კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ ატყუებენ მომხმარებლებს ბენზინგასამართსადგურებზე საწვავის რაოდენობაში, რატომ არ აკონტროლებს ამ ფაქტს სახელმწიფო და რატომ ნათლავენ „ევრო 5-ად“ დაბალი ხარისხის საწვავს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თბილისში უკვე ძალიან ჩამოცხა და უჟანგბადობაც იმაზე მეტადაა საგრძნობი, ვიდრე ცივსა და გრილ ამინდებში. ჩვენი დედაქალაქი მწვანე ნარგავების მწვავე დეფიციტს განიცდის, რასაც ავტომანქანების წრეგადასული სიმრავლეც ემატება, რომელთა უმეტესობა გაუმართავია და რადგან გაუმართავია, უხარისხო საწვავი, რომელსაც მაინც ცეცხლის ფასი უკიდია, კიდევ უფრო აბინძურებს გარემოს. კერძო ავტომობილებს ვინ ჩივის, მუნიციპალური ავტოტრანსპორტიც კი ისე ხრჩოლავს, შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ გვწამლავს და თავადაც იწამლებიან.
ამას ემატება ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც თავის წილ მტვერს უმატებს ისედაც მტვრიანსა და ჰაერდაბინძურებულ თბილისს. ზაფხულს კიდევ ერთი უსიამოვნებაც სდევს თან: რადგან სიცხეები გაუსაძლისია, კერძო ავტომანქანებში, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა, დამატებით კონდიცირებასაც რთავენ, რაც დამატებითი დაბინძურების წყაროა, იმიტომაც არის სუნთქვა კიდევ უფრო გართულებული.
ამასობაში ქართულ სასაწვავე ბაზარზე, გარდა იმ ცნობილი ხუთი მსხვილი ნავთობკომპანიისა, სხვა, შედარებით მცირე კომპანიებიც გამოჩნდნენ და საწვავის ფასიც, სხვადასხვა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე, ასე თუ ისე, განსხვავებულია. აღმოჩნდა, რომ იმატა რუსეთიდან იმპორტირებულმა საწვავმაც. ბენზინგასამართ სადგურებზე ამაყად ყელყელაობს მინიშნება, რომ საწვავი „ევრო 5-ის“ სტანდარტისაა, თუმცა მე უფრო ვარ რეინკარნებული კლეოპატრა, ვიდრე ის საწვავია ნამდვილად „ევრო 5“. ამას გარდა, ქართულ ბაზარზე ისევ არა და არ იკლებს საწვავის ფასი, თუმცა ამის ობიექტური წინაპირობები საერთაშორისო ბაზარზე ნამდვილად არის.
აფბას ვიცე-პრეზიდენტთან,
პაატა ბაირახტართან ერთად მიმოვიხილავთ ქართული სასაწვავე ბაზრის ფასებისა და ხარისხის ადეკვატურობას.

– რომელი ქვეყნებიდან შემოდის ამ ეტაპზე საქართველოში საწვავი?
– ჩვენ, ძირითადად, სამი-ოთხი მომწოდებელი გვყავს: რუსეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი და რაღაც წილი შემოდის ევროპული საწვავი. ჩვენს ბაზარზე, დაახლოებით, 30 პროცენტითაა წარმოდგენილი რუსული საწვავი, დაახლოებით, 19 პროცენტამდე – რუმინული და დაახლოებით, 15-16 პროცენტი კი, აზერბაიჯანულ საწვავს უკავია. იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული აზერბაიჯანის საწვავზე, მაგრამ დღეს ამ მიმართულებით დივერსიფიცირება მოხდა, მაგრამ მაინც სამი-ოთხი მომწოდებელია.
– როგორი იყო რუსული საწვავის იმპორტის მატების დინამიკა და აზერბაიჯანული საწვავის ჩანაცვლების სქემა? როგორ ირეაგირა „სოკარმა“, ვხედავ, რომ აზერბაიჯანული სახელმწიფო ცოტა აგრესიული გახდა, ოღონდ არაოფიციალურად.
– იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი ბაზარი, გარკვეულწილად, ოლიგოპოლიზებულია, მსხვილი მომწოდებლები სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ: „ლუკოილი“ – რუსეთის მხარეს, „სოკარი“ – აზერბაიჯანს და ამ თვალსაზრისით, მათ შორის მცირე კონკურენცია მაინც არსებობს. თუ შევხედავთ საცალო ფასებს, დავინახავთ, რომ რუსული საწვავი უფრო იაფი ღირს, ვიდრე აზერბაიჯანული და 5-6-თეთრიანი სხვაობა არ არის ცოტა. იყო წლები, როდესაც მთლიანად, 100 პროცენტით, ვიყავით დამოკიდებულები აზერბაიჯანულ საწვავზე. რუსული ბაზარი დაკეტილი იყო, არასტაბილური ვითარებისა და ომის გამო მოწოდება სხვა ქვეყნებიდანაც ფერხდებოდა. რასაკვირველია, იმ მდგომარეობაში ფასებს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. აზერბაიჯანულ მხარეს სახელმწიფო ტენდერებიც ჰქონდა მოგებული, შემდეგ კი, როცა ბაზარი გაიხსნა და სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, საბაზრო ეკონომიკამ თავისი როლი შეასრულა და, როცა ერთ-ერთ კომპანიას მუდმივად დაბალი ფასი უჭირავს სხვა კომპანიებთან შედარებით, ბუნებრივია, რომ მისი წილი ბაზარზე გაიზრდება. ამ მიმართულებით ესაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
– ფასები ხელოვნურად იყო მანამდე დაწესებული? ვინ უშლიდა, გაეზარდათ შემოტანა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შემოჰქონდათ, მაგალითად, რუმინეთიდან?
– თუ წინა რეალობაზე ვსაუბრობთ, ბაზარი იყო დაკეტილი და გამორიცხული იყო, სხვა ვინმე შემოსულიყო, იმ ხუთი მოთამაშის გარდა, რომლებიც ბაზარზე იყვნენ და საწვავი ზემოხსენებული ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. ზოგი კომპანია მაღალი ხარისხის იტალიური საწვავითაც იწონებდა თავს.
– რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
– კონკრეტული გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ ქვეყნიდან საწვავი საერთოდ არ შემოდიოდა. ეს იყო მთლიანად ჩაკეტილი ბაზარი და შეუძლებელი იყო, ის მცირედი კონკურენციაც გაჩენილიყო, როგორიც დღესაა.
– როგორი ხარისხის საწვავი შემოდის ქვეყანაში? საქართველოს აქვს თავისი ხარისხის ნორმები დაწესებული, რომლებიც შორსაა ევროპული ნორმებისგან, თუმცა ბენზინგასამართ სადგურებზე თავს იწონებს ხოლმე აბრა – „ევრო 5“.
– უნდა გამოვყოთ ორი მიმართულება: ქვეყანაში შემოსული საწვავი, რომლის ხარისხიც მეტ-ნაკლებად მისაღებია და მეორე, ქვეყანაში ნავთობბაზრებზე შემოსული საწვავი, რომლის ხარისხის გაფუჭებაც, ასევე, შესაძლებელია და რისი კონტროლიც შესაბამის სამინისტროს ევალება, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, უკვე კომპანიებში განაწილებული საწვავის ხარისხის კონტროლს ისინი თავს ვერ ართმევენ. ამის დასტურად შეგვიძლია, მოვიყვანოთ რაოდენობრივი კონტროლი. პერმანენტულად ვხდებით ხოლმე იმის მოწმე, რომ თითქმის ყველა კომპანია ატყუებს მომხმარებელს რაოდენობაში, რისი კონტროლიც შემოსავლების სამსახურს ევალება და როგორც არაოფიციალური კველევებით ვიგებთ, ამას ვერ ახერხებენ. იმიტომაა, რომ ათი ბენზიგასამართი სადგურიდან ცხრა იტყუება. ამდენად, ეჭვი, შეესაბამება თუ არა ქვეყანაში შემოსული საწვავის ხარისხი არსებულ ნორმებს, არ იქნება უსაფუძვლო, იმიტომ რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს კონტროლი მოისუსტებს. რაც შეეხება უშუალოდ ქვეყანაში შემოსულ საწვავს: საწვავის ხარისხი განსაზღვრული გვაქვს მთავრობის დადგენილებით და ის მოწმდება საზღვარზე. თუ რომელიმე საწვავით დატვირთული კონტეინერის ხარისხი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ის ვერ გადმოკვეთს საზღვარს. გაგახსენებთ, რომ ერთი პერიოდი იყო საუბარი ირანული ნავთობის შემოტანაზე, რაც სხვადასხვა მიზეზთა და მათ შორის, იმის გამოც, რომ ირანული საწვავი იმაზე დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ჩვენთან დადგენილი ნორმა, დროში გაიწელა. პრინციპში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ამბავი ჩაიშალა კიდეც. რადგან, ჯერ ერთი, გაურკვეველი ვადით გადაიდო და, მეორე, თუ დავამატებთ აშშ-ს სანქციებს ირანის მიმართ, ეს ძალიან დიდხნიან გადავადებას ჰგავს. ამდენად, საზღვარზე შემოსული საწვავის ხარისხში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. მაგრამ ნავთობბაზებზე შესული საწვავის ხარისხის ადგილზე გაფუჭების ეჭვი არის, იმ დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდა არაოფიციალურად. თუ რატომ არ გამოვლინდა ოფიციალურად და რატომ არ კონტროლდება ხარისხი ბენზინგასამართ სადგურებზე ოფიციალურად, ამაზე პასუხი უნდა მოვკითხოთ სახელმწიფოსა და იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ამის კონტროლი ევალებათ.
