№28 რატომ შეეჯახა გიორგი გილიგაშვილი ლონდონში ავტორიტეტს და არის თუ არა ის ნინი ბადურაშვილზე შეყვარებული
გიორგი გილიგაშვილი საკუთარი ცხოვრების სტილით, სამოსით, საუბრითა და დამოკიდებულებებით, გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე ინარჩუნებს საზოგადოების ინტერესს. ცოტა ხნის წინ, ის „პრაიმშოუსთან“ ერთად, იერუსალიმში იყო, სადაც განბანვის რიტუალი შეასრულა.
გიორგი გილიგაშვილი:იერუსალიმში პირველად ვიყავი და როგორი მჭევრმეტყველიც არ უნდა ვიყო, იმ შეგრძნებებს ვერ გადმოგცემთ, რაც იქ დამეუფლა. ჩემმა მეგობრებმა ხუმრობით მითხრეს: გილიგ, ყველა შენ განათლეო?! არავინ გამინათლავს, ეს განბანვის რიტუალი იყო, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია. ჩემს შემთხვევაში ამას, ალბათ, ვიზუალური დატვირთვა ჰქონდა. ჩემი წვერმოსილება და თეთრი კვართი ყველაზე უფრო მამსგავსებდა იმ ეპოქის ადამიანებს, როცა იორდანეში ასე იბანებოდნენ.
– ჩოხით იყავით იერუსალიმში?
– სატევარს, რომელიც აქედან წავიღე, ასორმოცდაათწლიანი ისტორია აქვს, პაპათა ნაქონია. საზღვარზე პატარა დანას არ გადაგატანინებენ, მოგეხსენებათ, როგორი გამკაცრებულია წესები ისრაელში. მაგრამ, უფლის ნებით, ყველაფერი ხდება. მინდოდა, მაცხოვრის საფლავზე ეროვნული სამოსით შემოსილი ჩავსულიყავი, მაგრამ სატევრის გარეშე, იმიტომ რომ ტაძარში როცა შედიხარ, სატევარი გარეთ უნდა დატოვო, რადგან ის ომის, სისხლისღვრის ხაზგასმაა. თუმცა, ჩოხა სატევრის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ იქ სატევრით ჩავედი, მაგრამ როცა იერუსალიმში შევედი, ყველას დასანახად, პაპისეული ხანჯალი მოვიხსენი და სასტუმროში დავტოვე. თუმცა იქ რომ შედიხარ, გეუბნებიან, რომ შეიძლება ვიღაც გადაცმულმა ქალმა აგფატროს. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, რომ თავი აუფეთქებიათ. გოდების კედლის უკან მუჰამედის ტაძარი ჩანს, აქეთ მაცხოვრის საფლავია. სამი განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ერთ პატარა ქალაქში ხვდებიან და ასეთი ფაქტები ხდება. თან, იქ ჩვენს მშვენიერებთან ერთად ვიყავით და თუ რამე მოხდებოდა, დასაცავად პირველები ჩვენ უნდა გავსულიყავით წინ და სატევარი დამჭირდებოდა, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი სიტყვის შესრულება და ისეთი სიყვარულით ვიყავით ყველანი სავსე, რომ დიდება უფალს, არაფერი მომხდარა.
– ჩოხამ არ დაიმსახურა განსაკუთრებული ყურადღება?
– იარაღიც მოიმარჯვეს ჯარისკაცებმა ჩემს დანახვაზე. ვერ გაიგეს, ტერორისტი ვიყავი თუ ვინ და მე აქედან მივუგე: მშვიდობა, ძმებო, მე ქართველი ვარ და ეს ქართული სამოსია, დიდება ქრისტეს-მეთქი და დამშვიდნენ. სხვა მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვიქცევდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ასეც იყო. რამდენჯერმე დალოცვაც მთხოვეს, რადგან მოძღვარი ვეგონე და მეც მოძღვრისგან მაქვს კურთხევა. მხოლოდ მე არა, დალოცვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ თავიდან ვიბნეოდი ხოლმე, როცა ამას მთხოვდნენ. არადა, წვერმოსილი რომ დადიხარ, თან შავი ჩოხით, საღამოს შეიძლება, სატევარი ვერ შეამჩნიონ და დამლოცე, მამაოო, მითხრან. მეც ვპასუხობ: ღმერთმა დაგლოცოს, ძმაო, მე მოძღვარი არ ვარ-მეთქი, მაგრამ დალოცვისთვის გულწრფელი წადილიც ძალიან მნიშვნელოვანია.
