კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა სკანდალი მოუწყო ლენინგრადის ქალაქკომის მდივანმა რეზო ესაძეს და როგორ შეაშინა გალაკტიონმა ის

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

„არც ზნეობა, არც იდეალი, არც სიყვარული, არც მრწამსი, არც მიზანი“, – წერდა აკაკი ბაქრაძე ქართველი კინორეჟისორის რეზო ესაძის ფილმის, „ნეილონის ნაძვის ხის“ გმირების შესახებ... რეზო ესაძის შემოქმედება სანახაობრიობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ესაძის სხვა ნამუშევრები – „წკიპურტები“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნეილონის ნაძვის ხე“ – „წისქვილთან“ შედარებით, ჰოლივუდის ბლოგბასტერებია. (წყარო: „რადიო თავისუფლება“) უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სანამ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარებდა და მიხეილ რომის სახელოსნოში ისწავლიდა, რეზო ესაძე უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კათედრის მასწავლებელი იყო, ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში...
***
… მეოთხე კურსის სტუდენტს სკოლაში საათები შემომთავაზეს… საოცარი თაობის მასწავლებლობა მომიწია. ჩემი მოსწავლეები იყვნენ: გოგი ქავთარაძე, ოთარ ნახუცრიშვილი, გუჩა კვარაცხელია, იზა ორჯონიკიძე, ჟანრი ლოლაშვილი, ლია გუდაძე, ომარ ტივაძე. მაშინ 23 წლისა ვიყავი და ხშირად მოსწავლეებისგან ვერც კი მარჩევდნენ ხოლმე… (წყარო: „ბურუსი“) მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის წყალობით გავიცანი და დავუახლოვდი გოგი ქავთარაძის მამას – მწერალ გიორგი ქავთარაძეს და მათი ოჯახის ხშირი სტუმარი გავხდი. ერთხელ, მან და ჩემმა მეგობარმა ანზორ გაბიანმა მომპარეს ნახატები და ლადო გუდიაშვილს წაუღეს. ეს ხდება 1957 წელს. იმ დროს ჩვენი თაობა უცხოელებით კი არა, ქართველი მხატვრების რეპროდუქციებითა და ალბომებითაც არ იყო განებივრებული. ხელოვნების სფეროში, ისევე როგორც ყველაფერში, არსებობდა ინფორმაციული ვაკუუმი. მახსოვს, როდესაც შემთხვევით ხელში ჩამივარდა გოგენის „ცისფერი მოცეკვავეების“ საფოსტო მარკა, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი – დღე უბით დავატარებდი და ღამე ბალიშის ქვეშ მედო და ამ სიჩუმეში, უცებ მეხის გავარდნას ჰგავდა ლადო გუდიაშვილის ნახატების დიდი რეტროსპექტული გამოფენა თბილისში, სადაც ვათენ-ვაღამებდით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად, ჩვენი თაობის ღმერთად ქცეული ლადო გუდიაშვილი დაინტერესდა ჩემი ნახატებით და სახლში დამიბარა. დათქმულ დროს მივედი. საოცრად ვნერვიულობდი. ოთახში მისი მეუღლე შემიძღვა, სავარძელში ჩამსვა და ბატონ ლადოს ნახატების გარემოცვაში მარტო დამტოვა. უცებ, ამ ფანტასტიკურ სამყაროში ჩაძირულმა, მხარზე ვიღაცის ხელების შეხება ვიგრძენი. ეს იყო საოცრად ემოციური ორი ხელი, რომელმაც სავარძელს მიმაჯაჭვა. ის-ის იყო გავიფიქრე – კიდევ ცოტაც და შეიძლება სული გამძვრეს ნერვიულობისგან-მეთქი, რომ ზურგიდან ლადო