№27 რის შემდეგ მიიღო თათო გვარიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის ქუჩაში დამოუკიდებლად გაშვების გადაწყვეტილება
15 წლის გიგი ანთიძე მთელმა საქართველომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო, როცა გარევაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მას რუსთაველზე მუშაობა აეკრძალა. ძალიან მალე, მერიამ გიგის საქმიანობის გაგრძელების ნება „მზიურის“ ტერიტორიაზე მისცა და ჯიხურიც დაუდგა, რომელიც გაუქურდეს. თუმცა 15 წლის მებრძოლი ბიჭისთვის ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი ნამდვილად არ აღმოჩნდა და მას წინ დიდი გეგმები აქვს.
თათო გვარიშვილი (გიგის დედა): გიგის პატარაობიდანვე ძალიან უნდოდა, რომ მაღაზია ჰქონოდა. მისი საყვარელი თამაში ყოველთვის „გამყიდვლობანა“ იყო. ჯერ კიდევ ბაღის ასაკში, ხუთი წლის რომ ხდებოდა, ვკითხეთ, დაბადების დღეზე რა გაჩუქოთო და სალარო აპარატიო, გვიპასუხა. შეეძლო მაღაზიაში ნახევარი საათი მდგარიყო და გამყიდვლისთვის ეყურებინა. აგარაკზე მივდიოდით დასასვენებლად – დიდგორში პატარა სოფელი გვაქვს და გიგიმ გვითხრა, მხოლოდ იმ პირობით წამოვალ, თუ უფლებას მომცემთ, რომ იქ მაღაზია გავხსნაო. მაშინ თორმეტი წლის იყო. ჩვენც დავთანხმდით, რადგან ზაფხულის არდადეგები იყო და მუშაობით ხელი არ შეეშლებოდა. მამამ კუსტარულად აუშენა ჯიხური სოფელში და თავიდან ამ ყველაფერს გასართობივით ვუყურებდით, თუმცა რეალურად ეს მაღაზია დიდგორში ერთადერთი აღმოჩნდა და. შესაბამისად, მასზე დიდი მოთხოვნა იყო. ყველაფერი საკუთარი ფულით გააკეთა – რამდენიმე თვის პენსია მაქვს დაგროვილი, გამოვიტან, წავალ და რაც მჭირდება, ვიყიდიო. მანამდე რუსთაველზე ძალიან ბევრს დადიოდა გარეთ, უამრავ ადამიანს იცნობდა, ვინც ვაჭრობაში იყო ჩართული და მათგან აგროვებდა ინფორმაციას, სად რისი ყიდვა შეიძლება და სად უფრო იაფი იყო.
– როგორ ააწყო სოფელში პირველი ბიზნესი?
– ძალიან კარგად. თავიდან სასმელები და კანფეტები ჰქონდა, მერე მიხვდა, რომ იქ საერთოდ სხვა რამ იყო საჭირო, იმიტომ რომ ვიღაც მიდიოდა და ეუბნებოდა: „აუ, ნეტა ზეთი გქონოდა, მარილი გქონოდა...“ და გვითხრა, შემოსული ფული შევაგროვე და ახლა ქალაქში ჩამიყვანეთ, რაც სჭირდებათ, ის უნდა ვიყიდო და მოვიტანოო. მოამარაგა მაღაზია და მთელი ზაფხული იმუშავა... თბილისში რომ ჩამოვედით, უკვე იცოდა საკუთარი ფულის გემო. ერთხელ სახლში რომ მივედი, უამრავ ბუშტში იყო ჩამჯდარი. ჯერ მითხრა, მეზობლისაა და ცოტა ხნით დამიტოვა, გასასვლელი ვარო. მაგრამ საერთოდ, ტყუილი არ შეუძლია და მერე გამომიტყდა, აქვე მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე ეს ბუშტები, გავბერე და ახლა