№29 რის საფუძველზე ითხოვენ საქართველოს ეკლესიასთან გათანაბრებას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები
საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, „საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ“, „ქრისტეს ეკლესიამ“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“, „მეშვიდე დღის ქრისტიანთა და ვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიურმა იუნიონმა“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციამ“, „ქართველ მუსლიმანთა კავშირმა“, „წმინდა სამების ეკლესიამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მათი უფლებები ირღვევა, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დაწესებული შეღავათი – სახელმწიფო ეკლესია-მონასტრების მშენებლობას დღგ-სგან ათავისუფლებს და ანალოგიური შეღავათი მოითხოვეს. საკონსტიტუციო სასამართლომ მათ იმედი არ გაუცრუა და მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი კვერენჩხილაძემ და მაია კოპალეიშვილმა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ დიდი უსამართლობის აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართეს.
მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმებაა გაფორმებული, რის თანახმადაც, საქართველოს ეკლესიას (რომლის უდავო დამსახურებაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება საუკუნეების განმავლობაში) უპირატესი მდგომარეობა უჭირავს (მსგავსად დასავლეთ ევროპული პრაქტიკისა, როგორც დომინანტი ეკლესია, რაც განისაზღვრება ამა თუ იმ ეკლესიის მიერ გაღებული ღვაწლით ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის). რატომ უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლომ კონკორდატი და, საერთოდაც, როგორ და რატომ უნდა გავმიჯნოთ თანასწორობა დამსახურებისგან? – ამ თემაზე „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– როგორი პრაქტიკაა ცივილიზებულ მსოფლიოში და არის თუ არა იმის საკანონმდებლო საშუალება, რომ არავის უფლება არ დაირღვეს და ყველამ მიიღოს შეღავათი დამსახურებისამებრ?
– ცივილიზებული საზოგადოება შეთანხმდა, რომ ადამიანთა და ორგანიზაციათა თანასწორობა არის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა და მეორე მხრივ, გაიმიჯნა ამ პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების ფუნქციები. მაგალითად, შესაძლოა, ფეხბურთი გვიყვარს ყველას, მაგრამ მე, როგორც გულშემატკივარი, ვზივარ ტრიბუნაზე, ფეხბურთელი კი თამაშობს მოედანზე.
– მწვრთნელს კი ანაზღაურებად მილიონები აქვს.
– დიახ, მე კი იქით ვიხდი ფულს, რომ შევიდე სტადიონზე და ვუყურო თამაშს. ანუ ჩვენ თანასწორნი ვართ არჩევანში – მეც და ფეხბურთელიც. დავიბადეთ თანასწორად, ორივეს გვქონდა არჩევნის საშუალება. მან, თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, ის გზა აირჩია, მე ეს გზა ავირჩიე. ის იღებს მილიონებს, მე ვიხდი ფულს და ვუყურებ მას. ცივილიზებული სამყარო ამაზე დიდი ხანია, შეთანხმებულია და ეს ყველაფერი ასახულია კანონმდებლობაში. ამავე ლოგიკით, არსებობს დომინანტი ეკლესიის სტატუსი, არსებობს გამოკვეთილი ეკლესიების სტატუსები, სახელმწიფო ზრუნავს თავის ეკლესიაზე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის აღმსარებლობითი დაწესებულება, არამედ იმიტომ, რომ ეკლესია, იმავდროულად, არის სოციალურად საკმაოდ დიდი ჯგუფის საზოგადოებრივი ინსტიტუტი. შესაბამისად, ეკლესია, რომელიც ქადაგებს მაღალზნეობრივ ღირებულებებს, სახელმწიფოსთვის მთავარი პარტნიორი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ნარკომანია, პროსტიტუცია, კრიმინალი და ასე შემდეგ.
– 2008 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა არც ერთი რელიგიური ორგანიზაცია არ მახსენდება არც ზუგდიდის ქუჩებში, როდესაც სამეგრელოში ოკუპანტები დათარეშობდნენ, არც ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრების გამოყვანის დროს.
