№29 როგორ კურნავს მამა აკაკი ლოცვით სულიერი და ფიზიკური დაავადებების მქონე ადამიანებს
მამა აკაკი (მელიქიძე) უამრავი ადამიანის იმედია. როცა მოძღვარი კვეთებულს კითხულობს მეტეხის ტაძარი სავსეა ადამიანებით, რომლებიც იქ საკუთარმა თუ ახლობელი ადამიანების სულიერმა თუ ფიზიკურმა ტკივილმა მიიყვანა. ეს ლოცვა მათ განკურნებაში ეხმარება.
მამა აკაკი: კვეთებულის ლოცვა არის ზეციდან უფლის მადლის მოწვევა. ამ დროს უშუალოდ უფლის ძალისხმევით ხდება ადამიანებისგან ბოროტ სულთა განდევნა და ადამიანების, როგორც პიროვნებების, გათავისუფლება. ეს ბოროტი ძალა შეიძლება, უფლის მიერ იყოს დაშვებული ადამიანზე, იმისთვის, რომ ის ბრალშია, მოუნანიებლადაა და როდესაც გონს მოეგება, თვით უფალი ათავისუფლებს მისი ზეგავლენისგან. კვეთებული შუამდგომლობის აღძვრაა ღვთის წინაშე ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანებისათვის, კვეთებულები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები უფალმა გაწმინდოს. ისინი თანდათან თავისუფლდებიან. საჭიროა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება, მაზიარებლობა, მარხვა, ლოცვა. თუკი ადამიანი ასე ცხოვრობს, მისი აქტიურობიდან გამომდინარე, მალევე დადგება მისი განწმენდისა და გათავისუფლების დრო.
– ვინ როგორ რეაგირებს კვეთებულის ლოცვაზე და რით არის ეს გამოწვეული?
– ეს ლოცვა ისე არის შედგენილი, რომ მასში ღმერთი იდიდება, ღმერთის ძალა გამოიწვევა. ამ ლოცვაში მოხსენიებულია უფლის მიერ ჯოჯოხეთის შემუსვრა და ამდენად ადამიანები, ვისშიც ბოროტი სულებია შესული, ვერ ითმენენ უფლის ძალას და სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ. შეიძლება, გულყრა დაემათოს და დაბლა დასცეს. როგორც სახარებაშია აღწერილი, უფალმა შერისხა ბოროტი სული და განდევნა. ის, როგორც მკვდარი ისე იქმნა. დაცემა ამ ადამიანებისგან ბოროტი სულის გასვლას ნიშნავს. ზოგი სხვადასხვანაირ ხმას გამოსცემს, აგრესია აქვთ სიწმიდეების მიმართ და უღირს რამეებს ამბობენ, რადგან ჯვარი და ხატი მათი შემმუსვრელია. ამიტომ ებრძვიან და ვერ იტანენ. მათ დანახვაზე მეტად მძვინვარდებიან და რაც უფრო მეტი დარტყმა მიადგებათ, გრძნობენ, რომ მათი აღსასრული მოახლოვდა და იბრძვიან, რომ ამ ადამიანში გააგრძელონ არსებობა. მათთვის ხორციელი ადამიანები სახლებია, რომელთა საშუალებითაც გადაადგილდებიან და სხვადასხვა ქმედებების ჩადენა შეუძლიათ. ადამიანებში მსუბუქად გრძნობენ თავს და როცა მათი სხეულიდან იდევნებიან, მათ მიეთითებათ – „წავედ იქ, სადაც ჯოჯოხეთი და სატანჯველია“. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ იმ სატანჯველში არ მოხვდნენ.
– როდის მიხვდით, რომ უფლის ძალით ადამიანების დახმარება შეგეძლოთ?
