№29 იძებნება სიკვდილით მოთამაშე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-28(915)
– გასაგებია. ბრძანეთ, – თქვა გურამმა.
– ბატონო მინისტრო, ეტყობა, მაგ ბასილელს ისეთი მოწყობილობა აქვს, რომლის დეკოდირებასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. როგორც კი დარეკავს, უთხარით, რომ საბანკო ანგარიშის ნომერი გიკარნახოთ და ორ წუთში დავუსვამთ ათ მილიონ დოლარს. გასაგებია? – თქვა საიმონმა.
– დიახ. გასაგებია.
– შეხვედრამდე. დაგირეკავთ, – თქვა საიმონმა და ტელეფონი გათიშა.
ბასილელმა ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ დარეკა და გურამს უთხრა:
– მზად ხართ?
– დიახ. შეგიძლიათ, მიკარნახოთ ნომერი და ათი მილიონი დოლარი ორ წუთში დაგიჯდებათ ანგარიშზე, – უთხრა გურამმა.
– ბატონო მინისტრო, ჩემს მაძებრებს ნუ ჰგონიათ, რომ ან ფულის აღებისას მომიხელთებენ, ან, სულაც, ფულს ვერ ავიღებ. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გეუბნებით, ზედმიწევნით კარგად მაქვს დაგეგმილი.
– რას გულისხმობთ, ბატონო სიმონ. გულწრფელად გეუბნებით, რომ ვერ ვხვდები.
– იმას, ბატონო გურამ, რაც გითხარით და მეტს არაფერს. ხოლო ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნდეთ, ერთ უწყინარ ფოკუსს შემოგთავაზებთ.
– რა ფოკუსს, ბატონო სიმონ?
– ზუსტად ოც წამში „მოდულის“ გვერდით რომ მანქანების სადგომია, თეთრი „გოლფი“ აფეთქდება, მაგრამ ნუ გეშინიათ, არავინ დაზიანდება. ეს მანქანა კი თქვენს თანამშრომელს ეკუთვნის... უკვე ათ წამში. მიაყურადეთ, – თქვა ბასილელმა და ხუთიოდე წამში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
– ბატონმა სიმონ ბასილელმა დააანონსა აფეთქება და გვიმტკიცებს, რომ მოუხელთებელია, – განუმარტა კაბინეტში შეკრებილებს მინისტრმა და დაამატა, – როგორც ბატონი სიმონი ამბობს, მსხვერპლი არ უნდა იყოს, – შემდეგ ბასილელს უთხრა ყურმილში:
– ბრძანეთ ანგარიშის ნომერი და გთხოვთ, მეტ ფოკუსს ნუღარ გაატარებთ. ისედაც გვჯერა თქვენი.
– კიდევ ერთი და მორჩა, – თქვა ბასილელმა.
– კიდევ, რა მოგვიმზადეთ?
– რკინიგზის სადგურში, ¹186 შემნახველ საკანში მინი გაზის ბალონი აფეთქდება და არც იქ იქნება მსხვერპლი.
– „გოლფი“ არ გეყოთ?
– ვაშინგტონში, ბატონო გურამ, მეორე აფეთქება ვაშინგტონში მოხდება და ეს კი ნამდვილადაა იმის დასტური, რომ საკმაოდ ფართო, შეუზღუდავი შესაძლებლობები მაქვს, – თქვა ბასილელმა და სუფთა ინგლისურით დაამატა, – ბატონებო, ვინც ახლა ჩემი და მინისტრის საუბარს ისმენთ, თქვენ მოგმართავთ. დღეს გადარჩით, რომ „ეშმაკის ამონასუნთქს“ არ ვაფეთქებ თქვენს დაწყევლილ ქვეყანაში. მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი მხრიდან მცირედი დაუმორჩილებლობის შემთხვეაშიც კი, ჩემს პირობას შევასრულებ. პასუხი გამეცით, გასაგებია?
