№28 როგორ დადიოდნენ მალდივებზე ქრისტინე მარტიაშვილის მოსასმენად მილიონერები და სთხოვა თუ არა მას ერთ-ერთმა მათგანმა ცოლობა
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი აფხაზეთში დაკარგული გია მარტიაშვილის ქალიშვილია. მას გმირ მამასთან მისტიკური კავშირი აქვს და ამბობს, რომ მამა სიზმარში ხშირად მოდის მასთან. ქრისტინე ახლახანს დაბრუნდა მალდივებიდან, სადაც კონტრაქტით მუშაობდა. ამბობენ, მისი ნამღერით მილიონერი მამაკაცი აღფრთოვანდა და ცოლობაც სთხოვაო. ჩვენ ეს ამბავი, რა თქმა უნდა, თავად მომღერალთან გადავამოწმეთ.
ქრისტინე მარტიაშვილი: ზაფხული არ მიყვარდა და მალდივებზე წასვლამ წელიწადის ამ სეზონზე ეს დამოკიდებულება შემიცვალა. ახლა ძალიან მიყვარს მზე და ზაფხული. ორი წლის განმავლობაში ანტალიაში, სხვადასხვა სასტუმროებში ვმღეროდი. წელსაც ერთ-ერთ სასტუმროში ჩავედი, ოღონდ დასასვენებლად, სადაც ჩემი მეგობარი მუშაობდა. სასტუმროში მთხოვეს მემღერა, როგორც სტუმარს. სასტუმროს ადმინისტრაციას ჩემი ნამღერი ძალიან მოეწონა. ახალი ქსელი გახსნეს მალდივებზე და იქ მიმიწვიეს სამუშაოდ, კონტრაქტით. იანვარში წავედი და სამი თვე იქ ვიყავი. ფაქტობრივად, ზამთარი სამოთხეში გავატარე (იცინის). რეალურად, წელს, ზამთარში ვერ მოვხვდი და ეს სეზონი ჩემი ცხოვრებიდან ამოვაგდე (იცინის).
– ამბობენ, რომ მალდივებზე, შენს მოსასმენად მილიონერი მამაკაცები მოდიოდნენ. ასეა?
– მილიონერებიც ჩადიან და ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებსაც ანგარიშზე მილიონები არ აქვთ. ევროპელებისთვის იქ ჩასვლა ძალიან მარტივია. მათი ხელფასი წვდება იმას, რომ ზამთარში მალდივებზე დაისვენონ. ჩემთვის იქ არავის ეცალა, რადგან, მალდივები, ისეთი კურორტია, სადაც „პროსტა ტაკ“ ბიჭები და გოგოები, არ მიდიან. იქ წყვილები ჩადიან, ბუნგალოებში არიან შეყუჟულები და გემრიელად ისვენებენ.
– მერე შენ, მარტოს, იმ „სამოთხეში“ – პალმების, ზღვის სანაპიროსა და სასწაული გარემოს ფონზე, მეწყვილის გარეშე, არ გაგიჭირდა?
– გამიჭირდა, რადგან, ზუსტად, სანამ მალდივებზე წავიდოდი, შეყვარებულს დავშორდი. ძალიან განვიცადე, სტრესი მქონდა და იმ სამოთხეში მოხვედრილს, გამიარა (იცინის). რომ ჩამოვედი, ის ბიჭი მერე ვნახე და მივხვდი, მის მიმართ, მართლაც, გამიქრა გრძნობა.
– ეს იმიტომ ხომ არა, რომ მალდივებზე მილიონერი საქმრო გამოგიჩნდა და იმდენად მოხიბლე, შენ გამო ფულის ხარჯვას არ ინანებდა?
– (იცინის) ნეტავ, ეგრე იყოს და თუ დავმალო, დედას გეფიცებით. მილიონერი საქმრო კარგია, მაგრამ არ მყავს. მილიონერი საქმროსი და მისი ფულის ხარჯვის რა მოგახსენოთ, მაგრამ თაყვანისმცემლები ნამდვილად მყავდა. ასე რომ, თაყვანისმცემლებით განებივრებული ვარ და არც აქ მაკლდა.
– სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ ფოტოებს დებდი...
– დავდე საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები და სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს თამამი ფოტოებია. პირიქით, ლამაზია და არავულგარული. ზოგადად, ჩემი სხეულის გამოჩენით საზოგადოებას არ ვანებივრებ (იცინის). არ ვფიქრობ, რომ იდეალური სხეული მაქვს და მას აფიშირება სიშიშვლით უნდა გავუკეთო. თუმცა, ძალიანაც მომწონს ჩემი გარეგნობა. მახსოვს, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა, 500 ცალი ფერად-ფერადი ვარდის თაიგული გამომიგზავნა. სასიამოვნო იყო, მაგრამ ის ადამიანი, ჩემთვის არ იყო მისაღები.
