№29 როგორი ვაჟკაცი ქალი იყო გიორგი მეთორმეტის პირველი ცოლი ქეთევან ანდრონიკაშვილი
ერეკლე მეორის მემკვიდრე ვაჟი, უფლისწული გიორგი დაბადებულა 1746 წლის 10 ნოემბერს, გიორგობას. პაპამ, მეფე თეიმურაზ მეორემ, მაშინვე შეაკერინა მისთვის სამემკვიდრო დროშა. მემკვიდრის დაბადება ყოველთვის დიდი სიხარული იყო სამეფო ოჯახებში.
განსაკუთრებულად ზრდიდნენ მომავალ მეფეს. კარგი განათლება მისცეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან შემოატარეს მთელი სამეფო და გააცნეს მიდამო, ტერიტორიები. მომავალ მეფეს უნდა სცოდნოდა, სად რა ხდებოდა, რა სტრეტეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა ციხე-სიმაგრეს, რა ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის თითოეულ სოფელს, გზას თუ ხიდს. უნდა გასცნობოდა ადგილობრივ მმართველებს, მოსახლეობას. თვრამეტი წლის ასაკიდან ბრძოლებში მონაწილეობდა და მამას თან ახლდა ხოლმე სამხედრო კამპანიებში. პირადად მეთაურობდა სხვადასხვა რაზმებს. კარგი ქრისტიანი და მლოცველი ადამიანი ყოფილა, არ აკლდებოდა წირვას.
ერთხელ, 1767 წელს, ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე, უფლისწული გიორგი, მომავალი გიორგი მეთორმეტე კახეთში იყო, ეტყობა, სამორიგეოდ. ერეკლე მეორემ ჩამოაყალიბა მორიგე ჯარი, რათა აღეკვეთა ლეკების თარეშები ჩვენს სამშობლოში. იმ დღეებში ლეკების მოთარეშე რაზმი შემოჭრილა ალაზნის ველებზე. ჩვენმა წინაპრებმა გააქციეს მტერი და მერე გამარჯვებულები ვეჯინში მივიდნენ, თავად რევაზ ანდრონიკაშვილის მამულში. მაშინ მეფისწული ოციოდე წლის იქნებოდა.
იქ გადაწყვეტილა უფლისწულის დაქორწინების ამბავი. ამას პლატონ იოსელიანი ასე მოგვითხრობს:
„1767 წელსა შეირთო ცოლად ქეთევან, ქალი პაპუნა ქიზიყის მოურავისა ანდრონიკაშვლისა, 13 წლისა. ქორწილი გადაიხადეს ქალაქსა თფილისსა დიდისა დღესასწაულობითა ენკენისთვის 20. იტყვიან ქალისა ამისთვის რომელ, ოდეს მეფის ძე გიორგი მოვიდა კახეთსა და ეწვია სოფელსა ვეჯინსა ანდრონიკაშვილსა რევაზსა, მაშინ მოხდა დევნა ლეკთა, რომელნიცა გამოჩნდნენ ალაზნის გაღმა. რევაზ და სხვანი თანადამსწრენი ომისა ლეკებთა თანა, ესრეთ მხნედ გამოჩნდნენ, რომელ მეფის ძე თვით, მუნ დამსწრე, გაჰკვირდა ოდეს იხილა რევაზ ანდრონიკაშვილი მუხლსა მძიმედ დაჭრილი, მოვიდა რა სახლსა, მაშინ გამოაცხადა დაჭრილობა თვისი. განკვირვებულმან მეფის ძემან გამოუცხადა მას, გმირსა რევაზს, სურვილი დისა მისისა ქეთევანის შერთვა ცოლად. დროსა ამას ქალსა მას არღა ჰყვანდა მამა ცოცხალი. ამბავსა მისსა მიუთხრობდა ხშირად აზნაური ბერო პავლიაშვილი, რომლისათვისცა დავსწერე და დავბეჭდეცა სიტყვა გარდაცვალებისა გამო მისისა, ვითარცა რედაკტორმან გაზეთისა“.
