კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ შეუვარდა ევა კაპანაძე რობერტ დენიროს გადასაღებ მოედანზე და რა უთხრა მას ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა კლინტონმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ევა კაპანაძე სტუნდეტი იყო, როცა მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, ფეხზე წამოსადგომად ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ არ დანებდა და ყველაფერს აკეთებდა წარმატების მისაღწევად. დღეს უკვე ძალიან წარმატებული ადამიანია ხელოვნების სფეროში არაერთი მიმართულებით და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.
ევა კაპანაძე: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ნიუ-იორკში წამოსვლა მომიწია. ამ ნაბიჯის გადადგმაში ოჯახის ახლობელი ნანა ნანობაშვილი დამეხმარა. მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რადგან აქ ჩამოსვლამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ამერიკაში, ფაქტობრივად, თავიდან დავიბადე.

– თუმცა პირველი ეტაპი რთული იქნებოდა.
– პირველი, მეორე, მესამე... ძალიან რთული იყო. ალბათ, საქართველოში ყველამ იცის, რა რთული გზის გავლა უწევს ემიგრანტს. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. აქ რომ ჩამოვედი, ოჯახში დავიწყე მუშაობა და რამდენიმე წელი ასე გრძელდებოდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი იდეების განხორციელებისთვის ხელი შემეწყო და წარმატებისთვის მიმეღწია.
– აქედან კონკრეტული იდეების განსახორციელებლად წახვედით?
– არა, მაშინ არანაირი გეგმა არ მქონდა. ნიუ–იორკში 2003 წელს წამოვედი ეკონომიკური პირობების გამო. საქართველოში ოჯახი არ მაქვს. დედას სიმსივნე ჰქონდა, შვიდი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ძმა, 22 წლის ასაკში, ავარიაში დამეღუპა, მაშინ მე 19-ის ვიყავი. ერთი წლის შემდეგ, მამას, ამ ტრაგედიის ფონზე, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
– ოცი წლის ასაკში სრულიად მარტო დარჩით?
– მეგობრები და ძალიან ბევრი ნათესავი მყავდა გვერდით, მაგრამ თუ ოჯახს გულისხმობთ, კი, მარტო დავრჩი – ყველას გარეშე. ძალიან რთული იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, არც კი ვიცი ის ყველაფერი სიტყვებით როგორ უნდა გამოვხატო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო რთულია ჩემთვის, ვიდრე მაშინ. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად მიმძაფრდება მათი მონატრების გრძნობა.
– უკვე ამერიკაში ჩასულისთვის, რა იყო პირველი სირთულე და როგორ იბრძოდით თავის დასამკვიდრებლად?
– პირველი ბარიერი ენა იყო. აქ რომ ჩამოვედი, ინგლისური ძალიან ელემენტარულ დონეზე ვიცოდი. ჩამოდიხარ ამხელა ქვეყანაში და გგონია, რომ სამყარო დაინგრა. ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ, მთლიანად მეგობრებზე და ნათესავებზე ვიყავი გადართული. ძალიან რთული იყო მათგან მოწყვეტა და სრულიად უცხო გარემოში ჩამოსვლა. ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ვრეკავდი მათთან. ვამბობდი: არ მინდა ამერიკაში, საქართველოში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მერე ენის კურსები გავიარე, კოლეჯში დავიწყე სწავლა და ნელ-ნელა მეგობრები გავიჩინე. დღემდე მენატრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც საქართველოში არიან, მაგრამ თხუთმეტი წელია, აქ ვცხოვრობ და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. უკვე აქაც იმდენად კომფორტულად ვარ, რომ ნიუ-იორკი ჩემთვის მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ.
– ახლა ძალიან წარმატებული ხართ ხელოვნების რამდენიმე მიმართულებაში, რას მოჰყვა პირველი წარმატება?
– საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ძალიან მიყვარდა ხატვა და თოჯინების გაკეთება. მათთვის კაბებს ქაღალდისგან ვაკეთებდი. აქ რომ ჩამოვედი და ოჯახში დავიწყე მუშაობა, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ბავშვობა გავიხსენე და  თოჯინების გაკეთება დავიწყე. ნებისმიერ მასალას ვიყენებდი, უბრალოდ, ტანი აუცილებად ქაღალდის უნდა ყოფილიყო. მერე ერთ-ერთი მათგანი მეგობარს ვაჩუქე  დაბადების დღეზე და დიდი ყურადღება დაიმსახურა. უცხოელებმაც აიტაცეს, საქორწინო წვეულებებისთვის მიკვეთავდნენ. აქ ასეა, ერთი რომ ნახავს რამეს და მოეწონება, მერე მეორესაც უნდა ისეთი და ჩემი თოჯინებით ასე გავითქვი სახელი. გადავწყვიტე, თოჯინებისთვის ფოტოები გადამეღო და სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა. ფოტოგრაფობა იმდენად მომეწონა, რომ მერე უკვე ქუჩაშიც აპარატით დავდიოდი.
– მეორე პროფესიაც შეითვისეთ.