– ვერც იქნებიან ისინი ჩართულები ამ კუთხით, იმიტომ რომ გამოხატავენ საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფის ინტერესებს. ეს რელიგიური საზოგადოებები არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობენ და როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა რამე პროცესში?! საქართველოს მედიის გარეშე ისინი ვერანაირ აქტივობას ვერ განახოცრიელებენ იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აქვთ შეხება არც ისტორიულად, არც მიმდინარე პროცესებში ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათი ჩართვა პროცესში არაფერს შეუწყობს ხელს. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის სიტყვასა და გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებამ, რომ პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე ბავშვს, შობადობის ზრდა გამოიწვია ქვეყანაში. თუნდაც, გავიხსენოთ ეკლესიის ბოლო გადაწყვეტილება ნარკომანიასთან დაკავშირებით, რითაც მორწმუნე ადამიანისთვის თვითმკვლელობის დონეზე აიყვანა ნარკომანია. თუ ამას დაემატება პროპაგანდა სახელმწიფოს მხრიდანაც, ეს თავიდან აგვაცილებს ამ უდიდეს სენს. გავიხსენოთ, რამდენი სარეაბილიტაციო ცენტრი აქვს ეკლესიას შექმნილი, რამდენი ადამიანი ჰყავს მზრუნველობის ქვეშ: ყველამ იცის, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც ეს მიდრეკილება აქვთ, მონასტრებში ებრძვიან ამ სენს მოძღვრების მეთვალყურეობის ქვეშ. გავიმეორებ: ეკლესიას, გარდა აღმსარებლობითი დაწესებულებისა, უდიდესი საზოგადოებრივი ფუნქცია აქვს. ის გვჭირდება ჩვენ, არა მარტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მთელ საზოგადოებას, რომ გაჯანსაღდეს ვითარება.
მაგრამ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერ შედგა, არ შედგა თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რატომღაც, სახელმწიფო ტოლფასოვან პარტნიორად არ აღიარებს ეკლესიას და ცდილობს, გახადოს თავისზე დამოკიდებული. ეს ხელისუფლების კომპლექსია, იცის რა, რომ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ვერ ატარებს, ეშინია ეკლესიის გაძლიერების. რადგან, როდესაც საზოგადოებრივი ძალები სუსტია, პოლიტიკური ძალები სუსტია, სახელმწიფოს დაცვის ბოლო გოდოლში ეკლესია დგება. ასე იყო ისტორიულად, როსტომ ხანის პერიოდში თუ სხვა დროს. ჩვეულებისამებრ, სახელმწიფოს აღმავლობას წინ უძღოდა ეკლესიის აღმავლობა: ვახტანგ გორგასლის დროს თუ გრიგოლ ხანძთელის პერიოდში; 1918 წლის დამოუკიდებლობასაც წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და დღევანდელ დამოუკიდებლობასაც წინ უძღოდა ეკლესიის გაძლიერება. ამ ბრძოლებში მოიპოვა ჩვენმა ეკლესიამ ავტორიტეტი, რომელიც, რატომღაც, აშინებს ხელისუფლებას და ამიტომ მიმდინარეობს გეგმაზომიერი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. ეროვნული მოძრაობის დროს ჩვენი აქტივობით მოპოვებულ სამართლებრივ უფლებებს ნელ-ნელა აშორებენ ეკლესიას.
– არსებობს კონკორდატი, საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასთან. კონკორდატი უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლომ?
– კონკორდატს იმიტომ კი არ მოაწერა ხელი შევარდნაძემ, რომ ასეთი იყო მისი სურვილი, არამედ იძულებული გახდა, ვინაიდან მისი და „მოქალაქეთა კავშირის“ მდგომარეობა 2002-ში ისე დაბალ დონეზე იყო, რომ არჩევნების წინ ერთადერთ შანსად კონკორდატის ხელმოწერა მიიჩნია და გახსოვთ, 2003-ში როგორ განვითარდა მოვლენები. 2003 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო საპირისპირო ქმედება და ეკლესიისთვის იმ პრივილეგიების ჩამორთმევა, რომლებიც დაიმსახურა და იძულებულები გახადა შევარდნაძე, სააკაშვილი და ჟვანია, მიენიჭებინათ ეკლესიისთვის. დღესაც იგივე პროცესია და, რადგან ხელისუფლებას დღესაც ეშინია ქართველი საზოგადოების, ამ ყველაფერს აკეთებს ირიბად და თითქოს ეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა. ამას ისე ამბობენ, თითქოს დღეს საქართველოში სასამართლო ხელისუფლება იმდენად დამოუკიდებელია, რომ ვერავინ გაბედავს მასზე ზემოქმედებას. