№27 ჰქონდა თუ არა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ქურდულ სამყაროსთან და რა სიმართლე გაიგო დეკანოზის დედამ შვილზე მეუფისგან
ბოლო დროის ყველაზე სკანდალური და გახმაურებული, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის შესაძლო მკვლელობის მომზადების, ეგრეთ წოდებული, „ციანიდის საქმის“ ირგვლივ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. ყველას აინტერესებს, ჰქონდა თუ არა რეალურად დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისი პატრიარქის მკვლელობის მცდელობა, რომელთანაც ყველაზე ახლო და თბილ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა და თუ ჰქონდა, რა მოტივით? უნდოდა თუ არა მამა გიორგი მამალაძეს, რომელიც ისედაც იყო საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი, პატრიარქის ნდობის ქვეშ მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება? საზოგადოებაში გაჩნდა ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ „ციანიდის საქმე“ თავიდან ბოლომდე შეთითხნილია მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ, რადგან პატრიარქმა ბერლინში სამკურნალოდ გამგზავრებამდე ანდერძი დაწერა, რომელშიც მემკვიდრედ გიორგი მამალაძე იყო დასახელებული, რომ მან საპატრიარქოში ისეთი სკანდალური რამ იპოვა, რომლის გახმაურება არც სასულიერო პირებს სურთ და არც ხელისუფლებას, რომ ის მუდმივად აწვდიდა პატრიარქს ინფორმაციას საპატრიარქოში არსებულ დარღვევებზე… ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დეკანოზ გიორგი მამალაძის დედასთან, ქეთევან მაღლაკელიძესთან, რომლისგანაც დეკანოზის შესახებ ყველაფერი გავიგეთ.
– ქალბატონო ქეთევან, გვიამბეთ თავის საქმეებზე თუ ლაპარაკობდა სახლში მამა გიორგი?
– მამაოს ყოველთვის ისეთი მძიმე და საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა, არ ილაპარაკებდა, მით უმეტეს, ბოლოს რა თანამდებობაზეც იყო – საპატრიარქოს ქონების მართვის ხელმძღვანელად. გადავარდნილი იყო ოჯახიდან, სულ გარბოდა, გამორბოდა, ხან ამას ურეკავდენ, ხან ეს ურეკავდა… მანამდე ვინ რა იცოდა, საპატრიარქოში რა ხდებოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ? მისნაირი ადამიანი არ ილაპარაკებდა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, დღემდე არ ამბობს, რაც ხდება და რაც იცის. თბილისში იყო ხშირად. ვეუბნებოდი: მოჰკიდე შენს ცოლ-შვილს ხელი, სკოლა დაეწყებათ, იქ შეიყვან ბავშვებს-მეთქი. მე ჩემს ცოლ-შვილს თბილისში არ წავიყვან და ვერც წავიყვანო, – მეუბნებოდა. არ ვაქცევდი ამას ყურდაღებას. მეგონა, ეკონომიკური კუთხით უყურებს, თან ცალ-ცალკე ყოფნას ურჩევნია, ერთ ოჯახად ვიყოთ-მეთქი. ახლა ვფიქრობ, ალბათ, რაღაცას გრძნობდა ან იცოდა და ეშინოდა. მერე გადავხარშე ყველაფერი. რასაც ვფიქრობდი, სისულელე აღმოჩნდა. თურმე, როგორ ყოფილა საქმე. ღმერთმა იცის, რას იზამდნენ. როგორ? პატრიარქის მკვლელობაში ხარ ეჭვმიტანილი, მოვა ვიღაც და ოჯახს ამოგიწყვეტს.
– გიფიქრიათ, რატომ მაინცდამაინც მამა გიორგის დაემართა ეს?