გავყიდიო. ამ ამბავს ძალიან სკეპტიკურად შევხედე, მაგრამ სამი-ოთხი დღე რომ ვაკვირდებოდი, ძალიან კარგად მუშაობდა და ვუთხარი, თუ მაინც აპირებ ამის კეთებას, წამო, იქ ვიყიდოთ ბევრი, სადაც იაფია-მეთქი. ცოტა ჭოჭმანით დამთანხმდა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წავედით. იქ ისე შეხვდნენ გიგის, მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანი იყო, რაც მათთან დადიოდა. საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ადამიანია. თუ რამეს გადაწყვეტს, არ გაჩერდება, სანამ არ შეასრულებს. ასე იყო სიარულის შემთხვევაშიც. სერიოზული პრობლემა ჰქონდა და აქვს კიდეც. სამწუხაროდ, ეს ისეთი დაავადებაა, რომლის განკურნებაც არ ხდება. თავიდან სიარული ქუჩაში გასვლის სურვილმა დააწყებინა. მანამდე ხელჩაკიდებული დაგვყავდა, მაგრამ დამოუკიდებლად გასვლა უნდოდა. ბორბლებიანი „ლოქერი“ ვუყიდეთ გადასაადგილებლად. ოპერასთან ვცხოვრობთ. იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელში მუსიკოსები უკრავდნენ. ძალიან მოეწონა მათთან ურთიერთობა და სულ მათთან უნდოდა ყოფნა. მაგრამ კიბეზე ჩასვლა-ამოსვლას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა. მაშინ თქვა, მე ჩემს თავს ერთკვირიან ვადას ვაძლევ, ერთ კვირაში ჯოხით სიარული უნდა დავიწყოო და დაიწყო კიდეც. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ეცემოდა, მაგრამ დგებოდა. სწორად დავარდნა ისწავლა, როგორ უნდა დაეჭირა თავი ისე, რომ არ დაერტყა და არ გაეტეხა. თავიდან ამაზე ძალიან ვნერვიულობდი – ქუჩაში მარტო გადიოდა ბავშვი, თან ვიცოდი, რომ აუცილებლად დაეცემოდა. ჩემს თავთან ამის გამო დიდი პრობლემა მქონდა. როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ დროს: მეცლია, რომ ევლო დამოუკიდებლად და თავიც გაეტეხა, თუ დამეშალა, სახლში ყოფილიყო და მეც წყნარად ვყოფილიყავი?! გადავწყვიტე, რომ არა უშავდა, თუ მე არ ვიქნებოდი წყნარად. ვიფიქრე: ჯობს, მე ვინერვიულო დღეს, მუხლები გადაიყვლიფოს, თუნდაც თავი გაუტყდეს, მაგრამ შედეგად, შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა, მას შემდეგ, როცა მე მის გვერდით აღარ ვიქნები-მეთქი. სიმართლე რომ გითხრათ, რასაც ახლა გიგი აკეთებს, ამდენზე არც კი მიოცნებია. გულწრფელად გეტყვით, გიგის დიაგნოზმა გადამაწყვეტინა კიდევ სამი შვილის გაჩენა. სულ იმის დარდი მქონდა, მე რომ აღარ ვიქნები, მარტო არ დარჩეს-მეთქი და მაშინ გადავწყვიტე, რომ გიგის ბევრი და-ძმა უნდა ჰყოლოდა. დღეს ვფიქრობ, რომ გიგი იქნება ყველას პატრონი.
– ვიღაცებისთვის ქუჩაში დგომა და ვაჭრობა სირცხვილია. დედისთვის რთული არ იყო ამასთან შეგუება, მით უმეტეს, ასე მცირე ასაკში?