– უფლის მოწოდებით ეკლესიას დავუკავშირდი, ტაძარში შემოვედი და ამ ცხოვრებით დავინტერესდი. იმ დროიდან ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ადამიანის პირით ეშმაკი ამბობს: არ გავალ, არ გავალ, მერე მოძღვარი ამ ადამიანს ჯვარს სახავს და იმას საშინელება ემართება. ჯვრის ყოველ გადასახვაზე იგრიხება და გონებას კარგავს. „გამოვედ ამისგან“, – იმეორებს მოძღვარი, მერე ის ბოროტი მიყუჩდება და ადამიანი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ამან დამაინტერესა, რაღაცნაირად მიმიზიდა, უფრო მეტად გააღრმავა ჩემი სარწმუნოება. ნათლად დავინახე, ვისგან და ვის მიერ უნდა ვიყოთ დაცულები. მაშინ მედავითნე ვიყავი, ეს ლოცვები ჩემებურად, ინტერესის გამო წავიკითხე. მერე შებრძოლება მქონდა. არ ვიყავი კომპეტენტური, არც მოძღვარი ვიყავი, არც ხარისხი მქონდა. სიზმრისეულ ხილვაში უცბად, მხარში დარტყმა ვიგრძენი და თვალი რომ გავახილე მაღალი, ძალიან გამხდარი შავი არსება დავინახე, რომელსაც თავი არ მოუჩანდა, სადღაც ბნელში იკარგებოდა. ტყავის ქურთუკის მაგვარი რაღაც ეცვა და დამემუქრა: შენ წამოდი, მაგისთვის სეირს გიჩვენებო. მივხვდი, რატომაც მოხდა ეს, ბოროტის შემოტევა იყო იმის გამო, რომ მე ვიღაცის გამო წარვმართე ლოცვა, ვისაც უჭირდა, ეპილეფსია ჰქონდა, საბრალო ადამიანი იყო და იქნებ, როგორმე დავეხმარო-მეთქი. ეს რომ გავიაზრე, ალბათ, ამიტომ წამოვიდა მისგან შემოტევა. აქედან ჩაეყარა საფუძველი ჩემ მიერ ამ ლოცვის კითხვას.
მეტეხის ტაძრის მრევლი: მამა აკაკისთან წლების წინ ძალიან დიდი პრობლემით მოვედი. ერთ დღეს რაღაც გაურკვეველმა ხმამ ძალიან შემაშინა, გონება დავკარგე და გონს რომ მოვედი, ძალიან ცუდად ვიყავი. შიშები დამეწყო, ადამიანებს სახეში ვეღარ ვუყურებდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქის კიდევ უნდა შევეშინებინე რაღაცას. ვერც საკუთარ შვილს ვუყურებდი და ვერც ოჯახის დანარჩენ წევრებს. არაერთ ექიმთან ვიყავი, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მჭირდა. უბრალოდ, იმისთვის, რომ ცოტა ხნით მაინც მშვიდად ვყოფილიყავი ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს. დღისით ხუთი საათი მეძინა და რომ ვფხიზლდებოდი, ვერ ვაცნობიერებდი, სად ვიყავი და ვინ ვიყავი. ჩემი მდგომარეობა ფსიქიატრიულ პრობლემებს წააგავდა, მაგრამ მთლად ასეც არ იყო. ისეთი შიშები მქონდა, ოთახში მარტო ვერ ვჩერდებოდი. თითქოს ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი და რაღაცას უნდა შევეშინებინე, მაგრამ რას ან ვის, არ ვიცოდი და არა მარტო მარტოობის, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნისაც კი მეშინოდა. მერე მკითხავთან წამიყვანეს, რომელმაც მითხრა, რომ ჯადო მქონდა გაკეთებული და მიმითითა კიდეც, სად უნდა მეპოვა. ის ადამიანიც ვიცი, ვინც ეს გამიკეთა, ახლობელია. ასეთ მდგომარეობაში რომ ვიყავი, მირჩიეს, მეტეხის ტაძარში მამა აკაკისთან მოვსულიყავი. ეკლესიაში შესვლისას ყვირილს ვიწყებდი, რაც მანამდე არ გამიკეთებია. მამაოსთან ყოველთვის ძალიან დიდი რიგი იყო ხოლმე, მაგრამ ისე შემზარავი ხმით ვყვიროდი, ხალხი გვერდზე იწეოდა, რომ მე მივსულიყავი. აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. თითქოს დემონი მყავდა სხეულში ჩასახლებული. გონს ვიყავი, ყველაფერს