№29 რაში არ ეთანხმება გიორგი ასათიანი აკაკი წერეთელსა და ლადო ასათიანს და როგორ დაეხმარა ის, მთელი თავისი რესურსით, ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო სეგმენტის შექმნაში
„ხარისხის არხის“ წამყვანი გიორგი ასათიანი ბოლო თვეებში განსაკუთრებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი და დავით გიორგობიანის დიალოგები და მაყურებლისთვის გაცემული პასუხები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
გიორგი ასათიანი: 2011 წლამდე „აფხაზეთის ხმის“ ტექნიკური დირექტორი ვიყავი, მაშინ ტელევიზიის გაკეთება „კუდმა“ აგვიკრძალა. ბატონი ბიძინას მოსვლის შემდეგ თავისუფლების ხარისხი ძალიან გაიზარდა. „მეცხრე არხისა“ და „ჯიდიესის“ გახსნაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის – საწყის ეტაპზე ამ კომპანიებს მთელი აპარატურა ჩემმა ფირმამ მიაწოდა და ვფიქრობ, ბატონი ბიძინა საკმაოდ მადლიერია, რადგან სატელევიზიო სეგმენტის შექმნაში მთელი ჩემი რესურსით მივეხმარე. ამ პერიოდში შეიქმნა „ხარისხის არხი“, რომელსაც თავდაპირველად „ელკონავიგატორი“ ერქვა. შემდეგ „ხარისხის ფონდის“ დამფუძნებელი, გიგლა კუნჭულია შემოვიდა ჩვენთან და დასახელება „ხარისხის არხი“ ერთად მოვიფიქრეთ. მერე ერთმანეთს დავცილდით, მაგრამ სახელი დარჩა. რაღაც პერიოდი „დროც“ გვერქვა, მაგრამ ისევ „ხარიხსის არხი“ დავაბრუნეთ და ახლა მინდა, ნელ-ნელა „ხმა ერისათი“ ჩავანაცვლო. თავიდან ჩვენი მიმართულება მიქსი იყო, რასაც მინდოდა, იმას გავუშვებდი, მაგრამ ახლა თავისთავად მოხდა ისე, რომ წინ რელიგიური თემები წამოვიდა. ამ ტელევიზიას მე თავიდანვე მამა გაბრიელის ტელევიზია დავარქვი, პოპულარობა გარკვეულწილად ამანაც განაპირობა. დათო უშუალოდ იცნობდა მამა გაბრიელს, მან აკურთხა და ისიც კი უთხრა, წადი და ეთერიდან ილაპარაკე. რასაც შენ ილაპარაკებ, ეს ერს გამოაღვიძებსო.
– რელიგიისადმი ასეთი ღრმა ინტერესი როდის გაგიჩნდათ?
– მე ათეიზმის კათედრის გამგის ოჯახში გავიზარდე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომი მოსკოვში დავიცავი და შემდეგ, წლების განმავლობაში, უნივერსიტეტის თანამშრომელი გახლდით ფიზიკის მიმართულებით. 1989 წლის ცხრა აპრილს 29 წლის ასაკში მოვინათლე. გითხარით, მამა ათეიზმის კათედრის გამგე იყო და ათეისტური ოჯახი გვქონდა-მეთქი. საბედნიეროდ, 80 წლის ასაკში მამაც მოინათლა, 75 წლისა კი – დედა კი.
– ათეისტების ოჯახში გაზრდილს, რელიგიისადმი ინტერესი რამ გაგიჩინათ?
– მთავარი სტიმული ცხრა აპრილის მოვლენები იყო, რამაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ზვიად გამსახურდიასა და იმ ეპოქის დამსახურებაა ჩემი მართლმადიდებლობა. ჩემი მონათვლის წინააღმდეგი არავინ ყოფილა, მაგრამ მამა გაბრიელის დაბადების დღეს ჩემი დისშვილი რომ პირველად მიმყავდა ზიარებაზე, დედამ და დამ სერიოზული წინააღმდეგობა გამიწიეს. მიუხედავად იმისა, რომ მოვინათლე, რაღაც პერიოდი, აღსარებაც კი არ მქონდა ჩაბარებული, მქონდა ამოვარდნები. იყო მომენტები, როცა მკითხავებთან მიწევდა ურთიერთობა, თუმცა ჩემი სურვილით არა. შემდეგ ეს ადამიანები ვამხილე. ინტერესები მქონდა სამყაროს არსზე, უკვდავებაზე, ადამიანების შექმნაზე და ასე შემდეგ. გადავწყვიტე, პასუხები გარკვეულწილად მათგან მიმეღო. იმ პერიოდში ნოსტრადამუსიც კი ვთარგმნე. მიუხედავად იმისა, რომ მოვინათლე, ეშმაკისგან ვიყავი ჩაჭერილი. ვთარგმნე ქართულად და რუსულად, დიდი ტირაჟით გამოვეცი და გავყიდე კიდეც, მაგრამ 1995 წელს ეს წიგნები უარვყავი, შევინანე და დავწყვი.
