცესში ვარ და როცა მივხვდები, ეს სიყვარული ჩემთვის გამორჩეულია, მერე გავასაჯაროებ. დიახ, შეყვარებული ვარ, შესაძლოა, თეთრი საქორწილო კაბითაც მიხილოთ, მაგრამ ჯერ მოსაწვევები ნამდვილად არ დამიწერია (იცინის).