№28 ვისი კონტროლია მაგდა ვასაძისთვის სასიამოვნო და ვის აღიარებს ის ერთადერთ მეუღლედ
მაგდა ვასაძის ცხოვრებაში სიახლეებია. მან საკუთარი ბენდი შექმნა, ახალი სიმღერები ჩაწერა და ზაფხულიც საკმაოდ დატვირთული აქვს. მისი და გიორგი პაპკიაურის ურთიერთობაც დამთავრდა. რაც მთავარია, მაგდამ 10 კილოგრამი დაიკლო და ძალიან კარგ ფორმაშია.
მაგდა ვასაძე: ყოველთვის საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული. ბათუმიდან თბილისში ჩამოვედი. მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ დამხმარებოდნენ, ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებდი და ყველანაირი ფინანსური დატვირთვა ჩემს თავზე ავიღე. შემდეგ ვთქვი, რადგან უკვე ფეხი მოვიკიდე, რაღაცების კეთება უნდა დავიწყო-მეთქი. „გუფი ლენდიდან“ ბენდის ბეგ-რაუნდი იმდენად მაკლდა, რომ საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, ბენდი შემექმნა. გავიგე, რომ „ნიუ ვანი“ დაიშალა. ლაშა აბაშმაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია, დავურეკე მას და სიამოვნებით დამთანხმდა. გავაკეთეთ ბენდი, ქავერები, ახალი სიმღერები. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.
– ბენდში გოგონა მხოლოდ შენ ხარ. ბიჭები არ განებივრებენ ან რაიმე პრივილეგიით არ სარგებლობ?
– პრივილეგიები ყოველთვის არის. კონცერტი რომ დამთავრდება, ყველა ერთად: აბა, მაგდა, წავიდეთ, არსად მტოვებენ. ხანდახან ვეუბნები: იქნებ მინდა, გვერდზე გავიხედო, დავჯდე... არა, წამოდიო, – ასე მიმათრევენ სახლში. თავიდან ბოლომდე კონტროლის ქვეშ ვარ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.
– ალბათ, ბევრი სირთულე გამოიარე, როდესაც ნულიდან მოგიწია ცხოვრების დაწყება.
– მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: გასაგებია, გინდა, რაღაცას მიაღწიო, მაგრამ რომ არ გამოგივიდეს... ეშინოდა ხოლმე – მარტო ხარ, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე გვერდით დაგიდგეთო. რა თქმა უნდა, მორალურად, ფიზიკურად გვერდში მედგნენ, 4 წელი ჩემი შვილი მათთან იზრდებოდა. მე კი ვცდილობდი, ჩემით გამეკვლია გზა. რა თქმა უნდა, რთული იყო ეს პერიოდი, თან, არ ვარ ის ადამიანი, სადმე შევძვრე, ვიღაცის ხარჯზე გავაკეთო. მიხარია, რომ ის, რაც მაქვს, ხალხისგან მოვიდა. რაც შეეხება იმას, თუ რა იყო ყველაზე რთული: ხან ერთ მეგობართან ვცხოვრობდი, ხან – მეორესთან, ზოგჯერ გზის ფულიც არ მქონდა, სადმე წავსულიყავი, მაშინ კონცერტებიც ცოტა იყო. მგონი, იღბალი მაქვს, რადგან გარკვეულ ეტაპებზე რაღაცები იცვლება, ვითარდება. პატარა საფეხურით დავიწყე და ახლა ვარ იმ ეტაპზე, რაც ყველაზე მეტად მახარებს.
– დანებების მომენტი არასდროს გქონია?
– უკან დაბრუნება, დახევის მომენტი არასდროს მქონია. მქონდა ჩავარდნის მომენტები, მაგრამ ვიცი, ესეც ცხოვრებისეულია და ყოველთვის კარგად ვერ იქნები. დაღმართს აუცილებლად მოჰყვება აღმართი და მეც ამ დევიზით ვცხოვრობ. შვილი მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება, გვერდში მიდგას. შეგნებული და კარგი ტიპია – ამაშიც კი გამიმართლა.
– ერთი, ქმარში არ გაგიმართლა.
– ფაქტია, რომ არ გამიმართლა. ქმარი მყავდა ერთი – ჩემი შვილის მამა.
– შენი და გიორგის ურთიერთობა შორიდან, შენი საუბრიდან ყოველთვის განსხვავებული, კარგი ჩანდა. თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდით.
– თავიდან ყველაფერი კარგად ჩანს, თან, როცა წყვილი თავიდან იწყებს, ყველაფერი დალაგებულია. მაგრამ მერე ირევა რაღაცები. ჩვენს შემთხვევაშიც ძალიან მარტივად აირია ურთიერთობა.
– არ გიცდია დალაგება?
– ბოლოს – აღარ, რადგან მანამდე ბევრჯერ გვიკამათია, ბევრჯერ ვცადე... თუ ერთხელ იკამათებ, იქ უნდა დაამათავრო ურთიერთობა, გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. თითქოს რაღაცას ვებღაუჭებოდით და ბოლოს მივხვდით, რომ არა. საბოლოო ჯამში, ორივესგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ეს ურთიერთობა უნდა დამთავრდეს. დღეს გიორგი რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია იქ დაბრუნება, სადაც კარგად არ ვგრძნობდი თავს, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში.