გუდიაშვილის ხმა მომესმა: „ყმაწვილო, ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით. არ მეგონა, თუ საქართველოში დღეს ასეთი აზროვნებისა და მანერის მხატვარი არსებობდა“, – მერე მოტრიალდა და გადამეხვია. დიდხანს ვისაუბრეთ. მან მირჩია, წავსულიყავი მოსკოვში, სადაც ის წერილს გამატანდა თავის მეგობრებთან, რომლებიც ყველა საჭირო დახმარებას აღმომიჩენდნენ. უნდა მევლო მუზეუმებში, მეხატა, მეკითხა და მესწავლა რაიმე მომიჯნავე სპეციალობაზე და არავითარ შემთხვევაში –აკადემიაში, რადგან იქ აუცილებლად გამიფუჭებდნენ ხელწერას. ბატონ ლადოს სარეკომენდაციო წერილით
მოსკოვში გავიცანი და დავუახლოვდი შესანიშნავ, ინტელიგენტ ქართველებს – თეატრ „რომენის“ მთავარ მხატვარს მიხეილ ჩიქოვანსა და დავით არსენიშვილს. იმ დავით არსენიშვილს, რომელმაც ანდრეი რუბლიოვის მუზეუმი შექმნა, სადაც ჩვენ, შავი პურითა და მწვანე წიწაკით დანაყრებულებს, არაერთი ღამე გაგვითენებია იატაკზე.
 ***
 მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რეჟისორ მიხაილ რომთან მოვხვდი, უფრო სწორად, მან თავად ამირჩია. ეს ამბავი ასე დაიწყო: გასაუბრებაზე საბჭოთა კინოს ოსტატები – გერასიმოვი, მაკაროვა, ძიგანი, კარმენი, რომი (მაშინ ვინ ვინ იყო, არ ვიცოდი) ისხდნენ. ჩემი რიგიც მოვიდა. არაკი, მოთხრობა, ლექსი წავიკითხე და გავჩუმდი... ყველა მიყურებდა. (ნ. ზოტიკიშვილი) მათგან ერთი არ მომეწონა (რომელიც თურმე რომი იყო). ვფიქრობ, რა უნდა ჩემგან? რა დაშტერებით მიყურებს-მეთქი? გამომცდელებს მადლობა გადავუხადე, კარისკენ წავედი და იმ დროს, რომის გვერდით მჯდომმა (რომის ასისტენტი ფოსი) უკან მიმაბრუნა. კიდევ ერთი დავალება მომცეს: მეორე მსოფლიო ომი მიდის, საფოსტო განყოფილებაში ამანათია მოსული. ამანათს ხსნით და უნდა მოგვიყვეთ, რა დევს შიგ? ვის უგზავნიან? და ასე შემდეგ. მოსაფიქრებლად ხუთი წუთი გაქვთო. არ მინდა მოფიქრება, ახლავე დავიწყებ-მეთქი. გაუკვირდათ, მაგრამ ნება მომცეს, დამეწყო. ამანათს შვილს დედა უგზავნის. მისამართი ფანქრით აწერია და ბოლოში რამდენიმე ასო წაშლილია, შეიძლება, მას დედის ცრემლიც დაეცა და წაშალა. ამანათს თავსახურს ავხსნით და შიგნითაც მისამართი
აწერია. როგორც ჩანს, დედას ეშინოდა, ამანათი არ დაკარგულიყო, ამიტომ სამკუთხა წერილზეც მისამართი მიუთითა (კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს). დედამ წერილი მეზობლის ბავშვს – ფუცუს დააწერინა, რადგანაც თავად წერა უჭირს, თვალთ დააკლდა და შვილს უხსნის, რომ მეზობლის გოგონა გაიზარდა და წერაც კარგად იცის. წერილში ბიჭისთვის უცნობი ახალგაზრდა ქალის ფოტოსურათი დევს. დედა წერს:  შვილო, კოწიე გარაყანიძე ხომ გახსოვს, ნაგომარიდან, შენი მოსიყვარულე კაცი. საწყალი, მოკვდა, ქალიშვილი დარჩა, აგია მისი შვილი. იმისთანაა, ავ თვალს არ დაენახვება. 