№29 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-28(915)
– ერთხელ სადღაც წავიკითხე, ქალი კატასავით არის, ვინც მეტად მოეფერება, იმისი ხდებაო. ამაშიც არის სიმართლე, მაგრამ, მე დავამატებდი: ქალი ძაღლივით არის – ყნოსვით თუ კანით გრძნობს, უყვარს თუ არა კაცს, მით უმეტეს – ქმარს. თუ იგრძნო, უფრო სწორად, თუ დარწმუნდა, რომ ქმარს არ უყვარს, თავიდან არ იჯერებს ამას, მერე – ვერ იჯერებს, მაგრამ, როცა საბოლოოდ რწმუნდება ამაში, თვითონაც ნელ-ნელა სძულდება და, რაც დრო გადის, ეს სიძულვილი სულ უფრო უკიდეგანო ხდება. ბოლოს კი, ასეთი ქალი, ანუ თავისი სათაყვანებელი რჩეულისგან უარყოფილი, გულნატკენი და ნაწყენი ქალი, ხდება გულცივი, უგრძნობი, მამაკაცების მოძულე და, მზად არის, ყველას აზღვევინოს თავისი ტკივილი.
– ნუ მაშინებ, გთხოვ... – ჩაიჩურჩულა იაკომ და ირმას ჩაეხუტა.
– მაცადე, – ირმამ ფრთხილად მოიშორა და, თავის წინ დასვა და განაგრძო: – ან ახლა გაგეხსნები ბოლომდე, ან არასდროს აღარ ამოვიღებ ხმას ამ თემაზე და მერე არ მისაყვედურო.
– კარგი, გისმენ, – ისევ ჩურჩულით უთხრა იაკომ და სმენად იქცა.
– მოკლედ, მე ქვრივი ვიყავი ცოცხალი ქმრის ხელში. რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს პირად ცხოვრებაში – კარგი ან ცუდი, სამსახურში ან ქუჩაში, ჯანმრთელობის თუ სხვა თემასთან დაკავშირებით, ყველაფერი მარტოს უნდა გადამეტანა. ერთ მაგალითს გეტყვი: ერთხელ რაღაცით ისე მოვიწამლე, კინაღამ მოვკვდი. სახლში მარტო ვიყავი. კიდევ კარგი, კარი არ მქონდა ჩაკეტილი და მობილურიც გვერდზე მედო. ძლივს მოვახერხე სასწრაფოს გამოძახება. ექიმები რომ მოვიდნენ, გული მაშინ წამივიდა. არ მახსოვს, როგორ მომასულიერეს. საშიშროება აღარ მემუქრებოდა, მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობდი თავს. ექიმი დანიშნულებას რომ მიწერდა, მაშინ შემოვიდა ლევანი. თეთრხალათიანები რომ დაინახა, შუბლი შეიჭმუხნა და ცივად იკითხა, რა ხდებაო. ექიმმა უთხრა, მოიწამლა და სულზე მოვუსწარითო. ჩემი ქმრის მთელი რეაქცია ის იყო, რომ უკმაყოფილო ფრუტუნით გავიდა საწოლ ოთახში (რადგან ვერ წამოვხტი და ვერ მოვემსახურე), დაწვა და დაიძინა. არც ექიმების წასვლა გაუგია და არც გაღვიძების შემდეგ უკითხავს ჩემი მდგომარეობა.