– საზღვარზე მოწმდება, შეესაბამება თუ არა შემოსული საწვავის ხარისხი საქართველოში დადგენილ ნორმებს, მაგრამ არის ეს საწვავი იმ ხარისხის, რაშიც გვაჯერებენ ნავთობიმპორტიორები?
– „ევრო 5“ სტანდარტის არ არის.
– მაგრამ ბენზინგასამართ სადგურებზე წერია, რომ ეს არის „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი. ასეთი აშკარა ტყუილი არ არის აშკარავე თაღლითობა?
– ძალიან რთული იქნება ამის თქმა, იმიტომ რომ კომპანიას შემოაქვს კონკრეტული ტიპის საწვავი და ის ამბობს, რომ მათ შემოაქვთ „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი. სახელმწიფო სტრუქტურები ამოწმებენ საწვავის ხარისხის შესაბამისობას ქვეყანაში არსებულ სტანდარტებთან, რომელიც გაცილებით დაბალია, ვიდრე კომპანიების მიერ დასახელებული სტანდარტი. შემოსული საწვავის ხარისხი აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტს, იმიტომ რომ ჩვენს სახელმწიფოს დაბალი სტანდარტი აქვს დაწესებული და ყველა არის ბედნიერი. თუ ჩვენ შევამოწმებთ კომპანიებს იმ ხარისხით, რითაც მათ თავი მოაქვთ, შესაძლოა, სულ სხვა სურათი დადგეს, იმდენად, რამდენადაც, როგორც ვთქვი, ამის არაერთი არაოფიციალური მაგალითია. ოღონდ ოფიციალურად ვერ ვიტყვით, რომ ეს არ არის ან არის „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი.
– ოფიციალურად ვერაფერს ვიტყვით, იმიტომ რომ მათი საწვავის „ევრო 5-ობას“ არავინ ამოწმებს და არც ევალებათ. რაც დაცხა, უფრო თვალშისაცემი გახდა უჟანგბადობა, იმის გამოც, რომ საწვავის ხარისხი დაბალია და მოიხმარს გაუმართავი ავტოპარკი. თუმცა ავტომანქანის გაუმართაობას იწვევს უხარისხო საწვავიც. საწვავის ხარისხის პრობლემა რა ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე?
– იცით, რომ კომპანიების კრიტიკას არ ვერიდები და ეს არის დასაბუთებული და სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ არ იქნება მართებული, მხოლოდ უხარისხო საწვავს დავაბრალოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, უხარისხო საწვავს შეუძლია გარემოს უფრო დაბინძურება, ავტოპარკის მწყობრიდან გამოყვანა ისე, რომ მან შემდგომ უკეთესი ხარისხის საწვავის მოხმარების შემთხვევაშიც დააზიანოს ეკოლოგია, მაგრამ, თუ რეალისტები ვიქნებით, ჩვენი გაცილებით დიდი პრობლემაა ამორტიზებული და სრულიად მოუწესრიგებელი ავტოპარკი. მეორეც, მძღოლები ხშირად იყენებენ ისეთი ხარისხის საწვავს, რაც მათი ავტომობილისთვის არ არის მიზანშეწონილი და ესეც აზიანებს გარემოს. ასე რომ, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი, მაგრამ, თუ ამას იგივე ავტოპარკი მოიხმარს, ეს ეკოლოგიურ პრობლემას ვერ გადაჭრის. საწვავის სტანდარტის ამაღლებისკენ ნაბიჯია ტექდათვალიერება, რომელიც სუსტი ტემპით მიმდინარეობს.