– არასდროს მიფიქრია, რომ  ფოტოგრაფია ჩემი პროფესია გახდებოდა. ამერიკაში რომ ჩამოვედი, რადგან სამედიცინო განათლება მქონდა, რამდენიმე თვე სამედიცინო ოფისში ვმუშაობდი ყელ-ყურის ექიმთან. მაგრამ არ მინდოდა მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში ის მეკეთებინა, რაც შინაგან თავისუფლებას არ მანიჭებდა. ახლაც მეუბნებიან, სულით ხელოვანი ადამიანი ხარო. მოკლედ, თოჯინებისთვის ფოტოების გადაღების პროცესმა იმდენად მომხიბლა, რომ ქუჩაშიც დავიწყე გადაღება. რამდენიმე ივენთზე ფოტოგრაფები გავიცანი და ჩემი გადაღებული ფოტოებით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მითხრეს, რომ განსხვავებული თვალი მქონდა. ამის შემდეგ გავიარე შესაბამისი კლასები Fashion Institute of Technology-ში. გავიცანი ლექტორები, დავამყარე კავშირები და მოდის კვირეულების გადაღება დავიწყე. თავიდან, ჰობის დონეზე ვიღებდი მიწვეული სტუმრის სტატუსით. მერე დიზაინერებმა და მოდელებმა ჩემი ფოტოები რომ ნახეს და ძალიან მოეწონათ, მოთხოვნადი ფოტოგრაფი გავხდი. თოჯინებს რაც შეეხება, შარშან ლოს-ანჯელესში, „ფეშენ-ვიქზე“, „ჰოლივუდში“ მქონდა გამოფენა. ჩემი პროექტის ფარგლებში თოჯინები ჟურნალ „ვოგის“ ფურცლებისგან მქონდა გაკეთებული. ყველა თოჯინას სხვადასხვა დიზაინერის სახელი ერქვა. იყო „დიორის“, „შანელის“, „პრადას“ „ივ სენ ლორანის“ თოჯინები. მე თვითონაც „ვოგის“ ჟურნალის ფურცლებისგან შექმნილი კაბა მეცვა, რა თქმა უნდა, ჩემი გაკეთებული.
– როგორი იყო გამოხმაურება?
– არაჩვეულბრივი. ხალხი აღფრთოვანებული იყო. მეუბნებოდნენ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი უნახავთ და რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე უბრალოებაშია. ქაღალდით შექმნილმა ნამუშევრებმა იმხელა აღფრთოვანება გამოიწვია, რომ მიკვირდა კიდეც, მაგრამ თან, ძალიან მიხაროდა. ჩემს თოჯინებს სახეს არ ვუხატავ. რატომღაც მგონია, რომ სახეს ძალიან დიდი დანიშნულება აქვს. რომ დავუხატო, ვფიქრობ, რომ ეფექტურობას დაკარგავს. მგონია, ადამიანი რომ შეხედავს, მისი სახე თვითონ უნდა აღიქვას საკუთარ წარმოსახვაში. ამ ეტაპზე არ ვარ დაკავებული თოჯინების გაკეთებით, უფრო ფოტოგრაფიაზე ვარ გადართული. მოდის კვირეულის გარდა მუსიკოსების პორტრეტებსა და კონცერტებს ვიღებ ხოლმე. მაისის ჯაზ-ფესტივალზე მთავარი ფოტოგრაფი ვიყავი და სამწუხაროდ,  ასეთ პერიოდებში თოჯინებისთვის დრო აღარ მრჩება.
– როგორც ვიცი, ბევრ ცნობილ მოდელს და მუსიკოსს იღებთ.
– ბოლო პროექტზე, ავანგარდჯაზის ფესტივალზე არაერთი ცნობილი მუსიკოსი გადავიღე. გადაღებული მყავს ცნობილი საქსოფონისტი უიტნი ჰიუსტონის და ლედი გაგას ბენდის ყოფილი წევრი პრემიკ რასსელ სტაბი. მოდელები – დები დიკენსონები,  ჯესიკა სუტა, „ფუსიკეთ დოლსის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და სხვები.
– როგორც ვიცი, ერთ ქართველთან ერთად, ტანსაცმლის ხაზიც გამოუშვით.
– კი, მაგრამ ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ. მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, ანა კუტიბაშვილმა, რომელიც თვითონ მოდელია და ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“, სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებაზე გამოდიოდა, გადავწყვიტეთ დიზაინი გაგვეკეთებინა, რომელსაც „ენივ“ დავარქვით.  
– შეხვედრა რობერტ დენიროსთან.
– გადაღებიდან გამოვედი და შემთხვევით გადასაღებ მოედანთან აღმოვჩნდი. უცებ დავინახე რობერტ დენირო და მოედანზე შევუვარდი – ჩემი საშვის დახმარებით არსად შესვლა არაა პრობლემა (იცინის). ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.
– შეხვდით ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონსაც.
– რამდენიმე წლის წინ ახლობლის ქორწილში შევხვდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. იქ იყო მეუღლესთან ერთად. ვისაუბრეთ და როცა ვუთხარი,  საქართველოდან ვარ-მეთქი, მითხრა: მე ყველაფერი  ვეცადე, რომ თქვენი ქვეყნისთვის საუკეთესო გამეკეთებინაო.
скачать dle 11.3