ერთხელ კიდევ, მაშინ სხვაგან ვმუშაობდი, ერთმა თანამშრომელმა კაცმა, რომელიც ჩემი დედამთილის ყოფილი მეზობელი იყო და მასზე რაღაც ბოღმა ჰქონდა ჩარჩენილი, როცა გაიგო, რომ მისი რძალი ვიყავი, უკანასკნელი სიტყვებით მაგინა სამსახურში. ისე ცუდად გავხდი, სახლში გოგოებმა მომიყვანეს და ლევანს ყველაფერი უამბეს. ამ შემთხვევაში უფრო „აქტიური“ რეაქცია ჰქონდა: მერე მე რა ვქნა, მოვკლა და ციხეში წავიდე ამის (ანუ ჩემი) გულისთვისო?! ერთი სიტყვით, ქმრის სახით არასდროს მყოლია საყრდენი, ზურგი, იმედი, დამცველი, აღარაფერს ვამბობ ყურადღებასა და განებივრებაზე. მუდამ ელემენტარული თანაგრძნობისა და თანადგომის მოლოდინში ვიყავი, მაგრამ, ისე წამოვედი მისგან, მოლოდინი მოლოდინად დარჩა...
– მერე, რატომ ითმენდი ამ საშინელებებს, მაზოხისტი ხარ? – აღშფოთდა გაგონილით გაოგნებული იაკო.
– არა, უბრალოდ, ასე ვარ აღზრდილი. მაგრამ, ის, რაც გიამბე, ყველაფერი არ არის. ყოველივე ამას ემატებოდა კიდევ ერთი, მთავარი საშინელება... ირმამ თვალები დახარა და კარგა ხანს დუმდა, თითქოს ორჭოფობდა, გაემხილა თუ არა თავისი საკრალური საიდუმლო. იაკო მიუხვდა და ხმა არ ამოუღია, ჩათვალა, რომ ირმას თვითონ უნდა გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. წუთი წუთს მისდევდა და დები ხმას არ იღებდნენ. ბოლოს ისევ იაკომ დაარღვია დუმილი, რადგან ვეღარ გაუძლო დის ტანჯვას.
– კარგი, აღარ გვინდა ამ თემის განხილვა. სხვა დროს მითხარი, როცა ამის განწყობაზე იქნები.
– სხვა დრო აღარ იქნება-მეთქი. მოკლედ, მთავარი საშინელება იყო ჩვენი სექსი, რომელიც ისე იშვიათად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ არც კი მახსოვს, საერთოდ იყო თუ არა – ეს ძირითადად იმ ღამეს ხდებოდა, როცა სახლიდან გაქცეული უკან ვბრუნდებოდი და იქით ვეხვეწებოდი პატიებას და ეს იშვიათი ბედნიერებაც იმდენად იყო სრულფასოვანი, რამდენადაც ლევანს თავისი გაიშვიათებული პოტენცია აძლევდა საშუალებას... – ირმამ ძლივს მოუყარა სათქმელს თავი და ცრემლი მუშტით მოიწმინდა.
– ანუ... ანუ კაცობა არ ჰქონდა?
– შეიძლება ითქვას, ხანდახან ჰქონდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი. მერე, საკმაოდ გვიან, რომ მივხვდი და ვუთხარი, ექიმთან წავიდეთ-მეთქი, ისტერიკაში ჩავარდა, მუხლებზე დაეცა ჩემ წინ და, მთხოვა, არავისთვის გამემხილა ეს საიდუმლო, თორემ თავს მოიკლავდა და მე ვიქნებოდი ამის მიზეზი. მეც, რა თქმა უნდა, შევპირდი, ხატზე დავიფიცე, რომ ეს საიდუმლო ჩვენი საწოლი ოთახის იქით არ გავიდოდა და არ დამირღვევია ეს ფიცი. დღეს კი მე უდიდესი ცოდვა ჩავიდინე – სხვისი საიდუმლო გავთქვი და, თანაც, როგორი საიდუმლო... – ირმამ წყალი მოსვა და განაგრძო:
– იმ დაფიცების შემდეგ ლევანი ხაზგასმით კარგად მეპყრობოდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. მეც ისე ვიქცეოდი, ვითომ არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ძალიან კი განვიცადე, მაგრამ, ქმარი მაინც მიყვარდა, თანაც მეცოდებოდა და ვერაფრით მივატოვებდი, ვერ ჩავაგდებდი სასოწარკვეთილებაში, ვერ ვუბიძგებდი სუიციდისკენ. იმიტომაც აღარ წავსულვარ ექიმთან შვილოსნობასთან დაკავშირებით. ის კი არა, ხანდახან იმაშიც კი მეპარება ეჭვი, ისევ ქალიშვილი ხომ არ ვარ...
