№27 როგორ დააღწია თავი 21 წლის ძებნილმა სტალინმა კაზაკთა პატრულს მეტეხის ხიდზე
მიუხედავად იმისა, რომ სტალინის მოწინააღმდეგეები მას ათას ცოდვასა და ისეთ თვისებებს მიაწერდნენ, რომელიც მას არ ახასიათებდა, არავის არასდროს უთქვამს სტალინზე, ლაჩარი იყოო. საბჭოთა ბელადის დაუძინებელი მტერი ლევ ტროცკიც კი განსაკუთრებული ხაზგასმით წერდა: „სტალინს არც პატიმრობა აშინებდა, არც სხვა ხიფათი და სიკვდილისთვისაც არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში. „პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენში“ (ტროცკი არალეგალ ბოლშევიკებს გულისხმობს) სტალინი ნებისყოფითა და უშიშრობით გამოირჩეოდა და ამ თვისებებით მრავალ კოლეგზე მაღლა იდგა...“ თვით ცილისმწამებელი ტროცკიც კი ვერსად გაექცა სტალინის ამ ღირსებას და იძულებული გახდა ეღიარებინა ის. ცნობილი რევოლუციონერი, ბოლშევიკური მოძრაობის უხუცესი წევრი ფილიპე მახარაძე 1934 წლის 21 დეკემბერს თბილისის ოპერის შენობაში სტალინის დაბადების 55 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე ერთ ისტორიას იხსენებდა, რომელიც სტალინის უშიშრობას წარმოაჩენდა: „1901 წლის 30 ოქტომბერი იყო. მე, ნიკო კეცხოველი და მოუხელთებელი კობა (მაშინ სტალინს ჯერ კიდევ კობა ერქვა და ძებნაში იმყოფებოდა. მას „ოხრანკა“ და ჟანდარმერია ინტენსიურად ეძებდა) ღვინის აღმართიდან მეიდანში ვეშვებოდით. იქ სერგო (სერგო ორჯონიკიძე) გველოდებოდა, რომელიც ბერლინიდან არალეგალურად იყო ჩამოსული. მისთვის 50 ათასი მანეთი უნდა გადაგვეცა, რომელიც კობას წყალობით, ბაქოში ვიშოვეთ და სწორედ ამ საქმისთვის ეძებდნენ კობას. ეს თანხა სერგოს არალეგალურად უნდა ჩაეტანა ჯერ ბერლინში და ფრანკებზე გადაეცვალა, შემდეგ კი, ჟენევაში გადაეცა ილიჩისთვის (ლენინი), რომელიც მოუთმენლად ელოდა მას. მე და ლადომ კობას ვეხვეწეთ – სახლში დარჩენილიყო და თანხას სერგოს ჩვენ მივუტანდით, მაგრამ უარი გვტკიცა: სერგო მომენატრა და უნდა ვნახო, თან ილიჩთან პირადი მოკითხვა დავაბაროო. ერთი სიტყვით, სპეციალურად შეკერილი ტყავის საფულე წელზე შემოირტყა, რომელიც ფულით იყო სავსე. ზემოდან კი სვიტრი და პიჯაკი გადაიცვა. „მაუზერი“ წელში გაირჭო და გვითხრა: მე წინ წავალ და ათიოდე ნაბიჯში გამომყევით, ვითომ ერთად არ ვართ. პატრული თუ გადაგვეყარა, მარტო უფრო ადვილად გამოვძვრებიო. ჰოდა, მეტეხის ხიდს შეუდგა კობა. ციოდა, თან ნისლიც ჩამოწოლილიყო. ჩვენდა საუბედუროდ, ცხენოსანმა კაზაკებმა გაგვასწრეს და ხიდის ბოლოში დადგნენ, ნაწილმა კი – თავში დაიკავა ადგილი და მეტეხის ხიდი ასე ჩაკეტეს. ისინი კანტი-კუნტ გამვლელებს აჩერებდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. ლადომ ძალიან ხმადაბლა მითხრა: კობა ჩავარდა, აუცილებლად ჩაავლებენ. ნეტავი, რევოლვერები წამოგვეღო, ხომ დავეხმარებოდითო. მე სიმწრისგან ენა მუცელში ჩემივარდა, თან კობას არ ვაშორებდი თვალს. ის კი მშვიდად მიაბიჯებდა და კაზაკების პოსტს რომ მიუახლოვდა, მათ ყალბი საბუთი წარუდგინა ნიჟარაძის გვარზე. პატრულმა საბუთი გასინჯა, უკან დაუბრუნა და უკვე გაშვებას აპირებდა, რომ ამ დროს მათ ოფიცერი მიუახლოვდა. კობას შეხედა და ხელქვეითს უბრძანა: გაჩხრიკეო. ამასობაში მე და ლადოც მივადექით პოსტს. კაზაკმა კობას გაჩხრეკა დაუპირა. უცებ კობამ „მაუზერი“ წელიდან ამოაცურა და კაზაკს ტარი ყბაში სთხლიშა. პატრული მიწაზე დავარდა. კობა შეტრიალდა, ხიდის