– გასაგებია, მისტერ სიმონ, – უთხრა ინგლისურ ენაზე ბასილელს ერთ-ერთმა „მსმენელმა“ და დააყოლა, – გვიკარნახეთ საბანკო ანგარიშის ნომერი და ორ წუთში ფულს დაგისვამთ. თანაც, ხაზზე დარჩით და თანხის ჩარიცხვა დაგვიდასტურეთ.
ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ ხაზზე დარჩენილმა ბასილელმა ტელეფონში თქვა:
– ყველაფერი რიგზეა, ჯენტლმენებო. დანარჩენი ოთხმოცდაათი მილიონისთვის მოგვიანებით დაგიკავშირდებით...
***
მას მერე, რაც სიმონ ბასილელს საბანკო ანგარიშზე ათი მილიონი დოლარი ჩაურიცხეს, ვაშინგტონის რკინიგზის სადგურში მართლაც აფეთქდა მცირე ზომის გაზის ბალონი, რომელსაც არავინ დაუზიანებია. შემთხვევის ადგილი „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ თანამშრომლებმა საგულდაგულოდ ჩაკეტეს და ვიდეოჩანაწერები ამოიღეს, რომ დაედგინათ, თუ ვინ ჩადო შემნახველ საკანში საათისმექანიზმიანი ბომბი. ამ შემთხვევიდან ათიოდე წუთის შემდეგ ბრაიან დევიდსს „თეთრი სახლიდან“ დაურეკეს და „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ შეფი სასწრაფოდ იხმეს პრეზიდენტთან. ოვალურ კაბინეტში ფეხშედგმულ დევიდსს პრეზიდენტმა გაბრაზებით უთხრა:
– რა ხდება, დევიდს. შემთხვევით „თერთმეტი სექტემბერი“ ხომ არ მეორდება?
– ნება მომეცით, სერ, რომ ყველაფერი მოგახსენოთ, – თქვა „ეფბეერის“ დირექტორმა, რაზეც კოპებშეკრულმა პრეზიდენტმა მიუგო:
– კეთილი ინებეთ.
დევიდსმა ჩაახველა და დაიწყო:
– სერ, საქმე „ეშმაკის ამონასუნთქს“ ეხება, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ მოგახსენეთ.
– საიდუმლო ლაბორატორიიდან დაკარგული ბაქტერია, ხომ?
– დიახ, სერ.
– გისმენ, დევიდს, შემდეგ?
– ამ ბაქტერიის გამტაცებელი ას მილიონ დოლარსა და ერთი თვის ვადაში ევროპიდან ჩვენი ჯარების გაყვანას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონში ამ ბაქტერიის გავრცელებით გვემუქრება. რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქება კი, მისი მხრიდან, იმის გამოხატვა იყო, რომ ტერორისტ-გამტაცებელი არ ხუმრობს და „ეშმაკის ამონასუნთქს“ ნამდვილად აგვიფეთქებს.
– თქვენ რა ზომებს იღებთ, დევიდს?
– ვეძებთ, სერ. გააფთრებით ვეძებთ მთელ მსოფლიოში, მაგრამ მის აღმოჩენას, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ. ჩვენი დანადგარები ტელეფონის სიგნალის საბოლოო წერტილს ვერ აფიქსირებენ და ათი მილიონი დოლარი რომ გადავურიცხეთ, ერთი საგულისხმო ფაქტის წინაშე დავდექით...
– ათი მილიონი დოლარი ჩაურიცხეთ ტერორისტს? – აღშფოთდა პრეზიდენტი, რაზეც დევიდსმა მშვიდად მიუგო:
– დიახ, სერ.
– ეგ როგორ, დევიდს. შეერთებული შტატები ტერორისტებს არასდროს ურიგდება და ჩვენი ერთ-ერთი ძირეული პრინციპი დაარღვიეთ?
– სხვა გზა არ გვქონდა, სერ.
– რას ნიშნავს, სხვა გზა არ გქონდათ?
