კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გადაარჩინა ვისოცკიმ ბუხუტი ზაქარიაძე ავიაკატასტროფას

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

„უზრდელია ეგ ოზეროვი, არ გამაგონოთ მეორედ მაგის სახელი! – რატომ, ბატონო ბუხუტი? – ჰკითხეს კოლეგებმა. რატომ და... როცა გადაღებაზე ვარ, სტალინის ფორმა მაცვია და ხალხში თავს ვიწონებ, ამ დროს ხან ბუხუტის მეძახის და ხან ხუიბუტის“, –  ამბობდა ფილმის გადაღების დროს რეჟისორზე ბუხუტი ზაქარიაძე, რომელიც მაყურებლისთვის განსაკუთრებით ირაკლი კვირიკაძის ფილმ „ქვევრში“ განსახიერებული გოგიას როლით არის ცნობილი.
მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი იხსენებდა: „ფეხბურთელ მიხეილ მესხთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს თავის სახლში, დიღომში, მიგვიწვია მე, ბუხუტი ზაქარიაძე და კიდევ რამდენიმე მსახიობი. იმ პერიოდში ბუხუტის სტალინის როლში იღებდნენ. შუა ქეიფში რომ ვართ, ბუხუტის ავუტყდი: ულვაშები გაიკეთეთ, ბატონო ბუხუტი-მეთქი.
– რატომ, რატომ? – დაინტერესდა მსახიობი.
– გვინდა, სტალინთან ერთად ვიქეიფოთ.
რეკვიზიტს მანქანით ატარებდა, ჩაიცვა, მოირგო ულვაშები და დაჯდა „სტალინი“ ჩვენს მაგიდასთან. მეტი ეშხით გაგრძელდა პურისჭამა. მიშას იმ ვერანდის პირდაპირ კამკამა წყლით სავსე საცურაო აუზი ჰქონდა. მოგეხსენებათ შეზარხოშებული ქართველის ხასიათი. უცბად გაიძრო მიშამ ტანსაცმელი და გადაეშვა აუზში და მოხდენილად გაცურა. საშინელი სიცხეა. გავიხადე მეც და ჩავხტი წყალში. ბუხუტიმ იფიქრა – ვისზე ნაკლები ვარო (სულ დაავიწყდა „სტალინი“ რომ იყო), დინჯად გაიხადა „ინვენტარი“ და დარჩა ფართხუნა ტრუსიკის ამარა. „ბილა-ნე ბილაო“, დაიძახა და ჰოოპ! – მოადინა ტყაპანი აუზში. რომ ამოყვინთა, ფართხუნა ნიფხავი წყალმა ისე „მოსტაცა“, მას არც გაუგია და აუზის ნაპირზე მთლად დედიშობილა ამოვიდა. ვერ ხვდება, რომ უტრუსიკოდაა, დგას და წყალს იწურავს სახიდან. ატყდა ხარხარი და როგორი. მიშას დედას ვუხმეთ: თამარა დეიდა! თამარა დეიდა! ამოდი ჩქარა, ტიტველი ბელადი გვესტუმრა და უნდა გაჩვენოთო.
ბუხუტი ახლაღა მიხვდა ყველაფერს, ერთი გემრიელად „დაგვლოცა“, თავით ისკუპა წყალში და ავბედით ფოხანს ათი წუთი ეძებდა ფსკერზე “.
***
რუსთაველის თეატრში, ანტრაქტზე, ფოიეში მაყურებლები აღფრთოვანებით საუბრობენ მსახიობზე… ოლეკო დუნჩინის როლის შემსრულებელს, რუსთაველის თეატრის ახალ მსახიობს, ბუხუტი ზაქარიაძეს ბევრი კარგი აქტიორული თვისება აღმოაჩნდა… მაყურებლისგან აღიარებული დიდი მსახიობის, სერგო ზაქარიაძის ძმას – ბუხუტი ზაქარიაძეს რუსთაველის თეატრში მოსვლამდე უკვე მოპოვებული ჰქონდა გულწრფელი მსახიობის სახელი. მოგვიანებით ძმები ერთადაც დადგნენ სცენაზე. (წყარო: 24 blog.ge) სპექტაკლ „სამანიშვილის დედინაცვალში“ კი, ბეკინას როლში, ერთმანეთი შეცვალეს. მაყურებელი მათ შორის განსხავებას გრძნობს. სერგოს ბეკინა უფრო ქედმაღალი და თავდაჯერებულია, არ თმობს თავკაცობას. ბუხუტის ბეკინა – უფრო რბილი და მორჩილი. ორივე შეუდარებელია. ორივე თავისებურად ასრულებს ამ როლს და მაყურებელი აღფრთოვანებულია. როცა სერგო ზაქარიაძე მარჯანიშვილის თეატრიდან რუსთაველის თეატრში გადავიდა, ბუხუტი „ოიდიპოს მეფეზე” მუშაობდა. როლი ძმას დაუთმო… სერგო ზაქრიაძემ სპექტაკლში ფანტასტიკური სახე შექმნა.
მოგვიანებით სერგო სტალინის როლზე მიიწვიეს. მერე, რატომღაც, ამ როლზე ბუხუტი დაამტკიცეს. რუსმა რეჟისორმა მოგვიანებით თქვა: „როცა ბუხუტი სტალინის გრიმით ჯარის წინ გავატარე, ჯარისკაცები გაგიჟდნენ, მკვდრეთით აღმდგარი სტალინი ეგონათ.” ბუხუტი უხერხულად იყო, ძმასთან მივიდა და ჰკითხა: „სტალინის როლზე დამამტკიცეს. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?“ ძმამ დაამშვიდა: „აუცილებლად უნდა ითამაშო“.
ზაქარიაძეები აზერბაიჯანში დაიბადნენ. სამი ძმა – სერგო, ბორია და ბუხუტი. მამა – ალექსანდრე ზაქარიაძე რკინიგზის მემანქანე იყო. ამიტომ ოჯახს სხვადასხვა ადგილზე უხდებოდა ცხოვრება. ბიჭები პატარები იყვნენ, როცა საცხოვრებლად ზესტაფონში გადმოვიდნენ. 13 წლის სერგომ ზესტაფონის სადგურში განცხადება წაიკითხა: „თბილისის დრამატული სტუდია იღებს სტუდენტებს“. მამა უკვე გარდაცვლილია. უმცროსი ძმის, ბუხუტის პირით დედას შეუთვალა ჩემზე ნუ იდარდებსო და სახლიდან გაიპარა… ბუხუტის მსახიობობა არ სურდა. ის ქირურგობაზე ოცნებობდა. მისი უფროსი ძმა არტისტი იყო ხონის თეატრში, ბუხუტიმ მასთან ელექტრომონტიორად დაიწყო მუშაობა. ერთხელაც, ვიღაც მსახიობი ავად გახდა და ბუხუტი სრულიად შემთხვევით, სცენაზე ძალით შეუშვეს. ისე ამაღელვებლად ითამაშა, რომ რეჟისორმა ვახტანგ აბაშიძემ დასში ჩარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა მსახიობობა, დაიყოლიეს. მას შემდეგ მრავალი თეატრი მოიარა – ჭიათურის, ბათუმის, თელავის, სოხუმის თეატრები. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრი. იულიუს ფუჩიკის როლი. პიესა „ჩვენებურები“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ბებერი მეზურნეები“ (კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე და ბუხუტი ზაქარიაძე), „მაგდანას ლურჯა“… კინოდან ბევრ შემოთავაზებაზე ზოგჯერ უარსაც ამბობს, რადგან თეატრი ურჩევნია. თეატრით სუნთქავს და ცოცხლობს. წარმატებით მოღვაწეობს „მოსფილმში“, „მოლდავა ფილმში“, ოდესის კინოსტუდიაში. დაუვიწყარი როლი შექმნა ირაკლი კვირიკაძის ფილმში „ქვევრი“, სადაც გადაღების წინ, კახეთში ბაზარში წავიდა და გლეხისგან ტანისამოსი შეიძინა, არც გაურეცხავს, ასე უფრო დამაჯერებელიაო – და ასე ჩაცმული გამოცხადდა გადასაღებ მოედანზე. დრამატული და კომედიური როლები ერთმანეთს ენაცვლება. მაყურებელი აღფრთოვანებულია. ყველა როლს განსხავავებულად თამაშობს. თავის სტილი აქვს, თავის დამახასიათებელი, დასამახსოვრებელი ხმის ტემბრი. თამაშობს ტემპერამენტით, ეს ტემპერამენტი პარტნიორისთვისაც გადამდებია და დარბაზისთვისაც… დარბაზში კი ერთი ქალი ზის, რომელიც განსაკუთრებული მზერით აკვირდება მსახიობის თამაშს. ეს ქალი მოგვიანებით მისი მეუღლე გახდება. მერი ერისთავი გამორჩეულად ლამაზი, განათლებული და უჩვეულო ბუნების ადამიანია. კონსერვატორია აქვს დამთავრებული, არქიტექტურულიც და თეატრალურ ინსტიტუტსაც დაამთავრებს. ათონელის ქუჩაზე ცხოვრობენ, თეატრთან ახლოს. საღამოობით, რეპეტიციების შემდეგ მთელი დასი ამ სახლში იყრის თავს – კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, კახი კავსაძე… მერი ერისთავი არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. სტუმართმოყვარე ოჯახია. უყვართ აქ მოსვლა. ისიც იციან, რომ ამ ორ ადამიანს რაღაც განსაკუთრებით უყვარს ერთმანეთი. იშვიათი წყვილია. სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი დარჩებიან. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, მანანა ზაქარიაძე… „მამა რბილი ხასიათის იყო. მოსიყვარულე, თბილი. სერგო უფრო მკაცრი იყო, დისტანციური, მომთხოვნი. ალბათ, მისი მდგომარეობა მოითხოვდა ამას… საჭიროც იყო ის
სიმკაცრე. მამას უყვარდა სტუმრები, ჩვენს სახლში ყოველთვის სუფრა იყო გაშლილი. სერგოს დიდად არ უყვარდა თავყრილობა. მთლიანად საქმეზე ფიქრობდა, სულ როლზე მუშაობდა. მამა კი, არც ვიცი, როდის ასწრებდა როლის გათავისებას. როგორ ახერხებდა მუშაობას. უყვარდა ჩემი მეგობრები. მათთან ერთად ხშირად ილხენდა. ბუხუტი და სერგო ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, ზოგჯერ უკვირდათ, ძმები რომ იყვნენ. თვითონ ისინი ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ. მამამ იცოდა, რომ სერგო დიდი მსახიობი იყო და პირიქით – სერგო აფასებდა მამას ხელოვნებას. სერგოს ავადმყოფობამ საშინლად იმოქმედა ბუხუტიზე. ისიც ავად გახდა. როცა სერგო გარდაიცვალა, ბუხუტის ინფარქტი მაშინ დაემართა. ინფარქტის შემდეგ ის თეატრში დაბრუნდა. თამაშობდა, მაგრამ სერგოს ტრაგედიას ვერ ეგუებოდა. საოცრად მგრძნობიარე და გულჩვილი იყო“.
