№28 რა არის ქალური შური და როგორ ანგრევს ის ოჯახებს
შური რომ არსებობს და ის ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, რამდენად აქვს შურს ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და რამდენად ცვლის ის მას, ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ჩვენკენ მომართულ „შურის ტალღას“, დიდი ალბათობით, არც არაფერი მოხდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა ემოციური ფონი გარე ფაქტორებისგან ძალიან ზარალდება, ხოლო ის, რისაც გვჯერა, შემდგომში თითქოს ჩვენს „მძიმე ჯვრად“, ტვირთად იქცევა ხოლმე...
მარიამი (31 წლის): არასოდეს მიფიქრია, რომ არსებობენ ძალიან ცუდი ადამიანები, რომლებსაც უნდათ, მიზანმიმართულად დაგინგრიონ ცხოვრება. თანაც, ეს ადამიანები ახლობლები არიან. ძალიან ახლობლები. დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლება, ასე მომექცნენ. მათ ხომ ვუყვარვარ. რატომ შეეცდებიან, გამწირონ ან გამაუბედურონ, არაფერი დამიშავებია, სიყვარული გვაკავშირებს და ასე რატომ მომექცევიან-მეთქი.
– კონკრეტულად რაზე საუბრობთ? ეს მეგობრებს ეხება თუ უფრო ახლობელ ადამიანებს?
– მეგობრებიც ხომ ახლობლები არიან, მაგრამ მე კიდევ უფრო ახლობლებმა გამიმეტეს. მე საკმაოდ მიამიტი და უბოროტო ადამიანი ვარ. არ მჯეროდა ცუდი რაღაცების, მით უფრო, როცა ამ ხალხთან ერთად ჩემი ცხოვრების არაერთი ბედნიერი დღე მაქვს გატარებული. ჩემი ქმრისა და ჩემი სიყვარული თუ ვინმეს შეშურდებოდა, თანაც ისე, რომ ბოროტებას ჩაიფიქრებდა, როგორ წარმოვიდგენდი. ისეთი ლაღი ვიყავი, ისეთი გახსნილი, ბედნიერებას ვერ ვმალავდი და არც მიფიქრია დამალვა.
– არ იცოდით, რომ სხვისი ბედნიერება ადამიანებს აღიზიანებთ?
– არა. არ ვიცოდი. იმიტომ, რომ მე თავად არ ვარ ასეთი. არასდროს არავის სიხარული და ბედნიერება არ შემშურებია. ვერც წარმომედგინა, ეს რა გრძნობაა. მე მიყვარს ცხოვრება, მიყვარს სიცოცხლე, ჩემი ქმარი, ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, იგივეს არ გრძნობენ.
– რაში გამოიხატებოდა ის მავნებლობა, რომელმაც თქვენ ზიანი მოგაყენათ.
– ზიანის მოყენება კიდევ რბილად ნათქვამია. მათ მე ცხოვრება ამომიყირავეს და ლამის სრულიად გამანადგურეს. საშინელება ის არის, რომ გვიან მივხვდი მათ განზრახვას. დიდი ხნის განმავლობაში ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივრებად მიმაჩნდნენ. არადა, ათი წლის განმავლობაში, რაც გათხოვილი ვარ, მათგან მოდიოდა ნეგატივი, რომელიც მე გულისხმიერება მეგონა. როგორია, ზურგში მახვილს საკუთარი ბიძაშვილი და მული რომ ჩაგცემენ?!
– თქვენი მეუღლის და?
– ქმრის დეიდაშვილი. ფაქტობრივად, მულია. გაერთიანდნენ ჩემი ოჯახური ბედნიერების, ჩემი სიყვარულის გასანადგურებლად.
– რა დაუშავეთ?