იაკო ძლივს წამოდგა სავარძლიდან, უჯრიდან კორვალოლის წვეთების ბოთლი ამოიღო, ლამის ნახევარი ჩაასხა წყლიან ჭიქაში და ერთი ყლუპით დალია. მერე ისევ სავარძელში ჩაჯდა და დას უთქმელად მიაჩერდა თვალებში.
– მას მერე დავემშვიდობე შვილზე ოცნებას და არც ბავშვის აყვანაზე მიფიქრია, რადგან ამის ნერვები არ მქონდა, – ეს თემა სამუდამოდ დავხურე. თუმცა, იმ ფიცის დადებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა ლევანს თავის მოკატუნებამ, დანაშაულის შეგრძნებამ თუ გამხელის შიშმა გაუარა, რადგან დარწმუნდა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ გავთქვამდი, ნელ-ნელა ისევ გათამამდა, წამოყელყელავდა მისი პატივმოყვარე ხასიათი და აქეთ დამიწყო დამუნათება – ბერწი ქალი აღმოჩნდი და შენ გამო შვილს ვერ უნდა ვეღირსოო. ისევ ყველაფერს ვყლაპავდი, მაგრამ მაინც ვერ მივდიოდი მისგან, რადგან საშინლად მებრალებოდა ეს საცოდავი, თავისი მდგომარეობით გაბოროტებული ადამიანი. თავისიანებს თითქმის მოძულებული ჰყავდათ – თვეში ერთხელ თუ დაურეკავდნენ – როგორ ხარო და სულ ეს იყო. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი აკითხავდა, ისიც მაშინ, როცა რამე ფული გამოუჩნდებოდა. საბოლოო ჯამში, მისი ერთადერთი მსხვერპლიც და ერთადერთი პატრონიც მე ვიყავი. მაგრამ ვერ დამაფასა, ჩემი დაჩაგვრა მოინდომა და სულ უფრო ცუდად მექცეოდა. სახლში რამდენიმე ღამე რომ არ ბრუნდებოდა, მეგონა, ბოზებში ერთობოდა და ეჭვიანობა შემიპრყობდა ხოლმე. მაგრამ, სულ რამდენიმე თვის წინ, სამსახურიდან ადრე წამოვედი სახლში და დავინახე, როგორ შევიდა ჩვენს სადარბაზოში ვიღაც კურტუმგაბზეკილ ბიჭთან ერთად წელზე ხელმოხვეული. სიმართლე გითხრა, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეჭვი რომ ამეკვიატა, ვეღარ მოვიშორე და პირდაპირ ვუთხარი, დაგინახე-მეთქი. უკანასკნელი სიტყვებით მაგინა და სახეში გამარტყა კიდეც – ასეთი რამ როგორ იფიქრე ჩემზეო. გამოგიტყდები, რომ გამიხარდა მისი ასეთი რეაქცია – ეტყობა, მომეჩვენა-მეთქი და ამ მხრივ შედარებით დავმშვიდდი. მერე ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა: ჩხუბი, გინება, ხელით შეხება, დაცინვა, ყვედრება... ერთი სიტყვით „გაღმაშეედავეს“ პრინციპი ჰქონდა.
– მერე? – ხმის კანკალით ჰკითხა იაკომ და დის თავი გულში ჩაიხუტა.
