კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მარეხ ბექაია – თითოეულ პაციენტს ჩემი სულის ნაწილი მიაქვს

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე

ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობით კი არა,  მადლიერი პაციენტებითაც იზომება,  რომელთა რიცხვიც რეანიმატოლოგ მარეხ ბექაიას სამედიცინო კარიერის განმავლობაში დღითიდღე იზრდება და თუ ვინმე ერთხელ მაინც მოხვედრია მასთან, ექიმის მეხსიერებაში ამ პაციენტის სახე და მდგომარეობა სამუდამოდ რჩება. პაციენტების მიმართ განსაკუთრებით თბილმა, მზრუნველმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ ქალბატონ მარეხს ყველა რეგალიაზე ძვირფასი, ცხოვრების მთავარი ჯილდო – მადლიერი ადამიანების არმია მოაპოვებინა, რომლებიც საყვარელი ექიმის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. თავად ქალბატონი მარეხიც განსაკუთრებული სითობითი და აღტაცებით საუბრობს მათზე და უჭირს პაციენტების მძიმე ისტორიების ემოციების გარეშე გახსენება.  
– ქალბატონო მარეხ, სუსტი სქესისთვის ძალიან რთული პროფესია აირჩიეთ, რთული არ არის რეანიმაციაში მუშაობა?
– საქართველოში ამ სპეციალობით 70-80 პროცენტი ქალბატონები მუშაობენ, რასაც, ალბათ, მათი კაცთმოყვარეობა, გამბედაობა და გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღების უნარი განაპირობებს, რაც ხშირ შემთხვევაში მამაკაცებზე მეტად აქვთ განვითარებული.
– როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი მრავალწლიანი წარმატებული სამედიცინო კარიერა?
– ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად დავიწყე მუშაობა და ფაქტობრივად, ყველა საფეხურის გავლა მომიწია. როგორც კი დიპლომი ავიღე, ექიმად გადავედი და იქ მუშაობის სრული 20-წლიანი სტაჟი მაქვს. შემდეგ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ვმუშაობდი და ბოლო ხუთი წელია, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის წამყვანი სამედიცინო ცენტრების თანამშრომელი ვიყავი. ქირურგიის ეროვნული ცენტრი  კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში ეხმარება თითქმის ყველა პროფილის პაციენტს. ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცური კადრებით, რაც ერთმნიშვნელოვნად, როგორც დამფუძნებლის, ბ-ნ პ. კურტანიძის, ასევე  ტოპ-მენეჯმენტის დამსახურებაა.
– პაციენტების საყვარელი ექიმი ხართ და ერთ-ერთ ყველაზე ყურადღებიან და გულისხმიერ ადამიანად გასახელებენ, რის ხარჯზე ახერხებთ ამას?
– ჩემი ცხოვრება შედგება ჩემი ოჯახისა და სამსახურისგან, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია არსებობა. თუ ამის საჭიროება არსებობს, 24-საათიან კონტაქტზე ვარ. თითოეული პაციენტი მახსოვს, მიყვარს და მათი ტკივილით ვცხოვრობ. თუ ადამიანი არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანების სიყვარული და მათზე ზრუნვა ყოველგვარ ბოროტებაზე მაღლა დგას.
– ალბათ, რთულია, ყველა მადლიერი და კმაყოფილი დაგრჩეს.
– ეს შეუძლებელია. ჩემს სპეციალობაში არიან მადლიერი და უმადური პაციენები. სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ იმის აღქმა, რომ მათი ახლობელი მისი დაავადების გამო დაიღუპა და არა რაიმე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. ლოგიკურია, რომ დედა ვერასდროს შეეგუება შვილის სიკვდილს და პირიქით. როცა შედეგი ფატალურია, ხშირად პაციენტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ ტკივილით გამოწვეული აგრესია ექიმზე გადმოაქვთ. ეს არ მიკვირს და მესმის კიდეც მათი. არ შეიძლება, ასეთ დროს ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან  დათმობაზე არ წახვიდე. ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ლოგიკური დასასრული და ყველა ადამიანისთვის მისი ახლობლის ნებისმიერ ასაკში გარდაცვალება ყოველთვის ძალიან ადრეა. ექიმი ღმერთი არაა, ექიმი ღმერთის ხელებია, კარგად და სწორად მართული. მთავარია, ღმერთის დაკანონებული სწორად ვმართოთ. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა გარდაცვლილის მშობელი და ახლობელი მადლობას გიხდის გაწეული შრომისთვის და აფასებს შენს ბრძოლას მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად, ასეთ შემთხვევებზე ემოციების გარეშე მიჭირს საუბარი.
