№28 როგორ აღიარა გიორგი მჭედლიშვილის მიერ შექმნილი მომავლის თვითმფრინავი „ნასამ“ და რა სერიოზულ შემოთავაზებაზე თქვა მან უარი
22 წლის გიორგი მჭედლიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტია. მისმა გუნდმა, „ნასას“ კონკურსში ტექნიკურ ნაშრომ „გრიფონის” წარდგენის შედეგად გაიმარჯვა. მათ მიერ შემუშავებული კომერციული თვითმფრინავის ახალი მოდელი ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ნაკლებ ხმაურს იწვევს და რაც მთავარია, 80 პროცენტზე მეტით ამცირებს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს. ეს უკანასკნელი კი, უშუალოდ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტის, გიორგი მჭედლიშვილის დამსახურებაა.
გიორგი მჭედლიშვილი: „ნასას“ აერონავტიკის კონკურსი წარმოადგენს „ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. მასში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის გუნდები. როგორც გაირკვა, ეს იყო საბოლოო გამოწვევა, რომელიც „ნასამ“ გამოაცხადა და მომავალ წლებში აღარ ჩატარდება. საქართველოში დავამთავრე ილია ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ყოველთვის მინდოდა, ამერიკაში წასვლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, აქაურ განათლებასთან შედარებით სამეცნიერო კუთხით მაინცდამაინც კარგ დონეზე არ ვიყავით. ჩავაბარე მისაღები გამოცდები, წავედი იმ უნივერსიტეტში, რომელმაც მომცა ყველაზე მეტი დაფინანსება, ასევე, იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ძალიან მაგარი საბაკალავრო პროგრამა ჰქონდა – ელჰამის კოლეჯში. ხუთი წელი ვისწავლე და ორი უნივერსიტეტი დავამთავრე. იმის გამო, რომ იქ მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა, სამ წელიწადში გავიარე ოთხი წლის მასალა და საშუალება მომეცა, კოლუმბიის უნივერსიტეტში გადავსულიყავი. იქ ორი წელი ვისწავლე და ორი უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხით, ხუთ წელიწადში დავამთავრე.
– როგორ გაჩნდა „გრიფონის” კონცეფცია და როგორი იყო პროექტზე მუშაობის პროცესი?
– იდეა მოვიდა იქიდან, რომ ჩემმა მეგობარმა, ილონ გორდონმა მითხრა „ნასას“ გამოწვევებისა და იმის შესახებ, რომ სტუდენტთა პატარა გუნდი აპირებდა აღნიშნულ გამოწვევაში მონაწილეობას. იცოდა, რომ სანამ კოლუმბიის უნივერსიტეტში გადავიდოდი, წინა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკას ვსწავლობდი და მთხოვა, რომ მასთან ერთად გავძღოლოდი ამ გუნდს. ეს იყო გამოწვევა, რომელიც ჩატარდა „ნასასა“ და გერმანული კოსმოსური ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით. გამოწვევის მიზანი იყო, რომ ჩვენ, სტუდენტებს, უნდა შეგვექმნა მომავალი კომერციული თვითმფრინავი, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტიკულ მოთხოვნას, რომელიც დაწესებული იყო „ნასას“ მიერ. ეს მოთხოვნები იყო: 50-60 პროცენტით შეგვემცირებინა საწვავი, გამონაბოლქვში – მავნე ნივთიერებები, კერძოდ აზოტის ოქსიდები და ნახშირბადის მონოქსიდის, 75 პროცენტით და ზემოთ და ხმაური – 42 დეციბალამდე. მე ვიყავი ძრავის სისტემისა და ამ თორმეტკაციანი გუნდის თანახელმძღვანელი. ამ პროექტზე ერთი წელიწადი ვმუშაობდით. ეს იყო კლასგარეშე, რადგან ჩემი მიმართულება არ არის სუფთა ინჟინერია. საინჟინრო სკოლაში ვისწავლე, მაგრამ ვისწავლე სუფთა მათემატიკა, გამოყენებითი მათემატიკა ოპტიმიზაციის კუთხით, ეს იყო აბსოლუტურად ენთუზიაზმით ჩადებული შრომა, რომელიც ასე დაფასდა.
– რამდენი ადამიანი მუშაობდით მოდელის შექმნაზე, რა დრო დასჭირდა ტექნიკური ნაშრომის დასრულებას?
