№28 ცხელი ხაზი თვითმკვლელისთვის
რიჩარდ დემინგი
პირველი სატელეფონო ზარი საღამოს 11 საათზე გაისმა.
– თქვენი ნომერი გაზეთიდან შევიტყვე, – გაისმა ყურმილში ქალის სასიამოვნო, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა.
საგაზეთო განცხადებაში ეწერა: „ცხელი ხაზი თვითმკვლელებისთვის. 24 საათი დღე-ღამეში, ანონიმურობა გარანტირებულია.“
– რით შემიძლია, დაგეხმაროთ? – ჰკითხა მარტა პრუეტმა.
– არც კი ვიცი... – ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უპასუხა ქალმა, – მე არ ვაპირებ თავის მოკვლას. საშინელ ხასიათზე ვარ და ვინმესთან საუბარი მომინდა.
– მერე და რატომ ხართ ასეთ ხასიათზე?
– ისე, უბრალოდ, საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს. იმედია, ჩემი ტელეფონის ნომრის დადგენას არ შეეცდებით.
– ამას რომ ვაკეთებდეთ, აღარავინ დაგვირეკავდა. ჩემი ვალია, დაგეხმაროთ. თქვენი ნებართვის გარეშე, სიტუაციას არავისთან განვიხილავ. რა გქვიათ?
– მე ჟანეტი ვარ.
– მიხარია თქვენი გაცნობა, ჟანეტ. ახალგაზრდა გოგონას ხმა გაქვთ. მე კი მარტა მქვია. გათხოვილი ხართ?
– 32 წლის ვარ. ათი წელია, გათხოვილი ვარ, მაგრამ შვილები არა მყავს. ჩემი ქმარი ორშაბათობით ბოულინგს თამაშობს და სახლში გვიან მოდის.
– თქვენი ცუდი განწყობის მიზეზი ის არის?
– არა. ფრედი შესანიშნავი...
ყურმილში გუგულის საათის ხმა გაისმა, რომელიც პატრონს ამცნობდა, რომ 11 საათი გახდა.
– იცით, თქვენ ძალიან დამეხმარეთ, – უეცრად თქვა ჟანეტმა. – შეიძლება, კიდევ დაგირეკოთ, თუ ცუდ ხასიათზე ვიქნები?
– შეგიძლიათ, მაგრამ შეიძლება სხვა ოპერატორთან მოხვდეთ. ჩვენ სხვადასხვა ცვლაში ვმუშაობთ.
– თქვენ როდის მუშაობთ?
– ორშაბათს და ოთხშაბათს, საღამოს რვიდან – დილის რვამდე.
– შევეცდები, სხვა დღეებში დეპრესია არ დამემართოს, – იხუმრა ჟანეტმა. – მადლობა, რომ მომისმინეთ, მარტა.
მეორედ ჟანეტმა ოთხშაბათს დარეკა, ღამის 12 საათზე.
– მე თქვენ მოგატყუეთ, მარტა. გამუდმებით თავის მოკვლაზე ვფიქრობ. არ შემიძლია, ვინმეს ვუამბო ჩემი უსიამოვნებების შესახებ, – აკანკალებული ხმით წარმოსთქვა ჟანეტმა, – მგონია, რომ ვგიჟდები. ძალიან მიყვარს ქმარი, მაგრამ პერიოდულად სურვილი მიჩნდება, რომ... მოვკლა, კვირას სამზარეულოში გავედი დანის ასაღებად და დროზე რომ არ მოვსულიყავი აზრზე, ალბათ, ყელს გამოვჭრიდი. ისე შემეშინდა, რომ მეორე დღეს თქვენ დაგირეკეთ.
მარტამ გამოცდილებით იცოდა, რომ ისეთები, როგორიც ჟანეტი იყო, ექიმთან მისვლაზე უნდა დაეყოლიებინა.