– ესე იგი, 500 ცალი ვარდი შენს გულს ვერ მოიგებს?
– ხუთასი ცალი კი არა, მილიონი ვარდითაც ვერ მოიგებს მამაკაცი ჩემს გულს, თუ მე არ მომწონს. ზოგადად, არ მიყვარს იმ მამაკაცისგან ძვირფასი
საჩუქრების მიღება, ვისთანაც, სერიოზული ურთიერთობა არ მექნება.
– ვინც არ გიცნობს, თუნდაც შენი სტატუსებით სოციალურ ქსელში, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული ადამიანი ხარ. ამაზე რას იტყვი?
– სოციალურ ქსელში გოგოები მწერენ: მახინჯო, მსუქანო, დაბოტოქსებულო ძროხა... ეს, მე არ მაკომპლექსებს. ძირითადად, ხაზს უსვამენ ჩემს წონას. სად ნახეს ჩემი ბოტოქსი და ჩაძროხება? მე ბედნიერი ვარ ისეთი, როგორიც ვარ და რაც არ უნდა მეძახონ მახინჯი და ძროხა, ამით ვერაფერს დამაკლებენ. უბრალოდ, მათი მხრიდან, ჩემი კრიტიკა სირცხვილია. მე ჩემს სხეულში, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. არც ვმალავ, რომ ჩემს ცხოვრებაში მტანჯველი დიეტები სულ არის. ვხუმრობ ხოლმე, შოკოლადს რომ დავსუნო, იმითიც ვსუქდები-მეთქი (იცინის). გურმანიც ვარ და ჭამაც მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, წონა ვაკონტროლო.
– გულის წასვლამდე შიმშილიც ყოფილა, წონის დაკლების გამო?
– კი, როგორ არა! მახსოვს, უკრაინაში, სუხიშვილების დიეტაზე დავჯექი და მეხუთე დღეს საწოლზე დავეცი – გული წამივიდა. ახლა სწორ კვებაზე ვარ და შედეგიც, კარგი მაქვს – 15 კილო დავიკელი. მე რომ მოდელი ვიყო, ეს წონა შემაწუხებდა, მაგრამ მე მომღერალი ვარ და სულაც არ მიმაჩნია, რომ ისეთი ცუდი ფიზიკური მონაცემები მაქვს, სცენაზე არ უნდა ვიდგე. ადრე ზედმეტ წონას განვიცდიდი, მაგრამ ახლა ვხვდები, ბოღმიანი და გაბოროტებული ადამიანი ყოველთვის მოგიძებნის საბაბს, გაგაკრიტიკოს და გული გატკინოს, სულ ტანწერწეტაც რომ იყო. კიდევ ვამბობ, მე ჩემი ზედმეტი წონა, არ მაწუხებს. რაც არ მიხდება, იმას არ ჩავიცვამ და საცურაო კოსტიუმით სცენაზე დგომა არც მომწონს. მაცვია მოღებული სამოსი, მაგრამ არა შეუსაბამო და ვულგარული.
– ქრისტინე, ბევრმა არ იცის, რომ აფხაზეთის გმირის, გია მარტიაშვილის შვილი ხარ. ასეთი მამის შვილობა რას ნიშნავს შენთვის, არის დიდი პასუხისმგებლობა?
– სამწლი-ნახევრის ვიყავი, როცა მამა აფხაზეთის ომში წავიდა და დაიკარგა. ხშირად გამიგია ჩემზე ჭორები და არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ რომ გავიგე, თითქოს, მე ჩემი პოპულარობისთვის გმირი მამის სახელს ვიყენებ, ეს ძალიან მეტკინა და მეწყინა. ზუსტად ვიცი, მამა რომ ცოცხალი იყოს, ჩემი ცხოვრება პრინცესული იქნებოდა. მამასთან მისტიკური კონტაქტი მაქვს, ხშირადაც მესიზმრება. ამას წინათ ვნახე, კიბეზე ჩადიოდა, მე ზევით ავდიოდი და ხელი დამიქნია. გაღიმებულს გამეღვიძა, ვიგრძენი, რომ ის ჩემთანაა და არსად წასულა. მამა სულ მენატრება, მაგრამ მანძილი და სამყარო ჩვენ შორის ვერ ჩადგება. მართლია, მამა აფხაზეთის გმირია, მაგრამ ცოცხალი რომ იყოს, ის უფრო გამიხარდებოდა და ჩემთვის ისედაც გმირი იქნებოდა. დღევანდელ საქართველოში გმირი მამის შვილობა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რისთვის დაიღუპა, ვერ ვხვდები... მერჩივნა, ჩემ გვერდით ყოფილიყო და როცა მის სახელს ახსენებენ, მტკივა. კიდევ ვამბობ, პირადზე ჭორები არ მაწუხებს, მაგრამ როცა მამის ხსოვნას ეხებიან, ამას ვერ ვეგუები.