– იმას, სერ, რომ თუ მან ვაშიგნტონში „ეშმაკის ამონასუნთქი“ ააფეთქა, მაშინ საშინელი კატასტროფა მოხდება, ბევრად მეტი, ვიდრე ეს თერთმეტ სექტემბერს იყო. ამიტომ, როგორც მოითხოვა, ჯერ ათი მილიონი გადავურიცხეთ და კიდევ ოთხმოცდაათი უნდა გადავურიცხოთ.
პრეზიდენტმა თავი გააქნია და დევიდსს უთხრა:
– რას ამბობდით, რა საგულისხმო მომენტის წინაშე დავდექით, ფული რომ გადავურიცხეთო?
– ბანკი, რომლის ანგარიშზეც ათი მილიონი დოლარი დავსვით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარეობს და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იქიდან ეს თანხა ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ბანკში გადაირიცხა.
– ამით რისი თქმა გსურთ?
დევიდსმა პრეზიდენტს შეხედა და მშვიდად უთხრა:
– იმისი, ბატონო პრეზიდენტო, რომ როგორც ეტყობა, საქმე იმაზე ბევრად ცუდადაა, ვიდრე გვეგონა.
– კონკრეტულად, დევიდს! – გაღიზიანდა პრეზიდენტი.
– სერ, თავიდან გვეგონა, რომ ბასილელი მხოლოდ ფულს ითხოვდა, დანარჩენი ბლეფი იყო და ფასადისთვის სჭირდებოდა. ახლა კი სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელი სერიოზულ ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული და უბრალოდ არ ლაპარაკობს. ვშიშობთ, რომ ის ას მილიონ დოლარზე არ შეჩერდება და თუკი ჩვენს ჯარებს ევროპიდან არ გამოვიყვანთ, მაშინ საშინელებას დაატრიალებს.
– რა ჯარების გამოყვანა ევროპიდანო?! გაგიჟდი, დევიდს? – თქვა გაფითრებულმა პრეზიდენტმა და დააყოლა, – სასწრაფოდ იღონეთ რამე, რომ ის ნაძირალა ტერორისტი გავანეიტრალოთ.
– ხომ გითხარით, სერ, რომ ყველა ღონეს ვიყენებთ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არაა, – თქვა დევიდსმა. პრეზიდენტმა კი მას სიტყვა გააწყვეტინა:
– და, ჩემგან რას მოითხოვთ, მე უნდა გავანეიტრალო ტერორისტები?
– არა, სერ, ტერორისტების განეიტრალება ჩვენი საქმეა, მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე, როგორც ჩანს, ეს საქმე არ გამოვა.
– მაინც, რა უნდა გავაკეთო?
– პოლიტიკური კუთხით უნდა იმოქმედოთ, სერ.
– კონკრეტულად, რას მოითხოვთ ჩემგან.
– რუსეთის პრეზიდენტს უნდა სთხოვოთ დახმარება, რომ მან, თავის მხრივ, ირანზე მოახდინოს ზემოქმედება. როგორც უკვე გითხარით, ათი მილიონი დოლარი ირანში გადაირიცხა. იქაურობას კი ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რუსების დახმარება ამიტომ გვჭირდება.
– რუსეთს აკონტროლებთ?
– არა, მაგრამ რუსეთში რომ მომხდარიყო ამ თანხის აკუმულირება და ჩვენ მათთვის შესაბამისი განმარტებებით მიგვემართა, ტერორისტს თუ ვერ ვიგდებდით ხელთ, ფულს მაინც გავყინავდით. ირანში კი ეს შეუძლებელია. ბატონო პრეზიდენტო, ჩაერთვებით ამ საქმეში?
პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ბოლთის ცემა დაიწყო და თხუთმეტიოდე წუთს ხმა არ ამოუღია. შემდეგ დევიდსის წინ შეჩერდა და უთხრა:
– დევიდს, ასეთი საქმეები სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის გარეშე არ კეთდება და ეჭვი მაქვს, რომ ბასილელის ზურგს უკან სწორედ ეს ძალები დგანან.
– მეც ასე ვფიქრობ, სერ და სწორედ ამიტომაც მოგმართავთ ამ თხოვნით.