– დარწმუნებული ვარ, ფსიქოლოგი დაგეხმარებათ. ბევრი კარგი ექიმია. მაგალითად, ალბერტ მანერსი. შესანიშნავი რეპუტაცია აქვს. ხვალვე დაურეკეთ.
მესამედ და ბოლოჯერ ჟანეტმა ორშაბათს დარეკა, ცხრას წუთები აკლდა.
– ვიცი, გვიან არის... მისი მოკვლა არ შემიძლია. გადაეცით, რომ მე ის მიყვარდა... იპოვეთ ის. ფრედი, ფრედ უოტერსი. უთხარით მას... უთხარით... – ჟანეტის ხმა შეწყდა, მაგრამ მარტამ ყურმილში ისევ გაიგო გუგულის ხმა და საათმა 9-ჯერ ჩამოჰკრა.
– გისმენთ, – თქვა ფრედ უოტერსმა, – როდესაც ყურმილი აიღო. – რა მოხდა?
– მე ცხელ ხაზზე ვმუშაობ, თვითმკვლელების ცხელ ხაზზე. 20 წუთის წინ, თქვენმა მეუღლემ დარეკა, მან რაღაც აბები მიიღო და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარება გაგზავნეთ სახლში.
შემდეგ მარტამ ფრედს საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა. სთხოვა, მისთვის დაერეკა და ცოლის მდგომარეობა შეეტყობინებინა. აღელვებულმა ფრედ უოტერსმა მას მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა.
– მის პრუეტი ხართ? – იკითხა უცნობი მამაკაცის ხმამ, რომელმაც 2 საათის შემდეგ დარეკა, – ლეიტენანტი აბელი ვარ, პოლიციიდან. ექიმმა უოტერსმა მითხრა თქვენ შესახებ. მას ახლა არ შეუძლია საუბარი. რამდენადაც ვიცი, თქვენ უთხარით, რომ მისმა მეუღლემ აბები მიიღო.
– დიახ. ახლა როგორ გრძნობს თავს?
– სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ხვალ, დღის 4 საათზე გელოდებით.
მარტა ზუსტად დანიშნულ დროს მივიდა პოლიციის განყოფილებაში. ლეიტენანტმა მას ფრედ უოტერსი გააცნო. ის მაღალი, სიმპათიური მამაკაცი იყო, მუქი შავი თმითა და ლამაზი, თეთრი კბილებით.
მარტამ ყველაფერი თქვა, რაც ჟანეტის შესახებ იცოდა და ჩვენებას ხელი მოაწერა. ლეიტენანტმა ექიმ მანერსთანაც დარეკა და გაიგო, რომ ჟანეტი მართლაც იყო მიღებაზე ჩაწერილი.
რადგან მისის უოტერსმა თავი მოიკლა, საქმე მალევე დახურეს...
მარტა კბილის ექიმთან რეგულარულად დადიოდა – წელიწადში 2-ჯერ. მერე მისი დანტისტი ფლორიდაში წავიდა და მარტას გაახსენდა, რომ ფრედ უოტერსიც ექიმი იყო. დარეკა მის კლინიკაში და მიღებაზე ჩაეწერა.
მარტა მოსაცდელში იჯდა და ექიმს ელოდებოდა. უცებ გუგულის ხმა შემოესმა. ზევით აიხედა და საათი დაინახა, მაშინვე ჟანეტთან საუბრები გაახსენდა.
– მის, შემთხვევით, ხომ არ იცით, დოქტორ უოტერსს ასეთი საათი სახლშიც აქვს? – ჰკითხა მან ექთანს.
– არ ვიცი, – უპასუხა გოგონამ, – აქ ორი კვირაა, რაც ვმუშაობ, მაგრამ ეს საათი მალე გამაგიჟებს. კარგი იქნებოდა, ქორწინების შემდეგ, სახლში რომ წაეღო. სამი კვირის წინ დაქორწინდა ჯოანზე. რომელიც ქორწინებამდე აქ მუშაობდა, მის ადგილზე ახლა მე ვარ.