– სხვა ქვეყნებში მოგზაურობაც გავიხსენოთ. რომელმა ქვეყანამ დაგიტოვათ განსაკუთრებული ემოციები?
– პირველად ლონდონში ვიყავი, დაახლოებით, 13 წლის გამიშვეს სასწავლებლად, სრულიად მარტო. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოიქცნენ, რადგან იმ პერიოდმა თავდაჯერება შემმატა. ზოგს ფრენის ეშინია და მე ისეთ ასაკში ვიყავი, არც ვიცოდი, უნდა შემშინებოდა თუ არა. ჩემი ოჯახის ახლობელი იყო იმ კომპანიის პრეზიდენტი, რომლის თვითმფრინავითაც მე გავფრინდი. მფრინავს უთხრა, რომ კაბინაში დავესვი მასთან ერთად. ძალიან დაძაბული ვიყავი, მერე საჭესთანაც დამსვეს, გვერდზე მეორე პილოტი მეჯდა, მასწავლა, როგორ უნდა მჭეროდა ხელში და მერე უცებ ადგა, გავიდა კაბინიდან და კარი მომიხურა. დავიწყე ყვირილი, შემოდით, ძმებო, ჩქარა, თორემ ჩამოვვარდებით-მეთქი და ნახევარ წუთში რომ მოვიდნენ, სულ სველი ვიყავი. მერე კი მითხრეს, რომ ავტოპილოტზე იყო თვითმფრინავი (იცინის). კოლეჯში რომ ჩავედი, ჩვეულებრივი ამერიკული ფილმი დამხვდა ახალი ბავშვის მისვლით, მასთან „დაჯგუფებების“ შეხვედრით და „გარჩევით“ (იცინის). ეს ძალიან მომეწონა, არა იმიტომ, რომ კარგია, უბალოდ, მზად ვიყავი ამისთვის. ბავშვობიდან ვჩხუბობდი და თავის დაცვა არ გამიჭირდებოდა, თან, ბავშვობაში ვან დამს მამსგავსებდნენ. ჩავედი თუ არა, კოლეჯის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ბიჭს „დავეჯახე“. თან, როგორც პაპაჩემი იტყოდა, ცოტა ბრექებით, გამომწვევად სიარული ვიცოდი და სულ მაფრთხილებდა: შვილო, ნუ დადიხარ ეგრე, თორემ ერთხელ შენი ჭკუისა შეგხვდებაო (იცინის). ამ ბიჭმა უსიამოვნოდ მომმართა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირველივე დღეს მაგრად ვიჩხუბე. სამი ერთზე ვიყავით. მათ, ალბათ, მანამდე არ ჰქონდათ ნაჩხუბარი, რადგან ერთ-ერთ ბიჭს ტუჩი გაუსკდა და სისხლის დანახვაზე ისე შეეშინდათ, მანდ დამთავრდა ყველაფერი. მერე დირექტორთან დამიბარეს და გამაფრთხილეს, მეორედ თუ მოიქცევი ასე, უკან გაგაბრუნებთო. მაშინ ჩვენთან საბარათე სისტემა არ იყო მოწესრიგებული და მშობლებმა ორი თვის სამყოფი სამი ათას ხუთასი ფუნტი სტერლინგი ქეშად გამატანეს, თუ კიდევ დაგჭირდება, მერე გამოგგზავნითო. იქ რომ ჩავედი, ამხელა თანხა ქეშად არავის ჰქონდა. მაქსიმუმ – ასი-ორასი ფუნტი. თან ადრე „ჩაჩებს“ ვხმარობდი და რამდენიმე ჯიბეში მქონდა ფული განაწილებული. იქ ჩვენ-ჩვენი ბანკირი მოგვიჩინეს, რომელიც ჩვენს ფულს აღრიცხავდა და მერე რამდენსაც თხოვდი გაძლევდა. რიგში ვიდექით ყველა ერთად და მე ამდენი ფული რომ ამოვიღე, მკითხეს, საიდან ხარო? თავიდან ეგონათ, რომ ამერიკის შტატიდან ვიყავი, მაგრამ ავუხსენი, რომ საქართველო რუსეთის მეზობელი ქვეყანაა. ისინი მაშინვე რუსულ მაფიაზე წავიდნენ და ამდენი ფული რომ მეჭირა ხელში, ჩათვალეს, რომ მაფიოზის შვილი ვიყავი. ამას ქეშად რამდენი აქვს და ბარათზე რაღა ექნებაო (იცინის). ამ ბიჭის გალახვამ, ამდენმა ფულმა და „რუსულმა მაფიამ“ სერიოზული „ავტორიტეტი“ შემძინა. გოგონები მეუბნებოდნენ, ძალიან მაგრად ჰგავხარ ვან დამს, მისი შვილი ხარო? არა-მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ არ სჯეროდათ, მისი შვილი ხარ და მალავო. მეტი დამაჯერებლობისთვის ვან დამის ბავშვობის ფოტოები მანახეს. სინდისს ვფიცავ, ნახევარი კოლეჯის გოგონები მათთან ერთად ფოტოების გადაღებას და ავტოგრაფებს მთხოვდნენ. თან, ვუმტკიცებდი, რომ ვან დამის შვილი კი არა საქართველოდან ვიყავი (იცინის).
