№27 როგორ გაიტაცეს 600 კილოგრამი ოქრო ქართველმა პილოტებმა ბოლნისიდან
საუკუნის გატაცება
1968 წლის 2 მაისს საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაული მოხდა: პილოტებმა – 39 წლის ანზორ ჩინჩალაძემ და 35 წლის იური სავიცკიმ ბოლნისის ოქროს გადამამუშავებელი კომბინატის ასაფრენი ბილიკიდან 600 კილოგრამი ოქროს ზოდებით დატვირთული ვერტმფრენი „მი-8“ გაიტაცეს და გაუჩინარდნენ...
ჩინჩალაძე და სავიცკი გამოცდილი პილოტები იყვნენ და ხშირად გადმოჰქონდათ ზოდებად ჩამოსხმული ოქრო ბოლნისიდან თბილისში. ამ ოპერაციაში, პილოტების გარდა, შეიარაღებული დაცვის კიდევ ოთხი თანაშმრომელი მონაწილეობდა ხოლმე. ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდები ორმოცდაათ-ორმოცდაათი ცალი იტვირთებოდა ყუთებში. შემდეგ იმ ყუთებს ვერტმფრენში აწყობდნენ და ლუქავდნენ. უწყისების მოწესრიგების შემდეგ, ვერტმფრენში დაცვა ჯდებოდა და ოქროთი დატვირთული საფრენი აპარატი თბილისისკენ იღებდა გეზს. თბილისის აეროპორტში ოქროს მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ტვირთავდნენ და საქართველოში მოპოვებული ძვირფასი ლითონი მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ბანკში იკავებდა ადგილს. იმ დღეს, 2 მაისს, სანამ ოქროს მცველები საბუთებს აფორმებდნენ, ვერტმფრენის პილოტებმა დრო იხელთეს. საფრენი აპარატი ჰაერში ასწიეს და ოქრო გაიტაცეს. მყისიერი რეაგირების მიუხედავად, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მხოლოდ ცარიელ ვერტმფრენს მიაგნეს, ეგრეთ წოდებული, სოღანლუღის მდელოზე, რომელიც თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობდა.
ტოტალური ძებნა
გატაცებული ოქროს ძებნაში საბჭოთა კავშირის საუკეთესო მაძებრები იყვნენ ჩართულები. როგორც მილიცია, ასევე უშიშროება. ჩინჩალაძე და სავიცკი მართალია, უცოლშვილოები იყვნენ, მაგრამ საბჭოთა ძალოვანები მათ ახლო თუ შორეულ ნათესავებს მიადგნენ და ატერორებდნენ. ზოგიერთი მათგანი მძევლადაც კი აიყვანეს, იმ მიზნით, რომ გამტაცებლები გამოჩნდებოდნენ და გატაცებულ ოქროს დააბრუნებდნენ. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო და მძევლები გაათავისუფლეს. განცვიფრებას იწვევდა ამ დანაშაულის ჩადენის სიზუსტე. როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტმა აჩვენა, ჩინჩალაძემ და სავიცკიმ ყველაფერი საიუველირო სიზუსტით გათვალეს და სულ რაღაც თორმეტ წუთში ჩაეტივნენ. ამ დროის განმავლობაში მათ ვერტმფრენი უკაცრიელ ადგილზე დასვეს. ოქროს ზოდებით სავსე თორმეტი ყუთი დაუდგენელი მარკის მანქანაში გადაიტანეს და მიიმალნენ. ვერც იმის დადგენა მოხერხდა, თუ რომელი მიმართულებით წაიღეს ოქრო – თბილისისკენ თუ რუსთავისკენ. საგულდაგულო ძიების მიუხედავად, ძალოვნებმა ამ დანაშაულის ერთ თვითმხილველსაც კი ვერ მიაგნეს და გამოძიება დამუხრუჭდა. ამ სირთულეების მიუხედავად, გამტაცებლების ტოტალური ძებნა წამითაც არ შენელებულა. მაძებრებმა ფეხზე დააყენეს საბჭოეთის მთელი კრიმინალური სამყარო და მთელი აგენტურული ქსელი. შეიმუშავეს ათეულობით სხვადასხვა ვერსია. თუმცა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლებოდა თამამად: გატაცებული ოქრო კვლავ საბჭოთა კავშირში იყო. მისი გამტაცებლები კი, სავარაუდოდ, კვლავ ქვეყანაში რჩებოდნენ და ღრმად იყვნენ დაწოლილები „ფსკერზე“.