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ სასამართლო გამოყენებულია ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტად. რასაც ვერ ბედავენ დეპუტატები, იმიტომ რომ დეპუტატობა არჩევითი თანამდებობაა და უნდა თუ არა, გაურბის პასუხისმგებლობას. სხვა მაგალითსაც მოვიტან: ცოტა ხნის წინათ ნარკომანიის ლამის ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. მანამდე კი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა გააუქმა. იმის თქმა მინდა, რომ გეგმაზომიერად, კანონის დარღვევით საკონსტიტუციო სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და შემდგომ პოლიტიკური ხელმძღვანელები ამბობენ, რა ვქნათ, ხომ არ დავარღვევთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამიტომ უნდა შევცვალოთ კანონიო. როგორ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს კონკორდატი და საქართველოს ეკლესიას ენიჭება პრიორიტეტები, ამ ნორმაზე დახუჭო თვალი და ზოგადი თანასწორობის პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება?! იგივე ეხება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის გაუქმებას: როგორ ვართ მე და უცხოელი, ზოგადად, თანასწორნი საქართველოს ტერიტორიაზე?! მე უნდა წავიდე ჯარში, ვიმსახურო და დავიცვა ჩემი ქვეყანა, მაშინ ის უცხოელიც გაიწვიე, მე რატომ მზღუდავს ჩემი ვალდებულებები ჩემს ქვეყანაში?! გადაიტანე ისინი უცხოელებზეც და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ წაშალე სახელმწიფო, რაკი უფლებებსა და ვალდებულებებში არ განსხვავდება ადგილობრივი მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქე?! ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა: თუკი ერთხელ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება, მომავალშიც ასე მოიქცევი. და, ბოლოს და ბოლოს, მიანიჭე უცხოელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ მიწის ყიდვის უფლებას აძლევ?!
– ორმაგი მოქალაქეობა დაუშვა უკვე პარლამენტმა კონსტიტუციის ბოლო ვარიანტით.
– დიახ. და კიდევ ერთი მომენტი: მარტივი დემაგოგიაა: აღმსარებლობის თავისუფლება არის ერთი მიმართულება, რაშიც ჩვენ თანასწორნი ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც, ხუთკაციანი რელიგიური დაწესებულება იყოს. ეს ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული ნორმაა, მაგრამ ორგანიზაციულად, ამა თუ იმ დაწესებულების წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არ არიან თანასწორნი. ეს არ არის აღმსარებლობითი თავისუფლება, ეს უსაფრთხოების სისტემაა, იმიტომ რომ ამ დაწესებულებებს, რომლებსაც ცენტრები აქვთ სხვა ქვეყნებში და იმ ქვეყნებიდან ფინანსდება, ბუნებრივია, სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე საქართველოს შიგნით არსებულ დაწესებულებებს და ამდენად, ისინი ვერ იქნებიან ჩვენი თანასწორნი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ, ტრადიციულ გამოცდილებას და მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილ წვლილს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ერთია და ორგანიზაციის, დაწესებულების უფლება-მოვალეობები – მეორე, მაგრამ შეგნებულად ისულელებენ თავს, თითქოს, ეს ერთი და იგივეა და ვინმეს აღმსარებლობის პრობლემა ექმნებათ, იმიტომ რომ პრივილეგიები საქართველოს ეკლესიას აქვს. ისევე, როგორც ჟურნალისტის საქმიანობას კავშირი არ აქვს იმ ორგანიზაციის ფინანსურ მაქინაციებთან, სადაც მუშაობს. იმის თქმა მინდა, რომ შეგნებულად „აწვებიან“ თანასწორობას, მაშინ, როდესაც უფლება-მოვალეობები განსხვავებული გვაქვს. ჩვეულებრივი ამბავია, ქალი და მამაკაცი თანასწორია, აირჩიოს თავისი აღმსარებლობა, მაგრამ განსხვავებული ფუნქციები გვაქვს. ცხრა თვე უნდა ატაროს დედამ შვილი და არ აქვს მამაკაცს ეს ფუნქცია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოგონებები, რომელშიც ასეთი ფრაზაა: მასის რელიგიური უვიცობის ექსპლუატაციას ეწეოდნენო – ბოლშევიკებზეა საუბარი. დღესაც ჩვენი რელიგიური გაურკვევლობის, ნიუანსებში ჩაუხედაობის, სამართლებრივი ცოდნის დაბალი ხარისხის ექსპლუატაციას ეწევიან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი საზოგადოება ამისთვის არ არის მზად და მეორე, ქართველ საზოგადოებას, სანამ მედიით „არ ააგდებ“ და ტრაგედიას მთლიანად არ დაანახვებ, მანამდე არც გამოდის გასაპროტესტებლად.