№27 რაში დარწმუნდა სოფო ბედია მომავალი შვილის „ინსტრუმენტის“ ნახვისას და რატომ აღვიძებს მას ქმარი ღამღამობით
მომღერალი სოფო ბედია ორსულადაა, მეორე შვილს ელოდება. მართალია, ამის შესახებ თვეების წინ იცოდა, მაგრამ სანამ ბავშვის სქესი არ გაიგო, მანამდე არ გაამხილა. ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს, მიშა მესხს, ხუთი წლის ოცნება აუხდათ და ნანატრ ვაჟს ელოდებიან. როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს ქმარი, რატომ შეეცვალა მას სამომავლო გეგმები და როდის ელოდება პატარას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო ბედია: მე და მიშა ხუთი წელია, ერთად ვართ და მთავარი ოცნება იყო, გვყოლოდა საერთო შვილი. ახლა, რაც გავიგეთ, რომ ეს ოცნება აგვიხდა, გახარებული კი არა, გადახარებული ვართ (იცინის). ღმერთმა იცის, როდის უნდა აჩუქოს ადამიანს შვილი. ეს დიდი წყალობა და ამაში, გაგვიმართლა. სულ რომ არ ველოდი, ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში და ბედნიერი ვარ.
– თქვი, მოულოდნელი იყოო. ორსულობის წინ, რაიმე წინათგრძნობა ან შეგრძნებები არ გქონია?
– ადრე, ვიყავი ჩაციკლული და ისტერიკულად მინდოდა შვილი, მერე მოვეშვი და ღმერთის ნებას მივენდე. უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას და როგორც კი მოვეშვი, მაშინ დამატყდა თავს ეს უდიდესი ბედნიერება. ახლა, სამი თვის ვარ და საშობაოდ ყველაზე მაგარ საჩუქარს ველოდები, პატარას სახით. არც სახელი მოგვიფიქრებია. რატომღაც, მეგონა, გოგო იქნებოდა და ბიჭი აღმოჩნდა. გოგო კი მინდოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ვაჟკაცი ქალები ბიჭებს აჩენენო და ეს დამემართა (იცინის). თუ ღმერთი ინებებს, გოგოსაც გვაჩუქრებს, ახლა კი ვაჟკაცს ველოდებით. სხვათა შორის, იანვარში, მეჯვარე გახლდით, პატარძალი, მარიამი, ორი თვის ორსული იყო და მითხრა: სოფო, სიზმარში გნახე, ორსულად იყავი და აი, ნახე თუ არ ახდესო. რამდენიმე კვირაში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. არადა, აღარც ველოდი. ასე რომ, პატარძლის სიზმარი, მისი წინასწარმეტყველება, ახდა.
– ესე იგი, მრავალშვილიან დედობასაც გეგმავ?
– აუცილებლად! ძალიან მიყვარს ბავშვები და ამაზე დიდი ბედნიერება, არაფერია. მე ამისთვის მზად ვარ და არც მიშაა წინააღმდეგი. მიშასაც არანორმალურად უყვარს ბავშვები. შეუძლია, ქუჩაში უცხო ბავშვს ეცეს, ჩაეხუტოს და ჩაკოცნოს, არ აქვს მნიშვნელობა რასას, ფერს, სქესს.
– მიშას ლამაზი ქალებიც ხომ უყვარს?
– ქალებისა რა მოგახსენოთ, მგონი, ერთი ქალითაა მიშა დაინტერესებული და ის მე ვარ. ღმერთმა არ ქნას, ყველა ლამაზ ქალზე იფიქროს (იცინის).
– დავიჯერო, არასდროს გიეჭვიანია მეუღლეზე?
– არასოდეს მქონია რომელიმე ქალზე ეჭვიანობის საბაბი. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ყურამდე მსგავსი არაფერი მოსულა. ბევრი ლამაზი ქალი მოძრაობს მიშას გარშემო, მაგრამ მე საეჭვიანო არაფერი მაქვს. მის გვერდით ყველაზე მაგარი ქალი მგონია თავი. არასოდეს მიფიქრია ღალატზე და არც მინდა გავიფიქრო, რადგან ამას დიდი ამბები მოჰყვება. მე ერთგული ვარ ბუნებით და ჩემი მეორე ნახევრისგანაც ამას მოვითხოვ. როცა კაცი ძლიერი ქალის გვერდით დგას, ის ღალატზე არ იფიქრებს. თან ახლა, საერთო შვილსაც ველოდებით და ეს იყო ყველაზე დროული. კი ამბობენ, ქალს და მამაკაცს შორის სიყვარულია მთავარიო, მაგრამ სიახლეც აუცილებელია.
