№29 როგორ გადაიღო რეზო თაბუკაშვილმა ქართული ბიბლია, რომელსაც სომეხი ავტორის იტალიური კომენტარები და თამარაშვილის აღშფოთებული მინაწერი აქვს
„როდესაც ჩვენგან მიდის ისეთი პიროვნება, როგორიც იყო რეზო თაბუკაშვილი, საზოგადოება ღარიბდება”, – ეს სიტყვები მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის. მართლაც, ეს იყო პიროვნება, მდიდარი სულიერი სამყაროთი, სამშობლოს ბედით დაღდასმული, რომელიც თანდათან თავისი ფილმების გმირებს დაემსგავსა. მან უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. ეს ფილმებია: „კვალი ნათელი“ – მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს რეზო თაბუკაშვილმა იტალიაში 1978 წელს მიაკვლია, ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება და სხვა… მისი ლექსები და თარგმანები 40-იანი წლებიდან იბეჭდებოდა. ავტორია პიესებისა: „რაიკომის მდივანი“, „რას იტყვის ხალხი“, „ედინბურგის ზარი“, „დაბადება“ და სხვა. დაწერა კინოსცენარები: „წარსული ზაფხული“, „ჯვარცმული კუნძული“, „მზე შემოდგომისა“, „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“, ლიბრეტოები ოპერებისათვის: „მინდია“, „ქაჯანა“... მისი ნათარგმნი შექსპირის სონეტები კი, რასაც 30 წელი შეალია, სამუდამოდ შევიდა ქართული მწერლობის საგანძურში.
რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის პრესტიჟულ საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ დიპლომატიურ კარიერაზე უარი თქვა. აი, რას წერდა მასზე დევი სტურუა: „რეზო ბრწყინვალე დიპლომატი იქნებოდა, მაგრამ მან უარი თქვა დიპლომატიურ კარიერაზე... ის ბუნებით შემოქმედი კაცი იყო და ყველაზე ძვირად თავისუფლება უღირდა“. 20 წელი მოანდომა ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე ქართული ბატალიონის გმირული და ტრაგიკული ამბოხების შესწავლას. სწორედ მისი წყალობით მოხდა ქართველი გმირების ზნეობრივი და იურიდიული რეაბილიტაცია. მედეა ჯაფარიძე: „როცა ჰოლანდიაში იყო, იქ დაღუპულ ჩვენს ქართველ ბიჭებზე იღებდა სურათს, უკანასაკნელი კაპიკები გადაიხადა რაღაც დოკუმენტების გაფორმებაში. ერთი კვირა აბსოლუტურად მშიერს უვლია და ერთხელ, ერთ სასადილოსთან, საიდანაც საჭმლის სუნი გამოდიოდა, გული წასვლია, ვიღაც ღვთისნიერ გამვლელს დიაბეტით დაავადებული ჰგონებია და პირში შოკოლადი ჩაუდია... რომელი ერთი შეიძლება გაიხსენო“... ოპერატორი იური ბარამიძე, ვინც მას 12-ივე ქვეყანაში ახლდა, იხსენებს, რომ თითო წასვლა რამდენიმე წლის სიცოცხლედ უჯდებოდა. რეზო თაბუკაშვილი, ძირითადად, თავისი ხარჯით მიდიოდა საზღვარგარეთ. „პარტიზანებივით ვიღებდით. ფული ჩვენ არ გვქონა და გადაღების უფლება. ასეა გადაღებული ყველა ჩვენი ფილმი“... ლაშა თაბუკაშვილის თქმით, ხელისუფლება იდიოტურ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან მამა არაფერს უთანხმებდა. ყველა ფილმი აკრძალულ ადამიანებზე იყო – თამარაშვილზე, თარხნიშვილზე, თაყაიშვილზე, ხარისჭირაშვილზე, კიტა