– როცა ვნახე, რომ დამოუკიდებლად სიარული შეეძლო, საფრთხეზე იმდენად აღარ ვნერვიულობდი, რადგან ეს ყველაფერი მაინც ჩვენი სახლის წინ ხდებოდა და ფანჯრიდან მაინც სულ თვალთახედვის არეში გვყავდა. მე პირადად სირცხვილის მომენტი არ მქონია, მაგრამ საზოგადოებისგან მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იყო. გიგის მეგობრების მშობლები მირეკავდნენ, იცი, გიგი ვნახეთ ქუჩაში, რაღაცას ყიდდაო და მე ვპასუხობდი, რომ ვიცოდი. ორს მივუმატოთ სამიო რომ გეკითხა, ვერ გიპასუხებდა, მაგრამ ორ ლარს დავუმატოთ სამი ლარი რამდენიაო, რომ ვკითხეთ, მაშინვე გვიპასუხა (იცინის). ფულის შოვნა არის ერთადერთი, რაც მთელი ცხოვრება აინტერესებდა.
– ჩვენი საზოგადოების სტიგმა – შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვი სახლში უნდა ჩაკეტო.
– როცა 15 წლის წინ გიგის ეს დიაგნოზი დაუსვეს, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა. პირველად ნეიროგანვითარების ცენტრში რომ მივედი, ვნახე ბავშვები, რომლებიც სიარულში ვარჯიშობდნენ და ვერაფრით მივხვდი, რა სჭირდათ, იმიტომ რომ მანამდე ქუჩაში ასეთი ბავშვები არ მინახავს. გიგი თავიდანვე ყველგან იყო, სადაც კი შეიძლებოდა. დადიოდა ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში, სკოლაში, დაბადების დღეებზე, მონაწილეობდა სპექტაკლებში. ჩვენ ეს ტრაგედიად არასდროს გვიქცევია. ამისგან რომ ტრაგედია შემექმნა, ვფიქრობ, რომ გიგი აუცილებლად დაკომპლექსებული გაიზრდებოდა.
– თქვენი პოსტი წავიკითხე, წერდით, მასთან ნარკომანიაზე საუბარი გადავწყვიტე და ისეთები მომიყვა, გაოცებული ვარო.
– ამდენ ადამიანთან რომ უწევს ურთიერთობა, ცოტა შემეშინდა. გავაცნობიერე, რომ უკვე დიდია, რომ ირგვლივ ბევრი ცუდი ადამიანი ტრიალებს და შეიძლება, იმიტომ რომ იციან, გიგის თავის ფული აქვს, ვინმემ რამე შესთავაზოს. ყველაფერი ხდება, რადგან გაქურდეს, არც ეს გამიკვირდება. ამიტომ გადავწყვიტე, მისთვის მომეყოლა, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს. მომიტრიალდა და ისეთი ისტორიები მომიყვა, გაოცებული დავრჩი: აი, ის ქალი რომ დგას ქუჩაში, მაგას მაგით დაენგრა ცხოვრება, იმ კაცს კიდევ ძმა მოუკვდა ამითო და ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, რომ მეც არ ვიცოდი. ბევრ ადამიანთან უწევს ურთიერთობა და ბევრი ესმის, ბევრს სწავლობს. არ არსებობს ტაქსიში ჩაჯდეს და ავტომობილის შესახებ არ გამოჰკითხოს მძღოლს. ცხოვრებაში არ ჰქონია ავტომობილთან შეხება და ახლა გადაწყვიტა ყიდვა. დამხმარეს ავიყვან და ის მატარებსო, ეს მართლა სჭირდება საქმისთვის. მოვიდა და მითხრა, რომელი ავტომობილი წვავდა ნაკლებს და რომელი რა ღირდა. გაოცებული ვიყავი, საიდან იცი ეს ყველაფერი-მეთქი და ტაქსისტებთან ვარკვევო. ფაქტობრივად, უკვე დამოუკიდებელი ადამიანია. ახლა კოლეჯში ვაბარებთ. სკოლაში სწავლით დაინტერესებული არასდროს ყოფილა. სკოლაში სიარული მისთვის ყოველთვის ტანჯვა იყო – რატომ უნდა ვიჯდე და სპორტის გაკვეთილს ვუყურებდე, მენანება ეს დრო, რომელსაც ტყუილად ვკარგავ, როცა ამასობაში შემიძლია, ფული ვიშოვოო, მეუბნებოდა. მივხვდი, რომ მართალი იყო.