№27 რატომ მოითხოვს უკრაინა საქართველოს ეკლესიისგან დააყენოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი და რატომ ჩადის პატრიარქი კირილი ცხინვალში
მას შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვში უმასპინძლა ამ ჩვენი სეპარატისტული ცხინვალის რეგიონის „იუჟნაია ოსეტელ“ „პრეზიდენტ“ თიბილოვს, აწ უკვე ცხინვალში ვიზიტიც ჩაიფიქრა (ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა), რაც, უდავოდ, დიდი პატივია ცხინვალელი სეპარატისტებისთვის, განსაკუთრებით, სირიის მიერ მათი ცნობის შემდეგ. მეორე მხრივ, ვიცით, რომ რუსეთის ეკლესია, რუსული სახელმწიფოსგან განსხვავებით, თუმცაღა მოსკოვის საპატრიარქო ყოველთვის იყო და არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის იარაღი და რუპორი, აღიარებს საქართველოს ეკლესიის საზღვრებს, ანუ ცხინვალისა და აფხაზეთის ეპარქიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის სფეროებად მიაჩნია. ოღონდ, რაკი სიფრთხილეს თავი არ სტკივა, შიგადაშიგ ჩვენებურ სეპარატისტებსაც სწყალობს (ყველას, მათ შორის, რუსეთის ეკლესიასაც სურს გავლენისა და საზღვრების გაფართოება, მაგრამ, საკლესიო კანონებით, ერთი ეკლესიის საზღვრებში მეორე ეკლესია ვერც სასულიერო პირებს აკურთხებს და ვერც სასულიერო პირებს მიავლენს ოფიციალურად პირველი ეკლესიის თანხმობის გარეშე). რუსული ეკლესიის მესვეურთა ჩვენებურ სეპარატისტებთან მჭიდრო კონტაქტს სხვა მიზეზიც აქვს: კერძოდ, უკრაინის ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს ავტოკეფალია. მოგეხსენებათ, უკრაინის სასულიერო პირები და მრევლი მოსკოვის პატრიარქს ემორჩილებიან და, ოფიციალურად, რუსეთის ეკლესიის ნაწილი არიან. შესაბამისად, გაძლიერებულია ზეწოლა საქართველოს ეკლესიაზე, იმ მოტივით, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესია საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და არ არის ძნელი მისახვედრი, რა მიმართულებითაც. ამ თემაზე კავკასიის საკითხებში ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რატომ გადაწყვიტა რუსეთის პატრიარქმა სეპარატისტულ ცხინვალში ჩასვლა? პრევენციის მიზნით, რომ ჩვენს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის მიმართულებით ხელი არ წასცდეს?
– რუსეთის ყველა ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, შეიძლება, ჩაითვალოს პრევენციად ან პასუხად როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საქართველოს ეკლესიისთვის. მაგალითად, სირიის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარება იყო ივლისის „ნატოს“ სამიტზე საქართველოს სავარაუდო ქცევის პრევენცია ან პასუხი.
– მე ასადის აღიარება აშშ-ს მიერ სირიაში რუსეთისა და მისი მოკავშირეების პოზიციების დაბომბვის საპასუხო რეაქციად ჩავთვალე, იმიტომ რომ საქართველოა ყველაზე სუსტი რგოლი აშშ-ს მოკავშირეებს შორის.
– ესეც არის. ბევრი კომპონენტის ჩამოთვლაა შესაძლებელი. რუსეთის პოლიტიკისთვის დამახასიათებელია დასავლეთის წინააღმდეგ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, მის მოკავშირეებზე ზემოქმედება. დასავლეთის მოკავშირეებს შორის კი, ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა და ამიტომ მათ აქ მარტივად შეუძლიათ დემონსტრირება. კულუარულად ატყდება დიდი ამბავი კირილის ვიზიტის გამო, მაგრამ ჩვენ ცივი გონებით უნდა შევხედოთ ამ საკითხს. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ უნდა შევაფასოთ სწორად, რა ტიპის გზავნილია. კირილი არ მივა ცხინვალის ეკლესიაში, კირილი მივა თამარაშენის ეკლესიაში, ეგრეთ წოდებულ, სამხედრო ეკლესიაში.
– რუსეთის ბაზის ტერიტორიაზე?