ვაცნობიერებდი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ზომბივით ვასრულებდი ვიღაცის ნებას, ის მე არ ვიყავი. იმ პერიოდში სარკეშიც ვერ ვიყურებოდი, იქ იმ ბოროტს ვხედავდი, რომელიც ჩემში იყო და ძალიან მაშინებდა. პირველად რომ ვეზიარე, ძალიან ცუდად გავხდი, დაბლა დავვარდი და გაუჩერებლად ვკიოდი, სხეულზე მწვანე ფერი მედო. მერე ნელ-ნელა უკეთ ვხდებოდი, მაგრამ ის ადამიანი არ ჩერდებოდა, კიდევ და კიდევ მიკეთებდა ჯადოს. მამა აკაკის ლოცვა და ზიარება დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში. მაგრამ ეს მარტივად არ მომხდარა, წლები დამჭირდა. იყო მომენტები, როცა ჩემი ოჯახის წევრებს ვუყურებდი და მეჩვენებოდა, რომ ბოროტი მიყურებდა. იყო პერიოდები, როცა მდგომარეობიდან გამოვიდოდი და მერე ისევ თავიდან მეწყებოდა. ვხვდებოდი, რომ მან ისევ გამიკეთა რაღაც და ვპოულობდი კიდეც ჩემს ნივთებზე კვალს. მერე ეკლესიაში სისტემატური სიარული რომ დავიწყე და სახლში ვლოცულობდი ხოლმე, ყურებში გამუდმებით მესმოდა კბილების კრაჭუნის ხმა, ზურგს უკან რაღაც საშინელი ენერგიის სიახლოვეს ვგრძნობდი. დიდი ჯვარი მეჭირა ხოლმე ხელში და ასე ჩაბღუჯულს მეძინა. მერე ნელ-ნელა კი გავძლიერდი, მაგრამ ის ადამიანი ჯადოს კიდევ მიკეთებდა და მუდმივი ჭიდილი მქონდა. ამიტომ ერთი ხელის მოსმით ვერ განვიკურნე. ერთი წელი შეიძლება, ძალიან კარგად ვყოფილიყავი და მერე, ასე ჩვეულებრივად რომ ვიჯექი და ვსაუბრობდი უცებ კივილს დამაწყებინებდა. თვითმკვლელობის სურვილი მქონდა, თავში რაღაც ხმა მეუბნებოდა, რომ ფანჯრიდან გადავმხტარიყავი და მცდელობაც მქონდა. ღვთის წყალობით, დღეს ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ თავს, ჩემი თავი დამიბრუნდა.
მორჩილი იაკობ კონჯარია: უამრავი საოცრების შემსწრე ვარ. ერთი ქალი მეოთხე სტადიის სიმსივნით მოვიდა. კვეთებულის ლოცვის დროს მამაოს ლოცვით ძალიან დიდი მადლი გადმოვიდა და მან პირდაპირ ხალხის თვალწინ ამოიღო ყველაფერი ორგანიზმიდან. ლოცვიდან მთლიანად განკურნებული გამოვიდა, მაგრამ მერე დიდი შინაგანი სულიერი ბრძოლები დაეწყო. ბოლოს იმ ქალმაც შეძლო ეშმაკის დამარცხება.
მე და მამა აკაკი მოულოდნელი სიხარულის ხატს დავაბრძანებდით და უამრავ საოცრებას ვხედავდი. მისი ლოცვის ძალით უამრავ უშვილო ქალს შეეძინა შვილი, უამრავი ბავშვი მოევლინა ამქვეყანას. მამა აკაკის განკურნებულებს შორის უამრავი ბავშვიცაა. ერთ პატარას ლეიკემია ჰქონდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ქიმიებს უკეთებდნენ, მაგრამ ექიმები უკვე იმედს აღარ იძლეოდნენ. მერე ხატი მივუბრძანეთ, მამა აკაკიმ დალოცა და ის ბავშვი განიკურნა, ექიმები გაოცებულები იყვნენ. ახლა ოცდაორი წლის ჯანმრთელი გოგოა.
მეტეხის ტაძრის მრევლი: ოთხი წლის წინ მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ოპერაცია გავიკეთე და ძუძუ მოვიკვეთე. ამის შემდეგ ორი ინსულტი გადავიტანე. ყოველ ექვს თვეში ერთხელ ვიტარებ გამოკვლევებს. ცოტა ხნის წინ რომ გავიკეთე, მითხრეს, მდგომარეობა გართულებულიაო. ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს. ექიმმა მითხრა, ახლა ძალიან გააგრესიულებულია და კიდევ ერთი ოპერაცია არის საჭიროო, კიდევ ერთი ძალიან რთული ოპერაცია. ამის შემდეგ ორჯერ ვიყავი მამა აკაკისთან. გუშინ გავიგე ბიოფსიის პასუხი და მითხრეს, რომ აბსოლუტურად არაფერი აღარ მაქვს.