№28 გურამ ქარაზანაშვილი – წარმატებული უროლოგი ქართული მედიცინის განვითარების სამსახურში
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი წლების წინ ევროპული განათლებითა და გამოცდილებით დაბრუნდა საქართველოში და შექმნა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი „ემ ემ ტე“ ჰოსპიტალი, რომელიც დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონსა და ევროპაშიც კი ცნობილი და აღიარებულია.
გურამ ქარაზანაშვილი: კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვსწავლობდი და ფიზიკოსობას ვაპირებდი. მეათე კლასში სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე ექიმობა, ჩემი ბებია ცნობილი ექიმი იყო და ვფიქრობ, ამ ფაქტმა იქონია ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა. სკოლა წარჩინებით დავამთავრე, იმავე წელს წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც ასევე წარმატებით გავაგრძელე სწავლა. აბსოლუტურად ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მქონდა და ვიყავი სახელობითი სტიპენდიანტი. ინსტიტუტი 1987 წელს დავამთავრე. ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით და ევროპასა და ამერიკაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, ამიტომ უროლოგიის შესასწავლად მოსკოვში გავემგზავრე, სადაც ამ პროფესიას ხუთი წელი ვეუფლებოდი. იქ დავიწყე სამეცნიერო მოღვაწეობაც. მოსკოვში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და იქ ჩამოვყალიბდი, როგორც უროლოგი. სწავლა 1991 წელს დავამთავრე და ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა, რომ დავრჩენილიყავი მოსკოვში და საკმაოდ კარგ პოზიციაზე მემუშავა, ვითათბირეთ ოჯახში და გადავწყვიტეთ, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ჩემი ჩამოსვლა სამოქალაქო ომის დაწყების პერიოდს დაემთხვა და ყველა ის სირთულე და მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობები საკუთარ თავზე გამოვცადე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში უროლოგად დავიწყე მუშაობა, თუმცა აფხაზეთის ომის პერიოდში, როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფო სამხედრო ჰოსპიტალად გადააკეთეს, ვმუშაობდი, როგორც სამხედრო ქირურგი. აფხაზეთში დაჭრილი მებრძოლები, უკვე გართულებული მდგომარეობით გადმოჰყავდათ ჩვენთან და ძალიან მძიმე შემთხვევებთან გვქონდა საქმე. ამ ყველაფრის პარალელურად, უცხოეთში წასვლაზე ოცნება არ შემიწყვეტია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი.
– როგორ მოახერხეთ ევროპაში გამგზავრება და იქ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
– მაშინ ფოსტაც არ მუშაობდა და თვითმფრინავს ვატანდი წერილებს, სადაც ვწერდი ჩემს მონაცემებს, სამუშაო გამოცდილებას და ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა კლინიკებს მივმართავდი თხოვნით, რომ სწავლისა და მუშაობის გაგრძელების შანსი მოეცათ. საბოლოოდ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და სამუშაოდ ევროპაში წავედი, კერძოდ, 3 წელი გერმანიაში ვიყავი და 1 წელი – შვედეთში. გარდა ამისა, რამდენიმე თვით ვიყავი სხვადასხვა ქვეყნებში – ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ.
– ევროპაში დარჩენაზე არ გიფიქრიათ?
– გერმანიაში ყოფნის დროს მომანიჭეს ერთ-ერთი ძალიან მაღალი რანგის – ჰუმბოლდტის სტიპენტია, რის საფუძველზეც მომეცა საშუალება, რომ
გერმანიაში მუშაობის ლიცენზია ამეღო. ვინაიდან მე ინგლისურენოვანი ვიყავი, ლიცენზიის მისაღებად გერმანული ვისწავლე, ჩავაბარე შესაბამისი გამოცდა და მომენიჭა გერმანიაში მუშაობის უფლება. მაშინ შემომთავაზეს გერმანიაში დარჩენა და მუშაობა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მივიღე. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ფაქტობრივად, სამჯერ ვთქვი უარი საკმაოდ მიმზიდველ შემოთავაზებებზე – რუსეთში, გერმანიასა და შვედეთში. ბოლო 12 წელია, საქართველოში დავფუძნდი. რა თქმა უნდა, წელიწადში რამდენჯერმე მივდივარ უცხოეთში სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე.
– საქართველოში სად და როგორ გააგრძელეთ მუშაობა?
– ჩამოვაყალიბე „ემ ემ ტე“ ჰოსპიტალი, სადაც ვაკეთებთ ონკოლოგიური უროლოგიის ურთულეს ოპერაციებს, ვმუშაობთ ლაპარასკოპიულ-ენდოსკოპიური მეთოდითაც, მოვიცავთ ქალთა და ბავშვთა უროლოგიასაც. ყველანაირი გაზვიადების გარეშე ვამბობ, რომ ჩვენი ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონშია ცნობილი. სულ ახლახან დავბრუნდი ამერიკიდან, სადაც მოხსენებით წარვსდექი და წარვადგინე ჩემი ვიდეოპრეზენტაცია სან-ფრანცისკოში, უროლოგთა ასოციაციის ყრილობაზე. ეს გახლავთ მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ფორუმი უროლოგიის დარგში, სადაც მსოფლიოს ასი ქვეყნის 16 000 პროფესიონალი ესწრებოდა.
