№27 როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში
არაჯანსაღი კვება, ქიმიური დანამატები, ყავა, მუქი ჩაი, სიგარეტი, არასწორად შერჩეული კბილის პასტა და სხვა ბევრი ფაქტორი კბილების დაზიანებასა და მისი ემალის ფერის მკვეთრ შეცვალს იწვევს. კბილების გათეთრებისთვის, ზოგჯერ, უბრალოდ, საკმარისია მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კბილების სიჯანსაღისა და სიქათქათის აღსადგენად არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებასაც სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე, თავადაც შეძლებთ.
ნახშირი – აიღეთ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი და შეიზილეთ კბილებზე. მართალია, მას არასასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ ხსნის ყვითელ ნადებს და კბილებს ათეთრებს. ამ პროცედურის შემდეგ, კარგად გამოივლეთ პირის ღრუში წყალი, ნახშირის შავი ლაქები რომ მოიცილოთ.
სოდა – სცადეთ კბილების გახეხვა კბილის პასტისა და საკვები სოდის ნაერთით. ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში, კბილები უფრო და უფრო თეთრი გახდება.
მარწყვი შესანიშნავი ბუნებრივი და „გემრიელი“ საშუალებაა კბილების გასათეთრებლად. მარწყვი დაჭყლიტეთ, ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და კბილები 5-10 წუთის განმავლობაში კარგად გაიხეხეთ. ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვაც არ დაგავიწყდეთ, რადგან კბილის პასტა კბილებს მარწყვის წვენისგან და დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს. აღნიშნული პროცედურა, შეგიძლიათ, კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.
ლიმონი – კბილების გათეთრებისთვის გამოიყენეთ ლიმონის ქერქის თეთრი ფენა. წაისვით ის კბილებზე და შემდეგ გამოივლეთ წყალი. ასევე, სასარგებლოა ლიმონის წვენი.
ძმარი – 1 ჭიქა წყალში ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად მოურიეთ. აღნიშნული სითხე, პირის ღრუში კვირაში 2-3-ჯერ გამოივლეთ. ამ პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე ღრძილების დროს, რადგან მარილი მათ კიდევ უფრო გააღიზიანებს.
ალოე – კბილები რომ ქათქათებდეს, კვირაში ორჯერ ისინი ალოეს წვენით ან გელით გაიწმინდეთ.
ზეითუნის ზეთი კარგად აშორებს ყვითელ ლაქებს კბილის ზედაპირზე. გაყვითლებული ადგილები ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ. 3-4 პროცედურის შემდეგ ყვითელი ლაქები უკვალოდ ქრება. გამეორება ყოველთვიურად შეგიძლიათ.
დაფნა და ფორთოხალი – 3 ცალი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ. გადაწურეთ და თბილს შეურიეთ 1 ცალი ფორთოხლის დაქუცმაცებული კანი, რომ სქელი ფაფისებური მასა მიიღოთ. ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და კბილები 5-10 წუთის განმავლობაში კარგად გაიხეხეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ და კბილის პასტის ნაცვლად, ყოველთვის ეს მასა გამოიყენოთ. ფორთოხლის კანში შემავალი C ვიტამინი კბილებს ათეთრებს, დაფნა კი, დეზინფექციას უტარებს პირის ღრუს.
ქოქოსის ზეთი – თუ პირის ღრუში ყოველდღე, 5-10 წუთით ქოქოსის ზეთს ჩაიგუბებთ, კბილები 3-4 კვირის შემდეგ გაცილებით თეთრი გახდება.
სოდა და ლიმონი – ჩაყარეთ მინის ჭურჭელში ერთი სუფრის კოვზი სოდა, დაასხით მას ამდენივე ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მასა ჯერ აქაფდება, შემდეგ კი, ჟელესებური გახდება. ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები. ეს მეთოდი განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც ბევრ ჩაისა და ყავას სვამს და ეწევა სიგარეტს. კბილებზე გაჩენილ მოყვითალო ნადებს სოდისა და ლიმონის ნარევი მარტივად და ძალიან ეფექტურად მოაცილებს.