№28 მოჩვენებითი თავმდაბლობა
მოჩვენებითი თავმდაბლობა ცრუ, ყალბი, ხელოვნური თავმდაბლობაა. ის მჟღავნდება სიტყვებში საკუთარი თავის არად ჩაგდებით. მოჩვენებითი თავმდაბლობის მქონენი, ჩვეულებრივ, ხშირად იმეორებენ, რომ ცოდვილნი არიან, ზოგიერთ თავიანთ ცოდვებს ამჟღავნებენ კიდეც, თითქოს საკუთარი სიტყვების დასტურად თავისი ცოდვილობის შესახებ; მაგრამ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ყურადღებიანი მსმენელი მაშინვე განსაზღვრავს, რომ მის წინ თავმდაბლობის მანიით დაავადებული ადამიანია.
თავმდაბლობის მანია ამპარტავნების ერთ-ერთი სახეობაა.
სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანი მოჩვენებით თავმდაბლობას ნამდვილისგან ძნელად არჩევს. ზოგჯერ ასეთი ვნებით შეპყრობილის თვალთმაქცობა ისეთი დახელოვნებულია, რომ მართლაც ძალზე გამოცდილი თვალი და დაკვირვებაა საჭირო, რათა, როგორც იტყვიან, ადამიანი ამოიცნო. ზოგჯერ კი, მათი თვალთმაქცობა და ტყუილი მაშინვე მჟღავნდება, განსაკუთრებით მათ მიერ, ვინც ახლოს და კარგად იცნობს მათ.
მაგალითად, მოჩვენებით თავმდაბალი ბევრი ადამიანის თანდასწრებით მწუხარებს საკუთარ არარაობაზე, საკუთარ თავს ცოდვილსაც უწოდებს, ხარბსაც, არანორმალურსაც, სულელსა და სხვა ულამაზო სახელებს. იქ მყოფნი ფიქრობენ: „უფალო, შეეწიე! რა თავმდაბალია! არც კი რცხვენია, საკუთარ თავს ყველას წინაშე ასე უწოდოს...“ მაგრამ საკმარისია, დაეთანხმო და უთხრა:
– დიახ, დიახ! შენში არის ეს ყველაფერი! მაშინვე შეიცვლება და შესაძლოა, გააპროტესტოს კიდეც.
მაგრამ უფრო ხშირად იგი დუმს, თავისი მამხილებლის მიმართ სიბრაზესა და მტრობას გულში იფარავს. ამის შემდეგ კი, თავის კეთილისმყოფელს მტრად მიიჩნევს: აღარ ესალმება, ზურგს აქცევს, ცერად უყურებს და, თუ შემთხვევა მიეცა, შურსაც იძიებს.
არის ასეთი მოთხრობა, თუ როგორ მოისურვა მოჩვენებით თავმდაბალმა ბერმა ჯაჭვის ტარება. სულიერი მოძღვრის კურთხევის გარეშე სთხოვა მჭედელს, მისთვის ჯაჭვი დაემზადებინა. მჭედელმა უარი უთხრა, მაგრამ ბერი მეორედ მივიდა. მაშინ მჭედელმა სავანის კეთილმოწესეს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო.
– გამოსცადე, – უთხრა კეთილმოწესემ, – ლოყაში გაარტყი და თუ დუმილით შეხვდება, შეუსრულე თხოვნა, ხოლო თუ აღშფოთდება, ამხილე.
ბერი მესამედ მოვიდა და თხოვნა გაიმეორა. მჭედელმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს განრისხდა და სახეში გაარტყა. გაბრაზებულმა ბერმა იგივეთი უპასუხა. მაშინ მჭედელმა უთხრა:
– შემინდე, ძმაო, კეთილმოწესემ ასე ინება შენი გამოცდა.
ბერს შერცხვა და წავიდა.
ძალიან სასარგებლოა მათი გამოცდა, ვინც თავს ხშირად იმცირებს. მაშინვე მჟღავნდება, ჭეშმარიტია თუ მოჩვენებითი მისი თავმდაბლობა. ასეთი გამოცდა ავადმყოფს ხშირად აფხიზლებს და იგი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდება.
მოჩვენებითი თავმდაბლობა უდებების, სიზარმაცისა და პატივმოყვარეობიდან წარმოიშვება. ადამიანს სურს, თავმდაბალი იყოს, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა ეზარება; ამიტომაც ცრუ თავმდაბლობის გზას ადგება, თავმოწონეობს და ამპარტავნებს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე.
მოჩვენებითი თავმდაბლობა, რაც ადამიანების წინაშე თავის დამცრობის სიტყვებში გამოიხატება, მხოლოდ ნიღაბია, რომელიც პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებას ფარავს; ამიტომაც, მკაცრად უნდა ვადევნოთ თვალი საკუთარ თავსა და წარმოთქმულ სიტყვებს.
ზოგიერთნი საკუთარი თავის ღვთისმოშიში მხრიდან წარმოსაჩენად და შექების დასამსახურებლად, ძალზე ხშირად პირჯვარს იწერენ და ხშირად წარმოთქვამენ სიტყვას – „ღმერთი“.
მოჩვენებითი თავმდაბლობა ორი სახისაა. ერთი, როგორც იტყვიან, ბოროტგანზრახული, როდესაც ადამიანი საკუთარ სიამოვნებაზე არ ფიქრობს, მაგრამ შეგნებულად ფარისევლობს და განსაკუთრებული ანგარებიანი მიზნის მისაღწევად თავს თავმდაბლად აჩვენებს. და მეორე, გაუაზრებელი, როდესაც ადამიანს საქმის არსი არ ესმის. ეს, თავის მხრივ, ორ სახედ იყოფა.
პირველს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ეძიებენ ცხონების გზას და სურთ, მართლაც თავმდაბლები იყვნენ. მაგრამ არ იციან სულიერი ცხოვრების კანონი, რომ ცხონება ადამიანის შიგნითაა, და რომ საკუთარი ღვაწლი და სათნოებანი უნდა დაფარო.
მეორე სახეობას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც უკვე არიან დაავადებულნი სხვადასხვა ხარისხის პატივმოყვარეობით. მათთვის თავმდაბლობა, როგორც უკვე აღვნიშნე, საბურველია, ამ სახეს მოჩვენებითი თავმდაბლობის გამოვლინების ურიცხვი ვარიანტი აქვს. როგორც ამაყი ადამიანი თავს იწონებს თავისი სილამაზით, ტალანტებით, ნიჭითა და სხვა, ასევე მოჩვენებითად თავმდაბალი თავისი საჩვენებელი თავმდაბლობით პატივმოყვარეობს და ტკბება.
სიტყვიერი საჩვენებელი თავმდაბლობა, ანუ როგორც მას უწოდებენ, სიტყვიერი თავმდაბლობა ცხონების საქმეს სამი მიზეზით ვნებს:
1. შობს და განამტკიცებს პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებას;
2. სულს ამაოდმეტყველებით აცარიელებს;
3. მსმენელს აცდუნებს, ანუ განკითხვის, შურის, ამაოდმეტყველების ცოდვაში აგდებს.
უმჯობესია, გარეგნულად ამაყი ჩანდე თავმდაბალი გულით, ვიდრე გარეგნულად და სიტყვებით ეჩვენო თავმდაბალი, გულით კი პატივმოყვარეობდე.