– რამ გაგათავისუფლათ ეშმაკეული ინტერესებისგან?
– ამაში მამა გაბრიელის უხილავი ხელია. როცა ეგრეთ წოდებული, წინასწარმეტყველების მარწუხებიდან დავაღწიე თავი, პირველი აღსარება მაშინ ვთქვი. წმიდა ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი განმარტავენ წინასწარმეტყველებისა და მკითხავების არსს. გვასწავლიან, როგორ უნდა გავარჩიოთ ცრუ წინასწარმეტყველი ნამდვილისგან. ადამიანი რომ წინასწარმეტყველებდეს, აუცილებლად წმიდანი უნდა იყოს. შეიძლება ადამიანი წმიდანი იყოს, მაგრამ წინასწარმეტყველი – არა. თუ წინასწარმეტყველია, მაშინ აუცილებლად წმიდანი უნდა იყოს. რომელი წინასწარმეტყველია საქართველოში წმიდანი? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. ამ ადამიანებთან ურთიერთობა რომ დავამთავრე, მოვიდა კაცი, რომელმაც მითხრა: წამოდი მამა გაბრიელთან, ასე რომ გაინტერესებს მომავალი, ყველაფერს ის გეტყვისო. კარგი რა, ისინი ძლივს მოვიცილე და ახლა მამა გებრიელი მინდა-მეთქი? დავბრკოლდი, შემეშინდა, რომ მორიგი საცდური მელოდა. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, პირადად იცნობ თუ არა წმიდანს, მთავარი უფლის განგებაა. მასთან არ მივსულვარ, მაგრამ დისერტაციის დაცვის პერიოდში ჩემთან ოთარ ნიკოლაიშვილი და მალხაზ ჯინორია მოვიდნენ და ხელნაწერების სახით მოიტანეს მამა გაბრიელის დანატოვარი სწავლებები და წიგნი „თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა“, რომელიც ჩემს სახლში შვიდი წლის განმავლობაში იწერებოდა. იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ეპოქა, რასაც შემდეგ ტელევიზიის შექმნაც მოჰყვა.
– რამდენიმე კითხვას თქვენი გადაცემებიდან დაგისვამთ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა თქვენი, ეგრეთ წოდებული, ფორმულა ინტერნეტის ეშმაკისეულობასთან დაკავშირებით.
– ეს არ არის ჩემი ფორმულა. მე არ მახსოვდა, რომ ივრითზე დაბლიუს პირდაპირ ექვსიანი შეესაბამება. რიცხვით მნიშვნელობას თავისი დანიშნულება აქვს და ფაქტია, რომ მაინცდამაინც ამ რიცხვს შეესაბამება ექვსიანი. სიტყვა „კომპიუტერის“ ასოთა შესაბამისი ციფრების ჯამიც 666 გამოდის. ისევე, როგორც WWW არის 666. რატომ არის მაინცდამაინც სამი დაბლიუ და არა ორი, ან ოთხი? ბიბლიაში არის ასეთი ფრაზა „ეს არის რიცხვი მხეცისაი და კაცისაი“. ადამიანი უნდა მიხვდე, საით მიჰყავხარ ამ რიცხვს. რით უნდა მოახდინოს ანტიქრისტემ ადამიანების ზომბირება? ამის ყველაზე კარგი საშუალება ინტერნეტი და კომპიუტერია. ახლა კიდევ ადამიანებისთვის ნომრის მინიჭება დაიწყეს აიდი ბარათებით. ნომერი კი არაა საშიში, არამედ ის სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია, რომელმაც ნათლობის სახელი და ჩვენი იდენტურობა გვერდზე გადადო. რა უფლება აქვს ვინმეს, თავისუფლება შემიზღუდოს, როცა შემოქმედი მჩუქნის თავისუფალ ნებას?! ანტიქრისტე ინტერნეტის გარეშე ვერ მიაღწევს თავის მიზანს. სწორედ ამიტომ WWW-ს, ანუ ინტერნეტს უფრთხილდით და არ გახდეთ მასზე დამოკიდებული ამ კუთხით, თორემ ეს მისი გამოყენების აკრძალვას არ ნიშნავს.