მაშინ, 12 წლის ასაკიდან გათხოვებისთვის უკვე მომწიფებულად თვლიდნენ გოგონებს, არა მარტო საქართველოში, ყველგან.
აზნაური ბერო პავლიაშვილი მეფის სარძლოს მზითებში გამოაყოლეს და სიცოცხლის ბოლომდე, ღრმა მოხუცებულობამდე, ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას და მეფის ოჯახს. „ესე ბერო პავლიაშვილი, მხლებელი მეფის რძლისა და მზითევში მოყოლებული, გარდაიცვალა ქ. თფილისს 15 აგვისტოს 1845 წელსა 107 წლისა“.
ქეთევან ანდრონიკაშვილი შესანიშნავი მეუღლე იყო ბატონიშვილისთვის და არაერთი შვილიც გაუჩინა მას. როგორც მოსდგამდა მის გვარს, მამაცი ადამიანიც ყოფილა და თავისი წინაპრებივით, მიუხედავად იმისა, რომ ქალი იყო, ბრძოლაც იცოდა და ცხენით ჯირითიც.
ერთხელ, იგი მორიგე ჯარის სამასკაციან რაზმთან ერთად მიემართებოდა, თურმე, თბილისისკენ, „ქართლად 300 ცხენოსნითა ღართის კარისა ვიწროებში“. ამ დროს, გადააწყდნენ ლეკების უფრო მრავალრიცხოვან ჯარს. მაშინ მეფის რძალი იქნებოდა ოცდათხი წლისა. უფლისწულის მეუღლემ თავად უსარდლა სამას ქართველს ხუთასი ლეკის (ზოგი მონაცემით – რვაასის) წინააღმდეგ და წარუძღვა ბრძოლაში. ლეკებმა სამგზის გაამაგრეს, თურმე, თავისი ხაზი და ცდილობდნენ ქართველების მოგერიებას. მაგრამ, გმირი ანდრონიკაშვილის ქალისა და სამასი ქართველის შეტევას ვერ გაუძლეს სამივეჯერ და გაიქცნენ სირცხვილნაჭამნი.
მეფე ერეკლეს უმალ მიუტანეს რძლის მამაცობის ამბავი. წინ დახვდა ხელმწიფე გამარჯვებულ რძალს, ზეიმითა და ტრიუმფით შეიყვანა თბილისში და მის სახელზე საზეიმოდ დააქუხებინა ზარბაზნებს.
ეს ამბავი მომხდარა 1779 წელს.
მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ დიდი უბედურება მოხდა. 1782 წლის 3 ივნისს, მშობიარობისას, მეფის რძალი ქეთევანი გარდაიცვალა. მაშინ დაბადებულა უფლისწულ გიორგის ძე, ბატონიშვილი თეიმურაზი. დაკრძალეს ქეთევანი დავით გარეჯის მონასტერში, იოანე მახარებლის ეკლესიაში, აღსავლის კართან, სადაც დაკრძალული ყოფილა ალექსანდრე კახთა მეფე, იმავე ეკლესიაში ბერად შემდგარი და იქვე გარდაცვლილი.
მეფე ერეკლეს რძლის გარდაცვალების გამო მწარედ უთქვამს: „წარსთქვა ოხვრითა შემდეგი სიტყვა: „ახლა დაიღუპა ჩემი ოჯახიო“.
შემდეგში, გიორგი მეფის ძე, თეიმურაზი, რომლის დაბადებასაც გადაჰყვა ქეთევან ანდრონიკაშვილი, ყვებოდა თურმე:
„მომაკვდავმან დედამან ჩემმან ჰქმნა სიტყვითი ანდერძი, ვეცხლეური წარუვლინონ იერუსალიმისა პატრიარქსა მოსახსენებლად და აღასრულესცა ესე“.
იმ დროს, ქართველები, ტრადიციულად, კვლავ ცდილობდნენ იერუსალიმში გაეგზავნათ შეწირულობანი. პლატონ იოსელიანი ამბობს: „ესრეთ მტკიცედ იყო განთესილი საყოველთაოდ, სასოება იერუსალიმსა ზედა ქართველთა შორის! შუქი ნათლისა ღვთისა ქალაქით, მნათობდა მეფეთა სახლსა შინა და გლეხთა ფაცხათა. ლექსი „იერუსალიმი“ მზეობდა ქართველთა ერის გულთა და გონებათა შინა“.