– მერე არაფერი. ბოლოს, ამ რამდენიმე დღის წინ რომ წამოვედი, უკვე მივხვდი, რომ ჩემი მოთმინების თუ გამძლეობის ფიალა გადაივსო და თავისთვის უნდა მეშველა. სიმართლე გითხრა, გულში მაინც ვიმტყუნებდი თავს – მაგისი ბრალი ხომ არ არის-მეთქი და, ლამის ისევ უკან დაბრუნებას ვაპირებდი, რომ, ჩემი წამოსვლიდან მეორე დღესვე დამირეკა, ისევ გამლანძღა, ისევ მაგინა და დაბრუნება მიბრძანა, მერე კი, უარი რომ მიიღო, დამცინა, მიწასთან გამასწორა და დამემუქრა. ყურმილი რომ გათიშა, სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ჩემი წამოსვლა იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც კი ბოლო წლებში გამიკეთებია. იმ წამიდან აღარ შემცოდებია, არც ახლა მეცოდება, არც სინდისის ქენჯნას აღარ განვიცდი. ერთადერთი, რაც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მეც მინდა დავიწყო პირადი ცხოვრება და შევიგრძნო ქალური ბედნიერება. უკვე ორი დღეა, აღარ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას – თუ ასე ვერ მიტანს, რატომ არ მეყრება-მეთქი. მივხვდი, რომ თავისებურად ვუყვარვარ კიდეც, თან, ნელი მოქმედების ბომბივით ეშინია ჩემი და, ჩანს, ეს შიში და ჩემი დამცირება ერთად, განაცდევინებს რაღაც ავადმყოფურ ორგაზმს – სწორედ ეს უნდა იყოს ჩემი შენარჩუნების მცდელობის მიზეზი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც ასე მგონია... – ირმამ თავი ასწია და დას ნაღვლიანი ღიმილით შეხედა: – აი, სულ ეს იყო. მართალია, ფიცი გავტეხე, მაგრამ ახლა ყველასა და ყველაფრისგან თავისუფალი ვარ, რაც ჩემს საშინელ წარსულთან მაკავშირებდა. ხვალიდან სულ სხვა ქალი ვხდები, თუმცა, სიმართლე გითხრა, აღარ ვიცი, რამდენად სანდო იქნება ის ქალი...
– სანდო – ვისთვის? – ვერ მიხვდა იაკო.
– მამაკაცებისთვის, – რაღაც უსიამოდ ჩაიცინა ირმამ.
– რატომ? – იაკო ვეღარ ცნობდა თავის სათნო და მიმტევებელ დას.
– იმიტომ, რომ მე ახლა ის ქალი ვარ, რომელსაც დაუმსახურებლად და არაერთხელ ატკინეს გული. ასეთი რამ კი უკვალოდ არ ქრება.
– კარგი, აღარ გვინდა მძიმე თემები, – შეეხვეწა იაკო, – მოდი, ახლავე წავიდეთ ჩემთან და ტანსაცმელი შევარჩიოთ.
– ძალიან გვიანი რომაა? – გაეცინა ირმას.
– მერე რა, ჩვენ ხომ სტუმრად არ მივდივართ. მე შენ ჩემთან დაგაძინებ, ხვალ დილით კი კარგად გამოგპრანჭავ და ისე გაგიშვებ პაემანზე.
– კარგი, წავიდეთ, – მოულოდნელად გახალისდა ირმა, – დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ.
***
ირმა ერთი საათით ადრე გავიდა დის სახლიდან. იაკოს ჯინსის შარვალში, მაისურსა და ულამაზეს შარფში ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. ზომიერი მაკიაჟი და დის მიერ ფენით გაკეთებული სადა ვარცხნილობა მართლაც ძალიან უხდებოდა. იმდენად კარგად გრძნობდა თავს, სიარულზეც კი ეტყობოდა. „აშკარად კარგად გამოვიყურები, – გაიფიქრა კმაყოფილმა, – ყველა ღიმილით მაყოლებს თვალს, ქალიც და კაციც“.
ერთი-ორი გაჩერება ფეხით გაიარა. კაფემდე დაახლოებით სამი გაჩერება რჩებოდა, დათქმულ დრომდე კი – ნახევარ საათზე ცოტა მეტი. ტაქსის გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, – ხუთ წუთში ადგილზე იქნებოდა და თითქმის ნახევარი საათი მოუწევდა ლოდინი, რაც კატეგორიულად უარყო – ქალი კაცს არ უნდა დაელოდოს, თანაც – პირველ პაემანზე, ფეხით სიარული დაეზარა, ამიტომ პირველივე ავტობუსში ავიდა.