– რამდენად დიდი პრობლემაა დღეს ეკლესიასა და საპატრიარქოში არსებული მდგომარეობა?
– როცა ანალოგიური კითხვა მამა გაბრიელს დაუსვეს, მან უპასუხა: უფალი ერის გაწმენდას საკუთარი სახლიდან დაიწყებს. შავ-შავ კუბოებს გამოიტანენ სიონიდან და მორჩილები არ ეყოფათ დასამარხად. ილოცეთ, რათა უფალმა აგვაცილოს ეს. მღვდელს, რომელსაც მრუშობის ცოდვა ადევს, რჯულის კანონით, არ აქვს სიწმინდის გაცემის უფლება. არსებობენ მღვდლები, რომლებიც ცოლებს იცვლიან, სხვათა შორის, ეპისკოპოსებიც. ეს არ შეიძლება, სჯულის კანონით აკრძალულია. მატერიალური მანკიერებები ზღვაში წვეთია, მაგრამ მე, მაგალითად, არ ვივლიდი „ჯიპით“, მოკრძალებულ მანქანას გამოვიყენებდი და მრევლზე მეტს ვიფიქრებდი. თუმცა, ბევრი „ჯიპით“ სიარულთან ერთად მრევლზეც ძალიან ბევრს ფიქრობს, ეს არაა განმსაზღვრელი.
– ძალიან პოპულარული გახდა თქვენი ფრაზა: „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი არ მინდა“. ოჯახის შესახებ მოგვიყევით.
– წარმოიდგინეთ, მეუღლე რომ გყავდეთ და მან პარტნიორების ცვლა დაიწყოს, რაც უცხოეთში ელიტურ წრეებში მიღებულია. აქ სული აღარ არის, მთლიანად ხორციელ ვნებებს ემორჩილება ადამიანი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად უფრო მეტია ის პროცესი, რასაც ცოლქმრული ურთიერთობა ჰქვია, როცა მასში სულიერება სჭარბობს, ხორციელიც გაცილებით ნეტარია. მამა გაბრიელი ამბობდა, საკუთარ მეუღლეს ადამიანი სხვას არ უნდა ადარებდესო. თვალი რომ გაგირბის, იქ დამთავრდა ყველაფერი. მე ჩემი მეუღლის გარდა სხვა არავინ მინდა. ლადო ათ ცნებას არღვევს პირდაპირი გაგებით. „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“. აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ გაიხსენეთ. ჰაჯი უსუპი თავს იკლავს, როგორ შეიძლება, ეს ხომ თვითმკვლელობის პროპაგანდაა? თავის მოკვლა უფლის წინაშე ამბოხია. აი, ფიზიკოსობამ რა მოგვიტანა, მაგრამ თუ ფიზიკოსობა სამყაროს და უფლის სიყვარულშია შეზავებული, მაშინ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება გაქვს სარწმუნოებასთან. ჩემი ყველა ნაბიჯი რწმენითა და სიყვარულით არის სავსე. ოჯახს რაც შეეხება, მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვართ. გვიან დავქორწინდი, 45 წლის ასაკში. ვისაც პირველად ერქვა მეუღლე, ის ურთიერთობა შეცდომა იყო და დაინგრა, ჯვარი ავიყარეთ. ამის შემდეგ დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე – მესამე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი და მერე ისევ შევხვდით. მას წინასწარი შეგრძნებები აქვს, ჩვენი ურთიერთობა ნანახი ჰქონდა. ნანახი აქვს, იმქვეყნად ჩვენი ყვავილებით მორთული სახლი. დედა რომ გარდაეცვალა, ერთ თვეში მოვძებნე. ჯვრისწერა მამა გაბრიელის დაბადების დღეზე გადავწყვიტეთ. შვილები არ გვყავს, უფალს მინდობილები ვართ და ფაქტობრივად, უკვე ასაკში ვართ. ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაფერია.