№27 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26 (913)
– მსუბუქი ინტრიგისთვის. ასეთი მსუბუქი ინტრიგები აფხიზლებს ქმარს და აიძულებს, მეტი სურვილით შეხედოთ ცოლს, უფრო მეტი ქალურობა აღმოაჩინოს მასში, უფრო მეტად გაუჩნდეს მისი დაკარგვის შიში და შენარჩუნების სურვილი.
– შენ, მგონი, ბებიაშენზე უფრო ბრძენი გაიზარდე, – შეაქო ირმამ მეგობარი, – მე ამდენზე არც მიფიქრია. თუმცა, არცაა გასაკვირი, მე სხვა პრინციპებით მზრდიდა ბებიაჩემი: „თვალები დახარე, ხმა არ ამოიღო, უკან დადექი...“ – ირმამ გულდაწყვეტით ამოიოხრა და თვალები ცრემლით აევსო.
– კარგი ახლა, არ იტირო, თორემ გავგიჟდები, – მაცაცომ გულში ჩაიკრა დაქალი, – სამაგიეროდ, შენ ლამაზი, განათლებული გოგო ხარ.
– სათნო გოგო კი არა, ჩვეულებრივი ნაცრისფერი თაგვი ვარ – უჩინარი, არასაინტერესო...
– რა სისულელეს მოიგონებ ხოლმე, – გაბრაზდა მაცაცო.
– მე არ ვიგონებ, ჩემი ქმარი მიწოდებს ასე, – ნაღვლიანად თქვა ირმამ და ცრემლები გადმოსცვივდა.
– თაგვი და ვირთხა თვითონ არის ეგ... ეგ... – მაცაცომ აშკარად თავი შეიკავა უსიამოვნო ეპითეტის თქმისგან.
ირმა მიუხვდა და შეაგულიანა:
– მიდი, დაასრულე. ხომ ვიცი, ერთი სული გაქვს, რამე გადმოაფრქვიო.
– მერე, შენ არ გეწყინება?
– მინდა, რომ მეწყინოს, მე ეს ახლა ძალიან მჭირდება, – ამოიკვნესა ირმამ.
– მაშინ, გეტყვი: უტრაკო მეტრაკეა ეგ შენი ლევანი! – დაიყვირა მაცაცომ.
– ეგ რაღას ნიშნავს?
– ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ მაგის ტიპაჟს ზედგამოჭრილად უხდება, – დაბნეული სახით თქვა მაცაცომ და მეგობარს თანაგრძნობით შეხედა.
უცებ ორივეს ტირილი აუვარდა, მაგრამ ორი წუთის შემდეგ მათი ტირილი ისტერიულ სიცილში გადაიზარდა...
ირმამ გულისტკივილით გაიხსენა ეს დიალოგი და უცებ მიხვდა, რომ ამდენი წელი, თურმე, არ უცხოვრია, როგორც ქალს; რომ ამდენი წელი შესწირა კაცს, რომელიც მისი ფეხის მტვრადაც კი არ ღირდა. ახლა კი აღარ ახსოვდა, სად და როგორ გაიცნო ლევანი, რატომ გაჰყვა ცოლად და რატომ დაირწმუნა თავი, რომ ქმარი სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდა. ამის გაფიქრება იყო და, უცებ მთელი არსებით იგრძნო, რომ ლევანი მისთვის აღარაფერს წარმოადგენდა. კი არ შესძულდა, უბრალოდ, ამ კაცის ნაცვლად დიდი სიცარიელე დაინახა და რაღაც მომენტში ვერც სახე გაიხსენა, ვერც თვალები, ოდესღაც ასე რომ უყვარდა. ირმამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვას ყველაფერი ამოაყოლა: წყენა, ტკივილი, საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება, აღიარების მოლოდინი, თვით სიყვარულიც კი და უცებ ისე შეუმსუბუქდა სულიც და სხეულიც, იფიქრა, ხელები რომ ავიქნიო, გაფრენას შევძლებო. ამის გაფიქრებისთანავე კიდევ ერთი გრძნობა დაეუფლა: რამხელა ბედნიერება ყოფილა სიყვარულის, ტკივილის, მონატრებისა და ყველაფერ დანარჩენის გარეშე ცხოვრება – როცა არავისი გეშინია და არავის წინაშე არ ხარ ანგარიშვალდებული.