ჩხენკელზე და მრავალ სხვაზე. „ამიტომ ყოველი წასვლის წინ ამბობდა, შეიძლება, ეს ბოლო შანსი იყოსო. როდესაც თან ვახლდი, მეც კი დაბნეული და გაოცებული ვიყავი მისი დიპლომატიური და პიროვნული ნიჭით. იყო უიმედობაც და ბევრი გულისტკივილიც. ერთ კაცს მამამ ხელიც კი გაარტყა იმის გამო, რომ მან უთხრა: აუ, რას დაგრიალებ საზღვარგარეთო. საერთოდ, როცა ასეთ ადამიანთა ცხოვრებას ასახავ, როგორებზეც მამა იღებდა ფილმებს, იქ შენი ხვედრის გაიოლება არ შეიძლება. ამიტომაც ბევრი ამბობდა, რომ მამა უკვე თავისი ფილმების გმირებს დაემსგავსა. თავად ჩრდილში ყოფნას არჩევდა. მისთვის მთავარი საქმის შედეგი იყო...“ ოთახში, სადაც ის მუშაობდა, ჰქონდა იმ ადამიანთა ფოტოები, ვისზეც ფილმებს იღებდა. მათ ბიოგრაფიაში იძირებოდა, მათი ცხოვრებით და ხვედრით
ცხოვრობდა... ბოლოს სურდა, გრიგოლ ფერაძის, გაბრიელ ეპისკოპოსისა და ქეთევან წამებულის ღვაწლის ამსახველი ტრილოგიის გადაღება, მაგრამ ვეღარ
მოასწრო... (წყარო: opentext)
ფარდაგი და ღვთისმშობელი თეთრგვარდიელის ნატყვიარით
1937 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში ერთ-ერთ კოლექციონერთან წააწყდა ფარდაგს… (წყარო: ბურუსი) ფოტო გადაუღო და პარიზში ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნა… ექვთიმემ მისი ისტორიული მნიშვნელობა აცნობა აკაკის… ემიგრანტებმა ფული შეაგროვეს და ფარდაგი 10 000 დოლარად შეიძინეს. ქართველების რელიკვია ხან პაპავების ოჯახში, ხან ბერლინის ბანკში ინახებოდა. ომის პერიოდში, დაბომბვის შემდეგ, საოცარი რამ მოხდა. ბანკი დაინგრა და მთლიანად განადგურდა. მხოლოდ ის საცავი გადარჩა, რომელშიც ფარდაგი ინახებოდა… ამის შემდეგ ეს საკრალური ნივთი პაპავების ოჯახში ხატის ფუნქციას ასრულებდა. ომის შემდეგ არგენტინაში საცხოვრებლად წასულმა პაპავებმა, ეს ნივთიც თან წაიღეს. იკა პაპავა, რეზო თაბუკაშვილის ასისტენტი: „როცა არგენტინაში ჩავედით, აღმოჩნდა, რომ რეზოს მამა, შალვა თაბუკაშვილი, პაპავების სიძის – ლეო ჭეიშვილის მასწავლებელი იყო. ამ ფაქტმაც გადააწყვეტინა მათ, რომ ეს დიდი რელიკვია რეზოსთვის გამოეტანებინათ. სამუზეუმო ნივთი საელჩოში უნდა გაფორმებულიყო. მაშინ არგენტინაში საბჭოთა კავშირის საელჩო იყო. ელჩის მოადგილემ ფარდაგი დაგვატოვებინა და მეორე დღისთვის დაგვიბარა, მეორე დღეს კი გადაწყვეტილება მიიღო – ფარდაგი რაისა გორბაჩოვასთვის უნდა გადაეგზავნა… ამ ფაქტმა რეზო ლამის გააგიჟა. მივარდა ელჩის მოადგილეს და უთხრა – დასაკარგი არაფერი მაქვს. იცოდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩემსას დავიბრუნებ… ყველა გაზეთში დავწერ, როგორ იწყებთ პერესტროიკას”… რეზო თაბუკაშვილმა არა მარტო ფარდაგი, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთი დაუბრუნა საქართველოს… „40 დღე ვმალავდით თამარაშვილის სასახლეს, რომლის გამო მამას ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოუვიდა, იმიტომ, რომ ბარგში ჩაბარება არ აკადრა “… თავიდან