შუისკენ იარაღმომარჯვებული გაიქცა, უცბად მოაჯირზე შეხტა და ნისლმოდებულ მტკვარში გადახტა. ვინტოვკამომარჯვებულმა ჯარისკაცებმა მდინარის მიმართულებით ატეხეს სროლა. კობა არ ჩანდა და მე და ლადო ძალიან განვიცდიდით, რადგან გვეგონა, რომ დაიხრჩო. ცხენოსანი კაზაკები მტკვრის ორივე ნაპირს გაუყვნენ გაქცეულის ძებნაში და იძახდნენ, მის ცხედარს ორთაჭალაში დავიჭერთო. ჩვენთვის, აბა, ვის ეცალა და ისე წამოვედით, რომ საბუთები არავის შეუმოწმებია. დაღონებულები მივედით სერგოსთან და არც კი ვიცოდით, როგორ გვეთქვა მისთვის კობას დაღუპვის ამბავი. შევედით კონსპირაციულ ბინაში და ჩვენი სოსო იქ არ დაგვხვდა?! ღუმელთან იჯდა, დასველებულ ფულის კუპიურებს გულმოდგინედ ალაგებდა და სერგოს ილიჩზე ელაპარაკებოდა. რომ დაგვინახა, გაგვიღიმა და გვითხრა:
– ამ კაზაკების დედა კი ვატირე, მტკვარში რომ გადამახტუნეს და კინაღან ფული გამაფუჭებინესო.
– ეჰ, კობა, კობა, შენისთანა ჯიუტი გორელი ამქვეყნად მეორე არ მოიძებნებაო, – ხელი ჩაიქნია ლადო კეცხოველმა. შემდეგ კობას გადაეხვია და ხელი ზურგზე მოუთათუნა.
ასეთი მამაცი, უშიშარი და დაუდეგარი იყო ოცდაერთი წლის სტალინი, როდესაც ის ჯერ კიდევ კობად იწოდებოდა და მთელი პოლიცია მასზე ნადირობდა...“
მსგავსი ჰეროიკული ეპიზოდები სტალინის ცხოვრებაში მომავალშიც არაერთხელ ყოფილა და ყოველთვის განცვიფრებაში მოჰყავდა ადამიანები. ასე იყო 1941 წლის ოქტომბრის მიწურულსაც, როდესაც პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, კუიბიშევში საევაკუაციოდ გამზადებული სტალინი მოსკოვში დარჩა. სტალინის დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „1941 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვთან უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფაშისტები მოსკოვის მისადგომებს მიუახლოვდნენ და ქალაქის ჩაბარების საშიშროების წინაშე დავდექით. ამიტომ, პოლიტბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სტალინსა და მთავრობას დედაქალაქი უნდა დაეტოვებინათ და კუიბიშევში გადასულიყვნენ. ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით განხორციელდა – მთავრობის დიდი ნაწილი გაემგზავრა და ნაწილიც გასამგზავრებლად ემზადებოდა. სტალინი ჯერ არ ჩქარობდა. ის კრემლში რჩებოდა. კუნცევოს აგარაკი კი დავნაღმეთ, რომ თუკი ამისი საჭიროება დადგებოდა, აგვეფეთქებინა. ჩვენი სამსახური სტალინის საევაკუაციოდ ყოველმხრივ მზად იყო, მაგრამ ის არაფერს ამბობდა და ჩვეულ რიტმში განაგრძობდა მუშაობას. 30 ოქტომბერს, დილის 8 საათზე სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
– პოლიტბიუროს დადგენილების მიუხედავად, მოსკოვში ვრჩები და აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. დროა, პანიკური მდომარეობიდან გამოვიდეთ და დედაქალაქი დავიცვათ. კუნცევო კი განნაღმეთო.
ერთი კვირის შემდეგ, სტალინმა უკვე ტრადიციული სამხედრო აღლუმი ჩაატარა წითელ მოედანზე. მოსკოველები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ამ მძიმე დღეებში ისინი, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში სტალინს, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე ხედავდნენ. ბელადი თვითონ ამოწმებდა თავდაცვით ნაგებობებს და საბჭოთა მოქალაქეებს ამხნევებდა. სულ მალე მოსკოვში მთელი მთავრობა დაბრუნდა და ეს ყველაფერი სტალინის სიმამაცისა და უშიშრობის შედეგი იყო...“