№29 რამ დაუბნელა გონება უზარმაზარ კავკასიურ ნაგაზს
ცნობილი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ლურჯი „ვოლგა“ მყავდა, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, რადგან სიმწრით მქონდა ნაყიდი და ფულს კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი. იმ შორეულ სამოცდაათიან წლებში ყველაზე კარგად დაცულ ავტოსადგომად (თუ არ ჩავთვლი „ცეკას“ „გარაჟებს“) ის ითვლებოდა, რომელსაც რკინის „სეტკა“ ჰქონდა შემოვლებული, პატარა დარაჯის „ბუტკა“ იდგა და დაცულ ტერიტორიაზე დარაჯთან ერთად ბრაზიანი ნაგაზიც იყო. დიღმის მასივში, ერთ-ერთ ასეთ „სტაიანკაზე“ ვაყენებდი ჩემს „ლურჯას“, მაგრამ ერთ მშვენიერ ღამეს „სტაიანკიდან“ ხუთი „ვოლგა“ გაქრა და მათ შორის ჩემიც... მილიცია შოკში იყო, რადგან მართალია, ლოთ დარაჯს ღრმად ჩასძინებოდა, მაგრამ უზარმაზარი კავკასიური მამალი ნაგაზი, ჯულბარსი, აშვებული და საღ-სალამათი იყო. სამართალდამცველები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ არ გაუწია ძაღლმა წინააღმდეგობა ბოროტმოქმედებს, რომელიც მხოლოდ თავის ლოთ პატრონს ემორჩილებოდა, რომელსაც ღამით ღრმად ეძინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მილიცია ფარულად ჩაუსაფრდა ქურდებს და ოთხი დღის მერე ბოროტმოქმედი შეიპყრეს კიდეც, რომელიც ძუკნა ძაღლით იყო მოსული და ის ჯულბარსს დაუსვა. ხოლო სანამ მამალი ჯულბარსი ძუკნას ეალერსებოდა, ქურდი აბსოლუტურად თავისუფლად იპარავდა მანქანებს. ქურდს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ძაღლების „ატეხილობის“ პერიოდი იყო. ასეთ დროს კი ყველაზე გაწვრთნილ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც კი ეკეტებათ გონება და არც ჯულბარსი იყო გამონაკლისი“.