იტალიელებს თამარაშვილი რეზო თაბუკაშვილის ნათესავი ეგონათ… უცხო ადამიანზე გაწეულმა ამაგმა ისინი გააკვირვა და აღაფრთოვანა. რეზოს კი ის ეამაყებოდა, რომ სამშობლოს სასიქადულო შვილს უბრუნებდა, რომლის სახელიც საქართველოში ბევრს არ ახსოვდა… ამგვარი საქმეების კეთება ხშირად ტკივილის ფასად უჯდებოდა… ტანჯვით, მალვით და დიპლომატიური გონიერებით უბრუნდებოდა ქვეყანას, თითქმის დაკარგული ნივთები… მერე კი იქმნებოდა ნახევრადლეგალური ფილმები… „მამამ პარიზში ერთ ადგილს მიაგნო, ხიდთან, სადაც ბუკინისტები იყვნენ. მათ ძველი ლურსმული დამწერლობა ეთიოპიური ეგონათ. აქედან გამომდინარე, მათგან კაპიკებში შეიძინა ისეთი ხელნაწერები, რომლებიც სინამდვილეში ათასები ღირდა და, რომელიც ჩვენი ერისთვის შეუფასებელია…“ – ამბობს ლაშა თაბუკაშვილი. თაბუკაშვილების ოჯახში არის უცხოეთიდან ჩამოტანილი ერთი ძალიან ღირებული ნივთი, საგანძური უცხოელი გრაფინიას მემკვიდრეობიდან, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში რეზო თაბუკაშვილს თავად გრაფინიამ აჩუქა… „ნიუ-იორკში 80 წლის გრაფინია გავიცანით, რომელიც ისე მოიხიბლა მისით, რომ ეს კუბისტური ნახატი აჩუქა. ნახატზე ღვთისმშობელია, საფეთქელთან თეთრგვარდიელის ნატყვიარით”…
ფრაგმენტები რეზო თაბუკაშვილის იტალიური დღიურიდან:
* დღეს გადავიღე ვატიკანის „პროპაგანდა ფიდეს“ ბიბლიოთეკის დირექტორი. გადავიღე ქართული ბიბლია მიხეილ თამარაშვილის მეტად საინტერესო მინაწერით (გადავიღე ფოტოფირი და მიმაქვს საქართველოში). ბიბლიას სომეხი ავტორის იტალიური კომენტარები აქვს და თამარაშვილის აღშფოთებული მინაწერი, სწორედ, ამ კომენტარს ეხება.
* გუშინ სასწაულებრივად გადავიღე იტალიის ახალი პრეზიდენტი, მისი გაპრეზიდენტების პირველივე დღეს. ეს ფირი უნიკალურია, რადგან, გარდა ჩემი იურასი, არც ერთი უცხოელი ოპერატორი არ ყოფილა იქ.
* 4.09. ამ წუთას დავბრუნდით ვატიკანიდან მე და იურა. მანქანის გასაღები დაგვეკარგა. და, მე მგონი, ჩვენ გარდა, უცხო ამ დროს ვატიკანში არავინ ყოფილა საერთოდ. შუაღამეა. გადავიღეთ პაპის დასაფლავება. დასაფლავების ოფიციალური გადაღების ნებართვა სათანადო ადგილის გამოყოფით ვერც საელჩომ მოგვიხერხა, ვერც „იტალია-სსრკ-ს“ საზოგადოებამ. მეტად სიმპათიური ხანშიშესული ქალი აღმოჩნდა ვატიკანის სოციალურ საქმეთა მინისტრი და მან გამიკეთა ეს გამონაკლისი. გამონაკლისი იმიტომ, რომ 1) თუ აკრედიტებული არა ხარ, როგორც კორესპონდენტი, ნებართვას არ გაძლევენ, 2)
აკრედიტებულიც რომ იყო, თითო ქვეყანას თითო კორესპონდენტის ნებართვა ეძლევა. მე და იურა, სავსებით არაოფიციალური ორი მოგზაური, ოფიციალურად გაგვაფორმა ქალბატონმა ვიკსმა პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე. ძნელი დღე იყო, მაგრამ მასალა თუ გამოვიდა, ალბათ, საინტერესო
იქნება. რაღაც უცნაური დამთხვევაა, მესამე პაპის დაკრძალვას შევესწარი იტალიაში: 1958 წელს, 1978 წლის ზაფხულს და ახლა, თვე-ნახევრის შემდეგ, ესე იგი. სექტემბერში.