– ეგ რომ ვიცოდე... რეალურად, არაფერი. ჩემი ბიძაშვილი ხომ იყო ჩემიანი და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ჩემი ქმრის დეიდაშვილი კი, პრაქტიკულად, მასთან ერთად გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც და-ძმას და მეც მთელი გულით მივიღე, როგორც საყვარელი მამაკაცის უახლოესი ადამიანი. ვერ დავუშვი და ალბათ, ვერც ვერავინ დაუშვებდა, რომ მტერივით მომექცეოდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაც? რას ვუშავებდი, რატომ შეშურდა ჩვენი ბედნიერების? წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, სამწუხაროდ, ჩემი ბიძაშვილის დახმარებით.
– რა მინდა, გკითხოთ, როგორც მივხვდი, ორივე ქალია. დაოჯახებულები არიან?
– ჩემი ქმრის დეიდაშვილს ჰყავს ქმარიც და შვილებიც. ჩემი ბიძაშვილი ერთი წელი იყო გათხოვილი, გაშორდა ქმარს და შეიძლება, თავისმა უიღბლო ქორწინებამ გაუჩინა ჩემ მიმართ „ქალური შური“. თუმცა, ეს მას არ ამართლებს. „პირში“ მეფერებოდა, ზედ მყვებოდა, ჩემს ერთგულ ადამიანად მოჰქონდა თავი და სინამდვილეში გამანადგურა.
– ასეთი რა გააკეთა.
– ორივენი – ანუ, ჩემი ქმრის დეიდაშვილი და ჩემი ბიძაშვილი ისეთ ქსელს ხლართავდნენ, რომ მე ქმრის ღალატში დამაჯერეს. თან რომ მიცოდებდნენ – ნწ... ნწ... შენნაირი ცოლი ასეთ ქმარს ნამდვილად არ იმსახურებსო. მე არ მჯეროდა ამ ყბადაღებული „ქალური შურის“. ვფიქრობდი, რა სისულელეა... შური შურია. დაკონკრეტება სასაცილოა-მეთქი, მაგრამ თურმე, „ქალური შური“ კიდევ სხვა რაღაც ყოფილა, გაცილებით საშინელი. ქალის ტვინს ისეთი რაღაცის მოფიქრება შეუძლია – თანაც ორი ქალის ტვინს – ყველაზე ცუდ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენ.
– როგორ გაჯერებდნენ ქმრის ღალატში?
– ყველა საშუალებით... რომ სადღაც ნახეს ვიღაცასთან ერთად, რომ აკვირდებიან და ბოლო დროს უცნაურად იქცევა, მიგზავნიდნენ ანონიმური ნომრიდან მესიჯებს შინაარსით: „როდის აგეხილება თვალები და მიხვდები, რომ ქმარს არ უყვარხარ“... კოშმარში მაცხოვრებდნენ და მერე თვითონვე წამიყვანეს ფსიქოლოგთან. დაცინვაც ასეთი უნდა.
– ქმარს რატომ არ დაელაპარაკეთ?
– მარწმუნებდნენ, ქმართან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაინც მოგატყუებს და უფრო გეტკინება. მასზე საბოლოოდ ჩაიქნევ ხელსო. მოკლედ, „მშვენივრად“ იმუშავეს. მიიყვანეს ჩემი ოჯახი დანგრევის პირას. იმან გადამარჩინა, რომ ჩემი ქმარი სამსახურიდან რვა თვით სხვა ქვეყანაში მიავლინეს და თან წაგვიყვანა. იქ ამეხილა თვალები. ერთ დღესაც ავტირდი და მოვუყევი ქმარს, როგორ ვიტანჯებოდი არაფრის გამო. შემიცოდა, თან იცინოდა, როგორი სულელი ხარ, მე უნდა მენდო და მაშინვე მითხრა, რაც გაწუხებსო.
– უთხარით, ვის გამო იყავით ასე?
– არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ორივე ჩამოვიშორე. მათი დანახვაც აღარ მინდა. ღმერთი გადაუხდით სამაგიეროს.