– ყვითელი ავტობუსებიც და მიკროავტობუსებიც ისე ხრჩოლავს, ტექდათვალიერების გარეშეც ნათელია, რომ გაუმართავია. თუმცა თითქოს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი მოწმდება.
– არ შემხვედრია ოფიციალური დოკუმენტი, რომ მათ გაევლოთ ტექდათვალიერება. და თუ რეალობას შევხედავთ, რთული წარმოსადგენია, რომ მათ ტექდათვალიერების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.
– ვეთანხმები, რომ კატეგორიულად აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ძალიან კომიკურია, იხრჩობოდე ავტომანქანების გამონაბოლქვში, თბილისს სმოგი ედგას და ამ დროს თამბაქოს კვამლისგან გვიცავდნენ. ბენზინს რომ ვასხამ, ფაქტობრივად, ყარს მანქანა, ისეთი სუნი დგება.
– საწვავის ხარისხი მნიშვნელოვანია გამართული ავტოპარკის შემთხვევაში. თუ ავტოპარკის 90 პროცენტს გავლილი ექნება ტექდათვალიერება, მაშინ შეგვეძლება იმის თქმა, რომ ჰაერის დაბინძურების თითქმის 90-95 პროცენტს იწვევს უხარისხო საწვავი. მაგრამ, როდესაც ჩვენი ავტოპარკის 80 პროცენტს ტექდათვალიერება არ გაუვლია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტიპის საწვავი შემოვა. ამ მიმართულებით კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი.
– და ეს საეჭვო ხარისხისა და რაოდენობის საწვავი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. საფასო პოლიტიკას ვერც ერთი ხელისუფლებისას ვერ ეშველა.
– საწვავის ფასს აქამდეც უნდა დაეკლო. გლობალურ ბაზარზე ფასების მატება დაიწყო ორ-ნახევარი თვის წინათ, მაგრამ მცირე ხანში ისევ კლების ტენდენცია გამოიკვეთა და, თუ გაძვირებამდე ბარელის ფასი იყო 65 დოლარი, ვარდნის შემდეგ ის 64 დოლარზე ჩამოვიდა. ფასების ვარდნის ეს ერთთვიანთი პერიოდი, სავსებით საკმარისი იყო, რომ ქართულ კომპანიებს აესახათ საფასო კომპონენტზე, თუმცა მათ, პირიქით, საფასო პოლიტიკას გაძვირების მიმართულებით გადახედეს და საცალო ქსელში ფასები 5-7 თეთრით გააძვირეს. გლობალურ ბაზარზე დღეს ისევ დაწყებულია ფასების ზრდის ტენდენცია და უნდა ველოდოთ, რომ ადგილობრივი კომპანიები კიდევ გამოიყენებენ ამ ტენდენციას თავიანთ სასარგებლოდ და ფასებს გაზრდიან. მარტივ მაგალითს მოგიტანთ: სახელმწიფო შესყიდვების დროს კონსოლიდირებულ ტენდერებში კომპანია „რომპეტროლი“ 30 თეთრით უფრო დაბალ ფასში აწვდის სახელმწიფოს საწვავს, ვიდრე ყიდის საცალო ქსელში. ეს ივნისის თვის მონაცემებით, წინა თვის მონაცემებით კი, სამი თეთრით კიდევ უფრო იაფად აწვდიდა. მესმის, რომ საბითუმო შესყიდვების დროს ფასი უფრო ნაკლებია, მაგრამ კომპანია ვერც საბითუმო შესყიდვების დროს გაყიდის თავის პროდუქტს წაგებაზე, ამდენად, კომპანია საწვავს საცალო ქსელში, როგორც მინიმუმ, 30 თეთრით უფრო ძვირად ყიდის. ასეთი ფასის დადება კი, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, არც ერთ კომპანიას არ შეუძლია. ბიზნესმა, ცხადია, მოგება უნდა მიიღოს, მაგრამ საზოგადოების მოტყუება არ შეიძლება და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

скачать dle 11.3