• მოსკოვში ომგადახდილი, დღეს იურასთან ერთად ჩამოვედი პარიზში. დილამდე ვისხედით „რუსთავის“ ანსამბლის ბიჭებთან. დიდი წარმატება აქვთ. ხვალ დილით მიდიან სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. მე და იურა ვიმუშავებთ პარიზში: რამდენიმე ფილმის მასალაა მოსაგროვებელი: 1) თანამედროვე ფრანგულ-ქართული „მოზაიკა“ – ეს ფილმი ფაქტობრივად მზად მაქვს. დასამატებელია ზოგი რამ. 2) ფილმი მარი ბროსესა და თეიმურაზ ბაგრატიონზე – ამ ფილმის ერთი მესამედიც მზადაა. 3) ქართული განძის ოდისეა საფრანგეთში და ექვთიმე თაყაიშვილი – საკმაო მასალა მაქვს ამ ფილმისთვისაც გადაღებული. 4) საბას მოგზაურობა ევროპაში – ამ ფილმს ახლა ვიწყებ აქ და ზაფხულში ლაშასთან და გენოსთან ერთად განვაგრძობ იტალიაში. მინდა, ვიპოვო პარიზელების გადაღებული ავინიონის გასტროლები რუსთაველის თეატრისა. დავაზუსტო, სადაა ფეტვიაშვილის გოგონას გამოფენა (რომელ ქალაქში) და გადავიღო. უკვე ვიპოვე ვიდეოფირი ლუი არაგონის დაკრძალვისა, მაგრამ პრობლემაა – როგორ გადავიტანო კინოფირზე. ტექნიკურად ეს მხოლოდ აქაა შესაძლებელი. მჭირდება ეტლი – ეს რთული საკითხია. ევროპა და ამერიკა (ნიუ-იორკი) სავსეა ეტლებით, მაგრამ პარიზში რატომღაც ეტლების გამოყენება გადავარდა. ეტლი მჭირდება გადაღებისთვის – საბასეული ატმოსფეროს აღსადგენად. მაქვს იმედი, ოთხშაბათს შევხვდე მაიოლის ნაცოლარს თუ ნაშვილებს – (ამის შესახებ სხვადასხვა ვერსიაა), ყოველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ის მაიოლის სრულუფლებიანი მემკვიდრეა. რამბუიეში „შატო“ აქვს გასაოცარი კოლექციით. იქნებ იქაც გადავიღოთ. ეტლებიც ჰყოლია, როგორც შევიტყვე. მისი დედა პროკოფი ინწკირველის ცოლი იყო და ამიტომ პროკოფიც გაგვიწევს დახმარებას. ნინო სალია მძიმედაა. მათი მემკვიდრეობის საკითხი ისევ გაურკვეველია. „ბედი ქართლისა“, ალბათ, მათი არყოფნით დაიხურება – დიდად სამწუხარო ამბავია!
* ახლახან ამერიკაში მოგროვილი მასალა – „ხახულის ხატის საიდუმლო“ და მეექვსე საუკუნის პალესტინურ-სირიული პალიმფსესტი, რომელზედაც მეათე საუკუნის იოანე-ზოსიმეს ქართული ხელნაწერია – ნაწილი შევა „განძის“ ფილმში, ნაწილი – მარი ბროსესთან. ეს პალიმფსესტი პირველად ბროსემ აღწერა 1868 წელს.
„რუსთავის“ ანსამბლის გასტროლების საშუალებით გამოვედით ამჯერად. ტურიზმი, ფეხბურთელები, ანსამბლი, თეატრი, კერძო მიწვევა – აი, ესაა ჩვენი უცხოეთში გასვლის საშუალებები. ჯერჯერობით ბედი მწყალობს და მამა ზეციერი – მოსკოვი ვერ იგებს ჩემი ფილმების არსებობას. ამიტომ თავისუფლებაც მეტი მაქვს და უუფლებობაც მეტი. თავისუფლება „რადგან სცენარს არავის ვუთანხმებ და უუფლებობა“ – რადგან ევროპაში ფილმების გადაღებაზე მონოპოლია არსებობს და მე კი არავითარი ოფიციალური ნება არ მაქვს კინოგადაღებებისა. ყოველმა პოლიციელმა შეიძლება, დაუსვას საბოლოო წერტილი ამ ჩემს აღმა-დაღმა ბოდიალს.