– კი, მიფიქრია – რატომ მაინცდამაინც მამაო, ის იმდენად მართალი იყო, ბავშვობიდან სულ სიმართლისთვის იბრძოდა. სკოლაში რაღაც ისეთი რომ მოხდებოდა, ბოლომდე „აწვებოდა“ – ეს ასე კი არა, ასე იყოო. არასდროს ყოფილა მატყუარა, ტუტუცი, გარყვნილი... რაღაცებს რომ ამბობდნენ მის პიროვნებაზე, ამაზე უფრო ვინერვიულე, ვიდრე იმაზე, რასაც აბრალებდნენ, იმიტომ რომ, ხომ ვიცით, ეს აბსურდია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რაღაცის გამკეთებელი რომ ყოფილიყო, აქამდეც გააკეთებდა. ყველამ იცის, როგორი ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან და პატრიარქთან. აქ, ბობოყვათის რეზიდენციაში სრულიად საპატრიარქო ჩამოდიოდა. ქვაბებით მიდოდა ჩემი ოჯახიდან გაკეთებული სადილი და ვახშამი – მთელი რეზიდენციის მოკვლა შეეძლო, გერმანიაში რომ არ ერბინა. ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ადამიანს დააბრალო. სამი წელიწადია, რაც ქონების მართვის ხელმძღვანელია, თორემ მანამდე?.. იცით როგორი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან? მამა გიორგის მესამე შვილი რომ შეეძეინა (ახლა ილია შვიდი წლის ხდება), ღამის ხუთ საათზე დაურეკა პატრიარქმა და მიულოცა. გაოგნებული იყო მამა გიორგი, წამოხტა ლოგინიდან, ისე უხერხულად იყო, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. რას არქმევო – იკითხა. რა თქმა უნდა, თქვენს სახელსო. მერე, მის ცოლს ოქროს სამკაული გამოუგზავნა. სტიქაროსნობიდან მოყოლებული, გამორჩეულად აქტიური, საქმიანი, დავალების ზედმიწევნით შემსრულებული ბიჭი იყო. მეუფეს სულ გვერდში ჰყავდა, ყველგან თან ახლდა, მეუფე და პატრიარქი ხომ ახლოს არიან და მამა გიორგი მაშინ მოექცა მთელი ეპარქიის ყურადღების ცენტრში. მესამე შვილი იყო ილია და რომც არ ყოფილიყო ახლოს, ისედაც ნათლავდა პატრიარქთან. სასწრაფოდ ჩამომიყვანეო, უთხრა. ბავშვი ცხრა დღის იყო, რომ წავიყვანეთ და მოვანათვლინეთ. საპატრიარქოში რომ ვიყავით, ამის ამსახველი ფოტომასალაც გვაქვს. მამაო ყოველთვის სხვანაირი იყო, ვიცოდით, რომ მასთან არ უნდა ილაპარაკო საპატრიარქოს არანაირ თემაზე. მახსოვს, რაღაც ნივთი მომეწონა, რა ლამაზი რაღაც იყო-მეთქი, სახლში ვთქვი და ისე გამიბრაზდა – რაც იქ ნახე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამაზე უნდა ილაპარაკოო. აი, უფროს შვილს კი, მეუფე დიმიტრის პატივსაცემად დაარქვა დიმიტრი, კი არ იყო ღირსი, მაგრამ მაინც.
– მინდა, გაიხსენოთ ბოლო პერიოდი. საერთოდ ვერაფერს ამჩნევდით, რა ხდებოდა მამა გიორგის ირგვლივ ან რაიმე საფრთხეს თუ გრძნობდით?
– ამ ბოლოს წამოწოლილი თუ იყო, კითხულობდა და რაღაც გაფაჩუნდებოდა, შეშინებული წამოხტებოდა, – რა ხდება, ხომ მშვიდობააო, – იკითხავდა. კიდევ მადლობელი ვარ უფლის, მანქანაში ბომბი რომ არ ჩაუდეს და შვილი არ ამიფეთქეს. სულ რაღაც ექვსი-შვიდი თვის დაწყებული ჰქონდა ქონების მართვის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა, შევამჩნიე, ის და მისი ცოლი თავიანთ ოთახში შედიან და კამათობენ. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმრის საქმეში არ ჩავრეულვარ და ვერც ჩავერეოდი, მაგრამ დედა ვარ და ვნერვიულობდი. ვერ გამეგო, რატომ კამათობდნენ ამდენს. ავდექი და წავედი ბათუმში მეუფესთან, ეს გახლავთ მამა გიორგის სულიერი მამა და ვუთხარი, ასე და ასეა, სულ კამათობენ, ალბათ, ოჯახში ბევრნი რომ ვართ, შეწუხდა ეს გოგო და ცალკე უნდა გასვლა. არ არის პრობლემა, გადავიდნენ თუ უნდათ-მეთქი… ამ ლაპარაკში ვარ და მეუფე მეუბნება: ერთი წუთით მომისმინე, ქეთინო. აქ არც ოჯახზეა საუბარი და არც იმაზე, მამა გიორგი კარგი ადამიანია თუ ცუდი. მან ისეთი რაღაც აღმოაჩინა საპატრიარქოში, რაზეც ევრასოდეს იტყვის. ამიტომ თავის დარდს გულში იკლავსო. თურმე, სანამ მე მივიდოდი, მეუფეს მამა გიორგის ცოლი დაუბარებია, ია. მამა გიორგის მონასტერში უნდოდა წასვლა და ამაზე კამათობდნენ – ცოლი არ იყო თანახმა. მან კი, ისეთი რამეები ამოქექა, ისეთი რამეები გამოააშკარავა, ამას ევრასოდეს იტყოდა, ამიტომ უნდოდა ამ სიტუაციას დროზე გარიდებოდა. მერე ეს მეუფე დიმიტრის მე მოვუყევი.
