№29 სულიერი ზრდა
მშობლები სიხარულით უმზერენ თავიანთ ჩვილს, რომელიც პირველად ცდილობს დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე ნაბიჯის გადადგმას. ჩვილი ბარბაცებს, წონასწორობას კარგავს, ეცემა.... მაგრამ არ ნებდება! მას აყენებენ, კვლავ წინ მიიწევს, ღიმილითა და სიხარულიანი ჭყლოპინით გამოხატავს თავის აღტაცებას.
მშობლები ბედნიერნი არიან! ისინი იღიმებიან, ხარობენ, რომ მათი შვილი სიარულს იწყებს – ეს ბავშვის ნორმალური განვითარების, მისი ზრდის ნიშანია.
ზოგჯერ მაქვს სასიხარულო წუთები, როდესაც საკუთარ სულიერ შვილებზე დაკვირვებისას მათში ძალების ნორმალურ განვითარებასა და ზრდას ვხედავ.
მაგრამ მყავს სხვა, ეგრეთ წოდებული, ჯუჯა-შვილები, რომლებიც მრავალი წელია, ერთსა და იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან... სულიერი ზრდით ისინი ჩვილები აღარ არიან, დიდი ხანია, ამ ასაკიდან გამოვიდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნები ჩვილის მსგავსი რჩება. სურთ, რომ სულიერმა მამამ, რაც შეიძლება, მეტი დრო გამოუყოს მათ; რომ მან, როგორც იტყვიან, ხელში ატაროს, იავნანა უმღეროს, თავზე ხელი გადაუსვას, არასოდეს დასაჯოს, მკაცრად არ მოეპყრას, მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგო არაფერი უთხრას...
საკმარისია, რომელიმე მათგანი ფეხზე მყარად დააყენო და უთხრა: „ახლა თავად იარე... მარტო, ჩემ გარეშე... ერთი ნაბიჯი მაინც გადადგი! თავადაც მოგეწონება!“ მაშინ ნახავთ! ისეთ ყვირილს ატეხს!
– სუსტი, უძლური ვარ... შევბარბაცდები, დავიმტვრევი... ხელში აყვანილი უსაფრთხოდ ვარ! ილოცე ჩემთვის, მამაო, კეთილი საქმეები კი არ მომთხოვო, მე ხომ პატარა ვარ! სათნოებები არ მაქვს – ნუ ეძიებ, როდის უნდა მომეპოვებინა ისინი? მე ხომ ჩვილი ვარ!
რაღა ითქმის! ზოგიერთს სულიერ ცხოვრებაში გაჭაღარავებამდე „ჩვილად“ დარჩენა მოსწონს. არ სურთ, საკუთარ თავზე მუშაობა ეზარებათ; ძნელი წარმოსადგენია, რისი იმედი აქვთ. ალბათ, იმედოვნებენ, რომ იმქვეყნადაც ხელში აყვანილს ატარებენ... სურვილი მიჩნდება, ვუთხრა:
– არა, სულიერო შვილებო, ზარმაცნო და უდებნო! ღვთის სამსჯავროს ვერ გაექცევით! ყველაფერი მოგეცათ, რაც ცხონებისთვისაა საჭირო.
გამოფხიზლდით სიზარმაცისა და უდებებისგან! უთხარით ბოროტ ძალას: „შენს ეშმაკობასა და მზაკვრობას არ წამოვეგებით. არ გვსურს გაუნძრევლად წოლა, როგორც ლოკოკინა ნიჟარაში. გვსურს, ღვთის შეწევნით, წინ მივიწევდეთ ცხონების გზაზე, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ეს!“
თავმდაბლობის გზაზე დამდგარი საკუთარი თავისადმი მტრულად უნდა იყოს განწყობილი, თავი (უფრო სწორად, საკუთარი მეობა) უნდა მოიძულოს; სულში დაუნდობლად ჯვარს უნდა აცვამდეს და ამათრახებდეს თავს.
მაგალითად, უხამსობა გაგიკეთეს ანდა ცილი დაგწამეს. ასეთი განსაცდელის გადატანა ძალზე ძნელია. ზოგჯერ თავის გასამართლებლად რამდენიმე სიტყვაც საკმარისია. მაგრამ ამას ნუ გააკეთებ. დაითმინე, თავს ნუ იმართლებ და ცხადად იხილავ, როცა იშვება მოთმინებიდან თავმდაბლობა, თავმდაბლობიდან კი – ქრისტესმიერი სიყვარული.
საკუთარი თავი დაუნდობლად ამოთხარე და აყვედრე. სულს მიმართე: „საკუთარი საქმეების ნაყოფი მოიმკე. როგორც უწინ, აშკარად თუ იდუმალ ექცეოდი სხვებს, სწორედ ისე გექცევიან ახლა შენ. ახლა დაითმინე და ღმერთს ჰმადლობდე, რომ შესაძლებლობა მოგეცა. საკუთარი ცოდვების გამო სინანულის ნაყოფი მოიტანო“.
პატარა მაგალითი განვიხილოთ. ვთქვათ, ადამიანი ცრემლებამდე გაანაწყენეს. მან წყენა მაკურნებელი აბივით გადაყლაპა, ილოცა თავისი ექიმებისთვის (მტრები), რათა უფალმა მას ცილისწამებისა და უხეშობისთვის სანაცვლო არ მიაგოს, არამედ ნებისმიერი გზით აცხოვნოს ისინი. გამნაწყენებლები გაღიზიანებულნი, მადლის გარეშე გულდამძიმებულნი წავიდნენ. წყენის დამთმენი კი მშვიდი და წყნარია...
არც თავად მან, არც სხვამ არ უწყიან, რა ხდება მათ თავს ამ მომენტში. სინამდვილეში კი ხდება რაღაც დიადი და იდუმალი. მადლი ყველაზე ნაზი და მოყვარული დედასავით აჯილდოებს ადამიანს საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის და გამოუთქმელი სიხარულით, მშვიდობითა და სიმშვიდით ანუგეშებს. როგორც სითბოს მოქმედებისგან წიწილა იდუმალ ყალიბდება თავის ნაჭუჭში, ასევე ღვთაებრივი მადლის სითბოს მოქმედებისგან ყალიბდება ახალი, სულიერი ადამიანი ყველასგან ფარულად, სხეულებრივი საფარველის შიგნით.
მადლის იდუმალი ქმედება არც დღისით წყდება და არც ღამით. მას თითქოს ხელჩაჭიდებული მიჰყავს თავისი რჩეული ცხონების გზაზე. ამრიგად, ადამიანის სულში სულიერი წრებრუნვა იწყება.
რაც მეტად ატანს ადამიანი თავს ძალას, მით მეტ ნებისყოფასა და ენერგიას ამჟღავნებს და ხარჯავს ის საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის, თავად მით მეტ ძალასა და ენერგიას იძენს და იღებს ღვთისგან; ასე რომ, შემდგომში ბრძოლა სულ უფრო მეტად უმსუბუქდება. ადამიანში ძალა, ნათელი, სითბო (სიყვარული), ენერგია გროვდება, მატულობს. ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საზომებამდე იზრდება. შინაგანი ადამიანი გიგანტურ ზომებამდე იზრდება და ამ მომენტში ნაჭუჭი (საიდუმლო) ირღვევა...
აი, მოკლე გაგება ადამიანის სულიერ ზრდაზე. ვისაც ძალუძს დატევნად, დაიტიოს!..
სქემიღუმენი საბა