– როგორც ჩანს, გოგონებში პოპულარობით სარგებლობდით.
– გოგონების დამოკიდებულება იმდენად პირდაპირი და თავზეხელაღებული იყო, რაც უნდა „დასტოინი“ პასუხი მქონოდა, არ ჭრიდა. მიუხედავად იმისა, რომ 13-14 წლის ვიყავი, დიდ გოგონებსაც მოვწონდი, მაღალი და ცოტა მხარბეჭიანი ვიყავი და ეტყობა, უფრო დიდს ვგავდი. ჩემზე უფროსი გოგონები ისეთ ყურადღებას იჩენდნენ და იმდენად შეუპოვრები იყვნენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში გაზრდილი ბიჭისთვის ძალიან უცნაურად ჩანდა. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, კაცის გასაკეთებელს რომ ქალი აკეთებს.
– მოგზაურობების დროს, რეალური საფრთხის წინაშე არ აღმოჩენილხართ?
– შატილში ვიყავით ასულები და უფრო მეტი რომანტიკისთვის, მეგობრებს შევთავაზე, საკმაოდ შორს წავსულიყავით. მე, ჩემი ძმაკაცი, მისი მეუღლე და მეუღლის დაქალი ვიყავით. ისეთ ადგილას დაგვაღამდა, სხვა გამოსავალი რომ არ გვქონდა, გოგოები ხეზე ავიყვანეთ და მთელი ღამე ვართობდით, რომ არ დასძინებოდათ და არ ჩამოვარდნილიყვნენ. გარშემო მგლების ყმუილი ისმოდა და იარაღიც არ გვქონდა, რომ ცხოველი დაგვეფრთხო. მეორე დღეს მეუბნებიდნენ: გილიგ, რომანტიკა აღარ გაგვაგონოო (იცინის). ერთხელ მეცხვარეებთან ვიყავი, ნაბადში გახვეულს, თავზე ფაფახით მეძინა და ორი ფიცრის უკან ცხვარი იყო დაბინავებული. ღამე ხმაური შემომესმა და მეორე დილით გავიგე, რომ მგელს სამი ცხვარი წაუყვანია ფარიდან. კიდევ კარგი, ცხვარში არ ავერიე – ხომ გეუბნებით, ცხვრის ნაბადში ვიყავი გახვეული, გადავრჩი (იცინის). ერთხელ ბორჯომის ტყეში დათვს წავაწყდი. მეგობრებთან ერთად პიკნიკზე ვიყავი და მანქანით ძალიან შორს შევედი. მერე სილამაზეს შევყევი და ორმოცდაათ მეტრში დათვი დავინახე. გამოვიქეცი და ისეთი სახით მივვარდი მანქანასთან, ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ ნამდვილად დათვი დავინახე (იცინის).
– ამბობენ, გიორგის ნინი ბადურაშვილი მოსწონს, უფრო მეტიც, შეყვარებულია მასზეო.
– სამწუხაროდ, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მოწონებით ყველა მშვენიერი მომწონს. ნინი უსაყვარლესი და უმშვენიერესია. ერთხელ ქუჩაში დავინახე გოგონა, რომელიც ძაღლს მოასეირნებდა. იმდენად მშვენიერი იყო ეს კადრი, გავჩერდი და ვუყურებდი – ჩემმა მზემ, რა ლამაზია, ნეტა ვინ არის-მეთქი და უცბად ტაქსი დამეჯახა, შუა ქუჩაში ვიდექი. მერე თვითონაც გაიგო, რომ კინაღამ მისი სილამაზის მსხვერპლი გამხადა. მან დიდი როლი შეასრულა ჩემს პოეზიაში, მუზად ამოვიჩემე. შეიძლება, თვითონ საერთოდ არ ვეპრიანებოდი და არც ახლა მოვწონვარ, მაგრამ მე ლექსები დამაწერინა ამ მშვენიერმა. თუმცა, სიყვარულით მართლა არასდროს არავინ მყვარებია.