– დიახ. არ მჯერა ბოლომდე, რომ კირილი ჩამოვა, მაგრამ დავუშვათ, ჩამოვიდა. ის შეხვდება ცხინვალის საზოგადოებას, მაგრამ ცხინვალის ეკლესიაში არ მივა და ეს იქნება ორმაგი გზავნილი: თბილისისთვის და იმ ოსი მრევლისთვის, რომელიც ცხინვალის ეკლესიაში არჩევს სიარულს. მოგეხსენებათ, რომ ცხინვალის ეკლესია არც რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაშია, არც ქართული ეკლესია ცნობს და ერთ-ერთი განდგომილი ელინური ეკლესიის ნაწილია. ის შემთხვევაც კი არ არის, როგორიც აფხაზეთშია: იქ სასულიერო პირების ნაწილი რუსეთის ეკლესიასაა მიკედლებული, როგორც ბესარიონ აპლია ან ჰაერში არიან გამოკიდებულები.
– როგორც დბარი.
– დიახ. ცხინვალში კირილის ვიზიტი ორმაგი გზავნილია და აქ უკრაინის ეკლესიის თემაა უმნიშვნელოვანესი. რუსეთის ეკლესია, მახსოვს და ვიცი, 2009-2010 წლებში ბევრს ეცადა, რომ აფხაზეთის ეპარქია შეეერთებინა. უამრავი სასულიერო პირი გააგზავნა იქ, მაგრამ აფხაზეთის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას ვერ ახერხებენ. ამით სარგებლობს დოროთეი დბარი, რომელიც დღეს რუსეთის ეკლესიას დასცინის და ცდილობს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მოელაპარაკოს და აფხაზეთის ეპარქია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებაში გადავიდეს.
– აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ფოტოთი, რომ დბარი და აპლია შერიგდნენ.
– ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რამდენიმეჯერ შერიგდნენ, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ დბარი დაემორჩილება აპლიას, რომელიც თავის თავს, ისევე, როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ ორივე შეასრულებს მღვდელმსახურებას ისე, როგორც აფხაზ მრევლს ეკადრება – როგორც თავად ამბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი შეიცვლის თავის მსოფლმხედველობასა და მიდგომებს. ეს არის ერთგვარი თვალის ასახვევი ნაბიჯი, იმიტომ რომ დოროთეი დბარი ისევ განაგრძობს ბართლომეოსთან კონსულტაციებს.
– უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხი ამჟამად რა დონეზეა, ისევ მხოლოდ სურვილის?
– ოფიციალური კიევიდანაც და უკრაინის ეკლესიიდანაც საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა საქართველოზე. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს აქვს საფუძველი, სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს ზოგადად უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით.
– მაგრამ რუსეთის ეკლესია აღიარებს ცხინვალისა და აფხაზეთის ეპარქიებს საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში?
– უკრაინის ეკლესია ამას არ დაგიდევთ, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ, თუ საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ ბევრად მარტივი იქნება ბულგარელებისა და რუმინელების დაყოლიება.
– ისინი არ ცდილობენ მოლაპარაკებას კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და მხოლოდ საქართველოს ეკლესიაზე ზეწოლით იმედოვნებენ ფონს გასვლას?
– კონსტანტინოპოლის პატრიარქთან მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თუ არ იქნება მომხრე-მოწინააღმდეგეების პარიტეტი ან/და, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოთამაშე, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმას თავის თავზე აიღებს. ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის საკითხი: უკრაინის ეკლესიას მხოლოდ საქართველოს ეკლესიის თანხმობა კი არ სჭირდება, არამედ საქართველოს ეკლესიის ინიციატივა.
– საქართველოს ეკლესიამ რომ დააყენოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მართლმადიდებელი ეკლესიების წინაშე?
– ცხადია, აბა, უკრაინის ეკლესია მონაწილეობას არ იღებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების კრებაში. ვიღაცამ ხომ უნდა დააყენოს ეს საკითხი?! და ეს, მათი აზრით, უნდა იყოს საქართველოს ეკლესია და შემდეგ ბულგარეთისა და რუმინეთის ეკლესიები ან აუბამენ, ან არ აუბამენ მხარს.
– და ზეწოლის რა მეთოდებს იყენებს უკრაინა საქართველოს ეკლესიაზე და რა ბერკეტები აქვს?
– ბევრი არაფერი ბერკეტი გააჩნია, იმიტომ რომ საქართველოსა და უკრაინის ეკლესიების ურთიერთობა ფესვგადგმული არ არის, როგორც სხვა ეკლესიებთან. იმიტომ რომ უკრაინის ეკლესია ყოველთვის იყო რუსული ეკლესიის ნაწილი. მხოლოდ ბოლო ათი წელია, რაც მდგომარეობა შეიცვალა. მათი მხრიდან, ძირითადად, ნამუსზე შეგდებაა, ქართველებო, მოგვეხმარეთ, თქვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორც ჩვენი.
– საქართველოს ეკლესია თუ ამ საკითხს დააყენებს, რას დაკარგავს და რას მიიღებს?
