№29 როდის ეშინიათ კაცებს ქალური ინტრიგების და რა აფრთხობთ მათ ყველაზე მეტად
რეალობაა ის, რომ ქალებს ინტრიგების დიდოსტატებად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებაში ნამდვილად დევს სიმართლის მარცვალი. თუმცა, ეს ყველა ქალზე არ ვრცელდება, რა თქმა უნდა. მაგრამ კაცები, რატომღაც, განაზოგადებენ ხოლმე. ანუ, ყველა ქალს ინტრიგების ხლართვაში სდებენ ბრალს, რაც ურთიერთობას ხელს უშლის, პარტნიორებს აკომპლექსებს და უკარგავს საკუთარი თავის რწმენას. ადამიანისადმი უნდობლობა, მით უფრო იმისგან, ვინც გიყვარს, შემდგომში ცუდად აისახება პიროვნებაზე. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს „ფობია“ ქალური ინტრიგების მიმართ მამაკაცებს დედებისგან აქვთ, რაც აღზრდაში დაშვებული შეცდომების ბრალია.
მაკა (31 წლის): სიტყვა ინტრიგა ჩემთვის სულ სხვა შინაარსის მქონე იყო, სანამ ის ჩემთვის ხელშესახები გახდებოდა. ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და ვერც ვიგებდი, რატომ აფრთხობდათ მამაკაცებს ყბადაღებული „ქალური ინტრიგები“.
– ოჯახში ხედავთ ქალური ინტრიგების მაგალითებს? დედ-მამას ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება?
– ვერ ვიტყვი, რომ დედაჩემი ინტრიგების ხლართვის დიდოსტატია, თუმცა ძლიერი ქალი ნამდვილად არის და ეტყობა, ჩემს ქვეცნობიერშიც დაილექა უფროსობის სურვილი. ოღონდ ეს ისე არ გამიგოთ, რომ გათხოვებამდე გადაწყვეტილი მქონდა, ქმარზე მებატონა. პირიქით, ყოველთვის პატივს ვცემდი მამაკაცის აზრს. მამაკაცის ავტორიტეტს. მის პირად თავისუფლებას და გადაწყვეტილებებს. დიახ, მე არ ვარ ის ქალი, რომელიც ყველაფერზე თავს იქნევს. ეს ნამდვილად არ შემიძლია. სამწუხაროდ, ჩემმა ქმარმა სხვანაირად აღიქვა ჩემი პიროვნული სიძლიერე.
– თქვენ იმ მოსაზრებას იზიარებთ, რომ კაცებს ძლიერი ქალები არ უყვართ?
– საქმე სიძლიერეში არ არის. ზოგიერთს უყვარს, ზოგიერთს – არა. ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ „კაცები გაურბიან ძლიერ ქალებს“, რომ „თუ ქალი კაცს სიძლიერეს აჩვენებს, აღარ ეყვარება“, „ქალი თუ ძლიერია, კაცი კომპლექსდება“, ერთი სიტყვით, მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა – ინტრიგებთან ქალების ასოცირება ყველაზე მეტად ვნებს ქალისა და კაცის ურთიერთობას. ცუდია, რომ მამაკაცების უმრავლესობას ჩვეულებრივი ფობია აქვს – ეშინია, რომ ქალური ინტრიგების მსხვერპლი გახდება, რომ ქალი მოინდომებს მის გაკონტროლებას.
– ქალები აკონტროლებენ კაცებს. სიტუაციის საკუთარ ხელში აღების სურვილიც აქვთ... ეს რეალობაა.
– შეიძლება, არის რეალობა, მაგრამ გააჩნია, ვისთვის. თუ ადამიანი გიყვარს და ენდობი, რანაირად გაგიჩნდება მისი კონტროლის სურვილი. ეს ხომ აღარაა რეალობა? მე არც ეჭვიანი ვარ, არც ჩაკირკიტებული ცოლი. ჩემი ქმრის ნდობაც მქონდა, მაგრამ, როცა კაცს „ჩახვეული“ აქვს, რომ ქალი აკონტროლებს, იქ უკვე უძლური ხდები.