– ხომ არ ნანობთ, რომ მოუყევით, იმიტომ რომ მერე კიდეც გამოჩნდა მეუფე დიმიტრის დამოკიდებულება მამა გიორგისთან მიმართებაში.
– არ ვნანობ, იმიტომ რომ მინდოდა ყველას სცოდნოდა. შარშანწინ იჯდა თავის ოთახში მამაო და იურისპრუნდენციას კითხულობდა. ეს რაღად გინდა, ნუ გადამრიე-მეთქი და რა იცი, ცხოვრებაში რა ხდება, რა დროს გამოგადგესო.
– როგორც ვიცი, პატრიარქის მდივან-რეფერანტი, ყველასათვის კარგად ცნობილი, შორენა თეთრუაშვილი ჰყავდა ჩამოყვანილი ერთხელ ქობულეთში ექიმბაშთან, ფეხი რომ ჰქონდა მოტეხილი. რა იცით ამ ქალის შესახებ?
– მე კარგად ვიცნობ აქაურ ექიმებს, ყველას. მამაომ პირადად დამავალა, გამეგო იმ ადამიანის ნომერი, ვისთანაც უნდა მიეყვანა და დავეხმარე. მაგათ იფიქრეს, ერთი ქობულეთელი, სოფლელი, უტვინო ბიჭია და ჩვენს გეგმას კარგად განვახორციელებთო. ეგრევე პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს, მერე ვითომ შორენას მოკვლა უნდოდა, მაგრამ ვერ გატეხეს. მამაოს რომ ოდნავ რბილი ხასიათი ჰქონოდა, პირველივე დღესვე მომსპარი ეყოლებოდათ. ძალიან მიხარია, რომ მამაო გამტანი, პირდაპირი, პრინციპულია. სულ ვეუბნებოდი: ცოტა რბილი იყავი-მეთქი, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ხასიათის არის, როგორც არის. მარტო შორენა? საპატრიარქოდან მღვდლები ჰყავდა ჩამოყვანილი, ზოგს უძილობა აწუხებდა, ზოგს რა, ზოგი ჩაქცეული ნარკომანობიდან მობრუნებულია, ზოგი მხედრიონიდან, ზოგი პოლიტიკიდან შემძრვრალი, მერე გავიგე შორენაზეც, ვითომ დაქალი შემოაკვდა ახალგაზდრობაში და მას მერე შეძვრა საპატრიარქოშიო – იმ გოგოს ძმამ თქვა ტელევიზიით, ამაზე ბევრიც დაიწერა. მაშინ ვნახე შორენა, ჟურნალისტები რაღაცებს რომ ეკითხებოდნენ და თავდახრილი გარბოდა. არასდროს მქონია ინტერესი, მცოდნოდა, შორენა ვინ იყო.
– თქვენი ოჯახი პატრიარქს შეხვდა და ამ შეხვედრას დიდი ხანი ელოდით. გავრცელდა ხმა, რომ გინდოდათ, პატრიარქისთვის ისეთი ინფორმაცია მიგეწოდებინათ, რაზეც პროკურატურა არ ლაპარაკობს.
– მაგას არც დავმალავ. თქვენ არ იცით, სად შევედით, ეს იყო რაღაც საშინელება, როგორ გვიყურებდნენ და როგორ არ უნდოდათ, რომ პატრიარქი შეგვხვედროდა? ერთი სული ჰქონდათ, როდის მოგვიშორებდნენ ჩვენი ბავშვებიანად. რომელ მეუფეებზეა ლაპარაკი, საშინელებათა ფილმებში რომ არიან, აი, ასეთ საშინელ სახეებს ვუყურებდით. ოვალური ფორმის მაგიდა იდგა, ჩვენ ყველანი ამ მაგიდის გარშემო ვისხედით, დაცვის ერთ-ერთი წევრი – ალადაშვილი იდგა, მამა დავით ჭინჭარაული და პატრიარქის უკან იდგა მეუფე იაკობი. ლაპარაკს რომ დაიწყებდა თორნიკე, მეუფე იაკობი თვალით ანიშნებდა რაღაცას მეორეს.