– საქართველოს ეკლესია დაკარგავს გავლენას აფხაზეთის ეკლესიაზე და ცხინვალზეც და არ მიიღებს არაფერს, იმიტომ რომ რუსეთის ეკლესია ამის წინააღმდეგი იქნება და კონსტანტინოპოლის პატრიარქიც, რასაკვირველია, სერბეთის ეკლესიაც.
– იერუსალიმის ან ანტიოქიის ეკლესიები?
– ისინიც წინააღმდეგები იქნებიან.
– გაჩნდა საზოგადოებაში აზრი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ეკლესიას და ნერვებს მაინც მოვუშლით რუსებს. ვიღაც ახელებს საზოგადოების ამ ნაწილს? იმიტომ რომ, ხომ, გასაგებია, რით დასრულდება ეს აქტივობა: რუსეთი მიიერთებს აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიებს და უკრაინის ეკლესიას მაინც არ ექნება ავტოკეფალია.
– როგორც ჩანს, ვიღაცამ ფიარგეგმა დასახა და მუშაობს თემაზე, რა ცუდია საქართველოს ეკლესია. ყველაფერზე ხელს იშვერენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ, აბა, სხვას ვის შეეძლო, გაეკეთებინა?! სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ მეუფე პეტრესგან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მიიჩნევა, მოითხოვდნენ, ეთქვა, რომ უკრაინელები ჩვენი ძმები არიან და როგორ უნდა მივატოვოთ გასაჭირშიო, ვერ დაითანხმეს და ამის შემდეგ ჩაჩუმდა „რუსთავი 2-ის“ აქტიურობა. ვიღაც სოციალურ ქსელში რაღაცას წერს. წეროს, უამრავი რამ გვინახავს დაწერილი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასე ჰგონიათ მართებული, მაგრამ ისინი ცდებიან, იმიტომ რომ ამაში არაფერს ვიღებთ, მხოლოდ ვკარგათ, როგორც არაერთხელ დაგვიკარგავს ისტორიის განმავლობაში.
– ანუ თქვენც რეალურად მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ეკლესიამ პირდაპირ მიიერთოს საპასუხოდ ჩვენი ეპარქიები?
– ძალიან სერიოზული არგუმენტი ექნება ხელთ და ამ არგუმენტის გამოყენებას შეეცდება და გამოიყენებს კიდეც. საეკლესიო კანონებით, საეკლესიო საზღვრები არის ხელშეუხებელი. იცვლება პოლიტიკური საზღვრები, მაგრამ საეკლესიო საზღვრები არ შეცვლილა რამდენიმე საუკუნეა. როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოინდომა რაღაც ეპარქიების შეერთება აზიაში, ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგალითად, ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან, რომელსაც ყველა დანარჩემა ეკლესიამ დაუჭირა მხარი და ბართოლომეოსი იძულებული გახდა, გაჩერებულიყო. ახლაც, როდესაც მოინდომა აქტივობები აფხაზეთის ეპარქიის შეერთების მიზნით, გამაფრთხილებელი სიგნალი მიიღო არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიიდან, სხვა ეკლესიებიდანაც.
– თუ იცით, როგორ პასუხობს ამ ზეწოლას საქართველოს ეკლესია?
– საქართველოს ეკლესია, პატრიარქის მეთაურობით, ძალიან კარგად აცნობიერებს პოსტულატს, რომ ვკარგავთ ბევრ რამეს და არ ვიღებთ არაფერს, ამდენად, დარწმუნებული იყავით, რომ სწორედ ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც საქართველოს ინტერესია. უკრაინელები, ჩვენს მსგავსად, მძიმე მდგომარეობაში არიან, არაერთხელ დაგვხმარებიან, ჩვენც არაერთხელ დავხმარებივართ; ბევრჯერ გაგვიწევია ანგარიში მათთვის, მათაც – ჩვენთვის, მაგრამ აქ უპირველესია სახელმწიფოებრივი ინტერესები. საქართველოს ეკლესიის დღევანდელი პოზიცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი არათუ საქართველოს სულიერ, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, ვგულისხმობ მუდმივ შიშს რუსეთის ეკლესიისას, რომ არ ცნოს საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამიტომ ამ ბერკეტის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება, თუ ეს ბერკეტი დავკარგეთ, რუსეთის ეკლესიას ვერავინ გააჩერებს და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში მეხუთე ადგილზეა, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, მიჰყავს „პარადი“, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფინანსურად დამოკიდებულია რუსეთის ეკლესიაზე, მისი მხარდამჭერია ძალიან გავლენიანი სერბეთის ეკლესიაც და გაუგებარია, რატომ უნდა ავიმხედროთ ასეთი ძალები, მით უფრო, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღწევა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.