* 19 მარტიდან ერთი ან ორი თვე თბილისში ვიმუშავებ – დავასრულებ პირველ ფრანგულ ფილმს და მოვაწყობ პრემიერას. აპრილის ბოლო კვირაში მედიკოს პოეზიის საღამო უნდა იყოს მოსკოვში – მწერალთა სახლში. მერე ორი-სამი კვირით დავბრუნდები თბილისში და გავემზადებით საიტალიოდ. დაახლოებით 15-20 მაისიდან (მაისის პირველ კვირას, ტრადიციულად, 144 იტალიელი მეყოლება სტუმრად), ერთი თვე მე და ლაშა უნდა ვიყოთ მილან-ვენეცია-ფლორენციაში. რომში გენოც ჩამოვა. რომს რომ მოვილევთ, ნეაპოლში ჩავალთ. გემით პალერმომდე. პალერმოში გადაღებების შემდეგ ისევ ნეაპოლში დავბრუნდებით და იქ ლაშასთვისაც და გენოსთვისაც მოულოდნელად...
* საქმეების სია რომ ჩამოვწერე ამ დილით – შემეშინდა. ჩემს სადღეისო მდგომარეობას ართულებს ერთი მოულოდნელი ამბავი. ისევ „შემთხვევითი იღბალი“: პარიზის მთავარ აუქციონზე, „ახალი დრუო“ რომ ჰქვია, 11 მარტს გაიყიდება ხელნაწერი, რომელიც „ქართული უნდა იყოს თითქოს“. ამ ფორმულირებითაა ის მოხსენიებული აუქციონის კატალოგში, რომელსაც ორი დღის წინ გადავაწყდი, „ისევ შემთხვევით“. ბრჭყალებს იმიტომ ვხმარობ, რომ ხშირად მესმის ჩემ შესახებ – იღბალი აქვს და ყოველთვის შემთხვევით გადააწყდება ხოლმე რაიმე აღმოჩენასო. ამდენი „შემთხვევითობების“ ჯამმა, ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა „კანონზომიერებად“ აღიარების უფლება, მაგრამ ეს ოდნავაც არ მაღელვებს. მე ახლა ჩემი გასაჭირი მყოფნის: 8-ში უნდა წავიდეთ პარიზიდან „ შვეიცარიის ვიზებს, ალბათ, მივაღწევ, ციურიხის გადაღების ჩაშლა კატასტროფა იქნება. არადა, ამ ხელნაწერის ბედი გაურკვეველი შეიძლება დარჩეს. გავიგე აუქციონის ექსპერტის ასავალ-დასავალი და, ალბათ, ხვალ ვეცდები მის ნახვას, რომ როგორმე ხელნაწერი მაჩვენოს წინდაწინ. უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე მის ქართულობაში და თუ ის სერიოზულ ფასეულობას წარმოადგენს მეცნიერულად, რაიმე ღონე უნდა ვიხმარო, რომ 1) გადავიღო, 2) რომელიმე ქართველი, ან ჯგუფი ქართველთა, ან ფრანგი ქართველოლოგები, ან კალე სალია დავაინტერესო ამ ხელნაწერის შეძენით. 3) უკიდურეს შემთხვევაში, გარანტირებული ვიყო, რომ ხელნაწერის მომავალი პატრონის კოორდინატები მექნება. კატალოგში წერია, რომ ხელნაწერს აკრავს სომხური გარეკანი. შიგთავსი ჯერჯერობით ქართულადაა მიჩნეული, წერია, რომ დავით მეფის დროინდელია. რომელი დავითის? ან საიდან იციან? ბოლოში წარწერაა: რუსეთი – XVII-XVIII. რას ნიშნავს ეს? რომ ამ საუკუნეებშია რუსეთიდან გამოტანილი, თუ ამ საუკუნეებითაა დათარიღებული თვითონ ხელნაწერი. ღმერთის წყალობით, ალბათ, მივაღწევ ხელნაწერებამდე და შევიტყობ სინამდვილეს. 7-ში მარი ბროსეს საფლავზე მინდა წავიყვანო „რუსთავის“ ბიჭები და ვაგალობო…