40 კაცი რომ მოულოდნელად დაეცეს სტუმრად, თვალს არ დაახამხამებს, ისე გაუმასპინძლდება. მოსიყვარულე, გულთბილი და კარგი სახელის მქონე გოგოა. მას შორიდან დაველაპარაკე, მივანიშნე და მგონი, ეგ საქმე გამოვა. სასწრაფოდ ჩამოდი, დაქორწინდი და ოჯახს მოეკიდე. დედა სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ შვილი შეიძლება, ვეღარ დაბრუნდეს (კომისიიდან მოწონების ხმები მოდის)... ვაგრძელებ. დედა შვილს ყველაფერს 2-2 ცალს უგზავნის – ჯემპერს, წინდას, ქუდს... და ეუბნება, – შვილო, ერთი შენთვის დაიტოვე და მეორე შენს ისეთ მეგობარს აჩუქე, რომელსაც დედა არ ჰყავს. ჩათვალოს, რომ დედამისის გამოგზავნილია. ღმერთმა ორივე მშვიდობით ჩამოგიყვანოთ (ჩურჩულია, ზოგი ცრემლს იწმენდს). მაგრამ მთავარი ეს არ არის. კაცს, რომელიც არ მომეწონა, უეცრად სახე გაუნათდა, წამოხტა და გამოაცხადა – ეს ახალგაზრდა ჩემთან ისწავლის! დანარჩენ გამოცდებზეც გავედი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს სულაც აღარ იყო საჭირო, რადგან რომის შეფასება უკვე ჩარიცხვას ნიშნავდა...
***
რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკისთან ვმეგობრობდი, ჩემი ფილმები ძალიან მოსწონდა. ლენინგრადში მასთან მოწყობილ უკანასკნელ შეხვედრაზე, ემიგრაციაში წასვლის წინ, ანდრეიმ საბჭოთა კინოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ასეთი შეკითხვა დაუსვეს: ნუთუ არ არსებობს ფილმი, რომელიც თქვენს სულიერ მდგომარეობას მიესადაგება? უპასუხა: ჩემი უსაყვარლესი ფილმი არის „ერთი ნახვით შეყვარება“. ამ ფილმის სცენარის ავტორი ტოპოლი, ტარკოვსკის მსგავსად, მეამბოხე პიროვნება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილმის ჩვენებამ ზედა ინსტანციებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მან ტიტრებში თავისი გვარის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა და ტოპოლის ნაცვლად, ფსევდონიმი დაწერა – ბელა აბრამოვა (დის სახელი და გვარი გამოიყენა). ამის შესახებ დღემდე თითქმის არავინ იცის. ფილმის პირველი ჩვენების შემდეგ, აღფრთოვანებულმა ახალგაზრდა ხელოვანებმა ხელში აყვანილი მატარეს: აი, მეორე დღეს კი, „სმოლნიში“, ფილმი ლენინგრადის მმართველმა წრეებმა ნახეს. ქალაქკომის მდივანმა, რომანოვმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა. საშინელი და აგრესიული რეაქცია ჰქონდა. მთელი ხმით ყვიროდა, აშკარა შურისძიებითა და დაუნდობლობით შეპყრობილი მომმართავდა. მითხრა – არათუ
ფილმი არ მომეწონა, მეზიზღება ის სივრცე, სადაც ასეთი აზრები იბადებაო. მეც არ დავაკელი: სწორედ იმიტომ გავაკეთე ეს ფილმი, რომ არ მოგწონებოდათ, თუ მოგეწონებოდათ, მას მაკრატლით დავჭრიდი-მეთქი. ამ შეხვედრას, უფრო სწორად კი, სკანდალს, ლენინგრადის კინოსტუდიიდან ჩემი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის ბრძანება მოჰყვა. მაგრამ დისკვალიფიკაცია არ შედგა, ლენინგრადელმა და ქართველმა ინტელიგენციამ გადამარჩინა. რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით, თბილისში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, თენგიზ აბულაძის მოადგილედ გადმომიყვანეს. თითქოს საქართველოში იმ დროს საბჭოთა კავშირი არ იყო...