– რაში გამოიხატება ეს „ჩახვევა“.
– ოჰ, ერთი სიტყვით ამის თქმა ძნელია. შეყვარებულები სანამ ვიყავით, ასე მწვავედ ვერ ვგრძნობდი მის სტერეოტიპულ ჩარჩოში მოქცეულ აზროვნებას. ხომ იცით, რომ ურთიერთობის პირველ ეტაპზე ყველა კაცი ფრთიანი ანგელოზია. პრობლემები ნელ-ნელა დაიწყო. ერთ დღეს ჩემს მეგობარზე და მის ქმარზე ვყვებოდი – განსაკუთრებული არაფერი, უბრალო, ცხოვრებისეულ სიტუაციას განვიხილავდით. უცებ ჩემმა ქმარმა რაღაცნაირად, აგრესიულად შემომხედა და მითხრა: თქვენ, ქალებს – დებს, დედებს, ცოლებს თუ საყვარლებს, ყველას გაქვთ სურვილი, კაცი მართოთ და აკონტროლოთო. გამიკვირდა, იმიტომ რომ სულ რაღაც ორი წლის ცოლ-ქმარი ვიყავით და არ მქონია მისი გაკონტროლების მცდელობა.
– იჩხუბეთ ამის გამო?
– ჩხუბს ვერ დავარქმევ. უფრო ვიკამათეთ. მე აღშფოთებით გავაპროტესტე და ჩემდა გასაოცრად, გაღიზიანდა. უცებ შეიცვალა, თვალებში ისეთი ველური ნაპერწკალი აენთო, შემეშინდა. ვარჩიე, გავჩუმებულიყავი. ამის მერე დაიწყო... დღეს არ ჩააგდებდა, ჩემთვის არ „ეკბინა“ და არ შეეხსენებინა, რომ ქალები ინტრიგების მხლართველი ურჩხულები ვართ... რომ კაცები ძალიან ფხიზლად უნდა იყვნენ, ქალების ინტრიგების ქსელში არ გაიხლართონ. მივხვდი, რომ სერიოზული ფობია ჰქონდა, ოღონდ საიდან და რატომ, ეს ვერ დავადგინე.
– ხომ არ იყო თქვენი მეუღლე კონტროლის ქვეშ?
– როგორ გითხრათ, ჩემი დედამთილი არ ავლენს უზურპატორი ქალის თვისებებს. ნორმალური ქალია. ალბათ, მკაცრი დედა იყო, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია. დედების უმრავლესობა მკაცრია და მომთხოვნი, ისევ შვილების სასიკეთოდ. სხვათა შორის, მე არ შევსწრებივარ ჩემი ქმრის დედამისთან ამ თემაზე საუბარს.
– ანუ?
– ანუ, ჩემი ქმრის სტერეოტიპული აზროვნების „ფესვებს“ ვერ მივაგენი, აზრიც ვერ შევაცვლევინე. პრობლემა ის არის, რომ სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. ჩემი ქმარი არ არის მშვიდად და ეს უკვე ძალიან შესამჩნევია. თითქოს სულ ფიქრობს, რომ მე მის გაკონტროლებას ვცდილობ. შეშინებული მაღაზიაში პროდუქტს ვერ ვყიდულობ თამამად, რომ გადაწყვეტილებების თვითნებურად მიღებაში არ დამდოს ბრალი. ასე ცხოვრება საშინელებაა. ერთია, რომ ეჭვით მიყურებს და ყველა ჩემს სიტყვას „პრიზმაში“ ატარებს. მეორე – ნებისმიერ ქმედებას ჩემი მხრიდან, რომელსაც მზრუნველობას ვარქმევ, კონტროლის მცდელობას ეძახის. შეიძლება, გაგიჟდე. ჩემი ქმრისთვის ყველა ქალი კაცზე „ძალადობის“ მოსურნე არსებაა. რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, რომ საპირისპიროში დავარწმუნო.