ჩვენ წარვადგინეთ უახლესი მიღწევები შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მიმართულებით, რომლის მკურნალობის წამყვან მეთოდად დღემდე რჩება ქირურგიული ჩარევა, რა დროსაც საჭიროა შარდის ბუშტის ლიკვიდაცია, ქალბატონებში ასევე სასქესო ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები), მამაკაცებში პროსტატის ლიკვიდაცია, ამის შემდეგ დგება საკითხი, სად უნდა წავიდეს შარდი და შარდის გადაყვანის მიზნით ნაწლავისგან იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი, ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია, რომელიც 7-8 საათს გრძელდება. ამერიკაში წარვადგინეთ ამ ოპერაციის შესრულების უახლესი ტექნიკა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პაციენტის ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი და გართულებები კი – მინიმალური? ამისთვის ჩვენ ერთი ოპერაციის ფარგლებში შევიმუშავეთ ოთხი სიახლე. განვახორციელეთ ეს ურთულესი ჩარევა, გადავიღეთ ამის აღწერილობის ფილმი და წარვადგინეთ ქართულ რეალობაში, ჩვენს კლინიკაში ჩემ მიერ განხორციელებული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს არის დოკუმენტური ვიდეომასალა, რაც სიახლე იყო მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის ამერიკისთვისაც. ეს ტექნიკა დღეს უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა იმიტომ, რომ შევიდა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ვიდეობიბლიოთეკაში და დღეს მსოფლიოს ნებისმიერ უროლოგს შეუძლია ნახოს და დანერგოს ყოველდღიურ პრაქტიკაში. ეს იყო პირველი ფაქტი, როდესაც ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ყრილობაზე საქართველოდან ვიდეოპრეზენტაციით ვიღაც წარსდგა, რაც მიუთითებს ჩვენი კლინიკის მაღალ საერთაშორისო დონეზე როგორც მეცნიერებაში, ისე ქირურგიაში.
– როგორ შეარჩიეთ „ემ ემ ტე“ ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი?
– მოვიარე მსოფლიოს საუკეთესო კლინიკები და მინდა თუ არ მინდა, ჩემს შიგნით სტანდარტები აწეულია და ძალიან ცუდად ვეგუები დაბალ სტანდარტებს. ამიტომ ხანდახან შეიძლება, ჩემთან მუშაობა ზოგიერთი ადამიანისთვის ცოტათი რთული იყოს და მეორეს მხრივ, ყველა ის ადამიანი, ვინც საქმის ერთგულია და მცოდნეა, ჩემ გვერდით ძალიან კარგად გრძნობს თავს. ამიტომ ჩვენს კლინიკაში თავისთავად იცხრილებიან ის კადრები, ვინც მაღალი პასუხისმგებლობით არ უდგებიან საქმეს ან ცოდნისა და შრომისმოყვარეობის დეფიციტი აქვთ. წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბე მუშა, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოლექტივი.
– შემოდგომაზე მსოფლიო მასშტაბის კონფერენციის ჩატარებას გეგმავთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რა მნიშვნელობის იქნება ეს კონგრესი?
– ეს რიგით მეოთხე, უპრეცედენტო მასშტაბის კონგრესი იქნება, რომელიც ჩემი თაოსნობით ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 15-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი ონკოუროლოგები. კერძოდ: ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ონკოუროლოგიური ასოციაციის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ევროპის უროლოგთა საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და დღეს გერმანიის, ბონის უნივერსიტეტის კლინიკის დირექტორი, ასევე, ბელგიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის წამყვანი ონკოუროლოგები, ონკოლოგები და სხივური თერაპევტები. ჩვენი რეგიონიც ფართო გაგებით იქნება წარმოდგენილი, ჩამოვა უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ხელმძღვანელი, რუსეთის ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ბელორუსიის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის წამყვანი ონკოლოგები და უროლოგები. რეალურად ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი ღონისძიება და მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ამ რანგის ღონისძიებაზე დასწრება და ასეთი ვარსკვლავური სპიკერების მოსმენა რამდენიმე ათასი დოლარი ან ევრო ღირს. ქართველი მედიკოსებისთვის კი, ამ ღონისძიებაზე დასწრება სრულიად უფასო იქნება. უზრუნველვყოფთ, რომ მათთვის მაღალი ხარისხის პირდაპირი თარგმანი იყოს. კონგრესზე მოწვეული მომხსენებლები 2018 წლის ონკოუროლოგიაში არსებულ უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ. ვფიქრობ, ქართული მედიცინისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.