№28 გამოუტყდით სიყვარულში
სიყვარულის ახსნა რთულიც არის და სასიამოვნოც. ზოგს აშინებს ეს სიტუაცია, ზოგს აბნევს და ბევრს ფიქრობს; ზოგსაც მიაჩნია, რომ უბრალოდ, უნდა თქვას – „მიყვარხარ“. თუმცა, არსებობს რაღაც წესები.
1. სითბოთი სავსე სიტყვებს მაგიური ზემოქმედების ძალა აქვს. საყვარელი ადამიანისგან ნათქვამი „ჩემო ძვირფასო“ სასწაულსაც მოახდენს. შეიძლება, პარტნიორი დარწმუნებული იყოს თქვენს გრძნობაში, მაგრამ, როცა კიდევ ერთხელ შეახსენებთ, თუ როგორ გიყვართ, უდიდეს სტიმულსა და ძალას მისცემთ მას.
2. ფსიქოლოგოების უმრავლესობა ერთსულოვნად თანხმდება იმაზე, რომ რაც უფრო ხშირად ეტყვით პარტნიორს თქვენი სიყვარულის შესახებ, მით მტკიცე იქნება თქვენი ურთიერთობა. მაგრამ „მე შენ მიყვარხარ“ არ უნდა ჟღერდეს ისე, როგორც მეზობლისთვის ნათქვამი „გამარჯობა“. იყავით გულწრფელი – ეს უმნიშვნელოვანესია.
P.S. რატომ უნდა დაგეზაროთ სასიყვარულო სიტყვების წარმოთქმა იმ ადამიანისთვის, რომლის გაბედნიერებაც სიხარულს განიჭებთ. უფრო მეტი სითბო და სიყვარული ორივესთვის სასარგებლო იქნება.
იდუმალი, ქალური ხიბლი
ამბობენ, ფრანგ ქალებს განუმეორებელი ხიბლი აქვთო. ქალს სილამაზე კი არა, სწორედ თავისებურება და ხიბლი ხდის მიმზიდველს. როგორი უნდა იყოთ, რომ სწორედ თქვენ გამოგარჩიონ ასობით ქალბატონისგან?!
ფრანგები ამბობენ:
1. იყავით ბუნებრივი და შეეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში თავი კომფორტულად იგრძნოთ. რას ნიშნავს ეს – სილამაზისა და მომხიბვლელობის მთავარი ტრენდია ბუნებრიობა. არასოდეს ჩაიცვათ თუნდაც ძალიან მოდური ტანსაცმელი, თუ ხვდებით, რომ თქვენი სტილი არ არის. ნუ „ამხედრდებით“ მაღალ ქუსლებზე, როცა სიარულს ვერ ახერხებთ. გახსოვდეთ, შეიძლება, ჯინსსა და უბრალო მაისურში უფრო მომხიბვლელი იყოთ, ვიდრე ძვირფას საღამოს კაბაში. ნუ გადაამეტებთ მაკიაჟს. მინიმალიზმი გაცილებით მოდურია და ეფექტური. ზედმეტად „შეღებილი“ ქალი ღიმილის მომგვრელია.
2. როცა ქალი ყურადღებას აქცევს საკუთარ თავს და შინაგან კომფორტს, ის ყოველთვის მომხიბვლელია. ანუ, როცა გარეთ გადიხართ, ფეხსაცმელშიც, ტანსაცმელშიც და აქსესუარებშიც თავს ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდეთ.
3. ყოველთვის მოუარეთ თავს და იმიტომ არა, რომ ვიღაცას მოეწონოთ. გააკეთეთ ეს საკუთარი თავისთვის. პატივი ეცით თქვენს პიროვნებას, რაც გარშემო მყოფებსაც არ დარჩებათ შეუმჩნეველი. და კიდევ, ჯობს, ეკონომია გააკეთოთ ტანსაცმელზე, მაგალითად, იყიდეთ ორი სადა მოდური კაბა, მაგრამ ჩანთა და ფეხსაცმელი გამორჩეულად კარგი უნდა გქონდეთ.
ცოლქმრობის
პლუსები
ცოლქმრული კავშირი ტვინს ჭკუასუსტობისგან იცავს.
როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ამტკიცებენ, ქორწინებაში მყოფს დემენციის (ანუ ჭკუასუსტობის, სკლეროზის) განვითარების რისკი 30 პროცენტით დაბალი აქვს. მეცნიერებმა ეს დასკვნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის (ევროპა, აზია, ამერიკა) 800 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემის გაანალიზებით გააკეთეს. ამტკიცებენ, რომ ხანგრძლივი ქორწინება ტვინის ტონუსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
საქმე ისაა, რომ ბედნიერი ქორწინებისას მეუღლეები უფრო ხშირად სწორად იკვებებიან, რეგულარულად იღებენ წამლებს და მიმართავენ ექიმს კონსულტაციისთვის. ქორწინებაში სოციალური ურთიერთობა აქტიურია. ხშირია კამათი, მსჯელობა, აქტივობები და ყველა ეს ფაქტორი გონებრივი ჩამორჩენის განვითარების რისკს აქვითებს.
დადგენილია, რომ ქვრივებში ალცჰეიმერის დაავადების რისკი 20 პროცენტით მაღალია. სტრესული მოვლენა - პარტნიორის დაკარგვა აჩქარებს გონებრივი უნარების დაქვეითებას. აქედან გამომდინარე, ექიმებს განსაკუთრებული ყურადღება მარტოხელა პაციენტების მიმართ მართებთ. ზიგადად, მარტოხელობა უკვე დიაგნოზია და საკმაოდ მძიმე სტრესიც.
ქორწინება, როგორც სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთი, ძირითადი ფორმა, ასევე, აქვეითებს მაღალი წნევის, ქოლესტერინის მომატებისა და ორივე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. ასე რომ, იფიქრეთ სტაბილური ოჯახის შენარჩუნებაზე, ის თქვენი ხანგრძლივი, ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.
ნუ დაელოდებით
გიყვარდეს, ნიშნავს, გრძნობდე მას, გსიამოვნებდეს მასთან ახლოს ყოფნა, მაგრამ სიყვარული მოქმედებასაც ნიშნავს.
სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ასე არ ხდება: ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებს და ყვავილებს, მამაკაცი კი – მისთვის განკუთვნილ გემრიელ ვახშამს. ცოლს უნდა, ქმარმა გააბედნიეროს, ქმარიც ელის ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი და გაცრუებული მოლოდინები ბადებს წყენას, საყვედურებს. ასე ირღვევა ოჯახები, უკვალოდ ქრება სიყვარული, თუმცა, შეიძლება, სიყვარული არც კი ყოფილა.
სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ ადამიანს შორის, და ეს სულ არ არის დამოკიდებული ასაკზე.
რა სხვაობაა ჩამოყალიბებულ პიროვნებასა და ჩამოუყალიბებელს შორის? ნახეთ მოკლე ინსტრუქცია:
ჩამოყალიბებული პიროვნება იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. არ ადანაშაულებს თავს, არ განსჯის, არ აკრიტიკებს, უყვარს საკუთარი თავი. მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. მას სიყვარული ავსებს შიგნიდან და მზად არის, გაუზიაროს ეს სიყვარული სხვას – ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს.
* ამასთან, იღებს თავის რჩეულს ისეთს, როგორიც არის ის, არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, უყვარს.
* არ ელოდება, რომ ვინმე გააბედნიერებს. ის საკუთარი სიყვარულითაა ბედნიერი.
* მზად არის, იმუშაოს ურთიერთობაზე, შეცვალოს თუ რამე შესაცვლელია, გამოიჩინოს ძალისხმევა.
ჩამოუყალიბებელი პიროვნება კი, ხშირად არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის.
* სიყვარული სჭირდება, რათა შეივსოს სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. მას სიყვარულის რესურსები არ აქვს. ეშინია მარტოობის, რადგან ვერავინ შეიყვარებს.
* ვერ შეიყვარებს, იმიტომ რომ არ შეუძლია სხვა ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც ის არის და ცდილობს, თავისი შეხედულებების მიხედვით გადააკეთოს.
* მიაჩნია, რომ ურთიერთობებზე მისმა მეორე ნახევარმა უნდა იმუშაოს, რადგან ის სხვამ უნდა გააბედნიეროს.
თავად ეცადეთ, რომ იყოთ ბედნიერი. გააკეთეთ რამე თქვენი რჩეულის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. ეცადეთ, გაამართლოთ მისი მოლოდინი. მთავარია, სიხარულით აკეთებდეთ ამას, მერე დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი და თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება,
გახსოვდეთ, სიყვარული მოქმედებაა და თუ ის არ მოქმედებს, თქვენ დაიწყეთ.