ერევნელი ასი
მრავალ ვერსიათაგან, რომლებიც მაძებრებს ჰქონდათ შემუშავებული, ერთ-ერთი იყო – სახის შეცვლის ვერსია. მის მიხედვით, გამტაცებლებმა – ჩინჩალაძემ და სავიცკიმ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეს, სახეები შეიცვალეს და ამგვარად ემალებოდნენ ძალოვნებს. ამიტომ, „კაგებემ“ ყველა პლასტიკური ქირურგის გამოკითხვას მიჰყო ხელი. ერთ-ერთი ასეთი ექიმი იყო 51 წლის არამ მარტიროსოვი. ერევნელი პლასტიკური ქირურგი, რომელიც თავისი საქმის უბადლო ოსტატად ითვლებოდა და მას „ერევნელ ასს“ უწოდებდნენ. „კაგებეს“ ოპერმუშაკები მარტიროსოვს 1968 წლის 3 აგვისტოს, ძარცვიდან სამი თვის შემდეგ მიადგნენ და აღმოაჩინეს, რომ ის ერთი კვირის გაუჩინარებული იყო. პლასტიკური ქირურგის ქალიშვილმა, 22 წლის რუზანამ გამომძიებელს უთხრა:
– მამა 26 ივლისს საკუთარი „მოსკვიჩით“ სოჭში გაემგზავრა დასასვენებლად და მერე არც დაურეკავს, არც წერილი და დეპეშა გამოუგზავნია და არც სხვა ფორმით უცნობებია თავისი ადგილსამყოფლის შესახებო.
როდესაც გამომძიებელი დაინტერესდა, თუ თავად რუზანამ რატომ არ მოიკითხა მამა, გოგონამ მიუგო:
– მამა ყოველთვის ასე იქცევა: დასასვენებლად ორი კვირით მიდის ხოლმე და არასოდეს მატყობინებს თავის ადგილსამყოფელს. შემდეგ ჩამოდის და მუშაობას აგრძელებს. ერთ კვირაში გამოჩნდება და ამიტომაც არ მომიკითხავს ან სად უნდა მეძებნაო?
რუზანა მარტიროსოვასგან განსხვავებით, „კაგებემ“ ქირურგი-ასის ინტენსიური ძებნა დაიწყო და მის „მოსკვიჩსა“ და მისსავე გაქურდულ ცხედარს მდინარე რაზდანში მიაგნო. ექსპერტიზის დასკვნით, მარტიროსოვი ტროსით გაუგუდავთ და შემდეგ მანქანა მდინარეში ჩაუგდიათ.
საიდუმლო სეიფი
გამომძიებლებისთვის აშკარა იყო, რომ 51 წლის არამ მარტიროსოვი მოკლეს. თითქმის არც ის იწვევდა ეჭვს, რომ ეს დანაშაული ჩინჩალაძემ და სავიცკიმ ჩაიდინეს კვალის დაფარვის მიზნით. თუმცა, ამის მტკიცებულება არ არსებობდა და ვარაუდი ვარაუდად რჩებოდა. გამტაცებლებსა და 600 კილოგრამ ოქროს კი, ვერსად პოულობდნენ. ამ საქმეში ახალი დეტალები 1968 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. რუზანა მარტიროსოვამ დაბა ეჩმიაძინში არამ მარტიროსოვის აგარაკზე საიდუმლო სეიფი აღმოაჩინა. სეიფში მამამისის დღიური, 50 ათასი მანეთი, ბოლნისიდან გატაცებული ორი ცალი ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდი და იური სავიცკის ახალი სახის ფოტოსურათი აღმოჩნდა. ანზორ ჩინჩალაძის ფოტო კი იქ არ ყოფილა. სამაგიეროდ, დღიურში ეწერა, რომ ორი არალეგალური პლასტიკური ოპერაცია გააკეთა, რაშიც ორი კილოგრამი ოქრო მიიღო გასამრჯელოდ და, რომ ერთი ნაოპერაციევის ფოტოგრაფირება მოახერხა, მეორესი კი – ვერა. მარტიროსოვი გეგმავდა, რომ ნაოპერაციევი პიროვნებისთვის უახლოეს მომავალში გამოეძალა ოქრო...
არსებული სურათის მიხედვით, მაძებრებმა სულ რაღაც ორ კვირაში მიაგნეს სახეშეცვლილ იური სავიცკის, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა. როგორც ექიმები აცხადებდნენ, პაციენტი მათ მილიციამ მიუყვანა მუშტაიდის ბაღიდან, სადაც ის ჩხუბის შემდეგ აიყვანეს. სავიცკი ხაჭაპურის გამყიდველს ეჩხუბებოდა – მწვადი რატომ არ შამიწვიო. სავიცკის არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. ფსიქიატრებმა კი, უცნობ პაციენტს ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების შედეგად რეაქტიული ფსიქოზისა და მეხსიერების დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს. უშიშროებისა და საუკეთესო საბჭოთა ფსიქიატრების მცდელობის მიუხედავად, სავიცკის მეხსიერება ნაწილობრივაც კი ვერ დაუბრუნეს და ის 1979 წელს 46 წლის ასაკში ქალაქ ყაზანში, ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ანზორ ჩინჩალაძესა და ბოლნისიდან გატაცებულ ოქროს კი დღემდე ვერავინ მიაგნო და ამ საქმეში კვლავაც მრავალი კითხვის ნიშანია და ბურუსითაა მოცული.