– მოდელის შექმნაზე მუშაობდა თორმეტკაციანი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავის, აეროდინამიკისა და აეროდიზაინის. ტექნიკური ნაშრომი 9 თვეში შეიქმნა. მე და ილონ გორდონი ძრავის გუნდის თანახელმძღვანელები ვიყავით. მე უშუალოდ ძრავაში წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე ვმუშაობდი. სწორედ წვის გაუმჯობესების შედეგად, შევამცირეთ მავნე ნივთიერებების გამოშვება 80 პროცენტზე მეტით და შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ „ნასას“ უმთავრესი მოთხოვნა. ამავდროულად, საგრძნობლად შევამცირეთ საწვავის მოხმარება. ჩემი პირადი წვლილი აქ ის იყო, რომ ძრავის სისტემაში ვმუშაობდი გაგრილებისა და წვის ოპტიმიზაციაზე და ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, წვა შეგვემცირებინა იმ დონემდე, რომ საწვავის მოხმარებაზე 55-პროცენტიანი ეკონომია გაგვეკეთებინა. მავნე ნივთიერებების გამოშვებაც 77 პროცენტით შემცირდა და რეალურად სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
– რა პრობლემას ჭრით „გრიფონის” გამოგონებით?
– მომავალი კომერციული თვითმფრინავი, „გრიფონი“ ნაკლებ საწვავს მოიხმარს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად შემცირებულია ხმაური. ყველა ამ კომპონენტის დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, რომ „ნასას“ ჩვენი ნაშრომი განეხილა. „გრიფონი“ ჰიბრიდი თვითმფრინავია და ავიაციაც სწორედ, ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს. ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად უარესდება ეკოლოგიური ვითარება, ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა. 2025-2035 წლებში იგეგმება „გრიფონის“ იმპლემენტაცია, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.
– რამდენად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ეს კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის?
– კოლუმბიის უნივერსიტეტში ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო. ამერიკაში გავიმარჯვეთ საბაკალავრო და სამაგასტრო გუნდებს შორის და 26 სექტემბერს „ნასაში“ ამერიკის სახელით წარვდექით. გერმანიიდან კი, გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტი იყო. გავცვალეთ ჩვენი ხედვები. „ნასაში“ იმ მეცნიერებთან გვქონდა კავშირი, უშუალო შეხვედრები და დისკუსია, რომლებიც ამ მიმართულებით, ამ ტექნოლოგიების განვითრებაზე მუშაობენ. მე გამიხარდა, რომ ჩვენი ძრავის მოდელი, იმ მოდელს დაემთხვა, რომელზეც დღეს მეცნერები მუშაობენ და სავარაუდოდ, ეს იყო ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. „ნასას“ ერთ-ერთ სათავო ოფისში ვიყავით მიწვეულები და სწორედ ამ მეცნიერების წინაშე გვქონდა ჩვენი მოდელის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო. „ნასას“ მეცნიერებს ვეუბნებით: რა თქმა უნდა, თქვენ კარგები ხართ, მაგრამ ჩვენ უკეთესზე ვმუშაობთო. ბევრი კითხვა იყო, გავიწურეთ. მაგრამ პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ „ნასაში“ სმა უყვართ. ძალიან უშუალო ადამიანები არიან, სამუშაო დღის შემდეგ ბარში სვამენ. ქართული ღვინოც ძალიან უყვართ, უშუალო გარემო იყო. მეგობრული, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არაფრით განსაკუთრებული და ეს არის მთავარი. უბრალოდ, „ნასა“ ჟღერდეს რაღაც დიდად.
– რაიმე შემოთავაზება ხომ არ გქონია „ნასაში“?
– „ნასასგან“ მქონდა შემოთავაზება, ასევე, ყველაზე დიდ სამხედრო მფრინავების მწარმოებელი კომპანიისგან, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს მაინც კვლევითი მიმართულებაა და დროებით უარი ვთქვი. ახლაც ორ ცენტრთან მაქვს კავშირი. ყოველთვის მინდოდა სამხედრო მფრინავობა, რაც ამერიკაში არ არის მარტივი საქმე. მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ეს ბევრ ისეთ დეტალს მოითხოვს, რაც სახელმწიფოსთვის საიდუმლოებაა, შესაბამისად, ისე მიდის შენი შესწავლა, მინიმუმ, მოქალაქე მაინც უნდა იყო. მე კი, მოქალაქეობას ორ წელიწადში მივიღებ. პროექტებზე საქართველოში ვმუშაობ. აგრომიმართულებით მაქვს საკონსულტაციო ფირმა და წარმოვადგენ ამერიკულ საერთაშორისო აგრობიზნესს. ახლა ვმუშაობ კონკრეტულ სასათბურე პროექტებზე იმერეთის რეგიონში. ძალიან დიდია დაინტერესება ამერიკული მხრიდან და გარკვეულწილად, შუამავლის როლს ვასრულებ ამერიკულ მაღალი საფინანსო ინსტიტუციების წარმომადგენლებსა და საქართველოში კერძო სექტორს შორის.