მარტას მაშინვე შეეცვალა დამოკიდებულება ექიმის მიმართ. ექთანი ენას არ აჩერებდა... – ეს საათი ჯოანს ეკიდა სახლში. როდესაც უოტერსთან გადავიდა, თავისი ნივთების დიდი ნაწილი გაყიდა, ხოლო ეს საათი აქ მოიტანა.
დაბნეული მარტა საათს მიაშტერდა. თუ სამივეჯერ ზარი ექთნის სახლიდან იყო, მაშინ, გამოდის, რომ ის ჟანეტს კი არა, ჯოანს ელაპარაკებოდა, რომელიც ჟანეტის სიკვდილიდან ორი თვის შემდეგ, ახალი მის უოტერსი გახდა!
ფრედიმ მარტა რომ დაინახა. სახეზე თითქოს შიშის აჩრდილმა გადაურბინა, – არ ვიცოდი, რომ თქვენ იყავით, თორემ არ გალოდინებდით, მის პრუეტ. შემობრძანდით.
მარტა ძლივს მივიდა ადგილამდე და სავარძელში ჩაჯდა. ექიმმა ყელზე ხელსახოცი გაუკეთა და მანაც მორჩილად გააღო პირი. 15 წუთის მერე ღია კარში, ახალგაზრდა ქერა ქალი გამოჩნდა, ასე, 25 წლის იქნებოდა.
– მაპატიე, ძვირფასო, – მოიბოდიშა ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ.
– მეგონა, უკვე გათავისუფლდი.
– თქვენ, ალბათ, ჯოანა ხართ, – თავი მოაბრუნა მარტამ. გახსოვართ, ჯოან?
გაფითრებულმა ქერა ქალმა დაკვირვებით შეათვალიერა მარტა და თავი გააქნია.
– ნამდვილად იდეალური მკვლელობა იყო! ჩემი მეშვეობით, ჟანეტი გიჟად აქციეთ, რომელიც თითქოს თავის მოკვლაზე ოცნებობდა. არა და ის, ალბათ, სავსებით ნორმალური იყო. როგორ მოწამლეთ ის, ექიმო? – მარტამ მზერა ექიმზე გადაიტანა, – ყავაში ძილის წამალი ჩაუყარეთ? მოკლედ, მე მივდივარ, – თქვა მოჩვენებითი სიმტკიცით მარტამ და ადგომას შეეცადა.
ექიმი მარტას მხრებში სწვდა და ისევ სავარძელში ჩასვა. მას არ გასჭირვებია სუსტი ქალის დამორჩილება.
– გაუკეთე გაზის ნიღაბი, – უთხრა ექიმმა ცოლს.
მარტა მათ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ჯოანმა ცალი ხელი ნიკაპზე მოჰკიდა, ხოლო მეორეთი, ნიღაბი გაუკეთა. მარტა უკვე დანებებას აპირებდა, როდესაც მისაღები ოთახიდან კაცის ხმა გაისმა.
– ავტობუსის ბილეთი დამრჩა, ექიმო. დაბრუნება მომიხდა... წინა პაციენტი ოთახში შევიდა. მოულოდნელობისგან ექიმმა ხელი გაუშვა მარტას, შეშინებულმა ჯოანმაც შეასუსტა ზეწოლა. მარტამ დრო იხელთა, თავი დაიძვრინა, ჯოანს ხელში ეცა და უკბინა. ქალმა შეჰყვირა და ნიღაბი გაუვარდა. მარტამ ორივე ფეხი ექიმს მუცელში ჩაარტყა და ხელსაწყოების მაგიდას მიანარცხა..
როდესაც შენობიდან ექიმი და მისი ცოლი გამოცვივდნენ, მარტა უკვე პოლიციის განყოფილებისკენ მიჰქროდა...