ყოველივე ეს რომ გააცნობიერა, ირმამ სიამოვნებისგან ამოიკვნესა, ერთი კარგად გაიზმორა, უცნაური ნიშნისმოგებით გადაიხარხარა და ხელები კმაყოფილებით მოფშვნიტა. ახლა ერთი რამ სჭირდებოდა: კარგად დაფიქრებულიყო თავის მდგომარეობაზე და მომავლის გეგმები დაესახა, ანუ გადაეწყვიტა, როგორ უნდა მოქცეულიყო ხვალიდან. ბევრი იფიქრა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, გარდა ერთისა – საშინლად მოუნდა ისეთივე ტკივილი და დამცირება მიეყენებინა ქმრისთვის, როგორსაც თვითონ განიცდიდა მისგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კი მოუნდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა, როგორ უნდა მოეგვარებინა ეს საქმე ისე, რომ გამარჯვებული თვითონ დარჩენილიყო. ისევ ჩაუღრმავდა ფიქრებს. თავისი ახალგაზრდობის მოგონებები გადაფურცლა – უნდოდა, თუნდაც ფლირტის დონეზე კავალრები გაეხსენებინა, მაგრამ ასეთები იმდენად ცოტანი იყვნენ და იმდენად უმნიშვნელო იყო მათი „გაფარცქვალება“, რომ ირმას მათი სახელების აღდგენაც კი არ უცდია. და მაინც, იმ რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულებიდან, რომლებიც მეხსიერების მიღმა იყო ჩარჩენილი, მხოლოდ ორი გაფერმკრთალებული სახე ამოტივტივდა: თავისი პირველი, მაგრამ ძალზე ხანმოკლე და გაცრუებული სიყვარული იმ თაობის სტუდენტი გოგოების კერპი, მართლაც აპოლონივით ბიჭი, მამიკოს ფულებით გაზულუქებული ნარცისი – უჩა და სერიოზული, დახვეწილი ინტელიგენტი მირიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გახდა ირმას თანამშრომელი და სულაც არ მალავდა თავის სიმპათიებს ირმის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ირმას ქმრის არსებობის შესახებ.
„ნეტავ ახლა რას აკეთებს ან ერთი ან მეორე?“ – გაიფიქრა ირმამ, ხმამაღლა კი თქვა – ესენი რაღამ გამახსენაო. მერე ფიქრებითა და განცდებით დაღლილი, დივანზე წამოწვა და ტელეფონი მოიმარჯვა, რომ დედასთან დაერეკა და მამიდა მოეკითხა, მაგრამ ნომრის აკრეფა ვერ მოასწრო, ისე მოულოდნელად გაისმა ზარის ხმა, რომ მობილური ხელიდან გაუვარდა.
ნომერს რომ დახედა, ეუცხოვა და, ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც – ლევანი ხომ არ მირეკავს ახალი ნომრიდანო. მაგრამ შიშმა მომენტალურად გაუარა, გულში გადაწყვიტა, ერთი გაბედოს და კიდევ მეუზრდელოს, მე ვიცი, რასაც ვუზამო და საკმაოდ უხეშად ჩასძახა ყურმილში:
– გისმენთ! – და მაშინვე მიხვდა, რომ წინათგრძნობამ გაუმართლა – მუქარანარევი ამოქშენით იცნო ქმარი.
– აღარ აპირებ სახლში მობრძანებას? – ირმამ თითქოს მობილურიდან იგრძნო არყის სუნი და დაიძაბა, რადგან ნასვამი და განრისხებული ლევანი აბსოლუტურად არაადეკვატური, დაუნდობელი, რაც მთავარია, არაპროგნოზირებადი ხდებოდა და, არ იყო გამორიცხული, რომ სულ რამდენიმე წუთში თავზე დასდგომოდა და ფიზიკურად ეძია შური. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოენახა გამოსავალი და მომენტალურად გასცლოდა იქაურობას.
– არ გესმის, შე ჩემისა, რასაც გეკითხები? – ჩაისისინა ლევანმა, – როდის მოეთრევი სახლში?
– რაში გჭირდები, ჩემი ლანძღვა-გინება და ცემა მოგენატრა? – გაუბედა ირმამ შეპასუხება და გულზე მოეშვა – ამ წუთებში კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ეს კაცი აღარ უყვარდა, უფრო სწორად, არც არასდროს ჰყვარებია. ამ შეგრძნებამ გაათამამა და გადაწყვიტა, აღარ დაეთმო: აღარ დავბრუნდები შენთან, არც ახლა და არც სხვა დროს.
– რატომ? – ისე გააკვირვა ცოლის თამამმა პასუხმა ლევანი, რომ სიბრაზე გადაავიწყდა.
– იმიტომ, რომ ახლაც ნასვამი ხარ და მერე ისევ წამომაყვედრი, მთვრალი ვიყავი და იმიტომ დაგირეკე, თორემ შენ რა სახლში შემოსაშვები ხარო.
– არ დაგაყვედრი, შენს თავს გეფიცები, – მოგონილი სიმშვიდით უპასუხა ლევანმა, – მოდი, მომენატრე.
ირმამ ყურადღება არ მიაქცია არც დაფიცებას, არც მოკატუნებულ ხმას და ძალიან მტკიცედ გაუმეორა:
– არა-მეთქი!
– რა, გაყრას აპირებ?
– ჰო.
– მერე, ვის სჭირდები? – დაცინვით უთხრა ლევანმა, – კალთები არ დაგახიოს ვინმემ.
– არც მე მჭირდება არავინ. მარტო მინდა ცხოვრება, სიმშვიდესა და სიწყნარეში.
– დაბრუნდი, თორემ, სანამ ცოცხალი ვარ, არ გეღირსება სიმშვიდე და სიწყნარე! – მუქარაზე გადავიდა ლევანი.
– შენ მართლა უპატრონო ხომ არ გგონივარ? პატრულში დავრეკავ, პოლიციაში განცხადებას შევიტან, რომ მემუქრები! ხალხს შეგიყრი და ერთად გაგებინებ პასუხს შენს ყველა მხეცობაზე! – თვითონაც გაუკვირდა, ისე თამამაედ შეუტია ირმამ, – თანაც, მართლა მაინტერესებს, რაში გჭირდები, ხომ არ გიყვარვარ? არც შვილი გვყავს და, ალბათ, არც არასდროს გვეყოლება, თანაც, მეც აღარ მიყვარხარ და რა აზრი აქვს ერთმანეთის წამებას?
– აბა, ვინ გიყვარს? – ვითომ იეჭვიანა ლევანმა და ეს ისე ხელოვნურად და საძაგლად გამოუვიდა, რომ ირმას ნერვები აეშალა და გაღიზიანებულმა ჯინაზე უპასუხა:
– ჯერჯერობით არავინ, მაგრამ გამოჩნდება ვინმე!
– ჰო, ორი ერთად გამოჩნდება და ყელზე არ დაგადგეს, – დასცინა ქმარმა, – ერთი დაკუნთული ამბალი იქნება, მეორე – პენსნეიანი არისტოკრატი და ერთობლივი ძალებით დააკმაყოფილებენ შენს ხორციელ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს.
– არც ეგ არის გამორიცხული! – ისევ ჯიბრით უპასუხა ირმამ, მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, შენზე უეთესი ქმარი მაინც იქნება, თანაც, ყველანაირი გაგებით. შესაბამისად, წაგებული მაინც არ დავრჩები!
ლევანს შეურაცხყოფისგან საფეთქლები აეწვა. ცოლი ახლოს რომ ჰყოლოდა, არ აპატიებდა ამ სიტყვებს და, ალბათ, ცემაში ამოხდიდა სულს, მაგრამ ახლა ვერაფერს გახდებოდა და ამიტომ მისი დასჯა მომავლისთვის გადადო:
– ასე, ხომ? კარგი... მალე გნახავ ცრემლების ღვრით მოცუნცულებულს და მერე გაგცემ პასუხს, შე ნაბოზარო! – და ტელეფონი გაუთიშა.
ირმა კმაყოფილი იყო საკუთარი თავის, რომ აღარ შეეშინდა ქმრის და თუნდაც სიტყვიერად მოიგერია, მაგრამ, მაინც ისე აეშალა ნერვები, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
ლევანის საქციელმა დააფიქრა. სხვა დროს ათი დღის ან ორი კვირის შემდეგ დაურეკავდა ხოლმე ლევანი და მშვიდად სთხოვდა დაბრუნებას, ახლა კი ორი დღეც ვერ გაძლო, თანაც, ეჩხუბა და აგინა...
– ხომ არის ასეთი კაცი ღირსი, მართლა გავიჩინო საყვარლები? – თქვა ირმამ ხმამაღლა და ამის გაფიქრებაზეც კი გაეცინა, – ისე, როგორი კაცი მომეწონებოდა ჩემს ასაკში?
– შენი არ ვიცი და, მე, მაგალითად, ხშირად მეცვლება გემოვნება, – მოესმა ირმას კარიდან, მიიხედა და გორგოლაჭებიანი ჩემოდნის უკან მდგარი გაღიმებული იაკო დაინახა.