– მიშა განებივრებს ორსულ ცოლს?
– ძალიან ყურადღებიანი გახდა, ღამე მაღვიძებს, მეფერება მუცელზე და მიყურადებს. მოკლედ, მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს (იცინის). სულ მეკითხება: ჭამე? დაიღალე? რამე გინდა?.. საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი შვილის გულისცემას მუცელშივე გრძნობ. მიშასთვის ეს პირველი შვილია, მე კი, 9 წლის ნიკუშა მყავს. ექოსკოპიაზე რომ მივედით, ბავშვის სქესის გასაგებად, ჩემზე მეტად მიშა განიცდიდა და რომ გავიგეთ, ეგრევე დაწერა სოციალურ ქსელში, ბიჭის მამა ვხდები. თუმცა, ხუთი გოგო რომ მყოლოდა, იგივე განცდა მექნებოდაო (იცინის). კიდევ ვამბობ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და მიშა გოგოს მოლოდინში ვიყავით და ბავშვმა „ინსტრუმენტი“ რომ დაგვანახა, თვალები დავჭყიტეთ, კიდევ არ გვჯერა (იცინის). გოგოც რომ გვყოლოდა, იგივე სიხარული იქნებოდა ორივესთვის.
– ნიკოლოზმა რომ გაიგო, ძამიკო ეყოლება, როგორ შეხვდა ამ ამბავს, ხომ არ იეჭვიანა?
– სხვათა შორის, ნიკას ძამიკო უნდოდა, მე კიდევ ვეუბნებოდი, დაიკო რომ იყოს, ხომ გეყვარება-მეთქი – ვამზადებდი წინასწარ (იცინის). შევაგუე ბავშვი დაიკოს და აღმოჩნდა, რომ ძამიკო ეყოლება. ამბობდა, კარგია დაიკოც, მაგრამ მე ძმა მინდაო. ნიკა 10 წლის რომ იქნება, ბავშვი მაშინ დაიბადება და აქედანვე იცის, რომ მის გაზრდაში უნდა მომეხმაროს. ერთად გავზრდით. ნიკას ძალიან ვუყვარვარ, მოწებებულია ჩემზე და ისე ვუდგები, რომ არ იეჭვიანოს, არ დაიძაბოს და უყვარდეს. სულ ვეუბნები, შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ, შენსავით არავინ მიყვარს-მეთქი. უხარია, რომ ვეუბნები, შენი იმედი მაქვს-მეთქი. ასე რომ, ფსიქოლოგიც გავხდი (იცინის).
– მომავალმა შვილმა შეცვალა შენი გეგმები?
– კი. როგორ არა. სულ დიეტაზე ვარ და მთელი ცხოვრება ზედმეტ გრამებს და კილოგრამებს ვითვლი. ჩემი ორსულობა რომ გავიგე, გაქანებულ დიეტაზე ვიყავი, დასვენებას ვგეგმავდი და მერე, სოლო კონცერტისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. მართალია, ჩემმა გეგმებმა გადაიწია, მაგრამ უკეთესისკენ. ახლა, ცოტა მოვეშვი, ბავშვზე ვფიქრობ. განსაკუთრებული ვიტამინები მჭირდება, მაგრამ ვეცდები, მაინც ვაკონტროლო წონა. ტოქსიკოზი არ მქონია, კარგი ორსული ვარ. სამი თვის ორსული ვარ, მაგრამ ისევ აქტიურად ვწერ სიმღერებს და ვცდილობ, შემოქმედებითად არ მოვეშვა.
– ასეთ ბედნიერებას სამი თვე როგორ მალავდი? ავი თვალის ცემის ხომ არ გეშინოდა?
– ჩემი ორსულობის ამბავი მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, ისე ვმალავდი. გავამხელ, რომ ავი მზერის მჯერა და ვცდილობდი, ჩემი ორსულობა საჯაროდ არ მეთქვა. არაერთხელ, თვალის ცემის გამო, ხან ფეხი გადამბრუნებია და ხან წინასწარ რაც ვთქვი, არ ამიხდა. ასე რომ, ავი მზერის მჯერა და სანამ სამი თვის არ გავხდი, არ ვთქვი. მუცელი კარგად გამეზარდა, მაგრამ თავისუფალ ტანსაცმელს ვიცვამდი და არ მემჩნეოდა. ახლა, ყველამ იცის, ბევრი მილოცავს და ბავშვის „ინსტრუმენტის“ დანახვის მერე, აღარც ავი თვალის მეშინია (იცინის).