– რა უნდა გეთქვათ პატრიარქისთვის?
– 50 მილიონს რომ აბრალებდნენ მამა გიორგის, ეს მინდოდა მეთქვა. ჩემმა გოგომ რომ დაიწყო ამაზე საუბარი, პატრიარქმა არაფერი იცისო – გააჩუმეს,
ვითომ მამა გიორგი 50 მილიონს ათეთრებდა. ჩემმა შვილმა – ამდენი ფული ჰქონდა ჩემს ძმას, რისი მილიონების გამკეთებლია მამაოო? პატრიარქმა – მე მაგის შესახებ არაფერი ვიციო… იცით, რანაირი ინფორმაცია მიდის პატრიარქამდე, გადაუმოწმებელი ან ტელევიზიით რომ გაჟღერდა, ან სადღაც რაღაც დაიწერა. დარწმუნებული ვარ, სრულ ინფორმაციას არ ფლობს, არ იცის სიმართლე. ძალიან ვნანობ, რომ დავუჯერე მეუფეებს და ტელეფონი არ შევიტანე, ყველაფერი რომ გადამეღო. მერე, პატრიარქმა ჩემი ნათლული მომიყვანეთო… ძალიან დიდ ოთახში ვიყავით, რამდენიმე კარია. ეტყობა, იქით საძინებლებია, დაცვა და კიდევ ვიღაც იდგა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი. პატრიარქი რომ წამოდგა, ხელი მოჰკიდეს, იქეთ ოთახში შეგიყვანთო, მაგრამ ზურგი შეაქცია და ჩვენკენ წამოვიდა. უნდა გენახათ, როგორ არ ესიამოვნათ. პატრიარქმა აუდიენცია რომ დაამთავრა და გამოვდიოდით, თავდახრილი მოდის დეკანოზის ცოლი, ია და ჭინჭარაულმა შეაჩერა, არ ინერვიულოთ, ჩვენ ხვალ შევდივართ მამაოსთან, ზიარების ამბავი გადაწყვეტილიაო. ზიარება კი არა, მას მერე ერთი წელი გავიდა და საერთოდ არ უნახავთ. მატყუარები არიან, თვითონ წერენ, რასაც უნდათ, თვითონ ლაპარაკობენ.
– მამამ გიორგი წლების წინ, სანამ საპატრიარქოში მოხვდებოდა, უკრაინაში ქართულ, წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში მსახურობდა, სადაც სერიოზული ინციდენტი მოხდა. მანქანა დაუწვეს. მაშინ მის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე და უმცროსი ძმა თორნიკე. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– აი, იგივე მოხდა, რაც აქ მოხდა. მამაო აქიდან გაგზვანილი მღვდელი იყო, იმათ უნდოდათ თავიანთი, იქაური მღვდელი. იფიქრეს, შევაშინებთო და მანქანა დაუწვეს. თუ აქედან არ წახვალ, მერე, საერთოდ, მანქანიანად დაგწვავთო. თორნიკე და მამა გიორგი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ბევრს ლაპარაკობდნენ, მამაო ფიგურულ სრილაზე დადის, აქ დადის, იქ დადისო და მერე, თორნიკე რომ დაინახეს და გაიგეს ძმები იყვნენ, გაოგნდნენ. ყველა ბოდიშს უხდიდა.
– ამბობენ, ვითომ, იქ ცუდ წრეში იყო, ქურდებთანო. ამას ყველაფერს იმიტომ გეკითხებით, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. თქვენ კი, მამა გიორგის დედა ხართ და ტყუილს არასოდეს იტყვით, დარწმუნებული ვარ.
– მამაო არასდროს ყოფილა ცუდ სამყაროში. ეს ყველაფერი ირაკლი მამალაძის მონაჩმახია. მისი ძმა გაიცნო შემთხვევით მამა გიორგიმ, რადგან ერთი გვარის არიან. მასავით ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ცოტა ისეთი ბიჭი ყოფილა… რა ნაგავიცაა ირაკლი მამალაძე და რა სისულელეც გააკეთა, უკვე ქვეყენამ იცის.
