№29 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლობა დონორობას?
პასუხი: მოგეხსენებათ, სხვადასხვა სექტანტები ეწინააღმდეგებიან დონორობას – სისხლის გადასხმას. თუმცა, სინამდვილეში, დონორობა კეთილი საქმეა, როდესაც მას მოყვასის სიყვარულით ვიქმთ.
კითხვა: მე წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილი ჩემებურად მესმის. ზოგჯერ დავაც კი მომსვლია მორწმუნე მრევლში მათი განმარტებების დროს. როგორ გავიგოთ ბიბლია მართებულად?
პასუხი: როგორც ეგნატე ბრიანჩანინოვი შეგვაგონებს: „ნუ გაკადნიერდები, თავად განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. სულიწმიდა განმარტავს მათ წმიდა მამების მეოხებით: ხოლო ღვთის სიტყვა, სიტყვა ხსნისა, კადნიერი განმმარტებლისთვის იქცევა მომაკვდინებლად, ორლესულ მახვილად, რითაც ისინი განიგმირავენ თავს მარადიული დაღუპვისთვის“. ამიტომ წმიდა წერილის განმარტებისთვის წმიდა მამათა თხზულებებს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ხშირად ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანს ვერ ვეხმარები და შემდეგ ამაზე ძალიან ვდარდობ. თუ არსებობს მოწყალების გაღების რაიმე წესი?
პასუხი: შემოსავალს ადამიანს უფალი აძლევს და გაცემულ სიკეთეს სიკეთითვე უბრუნებს. ასე რომ, თუ სამოწყალო თანხა ყოველთვის გადადებული გექნებათ, თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, მოგემატებათ. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ გაიღოს მოწყალება – ზოგმა თანხით, ზოგმა – რაიმე სხვა სიკეთით. ვისაც არ აქვს სამოწყალო თანხა, შეუძლია, ღვთისთვის სათნო სხვა საქციელით გაიღოს მოწყალება. თუ ფული არ გაქვთ, მშვიდად ჩაუარეთ მათხოვრებს და დალოცეთ ისინი – ღმერთმა გიშველოთო.
კითხვა: ხშირად უნდა ვიკითხოთ თუ არა „ფსალმუნები“?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. წმიდა მამათა გადმოცემით: ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით სული ცოდვებისგან განიწმინდება. ასე რომ, ხშირად იკითხეთ „ფსალმუნები“.
კითხვა: რა უმთავრესი მოვალეობა გვაკისრია გარდაცვლილთა მიმართ?
პასუხი: ჩვენი უმთავრესი მოვალეობა გარდაცვლილთა სულის საცხონებლად არის ლოცვა. ასევე, მოწყალების გაღება ღარიბ-ღატაკთათვის, გარდაცვლილთა მოხსენიება და პანაშვიდის გადახდა ეკლესიაში მათ სახელზე.