– გიორგის ისტორიების მოსმენა, რამდენიმე ცოლი და ასე შემდეგ, საზოგადოებისთვის ცოტა უცნაური იყო.
– ჩემი ბრალი არაფერია. ცოტა უკან მიიხედონ და რატომ ამდენი ცოლი...
– როდესაც გიორგისთან დაიწყე ურთიერთობა, მაშინ ამაზე არ გიფიქრია?
– ადამიანს შეიძლება, ბევრი ცოლი ჰყავდა, მაგრამ შენ კარგად გაუგო. თუმცა, საბოლოო ჯამში, მეც ვერ მოვერგე ნაჭუჭს.
– როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პერიოდი?
– თუთიყუში მყავდა და რომ მომიკვდა, მთელი ოჯახი ვტიროდით. მით უმეტეს ძნელია, როცა ადამიანს ეჩვევი... ცოტა ხანი გამიჭირდა, მაგრამ ვისარგებლე ჩემი დევიზით, დავადექი აღმართს და ვაგრძელებ გზას.
– დღეს გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?
– ჩემს მეუღლესთან, ლუკას მამასთან მექნება კარგი ურთიერთობა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს შვილი. გიორგისთან, ვფიქრობ, საერთოდ არ არის საჭირო ცივილური ურთიერთობა მქონდეს. გული არაფერზე მწყდება, რადგან რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ვფიქრობ, ის აუცილებლად უნდა მოხდეს. შეცდომებზე ვსწავლობთ და სამომავლოდ ჩემს პირად ცხოვრებაში რამე სიახლე თუ იქნება, არასდროს არავისთან ვიტყვი. ყველაფერს უნდა მალვა, ზედმეტი ყური, ენა ღლის ურთიერთობებს და საქმესაც.
– ვინმე საინტერესო მამაკაცი თუ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ალბათ, მასთან ურთიერთობაზე არ იტყვი უარს.
– არ ვიტყვი უარს. ახლა ვიფურჩქნები, ვარდივით ქალი ვარ და რატომაც არა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი ეტაპი დაიწყო, ძალიან ბედნიერად, გემრიელად ვარ, მხიარული, ფერადი.
– რას გაითვალისწინებ წინა ორი ურთიერთობიდან?
– ვიქნები უფრო გაწონასწორებული, ბევრ რამეზე არ დავხუჭავ თვალს. იდეალური მამაკაცები არ არსებობენ, მაგრამ მაინც, თუ არ იქნება იდეალური, საერთოდ არაფერს გავითვალისწინებ და პირდაპირ გადავხაზავ. აუცილებლად მჭირდება გვერდით შემდგარი მამაკაცი, რომელსაც ექნება ქალის მიმართ ზრუნვის სურვილი, პატივისცემა, თანადგომა – ყველაფერი ერთად. რთულია ასეთი მამაკაცის მოძებნა, რადგან ძირითადად, პატარა ბიჭუნები ცდილობენ: იცი, მაგდა, როგორი კარგი ხარ... ასეთები არ მაინტერესებს, რადგან მე ვარ შემდგარი ქალი, ძლიერი, შემიძლია, წინ გავიხედო, ბევრი გეგმა მაქვს და თუ მამაკაცი გამოჩნდება, ისიც უნდა იყოს შემდგარი, რომელიც პატივს მცემს მე, ჩემს შვილს. მორალურად, ფიზიკურად, ყველაფერში დაგვიდგება გვერდით. კომფორტი უნდა შემიქმნას, რომ ერთად კარგად ვიცხოვროთ. არ მიყვარს კომფორტის გარეშე ცხოვრება, მით უმეტეს, როდესაც ორ ადამიანს ეხება. როდესაც თანაცხოვრებაში კომფორტი, იდილია არ არის, მაშინ ურთიერთობას აზრი არ აქვს. სიყვარული სწორედ ეს არის – პატივისცემა, ურთიერთგაგება, ნდობა. თუმცა, თუ სიყვარულია, ერთმანეთის მიმართ ეჭვიანიც უნდა იყონ. მაგრამ მას ჩემ მიმართ სხვისი ზედმეტი ყურადღება არ უნდა აღიზიანებდეს, რადგან ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად გამორიცხულია. ცოტა ეჭვიანობის მომენტი უნდა ჰქონდეს, ამას უნდა გრძნობდე და გსიამოვნებდეს. მე არ ვარ ეჭვიანი, თუ საბაბი არ მომცეს. ძალიან დაკვირვებული, ყურადღებიანი ვარ და არასდროს არაფერი გამომეპარება.
– შენს გარეგნობასაც მინდა შევეხო – გამხდარი ხარ, ძალიან კარგად გამოიყურები.
– ჩემი ფავოროტი უგულავას დიეტა იყო, მაგრამ ახლა საერთოდ ამოვიღე. დავიწყე სწორი კვება: ერთი დღე შეიძლება ვჭამო, მეორე დღეს ვაკეთებ განტვირთვას. 10 კილო დავიკელი და დღემდე ვინარჩუნებ.