დიდი პატივით დაკრძალეს მეფის რძალი:
„დიდად დღესასწაულობითა იყო დასაფლავება გვამისა ამის ღირსისა, სანატრელისა სამეფოèსა სახლისათვის და სასიქადულო ქართველთა ერისათვის. მეფის ძემან ინება დასაფლავება გვამისა დავით გარესჯისა მონასტერსა. თვე იყო ივნისისა. მწუხარებისა ხმამან შესძრა თებაიდა ქართველთა. ნინოწმინდელი საბა ბავრაყითა თვისითა დადროშითა, დავით რუსთველი და დანიილ ბოდბელი მიტროპოლიტნი შეერთდნენ და მიეგებნენ ლოცვითა და ვედრებითა ღვთისადმი წინარუს (აწ თაქლა), სადაცა იწყება სივრცედა სიგანე თებაიდისა ანუ გარესჯის უდაბნოთა სადგური.
1000 ცხენოსანი და 500 ქვეითნი მიუძღოდენ მიცვალებულს: ხაშმი, ნინოწმინდა და ბოდბე ეკლესიისა სოფელნი და ყმანი უმასპინძლებდნენ მიმავალთა უდაბნოდ პურითა, ღვინითა, საკლავითა და თევზითა და ესე ვითარითა მოსახმარითა.
ნათლისმცემელისა უდაბნოსა და დავით გარესჯისა ლავრისა წინამძღვარნი ონოფრე და სერაპიონ მოეგებნენ შორს მრავალ მთისა ამის კალთებთა, სადაცა ძველად იყვნენ სამხოლოონი მამათა მეუდაბნოეთა (სკიტნი). ხმა ტირილისა, ხმა გოდებისა, ვითარცა ხმა ლოცვისა ისმოდა ველთა ზედა უხმოთა კაცთათვის და ხმოვანთა მხოლოდ ქურციკთა (ჯეირანი) და პირუტყვთათვის.
ათი დღე გლოვობდნენ, თურმე, გარეჯში ქეთევან ანდრონიკაშვილს.
იმ დროს მეფისწული გიორგი ხდებოდა ოცდათექვსმეტი წლისა. ცოლის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, ერეკლე მეფის კურთხევით, უფლისწულმა გიორგიმ მოიყვანა ახალი ცოლი, გიორგი ციციშვილის ასული, მარიამი, რომელსაც პლატონ იოსელიანი „მშვენიერებითა ქალთა შორის ბრწყინვალეს“ უწოდებდა. ჯვრისწერა ჩატარდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, თბილისში, არაპომპეზურად, რადგან ახალი გარდაცვლილი იყო მეფის ყოფილი რძალი.
ბევრს არ მოეწონა ეს ამბავი, რატომ არ მოითმინა მეფის მემკვიდრემ ერთი წელი და არ გააგრძელა გლოვა, ასეთი კარგი ცოლი მოუკვდაო: „ამისთვის დიდად ზრახავდენ მეფის ძესა ესრეთისა დაშურებისა და აჩქარებისათვის. ყოველგნით ჰგმობდენ უგრძნობელობისათვის, რომელ დაკარგა ცოლი პირველი მხნე და გონიერი, და დამტევებელი ძეთა და ასულთა, და არა იგლოვა საკმაოდ; სხვანი ამართლებდნენ იტყოდნენ: „მეფემანცა თეიმურაზმან, პაპამან მისმან ჰქმნა ესრეთო, ოდესცა შეირთო შემდეგ თამარისა ცოლად ანახანუმ დედოფალი“.
მეორე ცოლისგან უფლისწულს, ასევე, ბევრი შვილი შეეძინა.
არც მარიამ ციციშვილი იყო ნაკლებად მამაცი ადამიანი, როგორც მერე გამოჩნდა.