№29 რის მიღწევა შეუძლია ენერგოვამპირს პირადი კონტაქტით, ინტერნეტკავშირითა თუ სატელეფონო საუბრით და რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები უცხო ბებოსთან კონტაქტს
ო, სულ გამომაცალა ამ ქალმა (კაცმა) ენერგია... უმიზეზოდ ატეხა ჩხუბი, იყვირა, გაგვლანძღა, ყველას ნერვები მოგვიშალა, თვითონ კი კარგ ხასიათზე დადგა... ნამდვილი ენერგოვამპირია... – ეს და მსგავსი ფრაზები სხვისგანაც არაერთხელ მოგვისმენია და თავადაც გვითქვამს. ეს რეალობაა და ვერსად გავექცევით: უცხოზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლობელთა წრეშიც მოიძებნებიან ასეთები. ჰოდა, არა მგონია, ინტერესმოკლებული იყოს იმის გაგება, თუ: როგორ ამოვიცნოთ, რომელია მათ შორის ენერგოვაპირი, რომ მერე, მისგან თავდაცვაც შევძლოთ; რა მაგიური რიტუალებია ამისთვის საჭირო... და კიდევ ბევრი რამ, რის ასახსნელადაც კვლავ მივმართეთ, ჩვენი რუბრიკის აქტიურ მხარდამჭერსა და უაღრესად საინტერესო რესპონდენტს, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსს, ბატონ თამაზს.
– მეც ხშირად მიგრძნია თავი უხერხულად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე – მქონია სისუსტისა და უძლურების შემოტევა, თან ყოველგვარი მიზეზის გარეშე...
– ეს არის მდგომარეობა, როცა, მართალია, ჯანმრთელობას არ უჩივი, მაგრამ აქტიურობა დაქვეითებულია და თითქოს, ცხოვრებასაც გემო დაეკარგა... იცით, რის გამოა ეს ყველაფერი? – ამ დროს თქვენი ენერგია სულ სხვა მიმართულებით მიედინება. ამიტომ, სანამ გაიგებდეთ, როგორ დაიცვათ თავი ენერგეტიკული ვამპირისგან, დავიწყოთ იმით, რომ, უპირველესად, მისი ამოცნობა შეძლოთ. შედეგიდან გამომდინარე კი, შეიძლება, სულაც არ დაგჭირდეთ მისგან თავდაცვა – უბრალოდ, კავშირი გაწყვიტეთ თქვენთვის არასასიამოვნო პიროვნებასთან და საერთოდ ამოშალეთ ის საკუთარი ცხოვრებიდან.
– და როგორ ამოვიცნოთ ეს ენერგეტიკული ვამპირი?
– უპირველესად, განვიხილოთ ტიპაჟი: ადამიანი-პროვოკატორი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე თუ სიტუაციაში, მზადაა კონფლიქტის დასაწყებად და როგორც წესი, მის ცენტრალურ ფიგურად იქცევა ხოლმე. მას შეუძლია, „ბუზი სპილოდ აქციოს“ და ამის გამო, წარმოუდგენელი სკანდალი მოაწყოს. არ დაიბნეთ, სწორედ ასეთია ენერგოვამპირი. ამიტომ, უმჯობესია, საერთოდ შეიცვალოთ შეხედულება ამ საკითხზე და ცნობილ საშინელებათა ფილმების გავლენით, ის მხოლოდ სისხლისმწოველ ვამპირად არ წარმოიდგინოთ, რომელსაც დღისით კუბოში სძინავს, ღამით კი, გამვლელებს წვეტიანი ეშვებით აშინებს. როგორც აღვნიშნე, ის ჩვეულებრივი ადამიანია და უფრო მეტიც, შეიძლება, ახლობელიც კი იყოს. ამიტომ, გაფრთხილდით: სასიცოცხლო ძალების გამოცლით, ენერგოვამპირი ჰოლივუდურ ვამპირზე ნაკლებ ზიანს როდი მოგაყენებთ. ის ხომ თქვენი ენერგიით იკვებება.
– მხოლოდ კონფლიქტურობის ნიშნით შევძლებთ ენერგოვამპირის ამოცნობას, თუ სხვა ხერხებიც არსებობს?
– არსებობს ვამპირთა ორი ძირითადი ტიპი. პირველი, თავადაც ვერ აცნობიერებს, თუ კონკრეტულად, რითაა დაკავებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, მშვენივრად ახერხებს, თავისკენ გადაქაჩოს გარშემო მყოფთა ენერგია, რასაც სწორედ ხსენებული კინკლაობით, კონფლიქტებითა თუ სკანდალებით აღწევს. ვამპირთა მეორე ნაწილი გაცილებით გამოცდილია, გამიზნულად ეძებს სხვაგან ენერგიის წყაროს და ამისთვის სულაც არ სჭირდება თქვენში ემოციის გამოწვევა. მისთვის პირადი კონტაქტი, ინტერნეტით კავშირი ან სატელეფონო საუბარიც კი საკმარისია. თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უცებ სასიცოცხლო ძალების მკვეთრი დაქვეითება იგრძენით, გაგიფუჭდათ განწყობა და დაკარგეთ ენერგია, აუცილებლად ყურადღებით მოათვალიერეთ გარემო. სრულიად დასაშვებია, ამ დროს თქვენკენ მომზირალი ადამიანი შეამჩნიოთ, რომელიც დაჟინებით მოგჩერებიათ და თვალს არ გაცილებთ. სწორედ ასეთია ენეგეტიკული ვამპირის გამოხედვა. აღმოაჩინეთ ობიექტი? მოგიწევთ, დაფიქრდეთ მისი გავლენისგან თავდაცვის მეთოდებზე.