„ნეტა ურთიერთობაში როგორია? თქვენობით უნდა მივმართო? მისვლისას უნდა ვაკოცო თუ დამშვიდობებისას? სახლში რომ დამპატიჟოს, როგორ უნდა მოვიქცე?“ – ერთმანეთს გადაება პასუხგაუცემელი კითხვები, მერე ამ კითხვებიდან ერთ-ერთი დაუტრიალდა გონებაში – ის, რომელიც კოცნას შეეხებოდა და იმ თინეიჯერი გოგოსავით გაწითლდა, დედამ რომ გამოიჭირა თანაკლასელ ბიჭთან კოცნაობისას. ამ შეგრძნებამ ღიმილი მოჰგვარა და, უნებურად, თავისი პირველი და გათხოვებამდე უკანასკნელი კოცნა გაახსენდა: მაშინ სტუდენტი იყო, თანაკურსელის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ უახლოესი მეგობრები. მათ შორის უჩაც იყო... „ღმერთო ჩემო, ასი წელია, მისი არსებობა აღარ გამხსენებია და ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ ამომიტივტივდა გონებაში მისი სახელი. ნეტავი, ხომ კარგად არის? – გაიფიქრა შეშფოთებით და ისევ იმ პირველ კოცნას „დაუბრუნდა“: აშკარად იცოდა უჩამ, რომ ირმას დანახვისთანავე შეუყვარდა, მაგრამ არ იმჩნევდა, ძმაკაცური „ეჭირა“. იმ საღამოს კი ყველამ დალია, ყველამ იცეკვა და ერთ-ერთი ცეკვის დროს უჩამ მოულოდნელად აკოცა ტუჩებში. ირმა ისე დააბნია ამ კოცნამ, რომ რამდენიმე წუთს ვერც თვალები გაახილა და ვერც ტუჩები მოკუმა, რადგან ისევ გრძნობდა უჩას შეხებას. ამ პოზაში ირწეოდა ინერციით – ეგონა, სიზმარი იყო ეს ყველაფერი და თვალის გახელის და გამოფხიზლების ეშინოდა. ისევ უჩა დაეხმარა – ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა: „მინდა გულწრფელი და პატიოსანი ვიყო შენთან, რომ მერე გაუგებრობა, წყენა და ამისთანები არ მოხდეს. პირდაპირ გეტყვი – შენნაირი გოგოები არ მომწონს და ამიტომ ვერც შეგიყვარებ, მაგრამ რამდენიმე კვირას სიამოვნებით გავატარებდი შენთან. თუ თანახმა ხარ, გადმოდი ჩემთან ცოტა ხნით – ასეთი საქმეებისთვის ერთოთახიანი ბინა მაქვს დაქირავებული და ვერავინ მოგვაგნებს. როცა ერთმანეთი მოგვბეზრდება, მშვიდობიანად დავშორდეთ, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. მოსულა?“
ირმა ისე გააოგნა ამ სიტყვებმა, ისე გააქვავა ასეთმა შეურაცხყოფამ, რომ კარგა ხანს ხმა ვეღარ ამოიღო, მერე კი რამდენიმეწუთიანი გაშეშების შემდეგ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა, ხმის კანკალით უთხრა:
– მე სხვა მიყვარს...
– მერე რა, გიყვარდეს, ვინ გართმევს, მე ხომ შეყვარებას არ გთხოვ, უბრალოდ, ცოტა გავერთოთ-მეთქი, – აშკარად გააკვირვა ასეთმა პასუხმა გოგოებისგან გატუტუცებულინარცისი.