– როგორ ახერხებთ ამხელა სითბოსა და მზრუნველობის ამდენი პაციენტისთვის განაწილებას?
– წარმოიდგინეთ, როცა ქალი მშობიარობს და მის ხელში უცებ აღმოჩნდება სრულიად უსუსური თავიდან ბოლომდე მასზე დამოკიდებული პატარა, რომელსაც მის გარეშე უბრალოდ, არსებობა არ შეუძლია, ზუსტად ასე არიან ეს ადამიანები ჩემთვის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, როცა თითოეული მათგანის არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ, მოვლა-პატრონობაც შენ გეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სხვების სიცოცხლისთვის ვიბრძვი, საკუთარ სიცოცხლეს ყველაზე ნაკლებად  ვუფრთხილდები. თუმცა, დღეს რომ თავიდან ვაკეთებდე პროფესიულ არჩევანს, იგივეს გავიმეორებდი.
– 2008 წლის ომის დროს ღუდუშაურის სახელობის ცენტრში მუშაობდით და მაშინ ამ კლინიკამ საკმაოდ დიდი დატვირთვით იმუშავა. იმ პერიოდის გახსენება თუ შეგიძლიათ?
– ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე 90-იანებიდან დაწყებული, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. 2008 წელს ომის დღეებში ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრმა მართლაც ძალიან ღირსეულად  იმუშავა და უამრავი დაშავებული მიიღო. ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია ჩემთვის.
– ამბობენ, რომ თანამშრომლებთან საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ხართ.
– მკაცრი ვარ, უპირველესად, საკუთარი თავის და მერე, რა თქმა უნდა, გარშემო მყოფების მიმართ. სიმკაცრესაც აქვს თავისი ზღვარი და ყოველთვის ვცდილობ, არ გადავაბიჯო. ჩემი გუნდის თითოეული წევრი ჩემი მეგობარიცაა, ჩვენ ყველას ერთად გვიჭირს და გვილხინს და ზღვარი ყველამ ვიცით, რეანიმაცია ერთი დიდი ოჯახია.
– რეანიმატოლოგია გუნდურ თამაშს ეფუძნება?
– რა თქმა უნდა, ეს ერთი დიდი გუნდია, რომლის თითოეულ წევრს, ექიმიდან დაწყებული, სანიტრით დამთავრებული, ძალიან დიდი როლი აკისრია წარმატების მიღწევაში. მე ასე გავიზარდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში – ჩვენს საქმეში წარბის მოძრაობით უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთის აზრებს და შესაბამისად ვმოქმედებდეთ. ხშირად ლაპარაკის დროც არ გვაქვს, ამიტომ გუნდის შეკრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასეთი გუნდის შექმნა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. და მე ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ჩემ გვერდით დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დგას.
– ვინ ითამაშა გარკვეული როლი თქვენი პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესში?
– ამ კითხვის პასუხია ჩემი პედაგოგი და გამზრდელი - ლუბა უგულავა და ქეთევან მაჭავარიანი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ქართული რეანიმაციის ისტორიის გარკვეული ნაწილი მათ შექმნეს. ეს ქალბატონები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, საკმაოდ პატარა ასაკში გახდე დედა და შეიქმნა წარმატებული კარიერა, მით უმეტეს, ჩვენს პროფესიაში. მათ ჩამინერგეს, რომ ვიყო რბილი, თბილი და საჭიროების შემთხვევაში, არ დამავიწყდეს სიმკაცრეც. ისინი დღესაც აქტიურად ეწევიან თავის სამედიცინო საქმიანობას.
– ბევრს ფიქრობთ თქვენს პაციენტებზე?
– ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ძალიან ბევრი პაციენტია, რომლებმაც თავი დამამახსოვრეს და მეტიც, რომლებსაც ჩემი სულის ნაწილი გავაყოლე. საუბარი მაქვს ძალიან რთულ შემთხვევებზე, როცა სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ სიცოცხლისთვის. ყველა მათგანი მახსოვს სახელებით და გვარებით, მათი სახეები არ მავიწყდება.  სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრ ყოფილ პაციენტთან და მათ ახლობლაბთან მაქვს კონტაქტი.
– ასეთი რთული და დაძაბული პროფესიის მიღმა როგორია თქვენთვის ცხოვრება?
– მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ჩემთვის სამყარო მაინც ვარდისფერია. იმდენი სიკეთე ტრიალებს დედამიწაზე, რასაც შეიძლება, ყოვედღიურად ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ის მაინც ჩვენს შორისაა და არ გვაძლევს დანებების უფლებას.
скачать dle 11.3