– ეს რომ ჩვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია? – თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, – მთელი მსოფლიო შეიტყობს, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და დახმარებას რუსეთს ვთხოვთ.
– მართალს ბრძანებთ, სერ, მაგრამ სხვა გზა გვაქვს? – თქვა დევიდსმა და დააყოლა, – ცაიტნოტში ვართ, ბატონო პრეზიდენტო.
– მსოფლიოში რომ გავახმაუროთ ეს ამბავი და ისეთი სარჩული მივაკეროთ, რომ თითქოს რუსების მოწყობილია ეს ყოველივე, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა, მაშინ, რუსები ძალისხმევას არ დაიშურებენ ჩვენს დასახმარებლად, – თქვა პრეზიდენტმა.
– ნაცადი ხერხი კია, სერ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს და რუსებმა ფეხებზე დაგვიკიდონ? ვფიქრობ, სერ, რომ რუსების გამწარება არ ღირს. მით უმეტეს, არ ვიცით, არიან თუ არა ისინი სქემაში ჩარეულები და ჩემი აზრით, ჯობია, თქვენს რუს კოლეგას დაურეკოთ. ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენოთ და დახმარება სთხოვოთ.
– ვიფიქრებ, დევიდს, – ამ საკითხზე ჩემს მრჩევლებს უნდა მოვეთათბირო და დრო მჭირდება.
– არ მგონია, სერ, რომ დრო გვქონდეს და ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ.
– ასე ფიქრობ, დევიდს?
– დიახ, სერ.
– კეთილი. ერთი საათი მჭირდება ყველაფრის დასალაგებლად და ალბათ, დავურეკავ ჩემს რუს კოლეგას. თქვენ კი დროებით თავისუფალი ხართ... როგორც კი დარეკვას დავაპირებ, შეგატყობინებთ და თქვენი თანდასწრებით დაველაპარაკები.
– კეთილი, სერ. დროებით, – უთხრა პრეზიდენტს ბრაიან დევიდსმა და ოვალური კაბინეტი დატოვა.
***
თბილისსა და ვაშინგტონში განხორციელებული აფეთქებების შემდეგ, ორივე დედაქალაქში მზადყოფნა „ნომერი ერთი“ გამოცხადდა და ყველა შესაბამისი სამსახური ფეხზე დადგა. ამუშავდა ცხელი ხაზი დედაქალაქებს შორის და ინფორმაციების ინტენსიური გაცვლა მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი ნულის ტოლი იყო და ვერც შეერთებულ შტატებსა და ვერც საქართველოში ვერანაირ მცირედ ხელჩასაჭიდსაც კი ვერ მიაგნეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა მალავდა ჭეშმარიტ ინფორმაციას და აფეთქების ფაქტებს შემთხვევითობად წარმოაჩენდნენ, ხალხი პანიკაში იყო და ისეთი ჭორები დადიოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მკაცრად გასაიდუმლოების მიუხედავად, ერთ-ერთმა კერძო ქართულმა ტელეკომპანიამ თბილისის გარეუბანში მდებარე საიდუმლო ლაბორატორიის საზღვრიდან რეპორტაჟი მოამზადა, რომელიც ბომბივით გასკდა მოსახლეობაში და ადამიანები კიდევ უფრო მეტმა პანიკამ მოიცვა. ამ რეპორტაჟის ავტორმა, ფაქტობრივად, ზუსტად მოუთხრო მაყურებელს „ეშმაკის ამონასუნთქის“ გატაცების ამბავი და სიმონ ბასილელიც დაასახელა. მისი მეუღლეც ახსენა და არც მათი ტყუპი ქალიშვილები გამორჩენია. ამ რეპორტაჟში უჩვენეს ბასილელის საცხოვრებელი სახლი. ალაპარაკეს მისი მეზობლები და მეგობრები. ასევე ბასილელის მეუღლის, მზია ქანთარიას