ირმამ ხელი გააშვებინა – უკაცრავად, ერთი წუთით გავალო – და სულ წავიდა იმ დაბადების დღიდან. ერთი კი მიაძახა უჩამ – ჩემგან ასეთი შეთავაზების მოსაპოვებლად გოგოები ერთმანეთს ყელს სჭრიანო, მაგრამ ირმა აღარ მობრუნებულა. იმ დღიდან არ უნახავს უჩა, სულ ცდილობდა, იქ არ მისულიყო, სადაც ის იქნებოდა. ისე ძალიან უყვარდა, რომ აღარ უნდოდა, კიდევ ერთხელ გაწბილებულიყო მისი საქციელით და ამიტომ თავი აიძულა, ნელ-ნელა დაევიწყებინა. კარგა ხანს მის შესახებ არავისთვის არაფერი უკითხავს, მაგრამ პერიოდულად ირმამდე მაინც მოდიოდა ინფორმაცია, როგორც ქალებთან, ისე შარიან თავგადასავლებთან დაკავშირებით: რამდენჯერმე იჩხუბა საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ქალების გამო და, თურმე, მერე ამტკიცებდა, რა მნიშვნელობა აქვს მის სტატუსს, ქალი ქალია და, კაცი თუ ხარ, ის ყოველთვის უნდა დაიცვაო. ირმა ასეთ რამეს რომ გაიგებდა, უჩას პიროვნება ისევ რომანტიკულ-რაინდული შარავანდედით იმოსებოდა ხოლმე და ისე ეტრფოდა შორიდან, როგორც შუა საუკუნეების რომელიმე ჰეროიკული ეპოსის გმირს, რომელმაც გველეშაპი დაამარცხა და კაცობრიობა გადაარჩინა. მაგრამ ეს გრძნობა მაინც ვირტუალური იყო და ირმას არასდროს შეჰქმნია ილუზია, რომ უჩას ის ოდესმე გაახსენდებოდა, მოენატრებოდა, მოძებნიდა და ხელსა და გულს შესთავაზებდა.
რატომ შეუყვარდა უჩა, თვითონაც არ იცოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მოუძებნა ახსნა თავის გრძნობას – ბიჭის წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათი და ცხოვრების წესი ხდიდა მის პიროვნებას ასეთ ორიგინალურსა და განუმეორებელს, თორემ, ზოგადად, ბავშვობიდან ვერ იტანდა მამიკოს ფულებით გაზულუქებულ და „თავში ავარდნილ“ ტიპებს, მით უფრო, ჯერ დედიკოსგან და მერე კი „ტიპშა“ გოგოებისგან განებივრებულ „კრასავჩიკებს“, მთელ დედამიწას რომ აყვედრიდნენ თავიანთ გაჩენას. ასეთებს ვერ იტანდა, მაგრამ უჩა მაინც შეუყვარდა, თანაც მაშინვე – უმიზეზოდ, უპირობოდ, უსაბაბოდ; შეუყვარდა და მორჩა, თუმცა, თავიდანვე იცოდა, რომ ეს სიყვარული დასაბამიდანვე იყო ცალმხრივობისთვის განწირული. ამიტომ, როგორც ჭკვიანმა ქალმა, ირმამ გადაწყვიტა, თავისი ეგრეთ წოდებული „სასიყვარულო ენერგია“ სხვა რამეში „დაებანდებინა“ და თავით გადაეშვა სწავლაში, რამაც მართლაც უშველა. წლების შემდეგ ვიღაც საერთო ნაცნობი შეხვდა ქუჩაში და მისგან გაიგო, რომ უჩას ერთი ძალიან ცნობილი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის მქონე „ნაშა“ შეურთავს ცოლად; უფრო სწორად, იმ „ნაშამ“ აიძულა, რომ შეერთო, ანუ, როგორც შინაურ საუბარში ამბობენ ხოლმე, „შეეტენა“. მას მერე არც არავინ შეხვედრია უჩას ნაცნობებიდან და არც აღარაფერი გაუგია თავისი პირველი და უკანასკნელი ნამდვილი სიყვარულის შესახებ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში