№27 რას ქადაგებენ სასულიერო პირები გაუაზრებლად და რატომ არ შეიძლება ღმერთისთვის დაჟინებით საკუთარი სურვილების თხოვნა
თანამედროვე ადამიანები ყოფით საკითხებში იმდენად ვართ ჩართულები, რომ ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვეღარ ვამჩნევთ. ხშირად სხვებს განვიკითხავთ და გვგონია, რომ ის, რაც სხვასთან ხდება, სხვას ემართება, ჩვენ არასდროს შეგვეხება. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– თანამედროვე ადამიანი, გაღვიძებისთანავე, ან ტელეფონს რთავს, ან ტელევიზორს, რომ გაიგოს ახალი ამბები. მაცხოვრის დროსაც იყო მსგავსი რამ – ადამიანები მაცხოვარსაც ატყობინებდნენ ახალ ამბებს. უბრალოდ, დღეს აქცენტი არასასიამოვნო ამბებზე ხდება. ამ ყველაფერში ის არის ცუდი, რომ ხარ სახლში წამოკოტრიალებული, გგონია, რომ ეს ყველაფერი შენ არ დაგემართება: შენი სახლი არ დაიწვება, შენს შვილს არაფერი მოუვა, შენთან ყველაფერი კარგად იქნება. ისე გამორთავ მობილურს, ტელევიზორს, რომ იტყვი: ეს ყველაფერი სხვაგან მოხდა, არ არის პრობლემა. გონიერი ადამიანი როცა შეიტყობს, რომ სადღაც ხანძარი მოხდა, ირგვლივ მიმოიხედავს და იტყვის: მადლობა ღმერთს, რომ ჩემს სახლში არაფერი ხდება – რომ ხედავს ის, რაც სხვაგან ხდება, მის სახლში არ ხდება, მადლობას გადაუხდის ღმერთს. მაშინ კი არ გახდება ეკლესიური, როცა ცუდადაა ან მის მეუღლეს დაიჭერენ, არამედ მანამდე იქნება მადლობელი ღმერთის. ახალ ამბებს რომ უყურებთ, მიხვდით, რომ ისინი, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, რაიმე განსაცდელი, თქვენზე ცოდვილები არ არიან. სამწუხაროდ, გარკვეულმა სასულიერო პირებმა გაუაზრებლად, ნიშნის მოგებით იციან ქადაგება: იაპონიაში იმიტომ მოხდა მიწისძვრა, სადღაც – ხანძარი, რომ ისინი ცოდვილები, საზიზღრები არიან. რომლები ხართ უცოდველები, რომელი ხართ წმიდა? ან ის მღვდელი, რომელიც ქადაგებს, ეს ყველაფერი ცოდვის გამო მოხდაო, თავად უცოდველია? გახსოვდეთ: თუ არ მოინანიებ, შენც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდები.
– როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– მაცხოვარი ამბობს: მოუხმეთ ჩემს სახელს და თქვენ გადარჩებით. საქმე წმიდა მოციქულთაში წერია: ცისქვეშეთში უფრო აღმატებული სახელი არ არსებობს, როგორიც არის იესო ქრისტე. ვინც მის სახელს მოუხმობს, ცხონდება. იესო ქრისტე რომ ამბობს: უფალო, უფალო, რასაც მე გეუბნებით, რატომ არ აკეთებთ. როცა თქვენ ეუბნებით: უფალო, იესო ქრისტე, მიშველე, ვიღუპები, გადამარჩინე – მაშინვე ქრისტე გავლებს ხელს. შენ დაამთავრებ, მერე სხვას ეხმარება. ასე ამოჰყავს ადამიანები ჯოჯოხეთიდან. ერთი რუსი მოძღვარი ამბობს: ჯოჯოხეთი არ არსებობს, თქვენ უკვე ჯოჯოხეთში ხართ. ჩაიხედეთ სარკეში, რას ჰგავხართ, როგორი სახეებით იყურებით. დააკვირდით თქვენს ურთიერთობას ცოლთან, შვილებთან, სამსახურში – როგორ იქცევით, როგორ გამოიყურებით, როგორ საუბრობთ, როგორ ჩხუბობთ, უკვე ჯოჯოხეთში ხართო. აქვე, დედამიწაზე იწყება სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. ბევრი ქართველი ეტყვის უფალს: ღმერთო, საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მაცხოვრის კვართი ხომ ჩვენთან არის, ამდენი წმიდანი გვყავდა, როგორ მეტყვით: განვედით ჩემგან, ქართველებოო. ამხელა წყალობა გვაქვს, მაგრამ მაინც ურჯულოები ვართ. ურჯულოება ის არის, როდესაც შენ გგონია, კარგი ადამიანი ხარ და ამ დროს ფარისეველი და მწიგნობარი ხარ. ღმერთი გეტყვით: არ მინდა თქვენი დაძახება. რადგან ყველა პროტესტანტი ამბობს: უფალი, ღმერთი ჩემი. თუ შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი, მხოლოდ შენ უწოდებ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ უფალს, რადგან შენ გიპყრია მისი სარწმუნოება და უნდა იცავდე მას. შენ ბევრი მოგეცა და ბევრი მოგეკითხება. შენ თუ ამას არ იცავ და იქადნი: ამდენი სასწაული იყო, ამდენი რამ ხდებოდა, იესო ქრისტე გეტყვის: მე არ გიცნობ შენ. რაც იუდეველებს დაემართათ, იგივე დაემართება ბევრ მართლმადიდებელ ქართველს. მე ამოვიწერე ის შეგონებები, მოწოდება, რომელიც იესო ქრისტეს მიერ არის ნათქვამი: 1. მოვედით ჩემდა, ყოველო მაშვრალო და ტვირთმძიმეო და მე განგისვენებთ თქვენ. ბიძინასთან, მიშასთან, მამა გიორგისთან, პატრიარქთან კი არ უნდა მიხვიდეთ, არამედ ჩემთანო. მიდით იესო ქრისტესთან, თქვენ და თქვენმა ნათლიებმა დადეთ პირობა, რომ შეუდგებოდით ღმერთს, ამიტომ უნდა შეუდგეთ. ამ პირობას რამდენი ადამიანი არღვევს. უფალი გეუბნება: კვირა დღე ჩემიაო და შენ ამ კვირა დღეს ხან ცუდად ხარ, ხან არ გცალია, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ მოხვიდე. მერე რომ გაგიჭირდება, მორბიხარ. ამიტომ კარგად ხარ თუ ცუდად, იესო ქრისტე გელოდება ხელგაშლილი. სიკვდილი უნდა გერჩივნოს იგივე ცოდვის ჩადენას. 2. მაცხოვარი ამბობს: ირწმუნეთ სახარება. დღეს ჩვენ გვწამს გარკვეული წმიდანების, სასწაულების, მღვდლების, მაგრამ სახარების არ გვწამს, რადგან არ ვკითხულობთ. ნებისმიერ ინტელექტულურ ქართველს ჰკითხეთ, როგორ იწყება მათეს სახარება. ქვეყნის გადარჩენა რომ გინდა, ყველას განიკითხავ, მოდი „მამაო ჩვენო“ ვთქვათ ერთად. შანსი არ არის, თქვას, ბორძიკს დაიწყებს. „მამაო ჩვენოს“ ვერ ამბობს ადამიანი და ის განათლებულია. დღეს სულიერებაში ძალიან დაბალი დონეა ყველგან. ადამიანებს კლავენ არაპროფესიონალი მღვდლები და ექიმები. ყველა ახლა სწავლობს და თავზე გვენგრევა ყველაფერი. აუცილებლად გამონახეთ თქვენს მოძღვრებთან საუბრის დრო: რატომ არ ვიზრდები სულიერად, რატომ ვარ ბოღმა, შურიანი, რატომ არ ვკითხულობ სახარებას ან რატომ ვერ ვიგებ. სახარებაში წერია: შენი სულის სანათი არის შენი თვალიო. როგორი თვალიც გაქვს, იგივე იქნება გონება. სულის თვალი არის გონება, როგორი ბოროტიც ხარ, ასეთია შენი სულიც. სხვას კი არ ამოწმებთ, საკუთარი თავი შეამოწმეთ. სხვებზე ყველაფერი იცით და საკუთარ თავზე შეიტყვეთ, როგორი ხართ. 3. ერთი-ერთი მოთხოვნა: საკუთარი თავის უარყოფაა.
– მამაო, ადამიანს, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი თავის უარყოფა უჭირს?
– ბევრი ამბობს: ხომ უარვყავი საკუთარი თავი, ხომ მოვედი ეკლესიაში. ეს არ არის მართალი, არავინ უარყობს საკუთარ თავს, რადგან ის ძალიან გვიყვარს, სხვაზე უკეთესი გვგონია. ადამიანი, რომელიც არ განიკითხავს სხვას, მან უკვე უარყო საკუთარი თავი, რადგან დაინახა, როგორი ნაძირალაა. რომ მიხვდები, როგორი სნეული ხარ, აღარ გექნება არანაირი სურვილი სხვა ადამიანის სნეულებაზე ისაუბრო. მაცხოვარი გეუბნება: დაანებე თავი სხვის ოჯახში ცხვირის ჩაყოფას, სხვის ცოლზე, ქმარზე საუბარს, შენს თავს, შენს ცოდვებს მიხედეო. 4. ისწავლეთ ჩემგანო. რა უნდა ისწავლო ქრისტესგან, სიმშვიდე, სიკეთე, თავმდაბლობა, სიყვარული. თუ არ იცნობ იესო ქრისტეს, მისგან როგორ უნდა ისწავლო? ადამიანები ამბობენ: დღეს სხვა დროა, ვერავის მიუშვერ მეორე ლოყას, რადგან გადაგივლიან. შენ რომ გაარტყამ, მერე აღარ გადაგივლიან? უფრო მეტად გადაგივლიან, რადგან როდესაც ბოროტებას ბოროტებით პასუხობ, ბოროტება ამით იკვებება და უფრო მეტად გადაგივლიან. როცა იესო ქრისტე დაინახავდა, რომ გადრაუვალი იყო ჩხუბი, გაერიდებოდა ხოლმე იქაურობას. როცა ხედავ, რომ შენი ცოლი განრისხებულია, ჩხუბობს, განერიდე, დაანებე თავი. შენი მეუღლე, რომ მოვა ნასვამი, ნუ ეჩხუბები, რომ გამოფიხიზლდება მერე ჩაუტარე ლექცია სიფხიზლეზე, სიყვარულზე. 5. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ნუ ეძებთ სხვა ეკლესიას, სხვა ლიდერს, რადგან იესო ქრისტე არის სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება. დღეს ქადაგებენ, რომ ერთი ეკლესია იქნება. სხვა ეკლესია, სხვა ქრისტე, სხვა რელიგია არ არსებობს. თუ ცხონება არის სხვა ეკლესიაში, რელიგიაში, მაშინ აზრი ეკარგება იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლას. სხვაგან ცხონება არ არსებობს, მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. მაცხოვარი ამბობს: თუ ჩემს მცნებებს იცავთ, მთხოვეთ, რაც გინდათ და მე შეგისრულებთ. თუ თქვენ იცით დაპირების შესრულება, კაცთმოყვარე ღმერთი შეგისრულებთ თქვენს სურვილებს. მანქანის ყიდვა გინდათ, ღმერთი არ გაძლევს ამის საშუალებას. თუ დაჟინებით მოითხოვ, მოგცემს ღმერთი, მაგრამ შეიძლება, ის მანქანა ერთ თვეში დაგემტვრეს. მერე მიხვდები, რომ არ უნდა ღმერთს, რომ რამე ცუდი შეგემთხვეს. როცა მოძღვარი რჩევას გაძლევს, თავი შეიკავო, ეს არის ჯერ საჭირო, ესე იგი, ღმერთს არ უნდა და თავი უნდა შეიკავო. 6. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსმა იცის თავისი ფარა, ვინც ჩემამდე იყო, ყველა იყო ქურდი და მპარავი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ეკლესიაში ხართ, ამ ეკლესიის თავი იესო ქრისტეა. მღვდლები მისი დაგეშილი ნაგაზები ვართ და უნდა მოვუაროთ ფარას, რომ ერთი ადამიანიც არ დაიკარგოს. მაგრამ შენ თუ არ უჯერებ მოძღვარს, შენს ჭკუაზე დადიხარ, ამიტომაც არის ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში. უფალია ჩვენი პატრონი, უბრალოდ, ამ ეტაპზე კარგ ხელისუფალს არ ვიმსახურებთ, რადგან მხოლოდ „უფალო, შეგვიწყალეს“ ვამბობთ და მის მცნებებს არ ვიცავთ.