№28 კითხვა-პასუხი
კითხვა: მაკიაჟის მოსაცილებელი არაერთი საშუალება ვცადე, მაგრამ არცერთი არ მომწონს. იქნებ მასწავლოთ, როგორ დავამზადო ისე, რომ ეფექტურიც იყოს და სახის კანიც არ გამიღიზიანოს?
პასუხი: თანაბარი რაოდენობის ზეითუნის ზეთი და წყალი შეურიეთ ერთმანეთს და მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ. ეს ნაზავი უსაფრთხოა და ამავდროულად, სახის კანსაც იცავს.
კითხვა: ერთი წლის წინ დამეწყო წამწამების ცვენა. საკმაოდ შემითხელდა. მითხრეს, რომ კარგია ქოქოსისა და ლავანდის ზეთის წასმა. ის წამწამებს უფრო ხშირს გამოაჩენსო. მიღირს, რომ ვცადო?
პასუხი: დიახ, ქოქოსისა და ლავანდის ზეთები დაგეხმარებათ, რომ წამწამები უფრო ხშირი და გრძელი გახდეს. 4 წვეთ ლავანდის ზეთს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და წაისვით წამწამებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, დაიტოვოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე. შედეგს კი, ერთ კვირაში ნახავთ.
კითხვა: სახის გასაწმენდად არ ვხმარობ ქიმიურ საშუალებებს, მირჩევნია ბუნებრივი, ნატურალური საშუალებები გამოვიყენო. ხშირად ვისვამ არაჟანს, ხაჭოსა და მჭადის ფქვილს. ახლა კი მინდა, ბოსტნეულზე გადავიდე. მირჩიეთ, როგორ მოვამზადო მათგან სახის გასაწმენდი ნიღბები და რომელი ბოსტნეულია ამისთვის განსაკუთრებულად კარგი?
პასუხი: სახის კანისთვის ძალიან კარგია სტაფილოს, კიტრისა და პომიდვრის ნიღბები. სტაფილოს ნიღაბი: 200 გრამი სტაფილო გახეხეთ. დაამატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით მკვებავი. კიტრის ნიღაბი: კიტრს მოაცილეთ კანი, გახეხეთ სახეხზე, გამოწურეთ წვენი და წვენი ცალკე შეინახეთ. ფაფა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კიტრის წვენით. ბოლოს წაისვით კრემი. პომიდვრის ნიღაბი: წვენგამოწურული, ბრტყლად დაჭრილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20-25 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ზაფხულის პერიოდში ეს ნიღბები საკმაოდ კარგია სახის კანის მოსავლელად.