***

ჩემი ოჯახი გურიიდან თბილისში საცხოვრებლად რომ გადმოვიდა, მეექვსე კლასში ვიყავი. ჩვენი სახლი არსენალის ქუჩის სასწაულ აღმართში იდგა. წარმოიდგინეთ, გზიდან პირველ სართულზე ვიყავით, ეზოდან მეექვსეზე. ძველებური სახლები ფუტკრის ფიჭასავით იყო ერთმანეთზე მიშენებულ-დაშენებული... მაშინ სახლებს ისეთი განიერი „პოდოკონნიკები“ ჰქონდა, კაცი მასზე სუფრას გაშლიდა. ჰოდა, მეც იქ ვმეცადინეობდი. საოცრად დინამიკურად ვცხოვრობდი ოთახ-ნახევრიან ბინაში, მარადიულ ხმაურიან „ავანსცენაზე“. როცა წამოვიზარდე, ბიძაჩემმა თქვა – ამას იმხელა თავი აქვს, რომელი ხვრელიდან (ანუ ყურიდან, გურულებმა ასე იციან თქმა) რა გამოვარდება, კაცმა არ იცის, ამიტომ ბაღანას გაუფრთხილდითო. ერთ დღესაც, ჩემმა მშობლებმა იფიქრეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეთერთმეტეკლასელი, წარმატებული მოსწავლისთვის კაბინეტი უნდა მოეწყოთ. ქუჩიდან ჩემს ბინას, პატარა მიშენებული კიბე ჰქონდა. კიბიდან, ჯერ ბნელ შესასვლელში, შემდეგ დიდფანჯრებიან „ზალაში“ მოხვდებოდი, რომელიც ორად იყო გაყოფილი. ჩემი უფროსი ძმის წინადადებით, გადაწყდა, ბნელი შემოსასვლელის ერთ კუთხეში, დაახლოებით ორ მეტრამდე ფართობში, მოეწყოთ სამეცადინო კუთხე. ძველი თოკი გააბეს, მაგრამ მასზე ლამაზი ფარდა დაკიდეს, „ატამანკა“ და მაგიდაც დამიდგეს. იქ თუ სტუმარიც დაჯდებოდა, ერთი ფეხი გარეთ დარჩებოდა. კაბინეტი განათებული რომ ყოფილიყო, მაგიდის ელექტროლამპა გვჭირდებოდა. ერთ დღესაც, მარჯანიშვილის ქუჩაზე უნივერმაღში მაგიდის ელექტროლამპა ვნახე, რომელიც სოკოს ჰგავდა. იმ ღამეს ჩემებმა ითათბირეს, დანაზოგი ფული გამონახეს და მეორე დღეს, მე და დედა მის საყიდლად წავედით... უნივერმაღის პირველ სართულზე, ლამპას ვარჩევდით, როცა კიბესთან ახლოს, მაღალ სვეტთან ვიღაც უზარმაზარი, წვერიანი კაცი შევნიშნე, ნაცნობი სახე ჰქონდა. ძველი პალტო და დასაუთოებელი შარვალი ეცვა. ბატიბუტს თუ მზესუმზირას მიირთმევდა. დაჟინებით მიყურებდა, როგორც ჩანს, თავიდანვე თვალი ჩამავლო. მე და დედამ ნივთი შევიძინეთ, ის კაცი კი ჩვენკენ დაიძრა. გვერდით დამიდგა – კისერთან, საყელოში ხელი ჩამიყო, მკლავი ბოლომდე ჩამაღლიტა. მერე ხელი გაითავისუფლა და კისერში მტკიცა ამ სიტყვებით: ამას მაგარი კისერი აქვსო. ვინ იყო? გალაკტიონი!
скачать dle 11.3