ახალგაზრდებს თურმე ძალიან უყვარდათ ბუხუტი. საერთო ენას ადვილად პოულობდა ყველასთან. როცა ვალიკო კვაჭაძემ „ღვინის ქურდებში“ მიიწვია, მეგობარს უარი უთხრა როლზე. ახალგაზრდა რეჟისორი ლევან თუთბერიძე სადიპლომო ფილმს იღებდა თურმე, „კახას წყაროს“, სადაც მამამაც მიიღო მონაწილეობა – ახალგაზრდა, დამწყებ რეჟისორს ამოუდგა გვერდით. როცა რეზო ესაძე „ქალაქი ანარას“ იღებდა, მაშინ ბუხუტი საავადმყოფოში იწვა. შვილიშვილი აკა, ჩუმად გამოაპარებდა ბაბუას და გადაღებაზე მიჰყავდა. გვიან კი, ისევ პალატაში ბრუნდებოდა. ჩრდილო კავკასიაში, ტერსკოლში ფილმ „ვერტიკალის“ გადაღებები მიმდინარეობდა. ვლადიმერ ვისოცკი და ბუხუტი ზაქარიაზე ფილმში ერთად თამაშობდნენ. დამეგობრდნენ. ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონიათ. გადაღებაზე ვერტმფრენით უნდა გადაფრენილიყვნენ. ვისოცკის უთხოვია რეჟისორისა და ოპერატორისთვის, თქვენ ახლა გაფრინდით, მე და ალექსანდროვიჩი ვისაუბრებთ და მეორე რეისზე გამოგყვებითო. ვერტმფრენი საჰაერო კატასტროფაში მოჰყვა და მთელი ჯგუფი დაიღუპა. ამ ვერტმფრენის ფრთის ნაწილი დიდხანს ინახებოდა ამ ოჯახში. ეს ისტორია ბაბუამ შვილიშვილს მოუყვა. მოგვიანებით კი, როცა ვლადიმერ ვისოცკი საავადმყოფოში იწვა, ბუხუტის მეუღლემ მოინახულა და თავის გაკეთებული აჯიკაც მიურთმევია. იმ პალატაში ცნობილი და გამორჩეული რუსი მსახიობი ოლეგ დალიც იწვა. „მამა 1983 წელს ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა, ფილტვის ინფარქტი ჰქონდა. ჩემი მეუღლე და შვილი იმ დროს კიევში იყვნენ. ცოცხალს ვერ ჩამოუსწრეს. არადა, სულ კარისკენ იხედებოდა, ჩემს ვაჟს, აკაკის ელოდა. ძალიან უყვარდა… აქეთ გვამშვიდებდა, მე და დედას გვეუბნებოდა, კარგად ვარო. საბურთალოს პანთეონში დავკრძალეთ. დედაჩემი ბუხუტით ცხოვრობდა. ბუხუტი იყო მისთვის ყველაფერი. მისი გარდაცვალების შემდეგ დედას ძალიან უჭირდა ცხოვრება.“  ვერაზე, იმ სახლში, სადაც ბოლო წლები ბუხუტი ზაქარიაძე ცხოვრობდა. მაგიდაც ისევ ისე დგას, როგორც მაშინ, ამბობს აკა… „საღამოობით ამ მაგიდასთან ჭადრაკს მეთამაშებოდა ხოლმე. თან ვსაუბრობდით“... ის ბუნება და სული ისევ ტრიალებს ამ ოჯახში. ბუხუტისეული გიტარაც აქვეა მიყუდებული, ამ გიტარაზე თურმე ვისოცკი უკრავდა…
скачать dle 11.3