იყო შემთხვევები, მამაო ტელეფონზე ყვირილით ლაპარაკობდა. ვინმე სამსახურში საქმეს ისე რომ არ აკეთებდა, როგორც საჭირო ოყო, ამაზე ნერვები ეშლებოდა და იწყებდა ყვირილს. ვეტყოდი, ვინმე არ გისმენდეს, ნუ ყვირი ამ ტელეფონში-მეთქი. მე ისეთ რამეს არასოდეს ვილაპარაკებ, რაც ჩემი საწინააღმდეგო იქნება, მისმინონ და იყონო – იტყოდა. ძალიან ფრთხილი იყო. მამაოს რომ ქურდულ სამყაროსთან ჰქონოდა კავშირი და მილიონები ეტრიალებინა, ერთ სახლში თხუთმეტი სული კი არ ვიცხოვრებდით, ყველას ჩვენ ჩვენი ბინა გვექნებოდა და სამოცდაათი წლის წინანდელ ჩამოჩონჩხილ სახლში არ ვიცხოვრებდით. არ იციან ჩვენი სიღრმისეული ამბავი, ჰაერზე რაღაცებს როშავენ. მასე, რამდენი რჯულის ადამიანი შედის ეკლესიაში… აქ რომ ჩამოჰყავდა მთელი საპატრიარქო, მეუფეები, დონეცკიდან – ბიზნესმენები, ცდილობდა, ეკლესიები აეშენებინა, ყველას ეხვეწებოდა, ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? მე ხომ ყველაფერი კარგად ვიცი, რა და როგორც იყო. სიმართლეს მალე დავამტკიცებთ. პატრიარქის მოსაწამლად ერბინა გერმანიაში კი არა, აგერ ჰყავდა ყველა, ბობოყვათში, ჭყონიას სასტუმროში, აუზში მასთან ერთად ცურავდა, რა უნდოდა ლამის ასი წლის მოხუცის მოკვლას? ოდნავ ჩამოწევდა აუზში და მოგუდავდა. აბანავებდნენ კიდეც და ზღვაზეც მიჰყავდათ. რამხელა სისულელეა, ხვდებით? დაწინაურებაზე რომ ლაპარაკობენ, მთელს რეზიდენციას მოწამლავდა, იმდენი ჩამოდიოდა და იმდენი საკვები თუ ჭურჭელი მიდიოდა ჩემი სახლიდან?.. ხორცის მანქანაში გამოუსმევდა საწამლავს, ხორცს გადაატრიალებდა და ეგ იყო, მორჩა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, კაცმა ამდენი საზღვარი უნდა გადაკვეთოს, იქ უნდა მოკლას, მერე წამოვიდეს, დაწინაურდეს… გინდათ, სიმართლე? მამაოს თავის თანამდებობებით რაც ეხებოდა, დეკანოზი, მღვდელი და ასე შემდეგ, უმაღლეს საფეხურზე იყო უკვე. შემდგომი ნაბიჯი იყო ბერად წასვლა. ბერად წასვლა კი, თუ მეუღლის თანხმობა არ ექნებოდა, ვერ წავიდოდა. ჩემი რძალი წინააღმდეგი იყო. სანამ შვილებს გზაზე არ დააყენებ, ვერსად წახვალო. ასე რომ, არავინ ინერვიოულოს მაგაზე, მამაო არანაირი კარიერული წინსვლისთვის არ იბრძოდა. იმის იქით უკვე აღარ შეიძლებოდა ასვლა, ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა. ცხრა საათი აწამეს, გამოკეტილი ჰყავდათ, ტუალეტშიც არ გაუშვიათ, ცუდად გამხდარა, მოდულის შენობაში სასწრაფო შეიყვანეს, ამ დეგენერატებმა ისიც არ იცოდნენ, რომ გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ამ ბიჭმა უწყლობასაც გაუძლო, ტუალეტში არწასვლასაც, ვერაფერი უქნეს, თორემ მამაოსგან პირველივე დღესვე უნდოდათ აღიარებითი ჩვენება, ამიტომ გააკეთეს ასეთი განცხადებები. ჯერ ხომ, ვითომ, პატრიარქის მოკვლა უნდოდა, ორი დღის მერე აღმოჩნდა, თურმე, შორენას წამლავდა. შორენა რომელი დედაბოძი მყავს საქართველოსი. შორენასნაირები ყოველწუთს კვდებიან, ეგერ „ქუჩის ბიჭების“ ბიჭი რომ დაჭრეს, ის ბიჭი უფრო ფასეულია ქვეყნისთვი,ს ვიდრე შორენა, რაღაც მაინც გაუკეთებია.