– რა მეთოდებითა და საშუალებებით უნდა დავიცვათ თავი ენერგეტიკული ვამპირებისგან?
– ვამპირთა უმეტესობა ცდილობს, ემოციის ზეგავლენით იმოქმედოს თქვენზე. ამიტომ, კრიტიკის, დაცინვისა თუ შეურაცხყოფის საშუალებით, გაიძულებთ, რომ თქვენში აღძრას: დანაშულის გრძნება, გაბრაზება, შური, რასაც, სრულიად ლოგიკურია, რომ თქვენი მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელი მოჰყვეს. ამიტომ, ასეთ დროს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვოთ ვამპირის გამოწვევა. დაინახავს რა, რომ, არ აპირებთ, დაემორჩილოთ თამაშის მისეულ წესებს და არც კონფლიქტში აჰყვებით, ენერგოვამპირი მოგცილდებათ და სხვა მსხვერპლს დაუწყებს ძებნას.
ამისთვის კი, საკმარისია, თქვენსა და სავარაუდო ვამპირს შორის არსებული ბარიერი წარმოიდგინოთ, როგორც მტკიცე კედელი, ფარი ან თუნდაც, ღობე და საიმედოდ ჩიკეტეთ ის. გაცილებით უკეთესია, თუ საერთოდ გაეცლებით მას.
– ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ მსგავსი რეკომენდაციები, მაგრამ რა ელით ბავშვებს?
– პატარები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ვამპირთა წინაშე. თქვენც ძალიან კარგად იცით, რა ხშირია, როცა სრულიად უცნობი გამვლელი, განსაკუთრებით კი მოხუცი, ეზოში მოთამაშე ბავშვს გამოელაპარაკება, შეაქებს და კანფეტსაც შესთავაზებს. პატარებიც სიამოვნებით ეთამაშებიან მოხუც ბებოს თუ ბაბუს, მაგრამ „დაუპატიჟებელი სტუმრის“ წასვლისთანავე, ჭირვეულობას იწყებენ, ისტერიკას მართავენ. ამიტომ, ყველა დედას ვურჩევ, ნუ მისცემს თავის პატარას უფლებას, რომ უცხო ადამიანს გაუჩერდეს და მასთან, თუნდაც, რაიმე კონტაქტი ჰქონდეს. შეიძლება ითქვას, რომ მოხუცები პირდაპირ იწოვენ ბავშვებისგან ენერგიას. თუ სიტუაცია ვერ გააკონტროლეთ და მსგავსი რამ მაინც მოხდა, სახლში მისვლისთანავე ბავშვი აბანავეთ. თან, უმჯობესია, ნაკურთხი ან ოდნავ მარილიანი წყალი გამოიყენოთ.
– გამიგია, რომ ხელ-ფეხის გადაჯვარედინებასაც აქვს კავშირი მსგავს რიტუალებთან...
– დიახ, ენერგოვამპირისგან თავდაცვის კარგი საშუალებაა გულ-მკერდზე ხელების გადაჯვარედინება ან ფეხის ფეხზე გადადება. ასე, გარეგანი ზეგავლენისგანაც დაიცავთ თავს და საკუთარ ენერგიასაც იხსნით ვამპირის „კლანჭებისგან“. მთავარია, ვამპირის მზერით კონტაქტს გაექცეთ, რადგან ეს ენერგიათა ცვლის ძალიან ძლიერი არხია. ამიტომ, ვამპირთან შეხვედრისას ჩაკეტეთ თქვენი ბიოველი. ამისთვის კი შემდეგნაირად მოიქეცით: ხელის თითების ბალიშები ერთმანეთს ისე მიადეთ, რომ საჩვენებელი საჩვენებელს ეხებოდეს, შუათითი – შუათითს და ასე შემდეგ; მეორე ვარიანტით – ხელისგულები შეატყუპეთ. ზოგჯერ, ჯიბეში, ეგრეთ წოდებული, სამი თითის კომბინაციაც საკმარისია, ანუ, როცა დიდი თითი შუა და საჩვენებელ თითებშორისაა მოქცეული. ანდა, შეგიძლიათ, ჯიბეში ცოტა მარილი ჩაიყაროთ. ჩვენ საკუთარი ნებით გავცემთ ენერგიის ნაწილს მაშინ, როცა ვინმეს ვეფერებით, ვეხვევით და ვზრუნავთ საყვარელ ადამიანებზე. ულევი ენერგია აქვს ჯანმრთელ, პატიოსან და სულიერ ჰარმონიაში მცხოვრებს და გახსოვდეთ, ენერგიის მუდმივი ცვლა ადამიანებს შორის, ბუნებრივი პროცესია. საკუთარ ენერგიას არ სჭირდება ფანატიკური დაცვა. უმჯობესია, მისი შევსების ალტერნატიული წყარო მოიძიოთ.