– უი! როგორ შემოიპარე, გოგო, კარის გაჩხაკუნების ხმაც კი არ გამიგია! – შეჰყვირა დის დანახვით გახარებულმა ირმამ, – ლამის გავგიჟდი მარტო, კიდევ კარგი, უფრო ადრე ჩამოხვედი!
– ჰო, აღარ დავრჩი დილამდე, ვიღაც ტიპს გამოვყევი, მანქანით მოდიოდა თბილისში და მომენტი არ გავუშვი ხელიდან. ხვალ თანამშრომლებთან ერთად უნდა წამოვსულიყავი და ხომ იცი, ვერ ვიტან კოლექტიურ მსვლელობებს.
– ძალიანაც კარგი. დღეს ისე მჭირდები, როგორც არასდროს. უმნიშვნელოვანესი საკითხები მაქვს მოსაგვარებელი და შენ უნდა მიშველო, – ირმა თან ამას ეუბნებოდა დას, რომლის გადაკოცნაც კი დაავიწყდა, ისე იყო ლაპარაკში გართული, თან სუფრას უწყობდა, – ხომ გშია? მეც მომშივდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ვისაუზმე თუ ვისადილე. ახლა კარგად ჩავიკოკლოზინოთ პირი და მერე დავილაპარაკოთ სერიოზულად. ხელები დაიბანე და მოდი, თორემ, ვეღარ ვითმენ.
იაკო პატარა ბავშვივით დაემორჩილა, მერე მაგიდას მიუჯდა და ლამის მთლიანად გააჩანაგა ირმას ნაყიდი სანოვაგე. მერე ხილის ჩაი დააყოლა და, უკვე დანაყრებულმა და კმაყოფილმა, წარბის აწევით ჰკითხა დას:
– რაო, რას ამბობდი? გაინტერესებს, შენი ასაკის ქალებს როგორი კაცები მოსწონთ?
– ჰო, პრინციპში, მაინტერესებს, – დაეთანხმა ირმა.
– პრინციპში, – სიცილით გაიმეორა იაკომ, – ერთი სიტყვით შემიძლია, აგიხსნა, როგორიც.
– მაინც?
– ნორმალური.
– ეგ ძალიან ზოგადია, – არ დააკმაყოფილა ირმა ამ ძალიან ჩვეულებრივმა სიტყვამ.
– ნორმალური, ესე იგი, ყველაფერი კარგი პატარ-პატარა დოზებით რომ არის ერთად შეზავებული, – დაუზუსტა იაკომ.
– რატომ პატარ-პატარა, დიდი დოზებით არ ჯობია? – გაეღიმა ირმას.
– დიდი დოზების შემთხვევაში თეორიულად მივიღებთ იდეალურ მამაკაცს, ეს კი გამორიცხულია.
– რატომ თეორიულად და, მით უმეტეს, რატომ არის გამორიცხული? სერიოზულად ჰკითხა ირმამ და სიგარეტს მოუკიდა.
– ერთიც და მეორეც იმიტომ, რომ იდეალური მამაკაცი ბუნებაში არ არსებობს, – ავტორიტეტულად გამოაცხადა იაკომ და წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა, – ენდე ჩემს გამოცდილებას.
– რა დიდი გამოცდილება შენ გაქვს, ერთხელაც არ გათხოვილხარ, – გაეხუმრა ირმა.
– ამიტომაც არ გავთხოვილვარ, რომ იდეალურ მამაკაცს ვეძებდი, – იაკო რამდენიმე წამს დაფიქრდა და ნათქვამი გამოასწორა: – ცოტათი იდეალურს მაინც, მაგრამ, იდეალური კი არა, საშუალოდ ნორმალურიც კი ვერ ვიპოვე, თუმცა იმედს კიდევ ვიტოვებ, რომ სადღაც მაინც არსებობენ ასეთები, უბრალოდ, მე ვერ შევხვდი ვერცერთს.
– ამიტომ, თუ კაცი მოგეწონება, უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, არ უნდა შეეცადო მის გადაკეთებას, – ბრძნულად დაასკვნა ირმამ.
– შენ მიიღე შენი ვირი ქმარი ისეთი, როგორიც არის? – უცებ გაბრაზდა იაკო.