თანამშრომლები. ყველანი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ბასილელი და მისი მეუღლე სანიმუშო ადამიანები იყვნენ. ჰქონდათ ბრწყინვალე ოჯახი და რომ მათ არ სჯერათ მათი ტერორისტობა. ამ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ სატელევიზიო კომენტარი გააკეთა თავად უშიშროების მინისტრმა და თქვა: თბილისში ერთი ინციდენტი მოხდა, რომლის მოგვარებაშიც ჩვენი ამერიკელი კოლეგები აქტიურად არიან ჩართულები და გამოძიება მიმდინარეობს. დეტალებისგან კი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ. თუმცა, დრო რომ მოვა, ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთო. გურამის ამ გამოსვლამ უფრო მეტად ააფორიაქა მშვიდობიანი მოქალაქეები, მთავრობის პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ ერთობლივად მოსთხოვეს ქვეყნის დაბნეულ მმართველებს, სიმართლე ეთქვათ. ისინი კი უფრო მეტად დაიბნენ და არ იცოდნენ, რა ეღონათ. ამერიკის მთავრობის ნებართვას ელოდებოდნენ. მათ კი, თავიანთ კოლეგებს კატეგორიულად აუკრძალეს ამის გაკეთება. ამ საქმის კოორდინატორი ამერიკელი დესპანი იყო, რომელიც ფაქტობრივად, მართავდა კიდეც სიტუაციას და ცენზურასაც ის განსაზღვრავდა. ხოლო, როდესაც დესპანმა კერძო ტელეკომპანიის რეპორტაჟი მოისმინა, უკიდურესად გამწარდა. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ გავლენიან პირს დაურეკა, სასტიკად გამოლანძღა და ბოლოს დამტვრეული ქართულით უთხრა: ორი ბატიც კი არ მოგებარებათ, არამც თუ სახელმწიფო საიდუმლოებაო... ქართველმა ფუნქციონერმა ეს შეურაცხყოფა ჩაყლაპა – დადუმებულმა მოისმინა, თუ როგორ შეიგინა დესპანმა მშობლიურ ენაზე და ტელეფონის ყურმილი დაახეთქა. გამწარებულმა ქართველმა ფუნქციონერმა მაშინვე დაურეკა უშიშროების მინისტრს და უთხრა:
– ბატონო გურამ, როგორ მოხდა, რომ ლაბორატორიის საიდუმლო ისტორიამ კერძო ტელეკომპანიაში გაჟონა. ამ წუთას ამერიკის დესპანმა დამირეკა და საკმაოდ განაწყენებულმა მისაყვედურა.
– რამეში მდებთ ბრალს, ბატონო ჩემო? – კითხვითვე უპასუხა ოპონენტს წვერიანმა მინისტრმა და გულში გაეცინა, რადგან კარგად იცოდა ამერიკელი დესპანის ხასიათი და დარწმუნებული იყო, რომ საყვედურს კი არ ეტყოდა, უშვერი სიტყვებით მიაყენებდა შეურაცხყოფას.
– არა, ბრალს კი არაფერში გდებთ, ბატონო გურამ, – ენა დაება ოპონენტს, – უბრალოდ, საქმის კურსში გაყენებთ, რომ ჩვენი მეგობრები შეწუხებულები არიან ამ ამბით.
– გასაგებია, ბატონო ჩემო, არანაკლებ შეწუხებულები ვართ მე და ჩემი კოლეგები, მათ შორის ამერიკელებიც. ხოლო, რაც შეეხება ინფორმაციის გაჟონვას, კარგად მოგეხსენებათ, რომ ის, რაც იცის ორმა, იცის მთელმა ქვეყანამ. ხოლო ეს ისტორია ერთბაშად ასმა კაცმა გაიგო და სულაც არაა გასაკვირი, რომ ინფორმაციამ გაჟონა.
– კეთილი. ნახვამდის, – თქვა მთავრობის ფუნქციონერმა და ყურმილი დაკიდა.
გურამს კი ჩაეცინა. შემდეგ თავისი კაბინეტი შეათვალიერა და რადგან იცოდა, რომ უსმენდნენ, გულში გაიფიქრა, – „ესეც ასე, აფორიაქდნენ...“
გაგრძელება შემდეგ ნომერში