– მარტო ვირი რომ იყოს, რა მიჭირდა. ჩემი ქმარი, რომელიც სხვათა შორის, მალე ყოფილი ქმარი გახდება და ეს უკვე გადაწყვეტილია, არის, ასევე, პათოლოგი, დესპოტი და საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი... – ირმას ცრემლით აევსო თვალები და გაჩუმდა, რომ არ აბღავლებულიყო.
– იცი, რა მაინტერესებს? – იაკომ ირმა სკამზე დასვა და წინ დაუჯდა, – მაინტერესებს, არა, მიკვირს, – გამოასწორა და განაგრძო: – საერთოდ, რამ მოგაწონა ეს არარაობა, რამ შეგაყვარა და, მით უმეტეს, ცოლად როგორ გაჰყევი. დავიჯერო, თავიდან ანგელოზი იყო და მერე გახდა ასეთი? თუ გეგონა, რომ გამოასწორებდი? არ იცი, რომ ადამიანის გამოსწორება კი დროებითი, ხანმოკლე რემისიაა, ჩვენ მიერვე შექმნილი ილუზია თუ მირაჟია, რომელიც უფრო მალე ქრება, ვიდრე ჩნდება. ამიტომ, არ ღირს ვინმეს, მით უფრო, ნაძირალა კაცის გამოსასწორებლად წვალება.
– ჰო, სამწუხაროდ, მართალი ხარ, – დაეთანხმა ირმა, – რაც შეეხება ლევანის გაცნობას და ჩემს გრძნობებს მის მიმართ, ამის ახსნას, ალბათ, ვერც შევძლებ. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების სიმრავლით ვერ დავიტრაბახებ, სხვადასხვა დროს მეც მქონდა ჩემი, ასე ვთქვათ, ინტერესები თუ მოწონებები.
– მაგალითად?
– მაგალითად, მქონდა ასაკი, შენ წარმოიდგინე, სკოლის პერიოდში, როცა სერიოზული და ინტელიგენტური ბიჭები მომწონდა, ოღონდ, ვაჟკაცობის ელემენტებით. მერე მათი ადგილი (რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემს ოცნებებსა და წარმოდგენებში) მხიარულმა და ენაწყლიანმა ბიჭებმა დაიკავეს – ხელში გიტარით, პატროიოტული ლექსებითა და სიმღერებით და ამჯერად, ჯენტლმენობის ელემენტებით; მერე, სტუდენტობის პერიოდში „ბოჰემა“ ტიპებზე ჩავიციკლე, ოღონდ, ჩემზე გაცილებით უფროსებზე; შემდეგ ისეთები მიჩუყებდნენ გულს, ქალის თემა თითქმის მობეზრებული რომ ჰქონდათ და ამას ქალების ღალატით გულგატეხილი კაცის ნაღვლიანი ღიმილით ან სიყვარულზე და ლამაზ ქალებზე ცინიკური, არცთუ დახვეწილი ფრაზებით გამოხატავდნენ. ასეთებით ძალიან დიდხანს ვიყავი გატაცებული, თითქმის სტუდენტობის ბოლომდე. მხოლოდ მერე, ძალიან გვიან მივხვდი, რომ ეს ტიპები ამ ყველაფერს თამაშობდნენ: სევდასაც, რომანტიკულობასაც, წყობილების მსხვერპლობასაც, ქალაქელობასაც და სხვა დანარჩენსაც. ყველაფერი ეს ხელოვნური იყო, მხოლოდ მათი ცინიზმი იყო ნატურალური, რადგან ის ნატურალურ ბოღმასა და ნიჭიერი ადამიანების მიმართ აღძრულ შურზე იყო დამყნილი და აღმოცენებული. ეს ბოღმა კი მათი წარუმატებლობის ნაყოფი იყო – ყველაფერში წარუმატებლობის, მათ შორის, ქალებთან ურთიერთობაშიც. ზოგადად, ოდნავ მოაზროვნე ქალები ასეთი ტიპებით ძალიან ცოტა ხნით იხიბლებიან, ანუ მანამდე, სანამ მათ შორიდან ხედავენ ფსევდორომანტიკულობის, ნაბახუსევზე ჩახრინწული ხმით ნამღერი რომელიმე რომანსის ან ძალით გამოწურული რამდენიმე წვეთი ცრემლისა და სამ ღილზე შეხსნილი არცთუ ქათქათა საყელოს ფონზე, მაგრამ მერე, როცა ამ ყველაფერს ვარდისფერი ღრუბლები შემოეცლება... – ირმამ წინადადება ვეღარ დაასრულა და ტირილი დაიწყო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში